"აქ ყველაფერი ლაპარაკობს" - ქართველი ბიჭი იაპონიიდან - კვირის პალიტრა

"აქ ყველაფერი ლაპარაკობს" - ქართველი ბიჭი იაპონიიდან

ჯაბა მესხიშვილი: "იაპონური სამოსი პირველად რომ ჩავიცვი, საოცარი განცდა დამეუფლა. გარედან ისე ჩანს, თითქოს ხალვათია, სინამდვილეში, მჭიდროდ გეკვრის და წელში გმართავს"

იაპონელისთვის ცხოვრების მთავარი პრინციპია, სხვას არ შეუქმნას დისკომფორტი... საღამოს 9 საათის შემდეგ ქალაქი ჩუმდება. მეზობელი რომ არ შეაწუხოს, ტელევიზორს ხმამაღლა არავინ უსმენს. ტრანსპორტი გრაფიკით მოძრაობს, რაც გიადვილებს, ზუსტად გათვალო განრიგი. თუმცა არის შეფერხებებიც და ეს ხდება მაშინ, თუ სტიქიის ან თვითმკვლელობის შემთხვევაა - იაპონიაში წელიწადში საშუალოდ 30 000 სუიციდის ფაქტი ფიქსირდება. თვითმკვლელთა დიდი ნაწილი რკინიგზაზე ასრულებს სიცოცხლეს...

5 წელია, ჯაბა მესხიშვილი იაპონიაში ცხოვრობს. ამჟამად კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტია. მის სწავლას იაპონური მხარე აფინანსებს. ეს დღეს, მის შორეულ ქართულ რეალობაში კი ყველაფერი რთულად იყო... "სამწუხაროდ, საქართველოში სწავლის განსაკუთრებული პირობები არ მქონია, - ორად ორი იაპონური ენის სახელმძღვანელო და პატარა ლექსიკონი - ეს იყო და ეს. ვცდილობდი, სადაც რამე ახალი სიტყვა ან იეროგლიფი შემხვდებოდა, ცალკე ჩამეწერა. არც კომპიუტერი მქონდა. მწირ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვიყენებდი და ჯიუტად მივიწევდი მიზნისკენ", - იხსენებს "კვირის პალიტრასთან" ჯაბა მესხიშვილი.

- სკოლას ვამთავრებდი, როდესაც რამდენიმე წიგნი წავიკითხე იაპონიაზე და ამ ქვეყანამ ძალიან დამაინტერესა. გავარკვიე, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლიდნენ იაპონურ ენას და გადავწყვიტე, ამ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. შემდეგ მაგისტრატურაშიც გავაგრძელე სწავლა. ამ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ სტაჟირებაზე კონკურსი გამოაცხადა და ერთწლიანი სტაჟირება გავიარე.

- იაპონიაში რა მიზნით ჩახვედით?

- იაპონიის მთავრობამ კონკურსი ჩაატარა იაპონიაში კვლევით პროგრამებზე. მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. 2010 წლის აპრილში იაპონიაში ჩამოვედი. პირველ რიგში, რაც თვალში მომხვდა, სისუფთავე იყო. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ქუჩებში ნაგვის ურნებს თითქმის ვერ შეხვდები (ტერორისტული აქტების პრევენციისთვის არ დგას ურნები) ქუჩიდან დაწყებული, შენობებითა და ტრანსპორტით დამთავრებული, ყველგან იდეალური სისუფთავეა. აქ ყველაფერი ლაპარაკობს: ლიფტი, კარი, მანქანა... ეს ხელს უწყობს უსინათლოების ცხოვრებაში ინტეგრირებასაც. შშმ პირების ყოფის გაადვილებისთვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ბევრ ადგილას არის ბრაილისშრიფტიანი წარწერები, მთავარი ქუჩები უსინათლოებისთვის სპეციალური ბილიკებითაა მოპირკეთებული, ეტლით მოსიარულეთათვის თავშეყრის ადგილებში მოწყობილია ლიფტები. მატარებლის ვაგონში შესვლა-გასვლისთვის ეტლით მოსარგებლეს რკინიგზის თანამშრომელი სპეციალურ ხიდს ახმარს. ტრანსპორტი გრაფიკით მოძრაობს, რაც გიადვილებს, ზუსტად გათვალო განრიგი. თუმცა არის შეფერხებებიც და ეს ხდება მაშინ, თუ სტიქიის ან თვითმკვლელობის შემთხვევაა - იაპონიაში წელიწადში საშუალოდ 30 000 სუიციდის ფაქტი ფიქსირდება. თვითმკვლელთა დიდი ნაწილი რკინიგზაზე ასრულებს სიცოცხლეს...

"ეს ცათამბჯენების ქვეყანაა. ქუჩებში ნაგვის ურნებს თითქმის ვერ შეხვდები (ტერორისტული აქტების პრევენციისთვის არ დგას ურნები). ყველგან იდეალური სისუფთავეა. აქ ყველაფერი ლაპარაკობს: ლიფტი, კარი, მანქანა...

ჩამოსვლისთანავე 4-თვიანი იაპონური ენის კურსი გავიარე. პარალელურად, ვემზადებოდი სამაგისტრო გამოცდებისთვის. გამიმართლა და ჩავაბარე. 2 წლის შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მივიღე. დღეს კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტურის მეორე კურსის სტუდენტი ვარ.

იაპონური ერთ-ერთი ყველაზე რთული ენაა. მხოლოდ სავალდებულო კანჯები (იეროგლიფი) 2 000-ზე მეტია. გრამატიკაშიც იმდენი ნიუანსია, იაპონელებსაც უჭირთ. ხშირად ლექტორები და სტუდენტები ნახევარი საათი ვბჭობთ, რას ნიშნავს კონკრეტული წინადადება, რომლის ყველა სიტყვის მნიშვნელობა ვიცით, მაგრამ აზრი გაურკვეველია.

იაპონელისთვის ცხოვრების მთავარი პრინციპია, სხვას არ შეუქმნას დისკომფორტი. მაგალითად, ტრანსპორტში არ შეიძლება ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა, მცირე ხმამაც არ შეიძლება გვერდით მჯდომი შეაწუხოს. არ შეიძლება ხმამაღლა საუბარი. საღამოს 9 საათის შემდეგ ქალაქი ჩუმდება. მეზობელი რომ არ შეაწუხოს, ტელევიზორს ხმამაღლა არავინ უსმენს. გათავისებული აქვთ, რომ სახელმწიფო ქონება მათი ქონებაც არის და არ აზიანებენ.

- მსოფლიო კრიზისი იაპონიასაც შეეხო?

- დიახ, იაპონური ვალუტაც გაუფასურდა ბოლო 2 წლის განმავლობაში (1 დოლარი 80 იენი ღირდა, დღეს 120 იენია). ამან ფასების ზრდა გამოიწვია და ხალხი უკმაყოფილოა. ძირითადად, საიმპორტო პროდუქციაზე მოიმატა ფასებმა - ნავთობპროდუქტებზე, საკვებზე... თუმცა, სუსტმა იენმა საექსპორტო პროდუქციას შეუწყო საზღვარგარეთ გასაღებაში ხელი. ამით სარგებელს იღებენ ქვეყანა და კომპანიები.

- საქართველოზე რა იციან იაპონელებმა?

- ზოგს არც კი გაუგია. ძირითადად, იციან ედუარდ შევარდნაძე, კახა კალაძე, ნინო ანანიაშვილი და ქართული ღვინო. ყველაზე მეტად კი საქართველოს პოპულარობას ხელს უწყობენ ქართველი სუმოისტები - ტოჩინოშინი, გაგამარუ და კოკაი. სუმოისტებს აქ დიდ პატივს სცემენ.

- ამბობენ, ნინო ქათამაძის სიმღერა ისმოდა იაპონურ რესტორანშიო.

- მე გავაცანი რესტორნის მენეჯერს ქათამაძის სიმღერა. აინტერესებდა, როგორია, ქართული თანამედროვე მუსიკა და მეც რამდენიმე სიმღერა მოვასმენინე. ისე მოეწონა, ყველა ალბომი შეიძინა და დროდადრო ატრიალებს რესტორანში.

მთელ იაპონიაში დაახლოებით 40 ქართველი იქნება და ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ. დეკემბერში ერთი ჩემი ქართველი მეგობარი იაპონელ გოგოზე ქორწინდება. მე თამადად მიმიწვია. თამადობის ინსტიტუტი იაპონელებს არა აქვთ. ქორწილი ქართულ-იაპონური კულტურის ნაზავი და იმედია, გამორჩეულიც იქნება.

იაპონელები ტრადიციული ხალხია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციას არ უფრთხიან და ცდილობენ, მსოფლიოს მიღწევები იაპონიაში დანერგონ, მაინც არ კარგავენ თვითმყოფადობას. იხდიან ტრადიციულ ქორწილსა და დაკრძალვის ცერემონიასაც ზედმიწევნით ასრულებენ. ხშირად შეხვდებით ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ მოხუცებსა და ახალგაზრდებსაც.

- თქვენც მოგირგიათ იაპონური სამოსი.

- პირველად რომ ჩავიცვი, საოცარი განცდა დამეუფლა. გარედან ისე ჩანს, თითქოს ხალვათია, სინამდვილეში, მჭიდროდ გეკვრის და წელში გმართავს.

იაპონელები ამაყობენ თავიანთი კულტურითა და წარსულით. ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ძეგლი მოხვდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში (დღეს დაახლოებით 20-ია შესული). იაპონური სამზარეულოც შეიყვანეს იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაში (ქართულმა ქვევრის ღვინომ და იაპონურმა სამზარეულომ ერთ დღეს მიიღეს ეს აღიარება).

იაპონელები ძირითადად, ბრინჯს, თევზეულს და ბოსტნეულს შეექცევიან, თუმცა XX საუკუნიდან საქონლისა და ღორის ხორცის გამოყენებაც დაიწყეს. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჯანსაღი კვებაა.

იაპონელები იშვიათად ეპატიჟებიან სტუმარს შინ, ეს განპირობებულია სივრცის ნაკლებობით. დღესასწაულებზე რესტორანსა თუ კაფეში იკრიბებიან. ვერ ვიტყვი, რომ ძუნწები არიან ან სტუმარი არ უყვართ, გულუხვი მასპინძლები არიან და ცდილობენ, არაფერი მოგაკლონ. რადგან უცხოელი ვარ, თუ იაპონური კერძი არ მომეწონა, მშიერი რომ არ დავრჩე, სხვა კერძსაც მიმზადებენ.

სუფრაზე ყოველთვის არის ლუდი, ღვინო და იაპონური საკე. საკეს უამრავი ნაირსახეობა გამისინჯავს, მათ შორის შხამიანი გველის არომატით (საკეს ქილაში გველია დახვეული და ისე ძველდება), მაგრამ ვერ შევიყვარე.

იაპონიაში ღვინის მოყვარულთა რიცხვი იზრდება. თავადაც აწარმოებენ, მაგრამ ბაზრის 90% იმპორტულს უკავია.

ქართული ღვინო კობეს სუპერმარკეტებში 2013 წლის მიწურულს გამოჩნდა. ჯერ მხოლოდ ერთი სახეობის იყიდებოდა, ეტყობა, თანდათან მოთხოვნა გაიზარდა და წლის დამდეგს ჯერ საფერავი დაამატეს, შემდეგ ხვანჭკარა და ქვევრის ღვინო. ჩემი დაკვირვებით, ქვევრის ღვინო უკეთ იყიდება.

- როგორ მოგმართავენ იაპონელები?

- ერთმანეთს პატივისცემის ნიშნად გვარით მიმართავენ, მე კი - სახელით, რადგან უჭირთ ჩემი გვარის გამოთქმა.

- დარწმუნებული ვარ, სასურველი სასიძო იქნები იაპონელებისთვის...

- ჩემი რჩეული ქართველია. გადაწყვეტილი მქონდა, ქართველი მომეყვანა ცოლად და იაპონიაში 5-წლიანმა ცხოვრებამ ვერ შემიცვალა შეხედულება. თანაც საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას და ჩემი განათლების გამოყენებას.

კობეს უნივერსიტეტი

კობეს უნივერსიტეტი, 1949 წელს დაარსდა, ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. აქ სწავლა მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს შეუძლიათ. სწავლა ფასიანია და ერთი წელი დაახლოებით 5.000 დოლარი ღირს. კობეს უნივერსიტეტი კურსდამთავრებულების კარგი სამსახურის შოვნისა და საშუალო შემოსავლის სიდიდის მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა იაპონიაში. ბევრ გამორჩეულ მეცნიერსა და ბიზნესკორპორაციების მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ დამთავრებული კობეს უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო 90-იან წლებში იაპონიის პრემიერ-მინისტრი სოსუკე უნო, ასევე 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში შინია იამანაკა.

ეკა სალაღაია