"მიწის სიყვარული მარტო "მიყვარს-მიყვარს" ძახილი არ არის" - კვირის პალიტრა

"მიწის სიყვარული მარტო "მიყვარს-მიყვარს" ძახილი არ არის"

"გაღვიძებული ქართველიც ამირანივით ჯიშიანი იქნება"

"დაცემის გარეშე ადგომა არ არსებობს. უნდა დავეცეთ, რომ მივხვდეთ, რა არის ადგომა"

ტარიელ ხარხელაური თიანეთიდან იშვიათად ჩამოდის. იქ ცხოვრობს. გამთენიისას ფურცელზე გადატანილ ლექსებს ეფერება ნაშრომი ხელებით, მერე - მოხუც დედას, ცხვარ-ძროხასა და მიწას - იქიდან არის ჩვენი ფესვი, რომელიც ნებსით თუ არ გავიხმეთ, ძალით, ამდენი ხანია გვეჯაჯგურებიან და ვერ მოგვგლიჯეს. მის ლექსებს ამ მიწის ფერი აქვს - ლეგა და ძლიერი:

"ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,

ამოზიდული დიდგორსა,

შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,

გველი მილოკავს ლიბოსა.

ვერ იზამს წუთისოფელი,

ფეხებზე დამიკიდოსა.

ხმალი მომეცი, სამკლავე,

ფარიც აქ სადმე იდოსა,

ამოვალ, ქშენით ამოვძოვ,

სისხლით დაფერილ მინდორსა..."

ჩვენთანაც ამგვარი მოვიდა, - მიწის ძალა და ფიქრი მოიტანა მხრებით ისეთი, სხვანაირად ვერ იზამდი - შენც შენი წილი უნდა ჩამოგერთმია. ჩვენც ჩამოვართვით და ახლა მკითხველსაც ვუნაწილებთ, - საქართველო მარტო ერთი კაცის გადასარჩენი არ არის, თუნდაც ტარიელ ხარხელაურისთანა კარგი მწყემსის, მიწისა და ლექსის კაცისა...

- ინტერვიუს თითქმის არავის ვაძლევ, ქვეყნის გულშემატკივრად მიმაჩნიხართ და თქვენთანაც იმიტომ მოვედი. ოღონდაც პოეტს ნუ დამარქმევთ. ყველაზე მეტად ეგ სიტყვა მაშინებს, - ეგ რომ მართლა იყო, პოეზიას მსხვერპლად უნდა იყო შეწირული. მე, უბრალოდ, საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე მოვხვდი და რაღაცნაირად ლექსის წერის ნიჭი მომეცა. მეცხვარეთა შთამომავალი, პაპაჩემიც მეცხვარე იყო და მამაჩემიც, მეც მეცხვარე ვარ.

მთელი თიანეთის კაცები ცხვარში იყვნენ გასულნი, შემომტანნი, ოჯახის მარჩენლები ვიყავით. ახლა ქართველებმა ყიზლარის საძოვრები დავკარგეთ და მთიელმა კაცებმა - ფუნქცია; ქალებმა აიღეს ოჯახის რჩენის ტვირთი. მთელი თიანეთის ქალები საშოვარზე უცხოეთში არიან გადაკარგულნი.  შვილებს ტოვებენ და კაცებს არჩენენ. ჩვენც ვჭამთ და აღარც გვრცხვენია... აღარც ვაქცევთ ყურადღებას, რომ შვილებს დედები დავუკარგეთ, ჩვენ თავს - ცოლები... ვითომ გაჭირვებამ იცის ასე სირცხვილის დაკარგვა, თუ იმანაც, რომ სახელმწიფოსაც ეს ამბავი ფეხებზე ჰკიდია. ხელს არ გაანძრევს, რომ სოფლიდან დედაკაცებისა და ბალღების დენა შეჩერდეს, ერთს არ ეტყვის გლეხს, - მე მოგეხმარები, ოღონდ მიწაზე დამაგრდიო!

- გაჯავრებული ხართ?

- დაღლილი ვარ. საქმეს რომ მოვითავებ, ავალ გორაზე და იქიდან გადმოვხედავ სოფელს. ვუყურებ, ვუყურებ და ჰა და ჰა - ნახევარი სახლებიდანღა თუ ამოდის კვამლი. ხელისუფლებას სოფელი რომ აინტერესებდეს, იმ გორაზე უნდა ავიდეს და გადმოხედოს სოფელს - რამდენი სახლიდან ამოდის კვამლი. ანაც გაზაფხულზე უნდა გამოიაროს და ნახოს, რამდენი მიწაა დაუმუშავებელი. ჩვენი ხალხი მარტო ოხრავს და გმინავს და ვერაფერს შველის. ზოგი გაჯავრდება, - გლეხობა ტყუილა ოხრავს, მიწა აქვთ, წავიდნენ და დაამუშაონო. რანაირად უნდა დაამუშაო, როცა გლეხს არც საწვავის ყიდვა შეუძლია და არც ტექნიკა აქვს. საწვავი იმდენად ძვირია, ხელს ვერ შეავლებ... თუ მთავრობას სოფელი უყვარდა, სულაც მეხი რომ ჩამოვარდნილიყო მის თავზე, გლეხისთვის საწვავი იაფად უნდა მიეცა.

ხელისუფლებას ვერავინ გააგებინა, რომ თუ სოფელი წაიქცა, აღარც საქართველო იქნება! მარტო სხვის დასანახავად უყვართ ქვეყანა? სხვის დასანახავად მივტირით დაკარგულ მიწებს და ჩვენივე ნებით ახალ-ახალ მიწებს ვკარგავთ? აბა, სხვა რა ჰქვია სოფლის დაცარიელებას და გავერანებას? მიწის სიყვარული მარტო "მიყვარს-მიყვარს" ძახილი კი არ არის, მიწა უნდა გტკიოდეს, რომ მიხედო. აი, ეს ტკივილის გრძნობა არა აქვთ, სხვის დასანახავად უყვართ. თუ არადა, სოფელი უნდა დაასაქმონ და წაახალისონ. ცხვრის გადაშენება და საძოვრების დაკარგვა როგორ შეიძლებოდა, - გლეხს ყელი აქვს გამოჭრილი, მასაც და ქვეყანასაც უზარმაზარი სიმდიდრე გამოეცალა ხელიდან. სხვა ქვეყნებიდან ლამის დამპალი ყველი და კარაქი შემოგვაქვს და ამ დროს სოფლებში მცირე ქარხნების ამუშავება შეიძლება.

მაგრამ ვინ აამუშავებს, რა ფულით? ცალკე ბანკი წაუჭერს ყელში თოკს და ცალკე - საგადასახადო. მთავრობას ეს ევალება და არ აკეთებს, გლეხს გადაეფაროს და შეღავათი მისცეს. გლეხიც როდემდე ილაპარაკებს თავის გასაჭირზე, თუ ყურისმგდებელი არ ჰყავს? სოფელში ერთმანეთისთვის შეჩივლებაც კი მოჰბეზრდათ და რომ მიხვალ, მოსავლის მოყვანაზე კი არ დაგელაპარაკებიან, პოლიტიკაზე ლაპარაკობს დიდიც და პატარაც, ჭირი იქნება თუ ლხინი. ეს კი გლეხის საქმე არ არის. ხოლო როცა კაცი თავის საქმეს არ უვლის, ღმერთიც ხელს ვერ უმართავს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ბატკანში ვიყავი - იქ მარტო უნდა იყო და ივაჟკაცო, თორემ მწყემსები დაგცინებენ. მეც "ვივაჟკაცე" და კალამი და ქაღალდი არ წავიღე საწერად - რა დროს ლექსია-მეთქი. მერე წერა ძალიან რომ მომინდა, ჩარგალში ჩავედი 15 კილომეტრზე, ქაღალდის საყიდლად და ვერაფერიც ვეღარ დავწერე. კაცობა და ვაჟკაცობა ის არის, შენს საქმეს რომ აკეთებ.

- ჩვენს კაცებს ვაჟკაცობა დააკლდათ, სამწუხაროდ. გაოგნდები, კაცები ხშირად ისეთ რამეზე ჩაიქნევენ ხელს...

- თავის დღეში არ მინახავს ამდენი შეშინებული და გულდასუსტებული კაცი. იცით, რატომ? მსგავსი მსგავსს ზრდის. თუ მაგალითი არ მივეცით, მომავალი თაობაც ასე დაგვეზრდება. მამებმა უნდა ვუპატრონოთ შვილებს. მე ბიჭი მომიკვდა, 23 წლის, დავუძახებდი და პატარას დიდი კაცივით ველაპარაკებოდი ვაჟკაცობაზე. რასაც ვეუბნებოდი, მის თვალებში ამოიზარდა, მის სულში. ბიჭს მამა სჭირდება, რომ ვაჟკაცი იყოს. მამაჩემმა ყიზლარში ღამით მარტო მატარა ტყეში, პატარა ვიყავი და შიშით გული მისკდებოდა, მაგრამ ვირებს ამოვეფარე და ისე გავლიე ის ტყე.

თურმე შორიახლო ჩუმად მომყვებოდა - შიშისთვის მარტოს უნდა მეჯობნა. იმის შემდეგ აღარ შემშინებია. ასე ზრდიდნენ სხვებსაც. ცხვარში ბოლოს რომ ვიყავი, 90 წლის ბათარეკ ჭინჭარაული წამოგვყვა - დაუშალეს, მაგრამ ვერ გააჩერეს შინ - ცხვარი იყო მისი სახლი და კარი. ჩვენზე, ახალგაზრდებზე უკეთ დადიოდა მთაში. უდაბნო გადაიარა და დილით ნაბადში გახვეული დაგვხვდა, საწოლში კი არა... ვაჟკაცურად მომკვდარიყო. ალბათ ამიტომ წამოვიდა მთაში. ახლა მამებს აღარ სცალიათ შვილებისთვის. აღარც დედებს, სხვათა შორის. მერე, შვილებთან ახლოს რომ ვერ არიან, ვეღარც მკაცრად ეპყრობიან. შვილის დაკარგვის გაუცნობიერებელი შიში დაემართათ - რომ გავუჯავრდე, შინიდან არ წავიდესო. ასე როგორ შეიძლება, ბუნებას შეხედონ - წყალს ვერაფრით დაიმორჩილებ, თუ ჯებირები არ გაუკეთე.

- ლექსებში როგორი იმედიანი ხართ, ცხოვრებაში კი დარდი შემოგწოლიათ...

- ეს გულის გატეხა არ არის, ეს მხოლოდ სინამდვილის აღწერაა. მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, - რაც ხდება, ასეც უნდა იყოს, - დაცემის გარეშე ადგომა არ არსებობს. უნდა დავეცეთ, რომ მივხვდეთ, რა არის ადგომა. ის თაობა ისე უნდა წავიდეს, რომელსაც კარგი ცხოვრება უნდა, მაგრამ ხელის განძრევა არა, - როგორც მოსეს ხალხი უდაბნოში! დამარცხებამ არ უნდა შეგვაშინოს, მტერი უნდა გყავდეს, მას ყოველ წუთს უნდა გრძნობდე, რომ არ მოდუნდე და სიფხიზლე არ დაკარგო. ნეკერჩხალს რომ ბუხარში შედებ და დაწვავ, ისეთი ფერფლი დაეყრება, თუ არ შეუბერე, ჩაქრება.

ასე ვართ ჩვენც - ამ ქარიშხლებმა ფერფლი უნდა გადაგვაცალოს. მერე კი, ბაზალეთის ტბის ძირას აკვანი ტყუილად არ უხსენებია ილიას, - ის ქართველი ჩვენს გენშია, აუცილებლად გაიღვიძებს და გამოჩნდება. ოღონდაც აქ, ჩვენს მიწაზე და არა უცხოეთში გადახვეწილი. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ მშვენივრები. იმიტომაც არ გაიყვანა ღმერთმა ამირანი კავკასიონიდან. ის აქ უნდა იყოს და არის კიდეც. და ის გაღვიძებული ქართველიც ამირანივით ჯიშიანი იქნება - არა ლაჩარი და მშიშარა...