"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა" - კვირის პალიტრა

"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"

გელა ჩარკვიანი: "მე რომ მაშინ ზემელზე არ გამევლო..."

"ნანა ბოლო დღეს სავარძელში იჯდა, თეონამ ჰკითხა, როგორ ხარო. კარგადო, უპასუხა და უცებ გაეყინა თვალები. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ირაკლის ტრაგედიის შემდეგ, ირაკლიც მე აღმოვაჩინე გარდაცვლილი ლოგინში..."

გელა ჩარკვიანს ეკრანიდან ვიცნობდი. ვიცოდი, რომ პოლიტიკური ფიგურა, გაწონასწორებული და დახვეწილი ადამიანი იყო, რომელიც აკონტროლებს ემოციებს. როდესაც პირადად შევხვდი, სულ სხვა გელა ჩარკვიანი გავიცანი. ის ამჟამად მარტო ცხოვრობს. მისაღებ ოთახში, სადაც შემიძღვა, კედელზე 15 ფოტო დავითვალე. ეს მისი მეუღლის, ნანა თოიძის პორტრეტებია.

გელა ჩარკვიანი: - მე რომ 1958 წლის 20 მაისს ზემელზე არ გამევლო, არ შემხვდებოდა ჩემი ნაცნობი ნანდა ნიკოლაიშვილი და მისი მეგობარი ნანა... კონცერტის ბილეთების საყიდლად მიდიოდნენ. მკითხეს, ხომ არ წამოხვალო? სიამოვნებით, მაგრამ ფული არა მაქვს, დედაჩემი არ მაძლევს, მიაჩნია, რომ ფული ბავშვებს რყვნის-მეთქი, ვუპასუხე. ჩვენ რომ გიყიდოთო? სიამოვნებით წამოვალ-მეთქი. ამან ცოტა უცნაურად იმოქმედა მათზე, ეს არათბილისური ქცევა იყო. მე ახალი ჩამოსული ვიყავი მოსკოვიდან, სკოლა იქ დავამთავრე, ჩემთვის კი ეს ნორმალური იყო.

- რამდენი წლის ხართ ამ დროს?

- მე - 19 წლის, ნანასაც საბუთებში 19 ეწერა, თუმცა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მას ცოტა რთული ისტორია ჰქონდა, მამამისი რეპრესირებული იყო, დახვრეტილი... მაშინ მამაჩემი აღარ იყო ცეკას პირველი მდივანი, მაგრამ მაინც პარტიული ელიტის წრიდან ვიყავი...

მოსკოვში გოგოს რომ გავიცნობდი, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც უნდა მეკოცნა. ნანას მხოლოდ 5 თვის შემდეგ ვაკოცე და ეს ერთ-ერთ მაშინდელ ლექსში მაქვს კიდეც:

"შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები,/ მე კი ყველასდა გასაკვირველად/ მცხელოდა ოქტომბრის სუსხიან/ დღეებში./ გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად".

2 წლის შემდეგ ვიქორწინეთ.

- ქორწილი გქონდათ?

- შეიძლება ნანას კიდეც უნდოდა, მაგრამ ჩემთვის არასდროს უთქვამს. ჩვენს, ორთოდოქსი კომუნისტების ოჯახში სხვა წარმოდგენები იყო. ხელი მოვაწერეთ "ზაგსში". ქორწილი ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტი იყო. ნანას ხელისმომკიდე ბიძამისი, ირაკლი თოიძე იყო. ჩემი... ვერც კი ვიხსენებ... სურათიც კი არ გადაგვიღია (მერე, 2010 წელს გადავიხადეთ ქორწინებიდან 50-ე წლისთავი. ეს იყო კარგი და ლამაზი დღესასწაული).

ხელის მოვაწერეთ და თავი მოვიყარეთ სადილზე. ორ საათში სტუმრები წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით მამაჩემთან სახლში.

თაფლობის თვის გასატარებლად 50 მანეთი მოგვცეს და წავედით სოფელში. ამ პერიოდში მე პოლიტექნიკურის სტუდენტი ვარ, ნანა მუსიკალურ ტექნიკუმს ამთავრებს.

- სოფელი სად გაქვთ?

- ჩემს სოფელს ქორენიში ჰქვია. იქ მისვლის პრობლემა იყო. მამამ, ქუთაისიდან ნათესავი აგიყვანთ მანქანითო. იმან აყვანაში ფული გვთხოვა და 50 მანეთიდან 40 მივეცით. დავრჩით 10 მანეთით. გვერდით ნათესავები ცხოვრობდნენ და ყოველდღე გვაწვდიდნენ თონის პურს, ლობიოს... სახლის გარშემო სიმინდი ჰქონდა ყველას დათესილი. ჰოდა, როგორც კი დავწვებოდით და ღამის სიჩუმეს დაარღვევდა მათი შრიალი,

ნანა იწყებდა: "ვაიმე, ვიღაცა მოდის". სულ შიშში ვიყავით. კედლიდან ჩამოვიღე ბაბუაჩემის სანადირო თოფი, ჩავდე 2 ვაზნა და მედო ეს თოფი ლოგინში.

დილით, როცა ირიჟრაჟებდა, შიშიც ქრებოდა. ღამენათევებს რომ ჩაგვეძინებოდა ხოლმე, საღამოს 5 საათამდე არ ვიღვიძებდით.

- ხელის მოწერის თარიღი თუ გახსოვთ?

- 1960 წლის ივლისი, რიცხვი არ მახსოვს. ახლა ეს შეიძლება ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ მაშინ საჩუქრები, დღეობები მეშჩანობად, ცხოვრებაზე წვრილბურჟუაზიულ მიდგომად ითვლებოდა.

- წლისთავზე დაიბადა ირაკლი...

- ირაკლი მე დავარქვი. შვილიშვილებსაც მე შევურჩიე სახელები. როცა პირველი შვილიშვილი მოსკოვში დაიბადა, მაქსიმე (დედა რუსი ჰყავს), ბაბუამისმა დამირეკა: ბავშვს ქართული გვარი აქვს და სახელი მაინც ჰქონდეს რუსულიო. ვკითხე, შენ რა სახელი მოგწონს-მეთქი. მეუბნება, ნიკიტაო. გამაჟრჟოლა, ნიკიტა ჩარკვიანი რომ წარმოვიდგინე. არა-მეთქი, აღმომხდა. კარგი, მაშინ, გლები. არა-მეთქი. მაქსიმი რომ თქვა, კარგი, მანდ გაჩერდი-მეთქი. ჩემი დიდი ბაბუა იყო მაქსიმე ჯაოშვილი... რაც შეეხება ირაკლის დაბადებას, დილის 6 საათზე დაიბადა.

- ამის შემდეგ გადახვედით მშობლების სახლიდან?

- ნანას დედას მეუღლის რეაბილიტაციის შემდგომ არაყიშვილის ქუჩაზე მისცეს ბინა. ამას ისიც მოჰყვა, რომ სახლში უსიამოვნება მქონდა იმის გამო, რომ პოლიტექნიკურიდან წამოვედი. მამაჩემს უნდოდა, არქიტექტორი ვყოფილიყავი. ნანას შეყვარებამ კი მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მშობლებს პრინციპულად გამოვუცხადე, რომ მივდივარ პოლიტექნიკურიდან და გადავედი უცხო ენების ინსტიტუტში.

...და დაიწყო ჩვენი დამოუკიდებელი ცხოვრება. ფული მჭირდებოდა და გავიხსენე მუსიკა. მაუდკამვოლის კომბინატსა და რადიოქარხანაში მყავდა ორკესტრი. კიდევ, დედ-მამა გვაძლევდა 80 მანეთს, მე ერთგან 50-ს ვიღებდი და მეორეგან - ნაკლებს. ეს იყო ჩვენი თვიური შემოსავალი.

- თანაცხოვრების პროცესში რაღაც ახალი თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

- ნანას მსუბუქი ხასიათი ჰქონდა. უბოროტო იყო, თუ რამე ეწყინებოდა, წუთში ავიწყდებოდა. არის გარდამტეხი პერიოდები ცოლქმრულ ურთიერთობაში, განსაკუთრებით მაშინ, ბავშვები რომ ჩნდებიან, ამ დროს ბევრი წყვილი შორდება. ჩვენთან ეს პერიოდი იქნებ იმ ავარიამ გადაფარა - ნანა ძალიან მძიმედ დაშავდა მაშინ... ნანა ლონდონში ცხოვრებაზე ოცნებობდა. მოხდა ისე, რომ ბოლო 5 წელი ლონდონში ვიცხოვრეთ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ნატვრა შევუსრულე.

მას ბევრი კარგი თვისება ჰქონდა. არ იყო ჭორიკანა, ცუდს არავისზე იტყოდა. სამაგიეროდ, დედაჩემი გახლდათ ძალიან მკაცრი ქალი. რომ გითხრათ, აღფრთოვანებული იყო ჩვენი ქორწინებით-მეთქი, ასე არ ყოფილა. მაინცდამაინც დიდ სიყვარულს არ ავლენდა ნანას მიმართ, მაგრამ უკვე ხანში შესულმა მითხრა, შენი ცოლი კარგი ადამიანიაო. დედაჩემისგან ეს იყო უდიდესი ქათინაური. ობლობაში გაზრდილი იყო და კაცობრიობას უნდობლობით უყურებდა. რძალ-მამამთილს კი საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა. მამაჩემს უყვარდა მთებში სიარული, მე - არა. კავკასიური ნაგაზი მურა, მამა და ნანა მიდიოდნენ ერთად. ნანა ბოლო დღეს სავარძელში იჯდა, თეონამ ჰკითხა, როგორ ხარო. კარგადო, უპასუხა და უცებ გაეყინა თვალები. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, ირაკლის ტრაგედიის შემდეგ, ირაკლიც მე აღმოვაჩინე გარდაცვლილი ლოგინში. მახსოვს, მაშინ ვთქვი, ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა-მეთქი. ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა.

ეკა სალაღაია