”ნინო ქათამაძის გამოყოლა კულისებში პიკი იყო” - კვირის პალიტრა

”ნინო ქათამაძის გამოყოლა კულისებში პიკი იყო”

”გამიხარდა, უკრაინულ ”ვოისში” მსმენელს რომ მოვეწონე, შემდეგ ჟიურის და ბოლოს, ნინოს გამოყოლა კულისებში პიკი იყო. ასეთი გამოსვლა სანატრელია ყველა მომღერლისთვის

ქართველი, და არა მხოლოდ ქართველი, გოგონების გულთამპყრობელს, ახმეტელის თეატრის მსახიობს, 23 წლის ანდრია გველესიანს დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იღლება, არ წუწუნებს, რადგან მიაჩნია, რომ ზუსტად ახლა აქვს ის პერიოდი, როცა ადგილი უნდა დაიმკვიდროს. კარიერული წინსვლისთვის კი ღირს და საინტერესოც არის დაბრკოლებების გადალახვა.

- ძირითადად, თეატრით ვარ დაკავებული. პარალელურად გადაღებებიც მაქვს - რამდენიმე ქართულ სერიალში მიღებენ. მათ შორის ”ჩვენ გვერდით” ”მაესტროზე” უკვე გადის. GDS-ზეც მიღებენ კიდევ ორ სერიალში, რომლებიც მალე გამოვა ეკრანებზე. ბენდიც გვაქვს, თუმცა კარგა ხანია, აღარსად გამოვსულვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერის გაგრძელებას არ ვაპირებთ. ასე გადის კვირაში 5 დღე, დანარჩენ დროს ვარჯიშს ვანდომებ. ჯერ ცურვა მიტაცებდა, შემდეგ ფეხბურთი, ახლა მთელ ენერგიას სპორტულ დარბაზში ვხარჯავ.

- სიმღერა ვახსენეთ და არ შემიძლია არ შევეხო უკრაინულ ”ვოისს”.

- ”ჯეოსტარის” კონკურსის შემდეგ კარგა ხანი გავიდა. ქართულ ”ვოისზე” მინდოდა გამოსვლა, თუმცა ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა. მერე დავიწყე ფიქრი უკრაინაზე. მომისმინეს, მოვეწონე, დამირეკეს და გავემგზავრე.

- რით მოხიბლე უკრაინელი მსმენელი?

- ალბათ, ყველაფერმა ითამაშა როლი, იმანაც რომ მსახიობი ვარ, იმანაც, რომ დამახასიათებელი, ცოტა განსხვავებული ხმის ტემბრი მაქვს და რაც მთავარია, სიმღერაც კარგად მქონდა მომზადებული. კონკურსის დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, ბრონქიტი მჭირდა. არც მეგონა, სიმღერას თუ შევძლებდი. გრაფიკიც რთული იყო - დილის 7 საათზე მივედი და 20 საათზე გავედი, ბოლო ვიყავი, მეორმოცე, თან იმ დღეს თითქმის ყველას იწუნებდნენ. ჩემი სიმღერა ჟიურიმ დადებითად შეაფასა...

- ისეთი გახარებული იყო ნინო ქათამაძე, საგანგებოდ გამოვიდა კულისებში შენს მოსალოცად.

- გამიხარდა, მსმენელს რომ მოვეწონე, შემდეგ ჟიურის და ბოლოს, ნინოს გამოყოლა კულისებში პიკი იყო. ასეთი გამოსვლა სანატრელია ყველა მომღერლისთვის.

შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. სამ-სამად დაგვყვეს, ერთად უნდა აგვერჩია სიმღერა, შესაბამისად, მარტო ჩემს თავზე არ ვიყავი დამოკიდებული. კარგად ვიმღერეთ, ვერც ვიფიქრებდი, რომ არ გადამიყვანდნენ შემდეგ ტურში. მაგრამ... ბევრი ქართველი გამოუშვეს. ყველა კატეგორიაში თითო-თითო გაიყვანეს. მთელი გულით ვგულშემატკივრობ მათ.

- აქედან ჩანდა, რომ ქართველი შემსრულებლები ძალიან მოსწონდათ, ნინოსაც ბევრჯერ ჰკითხეს, ნუთუ ყველა ქართველი ასე მღერისო?

- წამითაც არ მიგრძნია უარყოფითი დამოკიდებულება. მით უმეტეს, ჩვენი ინიციატივით ხომ არ ჩავსულვართ, მათ აგვარჩიეს. მარტო საქართველოდან არ ვყოფილვართ უცხოელები ჩასული, მაგრამ ქართველები გამორჩეულად უყვართ.

- ოჯახზე მიამბე.

- ოჯახში ყველა მღერის. ბავშვობიდან მახსოვს, ბებია-ბაბუა ქალაქურ სიმღერებს როგორ მღეროდნენ. ისე, ყველა გველესიანი მღერის\. დედა წარმატებული ქართველი მომღერალია, ოპერის მოყვარულები თეა დემურიშვილს კარგად იცნობენ. მამას დედასთან ერთად ვოკალური განათლება იტალიაში, ოზიმოს აკადემიაში აქვს მიღებული. შემდეგ დედა ოპერას გაჰყვა, მამა კი ახლა ანსამბლ ”რუსთავის” სოლისტია. ჰამლეტ გონაშვილის პარტიებს მღერის. მათ ჩამომიყალიბეს მუსიკალური გემოვნება. თუმცა გამზარდა ბებიამ, სწორედ მან მასწავლა პირველი სიმღერა.

- პროფესიული არჩევანის დრო რომ დაგიდგა, თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურე.

- ბავშვობიდან კინომანი ვიყავი. რომელიმე ფილმს რომ ვნახავდი, მის პერსონაჟებს ვბაძავდი ხოლმე. მერე თითქოს სპორტზე გადავერთე, მაგრამ ბოლოს, ისე მოხდა, 2 წელი მადრიდში ვცხოვრობდი დედასთან ერთად და იქ კოლეჯში სწავლის დროს მოვხვდი სამსახიობო ოსტატობის კლასში. სწორედ მაშინ მოვიწამლე სცენის მტვრით. ჩამოვედი და ჩავაბარე თეატრალურში.

მართალია, დღეს დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვწუწუნებ. ახლა მაქვს ზუსტად შესაფერისი დრო, როდესაც ადგილი უნდა დავიმკვიდრო.

ეკა სალაღაია