ხინკალმჭერი იოლი გზა კუჭიდან კუჭამდე - კვირის პალიტრა

ხინკალმჭერი იოლი გზა კუჭიდან კუჭამდე

"წვალებაა ხინკლის ჭამა,

გინდა ჩანგლით, გინდა ხელით,

მოიმარჯვეთ ხინკალმჭერი,

ნეტარება მაშინ გელით!"

ამ უცნაურ და ორიგინალურ განცხადებას ცოტა ხნის წინ გაზეთ ,,სიტყვა და საქმეში" წავაწყდი და გახდა კიდეც ამ სტატიის ინსპირაციის წყარო: განცხადებაზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავრეკე და ახალი გამოგონების ავტორს შინ ვესტუმრე. 64 წლის გამომგონებელი"ფსევდონიმით - გიორგი თბილისელი - გაგვეცნო. პროფესიით ისტორიკოსია. ამბობს, რომ ბავშვობიდან კონსტრუქციების გამოგონება იზიდავდა, თუმცა მისი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა.

გიორგი თბილისელი: ,,პროფესიით ისტორიკოსი ვარ, რამდენიმე წიგნიც მაქვს გამოცემული. ბავშვობიდან კონსტრუქტორობა მინდოდა. მართალია, კონსტრუქტორი ვერ გამოვედი, მაგრამ ოცნება 64 წლის ასაკში ავისრულე - ხინკალმჭერი გამოვიგონე. ეს არის სუფრის ინვენტარი, რომელიც ნებისმიერ ხინკლის მოყვარულს მოუხსნის დისკომფორტს. ხინკლის ხელით ან ჩანგლით ჭამა უხერხულობას ქმნის. ყოველთვის მინდოდა ისეთი რამ გამომეგონებინა, რაც ხინკლის მირთმევისას დისკომფორტს მოხსნიდა ადამიანს. ვფიქრობ, ეს გამომივიდა. ამ მოწყობილობას ორივე მხარე ჩანგლისებური აქვს და ბოლოები ერთმანეთთან არის მიერთებული. ხინკლის აღებისას ე.წ. კუჭს უნდა მოვარგოთ ინვენტარის პირი და დავაფიქსიროთ, ამით ხინკალი მყარად ჩამაგრდება დამჭერში.

ამ ინვენტარის მთავარი ატრიბურტი ფიქსატორია, რომელიც კრავს ხინკალმჭერს, რომ კარგად ჩამაგრდეს ხინკლის ე.წ. კუჭი.

რაც შეეხება დიზაინს, ჩემთვის მთავარი იყო პრაქტიკულობა და არა დიზაინი. ეს ნივთი წლების განმავლობაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. მე მას შევუცვალე ფორმა და დავამატე ფიქსატორი.

სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა ფოტოები და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. რამდენიმე რესტორანმა უკვე მოგვმართა... "საქპატენტში" პროექტი და განაცხადი შევიტანე. ვფიქრობ, ხინკალმჭერი არის უნიკალური და პრაქტიკული მოწყობილობა, რაც მთავარია, უჟანგავია...

ასე რომ, თუ სუფრაზე ტრადიციულ დანა-ჩანგალთან ერთად ამგვარი ხელსაწყო მოგიტანეს, არ დაიბნეთ, ეს ქართული ნაციონალური კერძის, ხინკლის დამჭერია..."

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე