"დაკარგული მეუღლის მოლოდინში სკოლის შენობას შეფარებული მრავალშვილიანი დედა - კვირის პალიტრა

"დაკარგული მეუღლის მოლოდინში სკოლის შენობას შეფარებული მრავალშვილიანი დედა

"ბედმა მხოლოდ მატერიალური პრობლემები არ გვაკმარა, 2009 წლის ზაფხულში მწყემსად წასული მეუღლე უკვალოდ გაუჩინარდა. 3 დღით ადრე ალეკო ოჯახის მოსანახულებლად ხანდაკში ჩამოვიდა. ჩქარობდა, მალე უნდა დავბრუნდე, იქ მეგობარი გელა მელოდებაო... ჩვენი ვარაუდით, გელამ ყველაფერი უნდა იცოდეს. დაკარგვიდან 3 დღის შემდეგ შეგვატყობინა, ალეკო არსად ჩანსო. რატომ არ გაგვაგებინა დროულად? მთელი სოფელი ჩაერთო ალეკოს ძებნაში. გელამ ხანდაკელებს გამოუცხადა, ცოცხალი აღარ არის და ნახირიც დავაბრუნოთო. რა იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა?"

იმ დღესაც ჩვეულებრივ დაირეკა ზარი საპატრიარქოს სკოლა "ფესვებში". ბავშვები ერთმანეთს ასწრებდნენ ეზოდან გასვლას. ზოგს მშობელი ელოდებოდა, ზოგიც მარტო აგრძელებდა სახლისკენ გზას. მხოლოდ სალომეს, თამთას, მანანასა და გიორგის არ ეჩქარებოდათ. ისინი გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ისევ სკოლაში რჩებიან... უკვე მეორე წელია, ხუციაშვილებისთვის სკოლა თავშესაფრად იქცა. ბავშვები დედასთან ერთად გასულ წელს სკოლის დირექციამ შეიფარა, თუმცა ამ ოჯახის ტრაგედია მხოლოდ უსახლკარობით არ მთავრდება. 2009 წლის შემდეგ, ბავშვების დედა, 42 წლის ხათუნა სუხიაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეუღლეს ეძებს...

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ქვეყანა რომ აირია, უმუშევარი დავრჩი. ჩემი მეუღლე ალეკო ხუციაშვილი სოფელ ზემო ხანდაკიდან იყო. 1992 წელს ვიქორწინეთ. ძალიან გვიჭირდა, მეუღლე ზაფხულში მთაში მწყემსად მუშაობდა. 6 შვილი შეგვეძინა, ბავშვებთან ერთად ზაფხულს მთაში ვატარებდით. ვწვალობდით, ვშრომობდით და შვილებს ვზრდიდით. ასე მძიმედ გადიოდა დრო, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით ერთ ოჯახად მშვიდად ვცხოვრობდით და ვხარობდით ჩვენი შვილებით. საუბედუროდ, ბედმა მხოლოდ მატერიალური პრობლემები არ გვაკმარა, 2009 წლის ზაფხულში მწყემსად წასული მეუღლე უკვალოდ გაუჩინარდა. 3 დღით ადრე ალეკო ხანდაკში ჩამოვიდა. ჩქარობდა, მალე უნდა დავბრუნდე, მეგობარი გელა მელოდებაო... ჩვენი ვარაუდით, გელამ ყველაფერი იცის. დაკარგვიდან 3 დღის შემდეგ შეგვატყობინა, ალეკო არსად ჩანსო. რატომ არ გაგვაგებინა დროულად? მთელი სოფელი ჩაერთო ალეკოს ძებნაში. გელამ ხანდაკელებს გამოუცხადა, ცოცხალი აღარ არის და ნახირიც დავაბრუნოთო. რა იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა? ამ ტრაგიკული ამბიდან ერთი წელი სოფელში დავრჩი. მერე თბილისში დავბრუნდი. აქ დედა და და ცხოვრობდნენ. ისინიც პრობლემების გამო უბინაოდ დარჩნენ. ამიტომ ბინები ერთ ეზოში ვიქირავეთ. ბარში ვმუშაობდი ერთდროულად დამლაგებლად, ჭურჭლის მრეცხავად და მზარეულად... ამასობაში, მეგობარი მამაკაცისაგან დავფეხმძიმდი და პატარა საბა გავაჩინე. ბავშვის მამას ოჯახი ჰყოლია, რომელსაც მანამდე მალავდა... ეს ამბავი რომ გავიგე, მასთან ურთიერთობა დავასრულე. სხვის ოჯახს ვერ დავანგრევდი. ვიცი, რაც არის შვილების მარტო გაზრდა, ამისათვის ვერავის გავიმეტებ... ხშირად საჭმელიც არ გვქონია და ბავშვებს ფეხშიშველაც უვლიათ, მაგრამ ცხოვრების სისასტიკეს მაინც ვებრძოდი. ცხოვრება კი სულ უფრო რთულდებოდა. იქამდეც მივედი, ბავშვების ოჯახური ტიპის დაწესებულებაში განთავსება გადავწყვიტე, საბედნიეროდ, ვერ მოხერხდა... დახმარებისთვის ისანი-სამგორის გამგეობას მივმართე. როგორც მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ და უსახლკარო ოჯახს დახმარება აღმოგვიჩინეს და ავლაბარში, ბავშვთა სახლის შენობაში ფართობი გამოგვიყვეს. მძიმე პირობები იყო, მაგრამ ქირაზე აღარ ვზრუნავდი. მეთლახზე გვეძინა, არ გვქონდა ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია...

"ძნელია, უყურო საკუთარ უძლურებას"

ვარდისფრად შეღებილი რამდენიმე ოთახი დღეს მათი თავშესაფარია. სკოლის დირექცია კომუნალურ გადასახადებს არ ახდევინებს. ძველი მერხები და სკამები, ფიცრებზე შემდგარი საწოლები, ერთ კუთხეში მიწყობილი ტანისამოსი - ასე გამოიყურება დღეს მათი საცხოვრებელი...

- სკოლის დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, შეეფარებინა ერთი მრავალშვილიანი ოჯახი. ეს ოჯახი ჩვენ აღმოვჩნდით. სკოლაში სწავლა ფასიანია, მაგრამ ჩემი შვილები უფასოდ იღებენ განათლებას. პატარა საბაც კერძო საბავშვო ბაღში დადის და ისიც უფასოდ. მეც მადლიერების ნიშნად ეზოს ვალაგებ უხელფასოდ. სასკოლო ნივთებითაც გვეხმარებიან, მაგრამ ყველა სახელმძღვანელო და რვეული არა აქვთ... სოციალური დახმარება შეჩერებული გვაქვს. საკვებს მაღაზიიდან ნისიად ვიღებ და ვალი გროვდება. მადლობა უფალს, რომ უფასო სასადილოში მოვხვდით. რომ არა კეთილი ადამიანები, არც ვიცი, რა იქნებოდა. ასეთმა ცხოვრებამ დაღი დაასვა ჩემს ჯანმრთელობას. ოპერაცია გავიკეთე და კატეგორიულად ამიკრძალეს ფიზიკური შრომა, მე კი სხვა არაფერი შემიძლია. ჩემს მე-5 კლასელ მანანასა და თამთას კანის დიჰიდრიზი აქვთ, სოფელში დაემართათ, რადგან ხანდაკში სასმელ წყალს სასაფლაოდან გამოჟონილი წყალი ერეოდა. ხშირად ონკანს წურბლები მოჰყვებოდა. გოგონებს კიდურებზე წყლულები უჩნდებათ და კანი ექერცლებათ... პატარა გიორგის ხერხემლის პრობლემა აღმოაჩნდა, საბას სასუნთქი გზები აწუხებს... ჩემი უფროსი ქალიშვილების ცხოვრების პირობებიც მძიმეა. უკვე ოთხი შვილიშვილი მყავს... უფალი გვიჩვენებს მუდამ გზას, არასოდეს გვტოვებს და ეს გვაძლებინებს. ჩემს არც ერთ შვილს მობილური არა აქვს. რცხვენიათ კლასელების, მაგრამ რა ვქნა. ჩემი გიორგის აუხდენელი ოცნება ველოსიპედია. ძნელია, უყურო საკუთარ უძლურებას, შეეგუო უსუსურობას, მაგრამ, ალბათ, ჩემი ვალი წვალება და მუდმივი ბრძოლაა. ვცდილობ, ღირსეული შვილები აღვზარდო.

თორნიკე ყაჯრიშვილი