"შვილი არ დამხვდა. დღემდე არ მინახავს..." - რას ჰყვება ქართველი ქალი, რომელმაც ემიგრაციაში 11 უმძიმესი წელი გაატარა - კვირის პალიტრა

"შვილი არ დამხვდა. დღემდე არ მინახავს..." - რას ჰყვება ქართველი ქალი, რომელმაც ემიგრაციაში 11 უმძიმესი წელი გაატარა

"ავსტრიაში იმ იმედით წავედი, რომ შვილი დამხვდებოდა... მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და კარი გააღო. სიბნელეში ამოვყევი თავი და თავზარი დამეცა - შვილი არ დამხვდა. დღემდე არ მინახავს, იტალიაშია... უგროშკაპიკომ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი..."

მეოთხედი საუკუნეა, რაც უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად გადახვეწილი ათასობით ქალბატონი საქართველოში ოჯახის რჩენას მძიმე შრომის, შერყეული ჯანმრთელობის და საკუთარი ღირსების გათელვის ხარჯზე ცდილობს. ქალბატონი ეთერი საბერძნეთში 11 წლის წინ წავიდა. მისი თავგადასავალი არ განსხვავდება უცხოეთში გადახვეწილი დანარჩენი დედების ისტორიისგან, რომლებიც დღე და ღამე შვილებთან დაბრუნებაზე ოცნებობენ. ქალბატონ ეთერს გაუმართლა - ორი კვირის წინ შინ დაბრუნდა.

ეთერი: - ბავშვებს (სამი შვილი მყავს) რომ არ ეშიმშილათ, ვყიდდი ყველაფერს, რაც მებადა (მათ შორის სერგო ფარაჯანოვის ნაჩუქარ სურათებს). უფროს ვაჟთან ერთად გადავწყვიტე ავსტრიაში წასვლა, 5.000 დოლარიც ვისესხე. მაგრამ ის მარტო წავიდა, არალეგალურად. ვალს პროცენტებიც ემატებოდა. ბინა მსესხებელზე მქონდა გადაფორმებული და ვალს თუ ვერ დავფარავდი, ქუჩაში აღმოვჩნდებოდი. ორი თვის შემდეგ, 2004 წლის 20 ოქტომბერს, მეც წავედი ავსტრიაში იმ იმედით, რომ შვილი იქ დამხვდებოდა. გზაში შინიდან წამოღებული საგზლით ვსულდგმულობდი. ვენაში გამთენიისას ჩავედი. მძღოლმა ავტობუსი გააჩერა და კარი გააღო. სიბნელეში ამოვყავი თავი და თავზარი დამეცა - შვილი არ დამხვდა (დღემდე არ მინახავს, იტალიაშია...). უგროშკაპიკომ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ავტობუსში ავბრუნდი. 28 ოქტომბერს სტოკჰოლმში ჩავედით. გზაში თანამგზავრები მინაწილებდნენ საჭმელს. ათენში, ომონიას მოედანზე, მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, კარი გააღო - შენ არ იცი, საქართველოში რა გელოდება, ვალს რომ ვერ გადაიხდი, ქუჩაში აღმოჩნდებიო და ჩემი ჩანთა ძირს დადო.

მოედანზე ვიდექი და არ ვიცოდი, რა მექნა. მოულოდნელად ქართული საუბარი მომესმა. ორი ქალბატონი ვიღაცას დაეძებდა, ჩემსავით ჩამოსულს. როცა ჩემი ამბავი შეიტყვეს, ერთმა, ბარბარე ერქვა, მითხრა, ჩემთან წამოხვალო (იქვე პანსიონი ჰქონია ჩამოსული ქალებისთვის). წავყევი. ამდენი ჩვენებური რომ დავინახე, თითქოს თავიდან დავიბადე. ავტობუსში გატარებული 17 დღის შემდეგ პირველად დავიძინე საწოლში, რომელშიც დღეში 5 ევრო უნდა მეხადა, ხოლო ბანაობაში - დამატებით 2 ევრო. დილით ბარბარე აქოთქოთდა - წადით დამსაქმებლებთან, სამსახურები იშოვეთო. ერთი კვირა ამაოდ დავეძებდი სამსახურს. ბარბარესთან გადასახადი მემატებოდა. ამ დროს პანსიონში მზია ჩამოვიდა, როცა გაიგო, რომ მეც თბილისელი ვიყავი, გვერდიდან არ მიშორებდა. ახლობლები ჰყავდა ათენში. მზიას მეორე დღესვე უშოვეს სამსახური, მე კი ბარბარესთან ისევ მარტო დავრჩი. სასოწარკვეთილს მზიას ახლობელმა, ბესომ მომაკითხა - ეთერ დეიდა, ჩვენთან წამოდითო. ვუარობდი, რადგან ძალიან პატარა ბინაში ცხოვრობდნენ. არ დაიშალა და საღამოს უკვე მათთან ვიყავი. სამსახურიც მიშოვეს - 98 წლის ბერიკაცისთვის უნდა მომევლო. დიასახლისმა მისვლისთანავე მითხრა, სახელი უნდა შეგიცვალოო. გული მეტკინა - უცხო ქვეყანაში ჩემი აღარაფერი მქონდა, სახელიც კი. თეოდორა დამარქვა - ღვთის საჩუქარს ნიშნავსო, მას შემდეგ საბერძნეთში დორად მიცნობდნენ. საბერძნეთში კოპალებს (გოგოს) გვეძახიან. ყველა ოჯახს სურს, ქართველი კოპალა ჰყავდეს, რადგან იციან, ქართველი ქალი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, ის მოხუცებიც გვიყვარდა, რომელსაც ვუვლიდით, თან მომჭირნეები ვართ, მათი ოჯახის ფულს ისე ვუფრთხილდებით, როგორც ჩვენსას. 9 თვის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა. ისევ ბესოს ოჯახი დამეხმარა... ამჯერად მოხუც ქალს ვუვლიდი. ჭირვეული იყო, დილიდან დარაბებს დამაკეტვინებდა ხოლმე და მთელი დღე სიბნელეში ვისხედით.

საქართველოდან რომ წამოვედი, ჩემი შვილიშვილი, ლუკა, ჩვილი დავტოვე. დილით მტრედების ღუღუნი ლუკას ტირილად ჩამესმოდა ხოლმე ძილში და გიჟივით წამოვხტებოდი ლოგინიდან. ბებო არ მაძლევდა უფლებას, ტელეფონზე მელაპარაკა. ერთხელ, როცა შვილს ვესაუბრებოდი, მოხუცი დამეძგერა - ტელეფონის წართმევა უნდოდა. ამ დროს მისი ქალიშვილი მოვიდა და როცა გაიგო მიზეზი, დედას უსაყვედურა - რატომ უშლი საუბარსო. რამდენიმე დღის შემდეგ შვილმა გადამიხადა გასამრჯელო და გამომიშვა. მესამე ოჯახში ორი წელი ვიმუშავე, იქაც მოხუც ბებოს ვუვლიდი. აქტიური ქალი იყო, სასეირნოდაც ხშირად დავდიოდით. ამასობაში ენაც ვისწავლე, მთელი ღამე ვწერდი, ლექსიკონებზე ვათენებდი, რადგან ვიცოდი, რომ მხოლოდ ენის ცოდნის შემთხვევაში გამიმართლებდა.

გამოხდა ხანი, ვალიც გავისტუმრე და ცოტა ამოვისუნთქე... უქმე დღეს ბესოს ოჯახში დავდიოდი სტუმრად. როცა ემიგრაციაში ვინმესთან მისასვლელი გაქვს, ეს მეორე სიცოცხლეს ნიშნავს. ქალები უქმეებს წვიმასა თუ სიცხეში ომონიაზე ატარებენ. სხედან ტროტუარზე და ერთმანეთს საკუთარ ჭირ-ვარამს უზიარებენ. მერე დაღლილები და დარდით სავსენი უბრუნდებიან სამუშაოს...

2006-2007 წლებში მუშაობა სანდორინშიც ვცადე. ამ ულამაზეს კუნძულზე ერთ-ერთ ტავერნაში ჭურჭლის მრეცხავის ადგილი ქართველმა გოგომ მიშოვა, სახლიც სამსახურთან ვიქირავე. ტავერნა 10 საათზე იღებოდა, შუადღემდე სხვადასხვა საქმეში ვეხმარებოდი პატრონებს, ისე ვიღლებოდი, შესვენების დროს სახლამდე ძლივს მივლასლასებდი. ერთი საათი ვისვენებდი და ტავერნაში ვბრუნდებოდი. 5 საათზე უკვე ონკანთან ვიდექი და თითქმის დილამდე ვრეცხავდი ჭერამდე აღმართულ ჭუჭყიან ჭურჭელს და ცხიმიან ქვაბებს. გარეთ 45 გრადუსი სიცხე იყო, სამზარეულოში - 50. ამ დროს პატრონი ვალდებულია, დამხმარე დაგიქირავოს, მაგრამ მათ ზედმეტი ფულის გადახდა არ უნდათ. მხოლოდ ერთი თვე ვიმუშავე და ხელფასი როგორც კი ავიღე, გაუფრთხილებლად წამოვედი. ეს იყო ჩემი პროტესტი (მეპატრონეები იძულებული გახდნენ, შემცვლელის მოძებნამდე ტავერნა დაეკეტათ). ათენიდან 16 საათის სავალზე ტურისტული კუნძულია, კო. იქ სასტუმროში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე დღეში ზღვის ციებ-ცხელება დამეწყო, სიცხეს ვერ მიგდებდნენ. ერთ საღამოს ოთახში ქალი შემოვიდა და მკითხა, - ქართველი ხარო? მაწვნის სუპი მოგიტანეო, დაამატა. ამ სიტყვებზე ისტერიული სიცილი ამივარდა, რას ვიფიქრებდი, რომ ამ გადასაკარგავში ქართველს შევხვდებოდი, თან მაწვნის სუპით...

2009 წლის ნოემბერში, როცა მორიგ სამსახურს ვეძებდი, ერთმა ახლობელმა განცხადება ნახა გაზეთში, მომვლელი სჭირდებოდათ, ოღონდ სოფლად, ქალაქ პეტრას ახლოსო. მაშინვე გავწიე. დამხვდა უზარმაზარი ვილა და ფერმები. მეპატრონე ახალგაზრდა კაცი იყო (ცნობილი მილიონერის შვილი). დამათვალიერებინა ყველაფერი. ოთახში, სადაც უნდა მეცხოვრა, არაფერი იდგა, ცარიელი კედლები იყო. მითხრა, - ვიდრე აქაურობას მოვაწესრიგებდე, რამდენიმე კილომეტრში ფერმა მაქვს და იქნებ იქ გაჩერდეთო. ფერმა მთებში აღმოჩნდა ჩაკარგული, ერთი დიდი, ორსართულიანი შენობა იდგა, პირველ სართულზე ძაღლები და თხები იყვნენ, მეორეზე მხოლოდ ბუხარი იყო და დიდი დარბაზები, შუქიც არ ჰქონდა. მითხრა, შუქს გავაკეთებ, თუმცა აქ მხოლოდ სამი დღე დარჩებითო და წავიდა. მეპატრონე არ გამოჩნდა არც სამი დღის და არც სამი თვის შემდეგ. პირველ დღეებში ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, რადგან ულამაზესი ბუნების ყურებით ვერ ვძღებოდი. მალე საჭმელი გამითავდა. სადღაც ხერხს მივაგენი. დავდიოდი, რომ ტოტები მომეჭრა და ბუხარი ამენთო. მთელი დღეები თხებსა და ძაღლებს ველაპარაკებოდი, რომ არ გავგიჟებულიყავი. მეზობლად, დაახლოებით კილომეტრში, ჩემი მეპატრონის ბიძის ფერმა იყო. ჩემი ამბავი რომ გაიგეს, მოდიოდნენ და საჭმელი მოჰქონდათ. ზამთარში ფეხსაცმელი გამიცვდა, ახალს სად ვიყიდდი, ერთ საღამოს გამახსენდა თბილისში, მეზობლის სტუმრის ნაამბობი, - აფხაზეთიდან კოდორით რომ გადმოვდიოდით, ცელოფანი შემოვიხვიეთ ფეხსაცმელზეო. წამოვხტი, სადღაც ვიპოვე ცელოფანი და შემოვახვიე ფეხსაცმელს... ფერმის ახლოს ეკლესია იყო. იქ იცოდნენ, რომ ფერმაში ქართველი ქალი ცხოვრობდა თხებთან და ძაღლებთან ერთად, უშუქოდ, უწყლოდ. სანთლებს მიგზავნიდნენ, რომ ღამე ამენთო, ხანდახან სასოწარკვეთილი თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი. დღესაც ვფიქრობ, რომ ეს განსაცდელიც უნდა გამომევლო...

ჩემი მეპატრონის მეორე ბიძა ჩამოდიოდა ხოლმე პეტრადან, თხების გაყიდვა უნდოდა, მაგრამ არავინ ყიდულობდა, რადგან ყველას ეშინოდა ჩემი მეპატრონისა. ის თურმე ასე მოიყვანდა ხალხს და მერე მიაგდებდა ბედის ანაბარა. ბოლოს, ბიძებმა თავად იყიდეს თხები ჩუმად და კუთვნილი ხელფასი გადამიხადეს. როდესაც ჩემს ნაწვალებ ფულს მოვკიდე ხელი, მაშინღა ვიკითხე, - რამდენი ხანი ვარ ფერმაში-მეთქი. 11 თვე გასულა...

ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ გავიგე, რომ ჩემმა შვილებმა სამსახური ვერ იშოვეს. გადავწყვიტე, კიდევ დავრჩენილიყავი და მათთვის ხელი წამეშველებინა. 5 წელი ერთ ოჯახში ვიმუშავე. ძალიან კარგი ხალხი შემხვდა. ვფიქრობდი, ამდენი წვალების შემდეგ გამიმართლა-მეთქი. სტუმრიანი ოჯახი იყო, მათ მეგობრებს ყველას ვიცნობდი. ერთი კაცი თვალში არ მომდიოდა, ძალიან ქედმაღალი იყო, დამხმარეებს ადამიანებად არ გვთვლიდა. როცა მოხუცი გარდაიცვალა, რეკომენდაცია გამიწიეს - ერთ ოჯახში ავადმყოფი კაცისთვის უნდა მომევლო. როცა ავადმყოფი მანახეს, გულს შემომეყარა, - ის კაცი აღმოჩნდა, დასანახად რომ ვერ ვიტანდი. ვენებში სულ მილები ჰქონდა გაყრილი და რამდენიმე ადგილას კათეტერიც ედგა, ხელი სად უნდა მომეკიდა, არც ვიცოდი. მთელი ზურგი გამოჭმული ჰქონდა. გულის რევა დამეწყო, მაგრამ ვაიძულე თავი, ამისთვის მშვიდად შემეხედა. ძალიან ცუდად მექცეოდა, ყველაფერს ჩემს ჯიბრზე აკეთებდა, შეეძლო დღეში ათჯერ ჩაესვარა. მე პირიქით, მოღიმარი სახით ჩავბანდი ხოლმე. სახლი ძალიან დიდი იყო და ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა.

ერთ დღესაც, 11 წლის შემდეგ, გადავწყვიტე, - მორჩა, შინ უნდა დავბრუნდე-მეთქი და ჩამოვედი კიდეც...

რამდენი ქართველია საზღვარგარეთ

არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეთა რაოდენობის შესახებ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან, ძალზე დიდია სხვადასხვა ქვეყანაში მათი გადაადგილების ინტენსივობა.

ამდენად, არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1 607 744 კაცს. აქედან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს (800 ათასი), რომელთაგან 285 915 (2009 წლოს მონაცემებით) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც ჩვენი თანამემამულეების რიცხვი 250 ათას კაცს შეადგენს, თუმცა აქედან 100 000-მდე ეთნიკური ბერძენია. მას მოსდევს უკრაინა (150 ათასი). ჩვენი თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი).