ვის მიუძღვნა გალაკტიონმა "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი" - კვირის პალიტრა

ვის მიუძღვნა გალაკტიონმა "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი"

ამ წვეულებაზე ქეთევანს კიდევ ბევრი ლექსი წაუკითხავს. შესაბამისად, გალაკტიონიც ბევრჯერ მთხვევია ხელზე. ამის გამო მამას უეჭვიანია და უხეშადაც მოქცეულა... დედა იხსენებდა ხოლმე, - ისეთი ბედნიერი ვიყავი, ჩემი უსაყვარლესი პოეტი ასეთ პატივსა და მოკრძალებას რომ გამოხატავდა, მამაშენმა კი ყველაფერი ჩამიმწარაო

გალაკტიონის ცნობილ ლექსზე - "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!" - არაჩვეულებრივი სიმღერაც დაიწერა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ვინ არის ლექსში ნახსენები "მშვენიერი ქალი", რომელმაც "გადიწერა ჩუმად" გალაკტიონის ლექსი.

ჩვენი რესპონდენტი ეკატერინე (დადა) ცქვიტარია სოხუმელი გახლავთ.

"დედას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ამ ლექსში მოხსენიებული მშვენიერი ქალი იყო, რომელმაც "გადიწერა ჩუმად" მისი ლექსი..."

- სამწუხაროდ, აფხაზეთი მართლაც ასე შორია... მოგეხსენებათ, გალაკტიონსაც ძალიან უყვარდა, არაერთი ლექსი აქვს მიძღვნილი აფხაზეთისადმი, სადაც "მიიმღერა-მოიმღერა... ხვითომ", სახლიც კი ჰქონდა სოხუმში. ერთხელ, სოხუმში ყოფნისას, ნაცნობ ოჯახს მიუწვევია დიდი პოეტი და ცნობილი ლიტერატორი გერონტი ქიქოძე. მასპინძლებს სხვა სტუმრებიც ჰყოლია, მათ შორის ჩემი ახალშეუღლებული მშობლებიც ჰყავდათ დაპატიჟებული. დედას ძალიან უყვარდა გალაკტიონის პოეზია და მისი ლექსები ზეპირად იცოდა. გალაკტიონს პირველსავე სადღეგრძელოზე უკითხავს: აბა, ბიძიკო, ჩემი ლექსი თუ იცით ვინმემო. დედას წაუკითხავს ერთ-ერთი... დედა არაჩვეულებრივი გარეგნობის ქალი იყო და ლექსებსაც საოცრად კითხულობდა, რაშიც გამორჩეული ხმის ტემბრი ეხმარებოდა. გალაკტიონს კმაყოფილების ნიშნად წვერზე ხელი ჩამოუსვამს, ქათინაურიც უთქვამს და ხელებიც დაუკოცნია.

ამ წვეულებაზე დედას კიდევ ბევრი ლექსი წაუკითხავს. შესაბამისად, გალაკტიონიც ბევრჯერ მთხვევია ხელზე. ამის გამო მამას უეჭვიანია და უხეშადაც მოქცეულა... დედა იხსენებდა, - ისეთი ბედნიერი ვიყავი, ჩემი უსაყვარლესი პოეტი ასეთ მოკრძალებას რომ გამოხატავდა, მამაშენმა კი ყველაფერი ჩამიმწარაო...

- წვეულება როგორ დასრულდა?

- წვეულება დასასრულს უახლოვდებოდა, რომ გალაკტიონს კიდევ ერთხელ უკითხავს, კიდევ ხომ არ წაიკითხავდით ლექსსო? დედას ისეთი ლექსი წაუკითხავს, რომელიც საბჭოთა ცენზურას აკრძალული ჰქონდა და არსად დაბეჭდილა. გალაკტიონი გაოცებულა - ეს ლექსი საიდან იცითო? დედას უპასუხია, - მეგობრისგან "გადვიწერე ჩუმადო".

გალაკტიონი აღფრთოვანებას ვერ მალავდა - ქალბატონო ქეთევან, ლექსი უნდა მოგიძღვნათო, უთქვამს. მერე სუფრიდან ხელსახოცი აუღია და ზედ რაღაცა დაუწერია. მის გვერდით მჯდომ გერონტი ქიქოძეს მაშინვე ჯიბეში ჩაუდვია და იქაურობას გასცლიან... რამდენიმე ხნის შემდეგ გამოვიდა ლექსი - "გამარჯობა, აფხაზეთო, შენი". ის "მშვენიერი ქალი", გალაკტიონის ლექსიდან, ქეთევან ჯაფარიძე გახლდათ. დედასაც სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა, რომ ლექსში მოხსენიებული "მშვენიერი ქალი" იყო, რომელმაც "გადიწერა ჩუმად" მისი ლექსი...

ეკა სალაღაია