შინდისის გმირებზე მაღალბიუჯეტიან ფილმს გადაიღებენ
19-10-2015
შინდისის გმირებზე მაღალბიუჯეტიან ფილმს გადაიღებენ
რა ეპიზოდების ამოღებას ითხოვდა "სამხედრო ცენზურა" ვიდეომასალიდან

რუსთაველის თეატრის მსახიობი, პროდიუსერი, პროექტ "შინდისის გმირების" ავტორი ედმონდ მინაშვილი ფილმის გადაღებას გეგმავს... "შინდისის გმირების" სცენარი დოკუმენტურ ფაქტებზეა აგებული და აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორიასა და სოფლის მკვიდრის, ბადრი ხუციშვილის, გმირობის ამბავს აღწერს. ფილმის რეჟის­ორია გელა ბაბლუანი, ხოლო მთავარ როლს მსახიობი მერაბ ნინიძე შეასრულებს.

ედმონდ მინაშვილი-აბაშიძე:

- ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი იქნება. წინა პლანზე წამოწეულია შინდისის
მოსახლეობის გმირობა, კერძოდ, ბადრი­ ხუციშვილის, მეტსახელად "ახმეტას" თავგანწირვა.F ფილმი მაღალბიუჯეტიანია, მაგრამ უფრო ნაკლები ჯდება, ვიდრე "აგვი­სტოს ხუთი დღე", რომელზეც 45 მილიონი დაიხარჯა და ძალიან სუსტი პროექტია. მხოლოდ ფულის ფლანგვა იყო და მეტი არაფერი... სცენარს ვწერ ირაკლი სოლო­მანაშვილთან ერთად, რომელიც აკა მორჩილაძემ გამაცნო. პროექტში მონაწილეობს არაჩვეულებრივი
პროდიუსერი ვოვა კაჭარავა და ოპერატორი მინდია ესაძე (რეზო ესაძის­ შვილი). დარწმუნებული ვარ, ფილმს დიდი წარმატებები ელოდება. "ოსკარის" დაჯილდოებაზეც მოვხვდებით და ევროპის სხვადასხვა ფესტივალზეც. მსოფლიოს გავაგებინებთ ქართველი ბიჭების გმირობას!

- როგორ შეიქმნა პროექტი?
- "შინდისის გმირების" იდეა 2008 წელს, აგვისტოს თვეშივე გამიჩნდა. 17 გმირი­დან ერთ-ერთი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, პოეტი მიშიკო დვალიშვილი, გმირულად დაიღუპა. გვიან ღამით ჩამოასვენეს და დილით ადრე დავკრძალეთ, რადგან ცხედარი ცუდ მდგომარეობაში იყო. მის საფლავზე დავიფიცე, შენსა და სხვა გმირი ბიჭების სახელს მთელ საქართველოს გავაგებინებ-მეთქი. იდეა რეზო ჩხეიძეს გავანდვე. წერილი დაწერა და მითხრა, სპონსორე­ბთან ჩემი სახელით მიდიო. შემდეგ გიგა ლორთქიფანიძეს და რობერტ სტურუასაც ვუთხარი. ისინი იყვნენ ჩემი კონსულტანტები. მაშინ 21 წლის ბიჭი ვიყავი და ბუნებრივია, ბიზნესწრეებში სერიოზულად არავინ აღმიქვამდა. ამიტომ ყველგან მათი სახელით მივდიოდი. მაშინ არავის არაფრისთვის ეცალა. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფლიქტიც კი მომიხდა. ცდილობდნენ, ამ ომზე ყველაფერი მიევიწყებინათ ხალხისთვის. დავდიოდი ბიზნესმენებთან, კულტურის და თავდაცვის სამინისტროებში... სასაცილო თანხა ვიშოვე. შვიდკაციანი გადამღები ჯგუფი შევკრიბე და უანგაროდ დავიწყეთ დოკუმენტური ფილმის გადაღება.­ თითოეული დაღუპული ბიჭის ოჯახში ვცხოვრობდი ორი-სამი დღით. უმძიმესი იყო დაღუპულ ბიჭებზე საუბარი. ოპერატორებს რამდენჯერ კამერა დაუგდიათ, ოთახიდან გასულან და ხმამაღლა უტირიათ...

გადაღების პროცესში ერთ-ერთმა ოპერატორმა აიჩემა, ვგრძნობ, ვიღაცა გვისმენსო. არ დავიჯერე, მაგრამ როგორც კი თბილისში დავბრუნდით, თავდაცვის სამინისტროდან დამირეკეს, ითხოვდნენ, შავი მონტაჟი მიმეტანა. გამომკითხეს, რას ვიღებდი, რა ინფორმაციები მქონდა. შემდეგ ხელწერილი დამაწერინეს­, რომ ფილმს არ გავუშვებდი, თუ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი­ სამსახური არ ნახავდა... სამსაათიანი­ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. მივიტანეთ თავდაცვის სამინისტროში­. იქ მოეწყო ჩვენება და მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ, მათ შორის იყო ჯარის მოძღვარი მამა იაკობი. დამთავრდა­ თუ არა ჩვენება, თაბა­ხის ფურცელი გადმომცეს მითითებებით, რა უნდა ამოგვეღო. სასტიკ უარზე დავდექი... ასე გამაჩერებინეს ფილმი 2009 წელს.

- კონკრეტულად, რა კადრები დაბლოკეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა?

- ყველაფერს ვერ გეტყვით, რადგან ამ ეტაპზე არ მაწყობს ამის გახმაურება... გეტ­ყვით, რომ ძირითადად, ამომაღებინეს ის კადრები, სადაც ჯარისკაცები დედას ურეკავენ, აქ და აქ ვართო... მითხრეს, აქ ჯარის­კაცის სისუსტე ჩანს, თანაც, ჯარისკაცს არ შეიძლება მუდმივად ჰქონდეს მობილური ტელეფონი და ომის დროს სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედასთან საუბარიო... მერე რობერტ სტურუამ მირჩია, გამეკეთებინა რამდენიმე დუბლიკატი და სხვადასხვა ადგილას დამემალა.
ფილმის გაჩერების შემდეგ შინდის­ში­­ ტაძრის მშენებლობაზე გადავერთვე.

- არც ამაში დაგიჭირეს მხარი?

- მე და ბატონი რეზო ჩხეიძე მივედით უწმინდესთან და მაშინვე მოგვცა­ ლოცვა-კურთხევა. გვირჩია, ყოველთა ქართველთა­ და ოსთა ბრძოლის ველზე მომწყდართა­ ხსოვნის უკვდავსაყოფად აგვეგო წმინდა­ გიორგის სახელობის ტაძარი. შემდეგ გორში­ ჩავედი, მეუფე ანდრიას შევხვდი... შინდისში გავიკითხე, ვის ეკუთვნოდა ტერი­ტორია, სადაც ტაძრის აშენება გვსუ­რ­და. ზვიად საბაშვილის აღმოჩნდა და მან უანგაროდ გადასცა ტერიტორია ეკლესიას, თუმცა ტაძრის მშენებლობაც შემაჩერებინეს.

მაშინდელ ხელისუფლებას არ სურდა შინდისში დაღუპული ბიჭების სახელის პოპულარიზაცია,­ რადგან ძალიან ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, რაც შინდისში მოხდა... წინასაარჩევნოდ კახი კალაძესთან ერთად ჩავედი შინდისში. კახიმ პირობა დადო, გაიმარჯვებდა თუ არა "ქართული ოცნება", ტაძარს საკუთარი სახსრებით ააშენებდა. არჩევნების შემდეგ ერთ თვეში დამიკავშირდა კალაძის პრესცენტრი. დაიწყო მშენებლობა და 11 აგვისტოს ტაძარი ოფიციალურად გავხსენით. გაკეთდა მემორიალიც, 17-ივე ბიჭის ფოტოთი, ვმუშაობთ მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის 17-მეტრიან ბრინჯაოს მონუმენტზე, რომელიც ეკლესიის ეზოში დაიდგმება. ვაკეთებთ 17-ივე გმირის ბიუსტს, რომლებიც მათი სკოლის ეზოებში დაიდგმება. ვაპირებთ შინდისში აგვისტოს ომის მუზეუმის გახსნას. გამოვიდა ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი "რუსული დერეფანი".

"რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება"


ჩემმა მეგობარმა მიშიკო დვალიშვილმა 2005 წელს ეს ლექსი დაწერა:
"ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა, /თვალცრემლიანი მშობელი დედა, /ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს, /რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება..."
სამი წლის შემდეგ ის მართლაც ასეთი კუბოთი ჩამოუსვენეს დედას...
დღეს ისეთი განცდა მაქვს, რომ მხოლოდ მიშიკო კი არა, ყველა მათგანი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო.

მანანა გაბრიჭიძე
omar
25 ოქტომბერი 2015 00:01
უკაცრავად, მე კოჯორ-შინდისის ბრძოლა ვიგულისხმე, სადაც განსხვავებული იდეოლოგიის ქართველები (სტალინი, ორჯონიკიძე ჟორდანია, ჩოლოყაშვილები და სხვები) ერთმანეთს ებრძოდნენ
Temuri
23 ოქტომბერი 2015 19:13
omar,სამოქალაქო ომი იყო ხომ? რუსეთის თავდასხმა სამოქალაქო ომი ყოფილა თურმე.მოღალატე ქართველი იქნები ან რუსეთიდან წერ საერთოდ,მაგრამ შენისთანებზე კი არ დგას ერი აი ასეთ გმირებზე დგას და ამიტომაც შენარჩუნდება ქართველობა...შენ კი მალე გარუსებას გისურვებ(სანახევროდ ისედაც გარუსებული იქნები თუ მეტი არა) რათა ქართული სიტყვები შენი პირიდან აღარ ითქმოდეს აღარასდროს.
omar - ს
23 ოქტომბერი 2015 17:55
ბოდიში მაგრამ რა სამოქალაქო ომი? ქართველები ომობდნენ მანდ ერთმანეთში, თუ ჩვენ და რუსები ერთი ერი ვართ და შიდა საქმეებს ვარკვევდით? მთლად აიღეთ ხელი სინდის-ნამუსზე ამ კრემლის რუპორებმა და ეგ არის თქვენი სამოქალაქო ომი.

რედაქტორის რჩევით