ჯაზმენი ტაქსისტი - კვირის პალიტრა

ჯაზმენი ტაქსისტი

მყავს ისეთი მგზავრებიც, რომლებიც იწერენ ნომერს, - ძირითადად, ჯაზის მოყვარულები და ხშირად ჩემს ტაქსის იძახებენ. მათ შორის ერთ-ერთი თამაზ ყურაშვილია, ქართული ჯაზის მეტრი. ქართველ ჯაზმენთა შორის მხოლოდ მას აქვს ვარსკვლავი გახსნილი. როდესაც ბატონი თამაზი პირველად ჩემს ტაქსიში ჩაჯდა, ტრაფარეტი ვაჩვენე, გულიანად იცინა...

ჩემს ტაქსის "ჯაზი" აწერია, მაგრამ არც პოლიცია და არც კლიენტი არ კითხულობს ამას. მხოლოდ ერთხელ ამ წარწერამ მოხუცი დააფრთხო - ხელი დამიქნია, გავაჩერე, რომ მომიახლოვდა და წარწერა წაიკითხა, ხელი ამიქნია, გაიარეო...

ალბათ, ბევრს შეუმჩნევია თბილისში ჯაზტაქსი, რომელიც სხვა ტაქსებისგან იმით განსხვავდება, რომ ყოველთვის სასიამოვნო მელოდია გაისმის და მუსიკის ამ მიმდინარეობაში მძღოლიც - 53 წლის თბილისელი მამუკა გერმანაშვილი - კარგად ერკვევა.

- 16 წლამდე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობდი. იქაურობა ჭრელი, ხმაურიანი და ერთიანი იყო. ძველი სადგურის დანგრევას ჩვენი ეზოც მიაყოლეს და გლდანში გადავედი. ბავშვობიდან მიყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები, თუმცა ხატვაც მეხერხებოდა, ამიტომ დედამ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში გადამიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაინც ბიოლოგიის შესწავლა მინდოდა. ჩემი მშობლები კი საბჭოთა ქვეყანაში ამ პროფესიაში დიდ პერსპექტივას ვერ ხედავდნენ და გადაწყვეტილება რომ შემეცვალა, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს შემახვედრეს. მან დამარწმუნა, რომ კალიების ჭერაში გაილეოდა ჩემი პროფესიული ცხოვრება, ამიტომ აზრი შევიცვალე და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. მაშინ უკვე დაქორწინებული ვიყავი და შვილიც მყავდა. მომავალი სხვაგვარად წარმოგვედგინა. თუმცა, ყველაფერი სულ სხვანაირად განვითარდა.

- ტაქსის მძღოლებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ 2 დიპლომი აქვთ... თქვენ მართლა გაქვთ 2 დიპლომი...

- დიახ, ვარ ხაზვა-ხატვის პედაგოგი და ქსოვილების დიზაინერი. ვიდრე ტაქსისტობას დავიწყებდი, ვმუშაობდი ინტერიერებზე უკრაინაში, რეკლამის მენეჯერად თბილისში, მერე 12 წელი ელექტრიკოსადაც ვიმუშავე. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ქსელის რადიოთი შემოვიდა. მერე იყო ბაბინები, ფირფიტები, დისკები. ვუკრავ ფორტეპიანოზე, დასარტყამ ინსტრუმენტებსა და ბასგიტარაზე. ნიკოლაძეში სწავლისას პატარა ანსამბლიც გვქონდა.

- ტაქსისტობა როდის გადაწყვიტეთ?

- ძალიან ჭირდა, მშრალ ხიდზე ნამუშევრებს ვყიდდი... ჯანმრთელობაც შემერყა, ფიზიკურად მუშაობას ვეღარ შევძლებდი და მივუჯექი საჭეს. თავიდან გამიჭირდა მგზავრებთან ურთიერთობა. ახლა ვიცი, ვის გავუჩერო და ვის - არა. მგზავრები სამ კატეგორიად დავყავი: ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ და ფიქრობენ სხვებზე; ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ სხვებზე, და ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ.

- რომელი ჭარბობს?

- სამწუხაროდ, ბოლო... ჩემს ტაქსის "ჯაზი" აწერია, მაგრამ არც პოლიცია და არც კლიენტი არ კითხულობს ამას. მხოლოდ ერთხელ, ამ წარწერამ მოხუცი მამაკაცი დააფრთხო - ხელი დამიქნია, გავაჩერე, რომ მომიახლოვდა და წარწერა წაიკითხა, ხელი ამიქნია, გაიარეო.

- რითი გასხვავდება ჯაზტაქსი სხვა ტაქსებისგან?

- იმით, რომ ჩემს მანქანაში მხოლოდ და მხოლოდ ჯაზი ისმის და ამ მანქანას მე, ჯაზის მოყვარული, ვმართავ.

თუ ვამჩნევ, რომ მგზავრიც ჯაზის მოყვარულია, ვუმხელ, რომ ჯაზტაქსით მგზავრობს. მგზავრებს მოსწონთ ჩემი იდეა. ხშირად სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. მყავს ისეთი მგზავრებიც, რომლებიც იწერენ ნომერს, - ძირითადად, ჯაზის მოყვარულები და ხშირად ჩემს ტაქსის იძახებენ. მათ შორის ერთ-ერთი თამაზ ყურაშვილია, ქართული ჯაზის მეტრი. ქართველ ჯაზმენთა შორის მხოლოდ მას აქვს ვარსკვლავი გახსნილი. როდესაც ბატონი თამაზი პირველად ჩემს ტაქსიში ჩაჯდა, ტრაფარეტი ვაჩვენე, გულიანად იცინა. ჩემი ტელეფონი ჩაიწერა და ხშირად ვხვდებით.

- თბილისში უსაფრთხოა ტაქსით მგზავრობა?

- ღამით მხოლოდ იმ შემთხვევაში გავდივარ, თუ ჩემი მუდმივი კლიენტები მიძახებენ. ღამით მუშაობა საშიშია. დღე კი ყველგან საცობებია. ჩვენთან ფეხით სიარული ეზარებათ. მოსკოვის, სტამბოლისა და სხვა დიდი ქალაქების მცხოვრებთ, ეღიმებათ ხოლმე, ქართველები პურზეც კი ტაქსით დადიხართო.

მგზავრობის საფასურს კენჭებით ითვლიდნენ

პირველად ეტლი-ტაქსი ძველ რომში გამოჩენილა, რომელსაც ღერძთან სათავსი ჰქონდა. მასში ყოველი 200 მეტრის გავლის შემდეგ თითო კენჭს აგდებდნენ. მარშრუტის ბოლოს კენჭების რაოდენობის მიხედვით ითვლებოდა მგზავრობის საფასურიც. ტაქსის პრიმიტიული წინამორბედები 1636 წელს ლონდონშიც გამოჩნდნენ, ერთი წლის შემდეგ კი - პარიზში.

პირველმა მოტორიანმა ეკიპაჟმა 1890 წელს გაიარა პარიზის ქუჩებში, თუმცა ტრანსპორტირების ტარიფის არარსებობის გამო დიდი მოთხოვნით არ სარგებლობდა. 1891 წელს გერმანელმა ვილჰელმ ბრუნმა პირველი ტაქსომეტრი გამოიგონა და სიტუაციაც მალე შეიცვალა. 1907 წელს ლონდონში პირველი მოტორიანი ტაქსომეტრით აღჭურვილი მანქანა გამოჩნდა.

XX საუკუნეში ნიუ-იორკში ერთ-ერთმა კომპანიამ მკვეთრ ყვითელ ფერად შეღება თავისი ტაქსები, რათა ისინი მგზავრისთვის შორიდანვე თვალში საცემი ყოფილიყო, ზემოდან კი შავ-თეთრი ჭადრაკული ნიშანი დაადგა. საბჭოთა წარსულიდან ბევრს ახსოვს ღია ყვითელი "გაზ-24" მარკის ტაქსები. ლონდონში ტაქსები, ტრადიციულად, შავია, პოლონეთში - ფერად-ფერადი, ჰონკონგში 3 ფერის ტაქსის შეხვდებით: წითელს, მწვანესა და ლურჯს. გერმანული ტაქსი კრემისფერია, სინგაპურში ლურჯი ტაქსები მოძრაობენ, ტაილანდში კი - ვარდისფერი.

ეკა სალაღაია