"ბავშვებს მშობლიურ ენას ფარულად ვასწავლით" - კვირის პალიტრა

"ბავშვებს მშობლიურ ენას ფარულად ვასწავლით"

"ბავშვებს შიშით ქართულად ვეღარ ველაპარაკებით, ენას გვართმევენ, ისტორიას გვართმევენ, ჩვენ კი არაფერი შეგვიძლია!"

დიდმა ჩრდილოელმა მეზობელმა საუკუნოვანი ოცნება აიხდინა - ძუძუმტე-მორდუობით ერთმანეთს გადაჯაჭვული ქართველი და აფხაზი სამტროდ წაჰკიდა. დღეს ენგურგაღმა მხოლოდ ოჯახებში თუ გაიგონებთ ქართულს, ისიც ჩურჩულით. იქ ქართულ ენაზე საუბარი იკრძალება.

მასწავლებელი (რესპონდენტების ვინაობას ვერ დავასახელებთ): - ჯერ კიდევ გაზაფხულზე გვითხრეს, ქართული სკოლები რუსულენოვანი გახდებაო. მოსამზადებელი (0) კლასიდან კი ქართულის სწავლება აიკრძალებოდა. 1-ელ სექტემბერს ადმინისტრაციის მუშაკებმა საკლასო ოთახები საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და დაწყებით კლასელებს გოგებაშვილის ,,დედაენის" ნაცვლად, ხელში ,,Азбука" შეაჩეჩეს.

მშობელი: - ქართული სკოლების რუსულად გადაკეთებამ გალის მოსახლეობას ახალი თავსატეხი გაგვიჩინა. უფროსი ქალიშვილი მეხუთე კლასშია და მას ცვლილება, საბედნიეროდ, ჯერ არ შეხებია. უმცროსებს ქართულს შემცირებული საათებით ასწავლიან. იძულებული ვართ, ბავშვები ფარულად ვატაროთ ქართულის გაკვეთილებზე. მასწავლებლები გვეხმარებიან, მაგრამ ამდენ ბავშვთან რას გახდებიან?"

მშობელი: - ვფიქრობთ, მოსაზღვრე სოფლებში ვატაროთ ბავშვები, მაგრამ მშობელთა უმეტესობას საბუთები მოწესრიგებული არ გვაქვს და გაყვანას ვერ მოვახერხებთ.

მშობელი: - შეწინააღმდეგება განვიზრახეთ, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწევთ. მეტიც, გვაიძულებენ ტერიტორიის დატოვებას.

ბავშვებს შიშით ქართულად ვეღარ ველაპარაკებით, ენას გვართმევენ, ისტორიას გვართმევენ, ჩვენ კი არაფერი შეგვიძლია!

ნონა შონია, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

- ეს სკოლები სექტემბრამდე ინარჩუნებდნენ ქართული სკოლის სტატუსს. ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რუსულენოვანი სწავლება შემოეტანა. 50 პედაგოგი გალის ჰუმანიტარულ კოლეჯში გადამზადდა და სექტემბერში გაკვეთილზე შეუშვეს.

რუსულენოვან ანუ მოსამზადებელ კლასში ქართული საერთოდ არ ისწავლება(!) I-IV კლასებში ქართულს, როგორც რიგით საგანს, 3-3 საათი აქვს დათმობილი. V-VII კლასებში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. VIII-IX- X კლასებში კი ქართულს კვირაში 1 საათი ეთმობა.

- რა მდგომარეობაა იმ სოფლების სკოლებში, რომლებიც გალს წაართვეს და ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს მიაკუთვნეს?

- იქ აღარ ისწავლება ქართული ენა!..

- როგორ ფიქრობთ, გადავა თუ არა იატაკქვეშეთში ქართული ენის სწავლება?

- მშობლიურ ენას, კარგა ხანია, იატაკქვეშეთში სწავლობენ გალის რაიონის მოსწავლეები. რომ არა იქაური მასწავლებლების გმირული თავგანწირვა, შეიძლება ქართული ენა გამქრალიყო. დიდია მოსახლეობის სურვილი, დედაენა არ დაივიწყონ, მაგრამ დიდია ზეწოლაც, რომელსაც მოსახლეობა ვერ უმკლავდება..

მომავლის კონტურები აფხაზეთი დღითი დღე შორდება საქართველოს. მალე ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთმა "ქართულმა კუნძულმა" - გალის რაიონმა, შესაძლოა, პლასტუნკის ბედი გაიზიაროს.

1897 წელი, გალი

ის, რაც დღეს ისტორიული სამურზაყანოს სკოლებში ხდება, რევოლუციამდელი ეპოქის (XIX საუკუნის მიწურულის) დროინდელი მოვლენების ანალოგია.

1897 წელს სოფელ ოტობაიაში ორკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა და მალევე უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთდა. აქ რუსულ ენასთან ერთად, ფარულად, ქართულ ენასაც ასწავლიდნენ. ერთხელ ოტობაიის სკოლას ინსპექტორი სწვევია ქუთაისიდან. პედაგოგებს ვერ მოესწროთ ცხრილის გადამალვა, სადაც ქართული ენის გაკვეთილებიც იყო შეტანილი. გაბრაზებული ინსპექტორი აყვირებულა: "Почему вы внесли в расписание этот собачий язык"-ო.

XXI საუკუნეშიც საოკუპაციო რეჟიმი სეპარატისტულ რეჟიმთან ერთად ცდილობს ქართველს ქართულად საუბარი აუკრძალოს, ისე დაამციროს შოთას, ილიას, ვაჟას, აკაკის ენა, როგორც ამას ცარიზმის უვიცი მოხელე აკეთებდა.

პლასტუნკა - კუნძული-საქართველო

ნიკოლოზ ბარათაშვილი დარდობდა, - ვაი, ჩვენო ქართლის ბედო, ჩვენმა უხეირობამ დაგვღუპაო... ალბათ უხეირობამაც და უიღბლობამაც - ყველა მეზობელს უნდოდა ჩვენი მიწა-წყალი. მიიტაცეს სამცხე-საათაბაგო, ლორე-ტაშირი, ჰერეთი, ნიკოფსია (ახლანდელი ტუაფსე - უძველესი ლაზიკე. ყველას გვახსოვს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფორმულაP: "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე")... სამაჩაბლოსაც და აფხაზეთსაც უცხოტომელებმა დაადეს თათი... პლასტუნკა, ქართველებით დასახლებული სოფელი სოჭის სიახლოვეს, ისტორიული ქართული მიწის ნაწილია. XIX საუკუნის 60-იან წლებში იქ რაჭა-ლეჩხუმიდან, სამეგრელოდან წასული გლეხობა დამკვიდრდა. თურმე აქ ამოჰყავდათ საწვრთნელად რუსეთის გარნიზონის ნაწილები - პლასტუნები და სოფელსაც ეს სახელი შერჩა. სოჭის ჭაობნარში, რუსთა მეფის ბრძანებით, ჯარისკაცები და ყუბანელები ჩაასახლეს... პლასტუნკა პატარა საქართველოა - რაჭულ-იმერული ოდებით, ეზოებით, ბაღ-ვენახებით. აქ არაერთი ქართული გვარი სახლობს: ფრუიძე, ჩაკვეტაძე, სილაგაძე, კაპანაძე, სვანიძე, მელაძე, კეთილაძე, ცხვედიანი, მიქაძე, ცქიტიშვილი, კუპრაშვილი, ცქიფურიშვილი, აბაშიძე, აბდალაძე, ალავიძე, არჩვაძე...

ადგილობრივი ქართველების შემოწირულობებით, 110 წლის წინ გაიხსნა ქართული სკოლა. დროთა განმავლობაში ის რუსულ 44-ე საშუალო სკოლად გადაკეთდა, მაგრამ ქართულ ენას, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ საგანს, ინარჩუნებდა. მოგვიანებით, სკოლა 9-წლიანი გახდა. ამჟამად ქართული ენის სწავლება სასკოლო საგნებიდან ამოღებულია და მას ქართული ენის წრის კვალიფიკაცია მიეცა. სკოლას მრავალი წლის განმავლობაში კურატორობდა კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ქართული კულტურის ცენტრი ,,ივერია". სოფელში არის წმინდა ნინოს ტაძარი, რომელიც ქართველებმა ჩასახლებისთანავე ააგეს. რუსულ გარემოცვაში დარჩენილი ეს პატარა კუნძული-საქართველო ქართულ სულს ინარჩუნებს...

სვეტლანა კვიკვინია