თბილისს ეძინა. არ ეძინათ ნიკას, ეკას, ანას, ნინოსა და კიდევ ბევრ ბავშვს, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ - კვირის პალიტრა

თბილისს ეძინა. არ ეძინათ ნიკას, ეკას, ანას, ნინოსა და კიდევ ბევრ ბავშვს, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ

წვიმიანი თბილისის სევდიანი ქრონიკა

ეს სტატია სხვა რომელიმე ქვეყანაში რომ იბეჭდებოდეს, ჩემი რესპონდენტების მშობლებს, სულ ცოტა, მშობლების უფლებას ჩამოართმევდნენ, ბავშვებზე კი სახელმწიფო იზრუნებდა... მაშინ, როცა მთელ ქალაქს სძინავს, არ სძინავს 12 წლის ნიკას, 8 წლის ეკას, 9 წლის ანას, 14 წლის ნინოს და კიდევ ბევრ არასრულწლოვანს, რომლებიც ღამის საათებში თბილისის ქუჩებში მოწყალებას ითხოვენ... რეპორტაჟი, რომელიც "კვირის პალიტრამ" მოამზადა, გულგრილს ვერ დაგტოვებთ. ტრაგიკული ამბები, რომლებსაც ბავშვები ჰყვებიან, შესაძლოა, გამოგონილია, თუმცა ფაქტია, რომ ბავშვები შუაღამისას, სიცივესა და წვიმაში, ქუჩაში არ უნდა იდგნენ. ეს ყველაფერი დასაფიქრებელია!

"აქ მამაჩემმა მომიყვანა..."

13 ოქტომბერი, 23:15 საათი. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. გადაუღებლად წვიმს. მე და ჩემს მეგობრებს მიწისქვეშა გადასასვლელის რამდენიმე საფეხურიც არ გვქონდა ჩავლილი, რომ ბავშვის ხმამ შემოგვაბრუნა: "დამეხმარე, ბიძია!" ცისფერთვალება ბიჭუნა, რომელსაც ტყავის ქურთუკი და ნაჭრის ფეხსაცმელი ეცვა, ერთიანად დასველებულიყო. ის 11 წლის ნიკა აღმოჩნდა, რომელიც უკვე ერთი წელია, ყოველ საღამოს რუსთაველის მეტროსთან მოწყალების სათხოვნელად გამოდის და, როგორც თავად ამბობს, ღამის ორ საათამდე მუშაობს. გაყინული ბიჭუნა "მაკდონალდსში" დავპატიჟეთ. როცა შევთავაზე, რას მიირთმევ-მეთქი, რასაც მიყიდით, იმასო, მითხრა.

- ასე გვიან როგორ წახვალ სახლში?

- მამა მომაკითხავს.

- ახლა სად არის?

- ისიც მუშაობს, ტაქსიზე ზის. ჩვენთან არ ცხოვრობს, რაღაც პრობლემები აქვს.

- სკოლაში თუ დადიხარ?

- დავდივარ, აბა, რა, მეექვსე კლასში ვარ. ქუჩაში 5 საათზე გამოვდივარ. ერთი წელია აქ ვდგავარ. პირველად მამამ მომიყვანა. მომეწონა და ვუთხარი, ყოველდღე გამოვალ-მეთქი.

- მარტო აქ დგახარ?

- დიახ. სხვაგან იმიტომ არ მივდივარ, რომ აქ ბევრი ხალხი დადის და ბევრ ფულს ვაგროვებ. აქ დღისით აზერბაიჯანელი ბავშვები არიან, სულ იგინებიან, ისინი რომ მიდიან, მარტო ვრჩები და უფრო მომწონს...

- დედმამიშვილები გყავს?

- 20 წლის ძმა მყავს, სტუდენტია. ახლა მამაჩემი ეძებს მისთვის სამსახურს, სადმე "მოიკაზე" უნდა უშოვოს ადგილი.

- დედა?

- დედა "შემოიხედე, გენაცვალეში" მუშაობს. ძალიან განიცდის, რომ ვმათხოვრობ, მაგრამ რომ არ მივეხმარო, ქირას ვერ გადავიხდით...

- დღეს ჭამე რამე?

- სკოლიდან შინ რომ დავბრუნდი, ვჭამე და ისე გამოვედი.

- რამდენს აგროვებ?

- 30 ლარამდე, თუმცა 50 ლარიც მომიგროვებია. დედას ვაძლევ, ცოტას ჩემთვისაც ვიტოვებ. ვარკეთილში ვცხოვრობთ, ბინაში 250 ლარს ვიხდით. დღეს 25 ლარი მოვაგროვე, იქნებ 5 ლარიც დავუმატო და წავალ.

- სკოლაში როგორ სწავლობ?

- 8-9-ზე. ცუდად რატომ უნდა ვსწავლობდე?..

ცოტა ხანში ბიჭი დაგვემშვიდობა და გაიქცა, ჩქარობდა, აკი თავად მითხრა, კიდევ 5 ლარი უნდა მოვაგროვოო.

"დამეხმარეთ, დედიკო მელოდება"

რუსთაველის პროსპექტიდან თავისუფლების მოედნით ლესელიძის ქუჩას ჩავუყევით. სიონის საკათედრო ტაძართან ბავშვები, სავარაუდოდ, დედასთან ერთად, ხურდას ითვლიდნენ. ქალმა, როგორც ჩანს, ჩემი მზერა დაიჭირა, გოგონას რაღაც ჩასჩურჩულა და პატარა ჩემკენ გამოემართა.

- დამეხმარეთ, ბიძია!

- რა გქვია?

- ანა...

- რამდენი წლის ხარ?

- 9 წლის.

- აქ ვისთან ერთად ხარ?

- დედა და ჩემი ძმები იქით დგანან...

- ანა, რომელ კლასში ხარ?

- ავლაბარში ვსწავლობ. მესამე კლასში ვარ. იცი, რას მასწავლიან? ქართულს, ბუნებას, მათემატიკას, მუსიკას...

- კლასელებმა იციან, აქ რომ დგახარ?

- არა (ამასობაში ქალმა დაუყვირა, მივდივართო). ძია, მალე დამეხმარეთ რა, დედიკო მელოდება.

მეც ხურდა მივეცი, გოგონამ მადლობა გადამიხადა და გაიქცა...

"იყიდეთ ვარდები"

სიონის საკათედრო ტაძრიდან, შარდენის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე, 14 წლის ზაზა ვარდებს - ცალს 2 ლარად მთავაზობს. უარს ვეუბნები, ფული არა მაქვს-მეთქი. ისევ ლესელიძის ქუჩისკენ ვაგრძელებთ გზას. მაღაზიასთან თეთრ ქურთუკში გამოწყობილ გოგონას რამდენიმე საგულდაგულოდ შეფუთული ვარდი უჭირავს. ჩვენს დანახვაზე სწრაფი ნაბიჯებით გვიახლოვდება.

- ძია, ვარდებს არ იყიდი?

- რომ არ მინდა?

- თუ არ გინდა, სხვა იყიდის.

- რა გქვია?

- ეკა.

- რამდენი წლის ხარ?

- 8-ის.

- სად ცხოვრობ?

- სამგორში.

როგორც პატარას მონაყოლიდან ირკვევა, დედა, ხუთი და და ერთი ძმა ჰყავს. სკოლაში ჯერ არ დადის... ეკასთან ერთად მაღაზიაში შევდივარ, გოგონა გაფართოებული თვალებით აჩერდება ტკბილეულს. დიდი ფიქრის შემდეგ არჩევანს ერთ-ერთ შოკოლადების შეკვრაზე აჩერებს, მერე გახარებული მემშვიდობება.

"15 წელია, აქ ვდგავარ..."

იმავე ქუჩაზე, რესტორანთან, 50 წლამდე ქალი გოგონასთან ერთად მოწყალებას ითხოვდა. 48 წლის ლია 15 წელია მოწყალებას ითხოვს. უმუშევარი მას შემდეგ დარჩა, რაც სამკერვალო ფაბრიკა დაიხურა. სახლი, რომელიც ავლაბარში ჰქონდა, დაეწვა და მას შემდეგ მოხუც დედასთან, სიძესა და 15 წლის ქალიშვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

- თეთრიწყაროს რაიონიდან ვარ. გვარად გოგიაშვილი. მკერავად ვმუშაობდი სამკერვალო ფაბრიკაში. 23 წელიწადია, რაც ბინა დამეწვა ომის დროს და მას შემდეგ ღია ცის ქვეშ ვარ. ერთხანს საპირფარეშოს დამლაგებლად ვმუშაობდი, მერე იქიდანაც გამომიშვეს. სოციალური დახმარებაც არა მაქვს. მითხრეს, ქირას იხდი და რა დახმარება გინდაო... ახლა ნავთლუღში ქირით ვცხოვრობ, დღეში 8 ლარს ვიხდი. ერთი პატარა ოთახია.

- თქვენი შვილიც მოწყალებას ითხოვს?

- ახლა აღარ, წინათ ყვავილებს ყიდდა. ერთი წელია, რაც გათხოვდა, ახლა ხუთი თვის ორსულია და გარეთ აღარ გამოდის, მუცელი სტკივა. ფულს ვაგროვებ, რომ ექიმთან მივიყვანო, აქამდე არ მიმიყვანია.

- თქვენი მეუღლე ან სიძე არ მუშაობენ?

- მეუღლეს წლების წინ დავშორდი, სხვა ოჯახი ჰყავს, ჩემი სიძე ჯართს აგროვებს და კაპიკებს შოულობს. მშობლები დიდი ხნის წინ გარდაეცვალნენ, ისიც ჩვენთან ცხოვრობს. ქალის გვერდით მდგარი გოგონა კი შვილის მეგობარი ნინო აღმოჩნდა, რომელიც მასთან ერთად მოწყალებას ითხოვს. 14 წლის ნინოს დედა ისნის ბაზრობაზე ვაჭრობით ირჩენს თავს, მოზარდი კი - მოწყალებით. მეუბნება, რომ სიგარეტისა და გზის ფულს ასე შოულობს. სკოლაში კი მე-4 კლასის შემდეგ აღარ უვლია...

P.S. მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა. თბილისს ეძინა. არ ეძინათ 12 წლის ნიკას, 8 წლის ეკას, 9 წლის ანას, 14 წლის ნინოსა და კიდევ ბევრ ბავშვს, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ, და მათ მშობლებს, რომლებიც პატარების მიტანილ ხურდას, ალბათ, საგულდაგულოდ ითვლიან.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე