"ხრუშჩოვმა ქართველობის გამო დამიწუნა" - პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი დღეს მშრალ ხიდზე ძველმანებს ყიდის
26-10-2015
"ხრუშჩოვმა ქართველობის გამო დამიწუნა" - პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი დღეს მშრალ ხიდზე ძველმანებს ყიდის
1962 წელს ლატვიის დედაქალაქში სამხედრო მფრინავებს­ კოსმოსში გასაშვებად ამზადებდნენ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ორი ქართველი­ სამხე­დრო მფრინავი: ლერი სურმავა და ავთო გოგუაძეც­ იყვნენ. სამედიცინო შემოწმებისა და ორწლიანი მომზადების შემდეგ, როდესაც ჯერი კოსმოსში გაფრენაზე მიდგა, ხრუშჩოვმა კანდიდატთა სია მოითხოვა­ და ახსნა-განმარტების გარეშე ორივე ქართველი სიიდან ამოიღო, მიზეზად კი კოსმოსში გაფრენის მსურველთა დიდი რაოდენობა დასახელდა. კულუარ­ებში ამბობდნენ, რომ ორი "ზედმეტი" კოსმონავტი­ სწორედ ქართველობის გამო დაიწუნეს.­ უკვე 5 წელია პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი,
ლერი სურმავა­ მშრალ ხიდზე­ ძველმანებით ვაჭრობს.

"გაგარინი მკაცრი კაცი იყო"
გალში ვცხოვრობდით, როცა 1941 წელს ომი დაიწყო... მშობ­ლებს ერთი კლასის განათლებაც­ არ ჰქონდათ, მაგრამ დედას ყოველთვის უნდოდა, მეც და ჩემს დასაც­ გვესწავლა. სკოლა რომ დავამთავრე, სწავ­ლის გასაგრძელებლად რიგაში წავედი. ინსტ­იტუტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ ტულის ოლქში­
გამგზავნეს. მაშინ 25 წლის ვიყავი და ოჯახიც ახალი შექმნილი მქონდა. ჩემი მეუღლე ტაშკენტში გავიცანი. ორი შვილი გვეყოლა. ახლა უკვე შვილთაშვილები­ მყავს. ჩემი გოგო უკრაინაშია გათხოვილი. ბიჭს ცოლი არ ჰყავს­ და მხოლოდ ეს მაქვს სადარდებელი. 1962 წელს შემომთავაზეს, ვისაც კოსმოსში გაფრენის სურვილი გაქვთ, კომისია გაიარეთო. იური გაგარინი კოსმოსში უკვე ნამყოფი იყო. მე, ავთო გოგუაძე და ვიაჩ­ესლავ ზუდოვი წავედით. მოსკოვში გავიარეთ კომისია და ჩავირიცხეთ. გაგარინი მკაცრი კაცი იყო. ერთად ვჭამდით და ვსვამდით, თუმცა მასთან ურთიერთობა მხოლოდ საქმეზე საუბრით შემოიფარგ­ლებოდა. მომავალი კოსმონავტების ჯგუფი 160 კაცისგან შედგებოდა. 1962 წლის მიწურულს სასწავლო ბაზას ხრუშჩოვი ესტუმრა და მე და გოგუაძე ახსნა-განმარტების გარეშე ჯგუფიდან გაგვრიცხეს. მას შემდეგ ზუდოვი სამჯერ გაფრინდა კოსმოსში.

- მიზეზი რა იყო?
- არ უყვარდა ხრუშჩოვს ქართველები. გოგუაძე ქუთაისში წავიდა, მე ტულაში დავბრუნდი... სამხედრო მფრინავად დავიწყე მუშაობა ვინიცაში, პარალელურად მომავალ პილოტებს ვამზადებდი. რა შეგრძნებაა,­ როცა პირველი ქართველი კოსმონავტი ხარ? მართალია, არშემდგარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთდროულად სიამაყის შეგრძნებაც გაქვს და იმედგაცრუებისაც.

სასწაულებრივად გადარჩენილი

ლერი სურმავა მონაწილეობდა ვიეტნამის, ავღანეთის ომებში; ჩეხეთის ამბოხების ჩახშობის სამხედრო კამპანიაში.
- ჰაერში ყველა მფრინავს ჰქონია სახიფათო მომენტები. ერთ დღეს მითხრეს, ტაშკენტიდან ახალი თვითმფრინავი უნდა წამოიყვანოო. ეკიპაჟთან ერთად გავემგზავრე. დაგვახვედრეს ახალი თვითმფრინავი და ტვირთი გამოგვატანეს. ახალ თვითმფრინავს­ რომ უფრო დიდხანს ეფრინა,­ ნულოვანი­ ჯგუფის საწვავის სატუმბები დაუყენეს. დაბ­ალი მოქმედების მოტორი რომ ჰქონდა, სატუმბმა მოტორს საწვავი ვერ მიაწოდა­ და ეს გახდა ოთხივე ძრავის გათიშვის მიზეზი. ამ დროს ტამბოვის ტყის თავზე, 7 200 მეტრ სიმაღლეზე ვიყავით. მაშინვე სადისპეტჩერო სამსახურს დავუკავშირდი, რა ვქნა-მეთქი? ჰაერში ხომ არ დავტოვებდი თვითმფ­რინავს. ყველაფერი ვცადე, ვერ შევძელი ძრავის ამუშავება. პასუხი იგვიანებდა, ჩვენ კი ნელ-ნელა მიწისკენ ვეშვებოდით. 5 800 მეტრ სიმაღლეზე ვიყავით,­ როცა პასუხი მივიღეთ. გვიბრძანეს, თვითმფრინავი დაგვეტოვებინა. პარაშუტებით რიგრიგობით­ გადმოვხტით... როცა ერთმანეთი მოვძებნეთ, შტურმანს ვერ ვპოულობდით, თურმე­ ხეზე ჩამოკიდებულა. ძლივს მივაგენით. შორიდან აფეთქების ხმა გავიგონეთ... ტაშკენტში­ შეცდომა დაუშვეს, თვითმფრინავი გამოფრენამდე ძირფესვიანად არ შეამოწმეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საავიაციო ქარხანაში დავიწყე მუშაობა ჯერ მუშად, შემდეგ ინჟინრად, ბოლოს ტექნოლოგიური ბიუროს უფროსი გავხდი. 2010 წლამდე ვიმუშავე, სამი წლის ხელფ­ასი არ მქონდა აღებული. 2012 წლის 4 ოქტომბერს­ ჩემი ხელფასი, 10.050 ლარი, სრულად ჩამ­ერიცხა ანგარიშზე..."

მშრალი ხიდი

ბევრი ძველებური ხატი მქონდა, ნავთლუღის ბაზარში დამქონდა გასაყიდად. ერთხელ მეგობარმა მითხრა, მშრალ ხიდზე გაყიდეო. მას შემდეგ აქ ვდგავარ. 5 წელია ორდენებს, მედლებს, კუპიურებს და ხურდა­ ფულს ვყიდი. დღეს ორი კილოგრამი ხურდა მომიტანეს, 10 ლარისაა. დავახარისხებ, გავწმენდ და 12-13 ლარად გავყიდი. გაჭირდა ცხოვრება, მაგრამ მე არ ვუჩ­ივი. ხშირად მეკითხებიან, რამეს ნანობო? არა!.. ცხოვრება ისე გავატარე, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა. ქარხანაში კომკავშირის­ მდივანი ვიყავი, პარტიის წევრიც გახლდით, ის ბილეთი ახლაც მაქვს, არ გადამიგდია. 1-ელ ნოემბერს 79 წლის გავხდები და ვფიქრობ, ეს გზა სწორად გავიარე.


პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - "რეფლექტორი" შეიქმნა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით (ქართველი მეცნიერი და სამხედრო მოღვაწე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი). რეფლექტორი დამზადდა "თბილავიამშენში". კოსმოსში ორბიტულ სადგურ "მირზე" სარაკეტო კორპორაცია "ენერგიამ" გაიტანა. 1999 წლის 23-28 ივლისს ორბიტაზე ობიექტის გამოცდა სრული წარმატებით დამთავრდა, რის შემდეგაც რეფლექტორი ჩამოსცილდა სადგურ "მირს" და გადავიდა დამოუკიდებელ ორბიტაზე.

თორნიკე ყაჯრიშვილი
giorgi
11 იანვარი 2016 10:38
რას ერჩით ამ ადამიანს? რომ დაეწერა პარტიის წევრი არ ვყოფილვარო დაიჯერებდით ? მაშინ ისეთი დრო იყო უპარტიოს თვითმფრინავს კი არა ტრაქტორს არ განდობდნენ კოსმონავტობაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.
ილია
29 ოქტომბერი 2015 13:24
სასაცილოა, ეს კაციც უბერავს და ჟურნალისტიც არ აკლებს)))))
DINO_ZAUR
28 ოქტომბერი 2015 13:40
პატიოსანი კაცია ეს. ზოგიერთი ნაკომუნისტარ ნამდივნარი რომ გამოდის და თავი დისიდენტად მოაქვს, ეს ამბობს კომკავშირის მდივანი ვიყავი და პარტიის წევრიცო.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები