ერთი დღე ავეჯის საამქროში
19-10-2015
ერთი დღე ავეჯის საამქროში
სულ სხვა ყოფილა, როცა საკუთარი თვალით ნახავ, როგორ მზადდება ის, რაც სახლში სიმყუდროვესა და კომფორტს გიქმნის


სახლში ჩემი ავეჯი მოძველებულად მეჩვენა და გადავწყვიტე ინტერიერი გამეხალისებინა. თბილისში ავეჯის ბევრი მაღაზიაა, თითქმის ყველა მოვიარე, თუმცა ვერაფერი შევარჩიე - რაც მომეწონა, ჩემი ჯიბისთვის მი­უწვდომელი იყო. მერე "ემბავუდშიც" შევიარე. ძალიან მომეწონა და ფასიც მისაღები აღმოჩნდა. თუმცა, ყიდვა ვერ გავრისკე. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რამდენად ხარისხიანი ავეჯის შეძენას ვაპირებდი და გადავწყვიტე, საქართველოში ერთადერთ საამქროს (საამქროსაც ვერ უწოდებ,
უზარმაზარი ქარხანაა) ვწვეოდი. აქ წარმოების მთელი ხაზი მექანიზებულია. "ემბავუდი" ერთ-ერთი (მგონი, ერთად­ერთიც) ავეჯის უმსხვილესი მწარმოებელია. უზარმაზარი ქარხანა საათივით არის აწყობილი და საოცარი სიზუსტით მუშაობს. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე საინტერესო აღმოჩნდებოდა იქ ყოფნა.

საკერავ საამქროში რბილი ავეჯისთვის შალითები იკერება. დივნის ან სავარძლის შესაბამისი შალითა საოცარი
სიზუსტით ერგება კარკასს

ჩემი მასპინძელი გახლდათ მარკეტინგის მენეჯერი დიმა გრაჩევი, რომელმაც საამქროში ექსკურსიამძღოლობა ხალისით ითავა.­ მეგონა, შემომატარებდა საამქროებს და მიმდინარე პროცესებზე მუშებს დაველაპარაკებოდი, მაგრამ გაოცებული­ დავრჩი - დიმა ყველა პროცესში ისე ერკვევა, თითქოს თავად ჰქონდეს იქ ნამუშევარი. ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და თანაც - ამომწურავი.

თუმცა ეს არ იყო ერთადერთი, რამაც გამაოცა: როდესაც ავეჯის საამქროს ახს­ენებ, აუცილებლად წარმოიდგენ ხერხისა და ბურღის ხმაურს, ჩაქუჩის ხმას, ლურსმნის ჩაჭედებისას რომ გამოსცემს... ჰაერში მოტრიალე ხის მტვერს, საამქროდან გამოსულს ფქვილივით რომ გაყრია თმასა და ტანისამოსზე; თუმცა უზარმაზარ საამქროში, სადაც საათში ავეჯის 50 კომპლექტი მზადდება (დიახ, საათში 50 კომპლექტი!), მსგავსი არაფერი ხდება... საამქროში "ჭკვიანი" დანადგარები დგას, რომლებიც ყველანაირ ოპერაციას ასრულებენ.

ავეჯის დიზაინზე უამრავი დიზაინერი და კონსტრუქტორი მუშაობს, შემდეგ დამუშავებული ნახაზები საამქროში მოდის, სპეციალური პროგრამით კომპიუტერში შეჰყავთ და თითოეული დანადგარი ამ პროგრამის მიხედვით მუშაობს - ჭრის, აწებებს, ატრიალებს, ისევ აწებებს, ორნამენტს აკეთებს... ორნამენტზე გამახსენდა: ყველა დანადგარი ლაზერული მოწყობილობით არის აღჭურვილი და თუ დაშვებულზე ახლოს მიხვალ, ანუ სახიფათო ზონას გადაკვეთ, თავისით ჩერდება და "გელოდება", როდის დატოვებ იმ ტერიტორიას, რომ მუშაობა­ განაგრძოს.
დანადგართან, რომელიც ორიგინალ­ურ ორნამენტს ჭრიდა, კარგა ხანს შევყოვნდით, რადგან საინტერესო სანახაობაა. ჩვენს ფოტოკორესპონდენტ ფრიდონ გეგეშიძეს ისე მოეწონა პროცესი და ისე გაერთო­ ფოტოების გადაღებით, რომ დანადგარს ახლოს მიეჭრა და ის იყო, აპარატი უნდა ჩაეჩხაკუნებინა, რომ ყველაფერი გაჩერდა... იმედგაცრუებული გამობრუნდა უკან, თან იცინოდა, მიუცხოვაო.
თითოეულ დანადგართან 1 ან 2 კაცი მუშაობს და მათი საქმე მხოლოდ დეტალის მიწოდებაა. დეტალი გრძელ გზას გადის: გარშემო კანტი ეწებება, საჭირო ადგილებზე ნახვრეტები უკეთდება, იწნეხება (თუ საჭიროა), მუშავდება და ბოლოს, იფუთება.

სავარძლებისა და დივნის აწყობის პროცესი ჩემთვის მძიმე და დამღლელი აღმოჩნდა. მამაკაცის ღონე სჭირდება სახელურებზე შალითის ჩამოცმას. კარგა ხანს ვებღაუჭე, ხან აქედან მივუდექი, ხან იქიდან, მაგრამ რაც გამომივიდა, მხოლოდ იქაურების გამხიარულება იყო...

შეფუთვაზე, ძირითადად, ქალები მუშაობენ. თითოეული დეტალი მტვრისგან იწმინდება და ყუთში ისე თავსდება. იქვე, შესაფუთი საამქროს გვერდით, ე.წ. ლაბორატორიაა, სადაც ავეჯის შემოწმება-გამოცდა ხდება.

წარმოებაში ჩაშვებული ახალი მოდელის ერთი კომპლექტი მთლიანად იწყობა, რომ დარწმუნდნენ, ყველაფერი ისეა გაკეთებული, როგორც საჭიროა, რომ ყველა ნახვრეტი თავის ადგილზეა და დეტალებიც ერთმანეთში იდეალურად ჯდება. რბილი ავეჯის ლაბორატორიული შემოწმების დროს დივანს ისე ვკეცავთ, როგორც თქვენ ფეხსაცმელს მოკეცავთ ყიდვის დროს, ძირი რომ შეუმოწმოთო.
ჩვენი იქ ყოფნის დროს თეთრი, ორიგინალური დიზაინის ავეჯის გამოცდა ხდებოდა. თუ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებდა, სერიულ წარმოებაში ჩაუშვებდნენ.

არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა რბილი ავეჯის საამქრო. შეიძლება ითქვას, უფრო საინტერესოც კი.
თითოეული დეტალი ადგილზე მზადდება­ - ზამბარებით დაწყებული, შალითების შეკერვით დამთავრებული.
ზამბარების დასამზადებელი დანადგარი ყველაზე ხმაურიანი იყო...

მზა ზამბარები გვერდით დანადგარზე გადადის, სადაც მათ ერთმანეთზე გადააბამენ და ლეიბის ფორმა ეძლევა... შემდეგ ქალები მას ყველა მხრიდან ღრუბელს აკრავენ და შემდეგი ოპერაცია მისთვის შალითის შემოკვრა და ნაპირების შემოკერვაა...
უწყვეტი და ძალიან საინტერესო პროცესია. ერთი ლეიბის "შექმნას, ზამბარებიდან - შეფუთვამდე 3-4 წუთი სჭირდება.
თუ ხის საამქროში ყველაფერი ავტომა­ტიზებული იყო, აქ ძირითადი სამუშაო ხელით კეთდება.

იქვეა საკერავი საამქრო, სადაც რბილი ავეჯისთვის შალითები იკერება. სპეციალურ დანადგარზე, რომელიც უზარმაზარ საკერავ მანქანას ჰგავს, ჯერ ქსო­ვილს ალიანდაგებენ წინასწარ დაპროგრამებული ნაყშით. შემდეგ ის გადადის მკერავებთან და დივნის ან სავარძლის შესაბამის შალითად გადაიქცევა, რომელიც საოცარი სიზუსტით ერგება გამზადებულ კარკასს. დივანზე დასალაგებელი ბალიშებიც აქვე მზადდება. ამის შემდეგ გამზადებულ ავეჯს სერიული ნომერი ეკვრება, ბუშტუკებიან ცელოფანში იფუთება და საწყობში მიდის უზარმაზარი სატვირთო ლიფტით. ბუშტუკებიანი ცელოფანის დიდი რულონი რომ დავინახე, თვალები გამიბრწყინდა (ალბათ, ჩემსავით თქვენც გიყვართ მათი გატკაცუნება), მაგრამ იმედი გამიცრუვდა, რადგან არ აღმოჩნდა ტკაცუნაბუშტუკებიანი და ისევ საქმეს მივხედე. სავარძლებისა და დივნის აწყობის პროცესი ჩემთვის მძიმე და დამღლელი აღმოჩნდა. მამაკაცის ღონე სჭირდება სახელურებზე შალითის ჩამოცმას. როდესაც ვუყურებდი, როგორ იოლად აკეთებდა გაწაფული ადამიანი, მეგონა, მეც გამომივიდოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, კარგა ხანს ვებღაუჭე, ხან აქედან მივუდექი, ხან იქიდან, მაგრამ რაც გამომივიდა, მხოლოდ იქაურების გამხიარულება იყო... საქმეს ვერაფერი დავაკელი.
ბოლო გაჩერება რკინის საამქრო გახლდათ, სადაც რბილი ავეჯისთვის კარკასი იკვრება. თუმცა აქ საჩემო საქმე არ გამოიძებნა, რადგან პროფესიონალი შემდუღებლები მუშაობენ და აბა, მე ვინ მიმიშვებდა?

ჩვენი ერთი დღე დასრულდა... საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, თითქოსდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავეჯის საამქრო...
აქ სამუშაო ქალებისთვისაც მოიძებნება, რომლებიც შედარებით მსუბუქ საქმეს აკეთებენ.

მუშების ხელფასი ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ შესვენებისას მათ საშუალება აქვთ, იქვე, კეთილმოწყობილ სასადილოში უფასოდ ისადილონ, საკვები ნოყიერი და ხარისხიანია... შთაბეჭდილებებით დატვირთული წამოვედი "ემბავუდიდან"... სულ სხვა ყოფილა, როცა საკუთარი თვალით ნახავ, როგორ მზადდება ის, რაც სახლში სიმყუდროვესა და კომფორტს გიქმნის.

მარი ჯაფარიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები