We Are The World-ის იდეა ბელაფონტეს ეკუთვნის - კვირის პალიტრა

We Are The World-ის იდეა ბელაფონტეს ეკუთვნის

ჰარიმ ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის დაიწყო ბრძოლა. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მომღერალს საზოგადოებრივი საქმიანობა დაუფასა და თავის მრჩევლადაც კი დანიშნა

მისთვის მიუღებელი იყო ამერიკის სამხედრო ოპერაციები ერაყში და ამერიკელი სამხედროების სიკვდილში ბუშს ადანაშაულებდა

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქართული მხატვრული ფილმი "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", აუცილებლად ემახსოვრება ფილმის ყველაზე მუსიკალური გმირი ნოდარი, მეტსახელად ბელაფონტე. მას შემდეგ, რაც ფილმი ტელეეკრანებზე (1969წ.) გამოჩნდა, ნახევარი საუკუნე გავიდა. არც იმ დროის კერპი ჰარი ბელაფონტეა ახალგაზრდა - 1-ელ მარტს მას 83 წელი უსრულდება.

მუსიკოსი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე - ასე გაიცნო ბელაფონტე მსოფლიომ. ისტორიამ აღიარა, რომ ჰარი ბელაფონტე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსი იყო და მას "კალიფსოს მეფეც" შეარქვეს. დღეს ასაკის გამო ესტრადაზე და კინოში იშვიათად ჩნდება, მაგრამ ყოველთვის პოულობს დროს პოლიტიკოსთა გასაკრიტიკებლად.

"ამერიკული ოცნება" იამაიკურად

ისევე როგორც თითქმის ყველა ამერიკულ ზღაპარშია, ჯორჯ ჰაროლდ ბელაფონტე ნიუ-იორკში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. მამამისი, იამაიკელი ემიგრანტი, ამერიკის საზღვაო ფლოტში მზარეულად მუშაობდა, დედა კი - მოსამსახურედ. ისე უჭირდათ პატარა ჰარის რჩენა, რომ ბავშვი რამდენიმე წლით ბებიასთან იამაიკაში გაუშვეს. უკვე სასკოლო ასაკის ბელაფონტე ნიუ-იორკში, მშობლებთან დაბრუნდა. სკოლას ამთავრებდა, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მანაც, არასრულწლოვანების მიუხედავად, ამერიკის ფლოტს მიაშურა. დემობილიზაციის შემდეგ ბელაფონტე ნიუ-იორკის სამსახიობო კურსებზე შევიდა.

პირველი როლი მუსიკალურ სპექტაკლში ითამაშა. მისი ვოკალური მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ღამის კლუბში მუშაობა შესთავაზეს. როგორც საესტრადო მომღერალი, აუდიტორიას მხოლოდ 1949 წელს წარუდგა და დაიწყო სიმღერების ჩაწერა ფრენკ სინატრასა და ნეტ კინგ კოულის სტილში. თავისუფალ დროს კონგრესის ბიბლიოთეკაში დადიოდა, სადაც კარიბის ზღვის აუზის მოსახლეობის სიმღერებს უსმენდა. ამის შემდეგ მის რეპერტუარში, ამერიკულ ფოლკლორთან ერთად, აფრიკული მოტივებიც გაჩნდა. ამასობაში ბელაფონტე მარტინ ლუთერ კინგს, შავკანიანთა უფლებებისთვის ლეგენდარულ მებრძოლს შეხვდა და გადაწყვიტა, ამერიკული კინობომონდი ფერადკანიანთა უფლებების დასაცავად დაერაზმა.

მომღერლის იღბლიანი კარიერის პარალელურად, ჰარი ბელაფონტეს ფილმებშიც იღებდნენ. გამოდიოდა "კარნეგი-ჰოლშიც" და ბროდვეის ყველაზე პოპულარული მსახიობი გახდა. 1954 წელს მას თეატრალური პრემია "ტონი" გადასცეს, მაგრამ მანამდე მიღებული ყველა ჯილდო და წარმატება დაჩრდილა ალბომმა "კალიფსომ", რომლის მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ალბომის სიმღერები 58 კვირის განმავლობაში ჰიტაღლუმის პირველ ათეულში იყო. 70-იან წლებში მომღერალს ორჯერ გადასცეს პრესტიჟული მუსიკალური პრემია "გრემი", აქვს რვა ოქროს დისკიც. ტელევიზიაში პოპულარული ტოქშოუ მიჰყავდა, რომლის პროდიუსერიც თავად იყო. ამიტომაც უწოდებენ მას ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში პირველ შავკანიან პროდიუსერს. ასევე პირველი შავკანიანი იყო, რომელსაც უმაღლესი სატელევიზიო პრემია "ემი" მიენიჭა.

ბიტლომანიის ხანაში ბელაფონტეს პოპულარობამ მინელება დაიწყო.

შავკანიანთა ქომაგი

ბელაფონტემ შოუბიზნესს ცოტა ხნით თავი დაანება და ისევ ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის დაიწყო ბრძოლა. პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ ბელაფონტეს საზოგადოებრივი საქმიანობა დაუფასა და თავის მრჩევლადაც კი დანიშნა.

1987 წელს "იუნისეფმა" ჰარი კეთილი ნების ელჩად გამოაცხადა და ბელაფონტე დაუყოვნებლივ გაემგზავრა მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში. მატერიალურ დახმარებასთან ერთად, ის აფრიკელი ბავშვების სულიერ საზრდოზეც ზრუნავდა.

კენიიდან დაბრუნებულს, ამერიკელმა ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ბუნებით მეამბოხე ბელაფონტე არ შეეგუა ავ სენს და წამოიწყო მოძრაობა კიბოს დასამარცხებლად. მალე კიბოსაც სძლია და არც ამერიკის საშინაო პოლიტიკის გაკრიტიკება დავიწყებია. მისი კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც ბელაფონტემ ფერადი რასის ღალატში დაადანაშაულა, და არც მისი მემკვიდრე კონდოლიზა რაისი დაინდო. ბელაფონტესთვის მიუღებელი იყო ამერიკის სამხედრო ოპერაციები ერაყში და ამერიკელი სამხედროების სიკვდილში ბუშს ადანაშაულებდა.

"ბატონყმობის დროს იყვნენ მონები, რომლებიც პლანტაციაში ცხოვრობდნენ და იყვნენ ისეთი მონებიც, რომლებსაც ჰქონდათ პატივი, ბატონის სახლში ეცხოვრათ. თუ ვინმეს ერგებოდა წილად ასეთი პატივი, ვალდებული იყო, ისე ემსახურა, როგორც პატრონი მოითხოვდა. თუ მონა ბატონის მოსაწონად ვერ მოიქცეოდა, ისევ მინდორში გაუძახებდნენ ხოლმე", - თქვა ბელაფონტემ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში. აშკარა იყო,  ბუშის ადმინისტრაციის შავკანიან ლიდერებს გულისხმობდა. ვალში არც კონდოლიზა რაისი დარჩენილა და ბელაფონტეს პრესის საშუალებით შეუთვალა, ჩემი შავკანიანობის შეხსენება არ მჭირდებაო.

მხოლოდ ორი ოჯახი...

ბელაფონტე პირველად 1948 წელს დაქორწინდა და მარგარიტა ბერდასთან ორი ქალიშვილი - ადრინი და შარი შეეძინა. პირველ ცოლს ჰარი მალევე გაშორდა და 1957 წლის 8 მარტს  იქორწინა მოცეკვავე ჯული რობინსონზე, რომელმაც მას ასევე ორი შვილი - დევიდი და ჯინა გაუჩინა. 50 წლის განმავლობაში ჰარი ბელაფონტე ნიუ-იორკში, 16-ოთახიან ბინაში ცხოვრობდა, სამი წლის წინ კი სახლი, სადაც ნახევარი საუკუნე გაატარა, გაყიდა და სიბერის მშვიდად გასატარებლად ახალ ორლეანში გადავიდა.

ისევე როგორც ყველა ცნობილი ადამიანის შესახებ, ჭორები ბელაფონტეზეც დადის. ამბობენ, ჰარი ექვსი წლის იყო, როცა მამამისმა დედამისი თეთრკანიანი ქალის გამო მიატოვა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მუსიკოსი რასობრივი უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი გახდაო.

ქართველები და ბელაფონტე

1960 წელს ნიუ-იორკში "მეტროპოლიტენ-ოპერაში" სუხიშვილების ანსამბლი კონცერტს მართავდა. მაყურებელთა შორის ბელაფონტეც იყო. კონცერტის დამთავრების შემდეგ მომღერალი ქართველ მოცეკვავეებთან მისულა და უთქვამს, ნამდვილად საოცარი ხალხი ხართო. ერთ საღამოს სუხიშვილების ანსამბლის წევრები ჰარი ბელაფონტეს იმპრესარიომ "კარნეგი-ჰოლში" ბელაფონტეს კონცერტზე დაპატიჟა. კონცერტის დროს მომღერალს გამოუცხადებია, ჩემს კონცერტს ქართველები ესწრებიანო. იმ რიგს, სადაც ქართველი მოცეკვავეები ისხდნენ, პროჟექტორები მიანათეს და ატყდა ოვაცია. მეორე განყოფილების დროს კი ყველას გასაგონად შინ დაპატიჟა ქართველები და ზღაპრული მასპინძლობაც გაუწია. ვახშმის შემდეგ ქართველი სტუმრებისთვის თავისი ოქროს ფირფიტები და პირველი ჰონორარი - ჩარჩოში ჩასმული 5-დოლარიანი უჩვენებია.

ამერიკელ მომღერალს ვალში არც ქართველები დარჩნენ და საქართველოში დაპატიჟეს.

ბელაფონტე საქართველოში სამი დღე უნდა დარჩენილიყო, შემდეგ კი ლენინგრადში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ უარი უთქვამს რუსეთში წასვლაზე და კიდევ ცოტა ხნით დარჩენილა ქართველებთან. მალე კი ჯონ კენედის დეპეშა მიუღია. მაშინ კენედი სენატორი იყო, პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს და ბელაფონტეს მხარდაჭერა სჭირდებოდა, ამიტომაც გაიწვია სასწრაფოდ. ჰარიმ ცოლ-შვილი საქართველოში დატოვა და მარტო გაფრინდა ამერიკაში...

საქართველოში რომ სტუმრობდა, ალბათ, ამიტომაც აირჩიეს ქართული ფილმის ავტორებმა, რეჟისორმა გუგული მგელაძემ და სცენარისტმა სულიკო ჟღენტმა მშენებელ-მომღერალ ნოდარის მეტსახელად ბელაფონტე. ჰარი ხომ იმ წლებში ჩვენთან ძალზე პოპულარული იყო.

KvirisPalitra.GeWe Are The World-ის იდეა ბელაფონტეს ეკუთვნის

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ლეგენდარული სიმღერის We Are The World-ის ჩაწერის იდეა სწორედ ჰარი ბელაფონტეს ეკუთვნის. როცა მომღერალმა ტელევიზიით შიმშილისგან დაუძლურებული ხალხი იხილა, თავისი ერთ-ერთი პროდიუსერის დახმარებით ლაიონელ რიჩისა და მაიკლ ჯექსონის სიმღერის შესასრულებლად შოუბიზნესის 45 ვარსკვლავს მოუყარა თავი. მუსიკოსებმაც და აგენტებმაც უჰონორაროდ იმუშავეს და შემოსავალმა 70 მილიონ დოლარს გადააჭარბა

KvirisPalitra.Geშენ დაუკარ...

თბილისში ჩამოსულ ბელაფონტეს სუხიშვილების მთელი ანსამბლი თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა და სიმღერა "მატილდა" დოლ-გარმონზე შეუსრულეს. ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჰარისთვის, რომ ტრაპიდან გადმომხტარა. მოცეკვავეებმა იმარჯვეს და ლამის ორმეტრიანი კაცი ხელით დაიჭირეს. ასეთი დახვედრით გაოცებული სტუმარი კიდევ უფრო გადარეულა, როცა ყანწით ღვინო აჯახეს. ბელაფონტე თბილისში ცოლთან, შვილთან, ძიძასა და თქვენ წარმოიდგინეთ, სიდედრ-სიმამრთან ერთად ჩამოსულა