როგორ იქცა პატარა აკაკი წერეთლად ფილმში "აკაკის აკვანი" და როგორ ზრუნავდა მასზე ნატო ვაჩნაძე?!
02-11-2015
როგორ იქცა პატარა აკაკი წერეთლად ფილმში "აკაკის აკვანი" და როგორ ზრუნავდა მასზე ნატო ვაჩნაძე?!
"გამოიხედეთ, პატარა აკაკი თავისი ფეხით მოვიდა"

"გიმნაზიაში რომ მცემეს­, იმ სცენის გადაღებისას, ხმაში სიყალბე შემეპარა"


ყველას კარგად ახსოვს ფილმი "აკაკის აკვანი", რომელშიც პატარა აკაკის ომარ ჩიტაია ასახიერებს. დღეს პატარა აკაკი 75 წლის გახლავთ. მან ცხოვრება­, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კინოს არ დაუკავშირა. "ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულს მეძახდნენ", - მეუბნება და ამის დასტურად იმ ამბებს მიყვება, როგორ გახდა ცნობილი ფილმის პერსონაჟი, როგორ ზრუნავდა მასზე ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე და
როგორც მომღერალმა, როგორ მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.

კადრი ფილმიდან "აკაკის აკვანი"

- შაბათი იყო და მუშტაიდის­ ბაღში მივყავდი მამაჩემს. გზად ძველი კინოსტუდია უნდა გაგვევლო. ვიღაც მამაკაცი აგვედევნა და გვთხოვა­, კინოსტუდიის ეზოში შემომყევითო. შევედით თუ არა, შესძახა: "ცისანა, ქეთინო, ეთერი, გამოიხედეთ, პატარა აკაკი თავისი ფეხით მოვიდაო". თურმე კარგა
ხანია ეძებდნენ პატარა აკაკის როლის შემსრულებელს, ჩემამდე 300 ბავშვი გაუსინჯავთ.­ ისე გაუხარდათ ჩემი დანახვა, მეფერებოდნენ, პატარა აკაკიო, მე კი შევუსწორე, აკაკი კი არა, ომარი მქვია-მეთქი. გაიცინეს­, - დღეიდან აკაკი გერქმევაო. მერე რეჟისორი მოვიდა, ნიკოლოზ პიპინაშვილი.­ ფოტოები გადამიღო, ამხედა-დამხედა და ჩაილაპარაკა, მორცხვი ბავშვია, როგორმე უნდა გავათამამოთო.
გადაღებები­ საჩხერეში ავდრის გამო დიდხანს გაგრძელდა. ნატო ვაჩნაძესთან­ გამამწესეს და მის ოთახში, გიორგი და ელდარ­ შენგელაიებთან და თენგიზ ვაჩნაძესთან ერთად, წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი. როგორც შვილს, ისე მივლიდა ქალბატონი ნატო. ძალიან უბრალო ქალი იყო, იმავდროულად, არისტოკრატიც. ისე შემიყვარდა, უმისოდ ნაბიჯის გადადგმა არ მინდოდა. "ომარიკ", - მეძახდა მოფერებით. ჩემი და ქალბატონი ნატოს სცენები ყველაზე თბილი და რეალური იყო, რადგან ნამდვილი გადიისა და ბავშვის ურთიერთობას ჰგავდა.
არაჩვეულებრივი გარემო იყო. საჩხერლების კარი და გული ღია იყო ჩვენთვის. მასობრივ სცენებში ბევრი ადგილობრივი მცხოვრები გადაიღეს.

კარგად ვთამაშობდი, თუმცა გიმნაზიაში რომ მცემეს­, იმ სცენის გადაღებისას, ხმაში სიყა­ლბე შემეპარა. ბევრჯერ გამამეორებინეს, მაწვალეს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. ჩვენს რეჟისორს არაჩვეულებრივი ალღო ჰქონდა, მოდი, ეს ბავშ­ვი ხვალ სკოლაში წავიყვანოთო. ერთი კვირა ვიარე­ სკოლაში, სადაც ბავშვებს სახაზავს არავინ ურტყამდა ხელებში და ხასიათი გამომიკეთდა­ და ის ეპიზოდიც მშვენივრად გამომივიდა...

- "აკაკის აკვნის" შემდეგ, სხვა როლები აღარ შემოუთავაზებიათ?
- იყო შემოთავაზება, მაგრამ ისეთ ფილმში მთავაზობდნენ გადაღებას, ჩემმა­ მშობლებმა არ გამიშვეს. "აკაკის აკვნის" შემდეგ არ ღირდა.
იმდენად მიყვარდა სიმღერა, რომ კინოსკენ აღარც გამიხედავს, მხოლოდ ლამაზ მოგონებად დამრჩა. კონსერვატ­ორია რომ დავამთავრე, შევქმენით კვარტეტი, საერთაშორისო­ კონკურსის ლაურეატი გავხდი და მსოფლიო მოვიარე.

1985 წელს მეორედ მოგვიწია ამერიკაში­ გამგზავრებამ და აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერსაც შევხვდით. ჩვენი სიმღერით ისე მოიხიბლა, აშშ-ის საპატიო მოქალაქეობა მოგვანიჭა. გელა ჩარკვიანს უთხრა, ვინ დაიჯერებს,­ რომ ამ სიმღერების პატრონ ქვეყანას ომის დაწყება შეუძლიაო.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- 40 წელი ტელევიზიაში ჟურნალისტად­ ვიმუშავე, სცენაზე კი უკვე 50 წელია ვდგავარ. ახლა, ამ სიბერეში, ბიჭებმა მთხოვეს, ანსამბლ "შავლეგოში" სიმღერა. ეს ჩოხოსანთა ანსამბლია. ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი.

მარცხნიდან: ნატო ვაჩნაძე, მიხეილ ყვარელაშვილი, ელიოტ რუზველტი, ომარ ჩიტაია, თამარ ციციშვილი, კონსტანტინე პიპინაშვილი

რუზველტის ვაჟი კინოსტუდიას ეწვია

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თბილისს აშშ-ის პრეზიდენტ რუზველტის ვაჟი, ელიოტ რუზველტი, ესტუმრა მეუღლესთან, ფეი ემერსონთან ერთად, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავი გახლდათ. მოინახულეს თბილისის კინოსტუდია, სადაც იმ პერიოდისთვის "აკაკის აკვანს" იღებდნენ. ის 1947 წელს გამოვიდა ტელეეკრანებზე. რუზველტმა და ემერსონმა ფოტო გადაიღეს კოსტიუმებში გამოწყობილ ფილმის გმირებთან ერთად.

ომარ ჩიტაია იხსენებს:
- მაშინ ბავშვი ვიყავი და ბევრი არაფერი მახსოვს. მსახიობები შეგვკრიბეს, ჩაგვაცვეს და ველოდით რუზველტსა და მის მეუღლეს. სულ არ ვიცოდი, ვინ იყვნენ და არც მადარდებდა, უფროსები კი მოუთმენლად ელოდნენ. მახსოვს, საშინლად დავიღალე. ეს ემოცია ფოტოზეც მემჩნევა. როგორც იქნა, მოვიდნენ. ატყდა ჟრიამული. ხან ცოლი მისვამდა კალთაში, ხანაც ქმარი. სწორედ მაშინ გადავიღეთ სამახსოვრო ფოტო, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.

ეკა სალაღაია
მალინა ჩიტაია
14 აპრილი 2016 10:58
მინდა ჩემს საუკეთესო, უსაყვარლეს და შეუდარებელ ომარ ჩიტაიას მოვეფერო, გულში ჩავიხუტო და ვუთხრა, რომ ძალიან, ძალიან დიდ ხანს უნდა იყოს ჩვენს გვერდით, ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული, ახუთს განსაკუთრებით უყვარხართ.
ბადრი
06 ნოემბერი 2015 08:18
ჯამრტელობას და მხნეობას გისურვებთ ბატონო ომარ!ჩიტაიების სიამაყე ბრძანდებით! მიხვდებით რა გვარის ვარ....გაიხარეთ!
*
05 ნოემბერი 2015 14:56
ბატონო ომარ ბავშვი ვიყავი ეს ფილმი რომ ვნახე და იმდენად დამაჯერებლად ასრულებდით თქვენს როლს ძალიან დიდხან მჯეროდა,რომ თქვენ ნამდვილად აკაკი წერეთელი იყავით.

რედაქტორის რჩევით