როშკიდან არხოტისკენ გზას ხევსურები მიაცილებენ
02-11-2015
როშკიდან არხოტისკენ გზას ხევსურები მიაცილებენ
ხევსურეთში, სოფელ როშკიდან არხოტის ხეობამდე გზის გაყვანა დაიწყო. როშკა პირაქეთა ხევსურეთშია, არხოტი - პირიქითაში.­ დღემდე ამ ორ მხარეს ერთმანეთთან მხოლოდ საცალფეხო ბილ­იკი აკავშირებდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფ­რასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი 2017 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს. გზა გრუნტის იქნება, ასფალტის ან ბეტონის საფრის გარეშე - რელიეფის და კლიმატის გამო სხვანაირად შეუძლებელიაო, თუმცა, ახალ გზაზე ავტომობილებით დაუბრკოლებლად ივლით. სამინისტროში იმასაც ამბობენ, რომ როშკიდან არხოტამდე გზა ზამთარშიც არ ჩაიკეტება,­ არადა, შატილსა და
მუცოში ზამთარში მხოლოდ შვეულმფრენით შეიძლება ჩასვლა. ოდესღაც არხოტის თემში, რომელიც სამი სოფლისგან შედგება, ხალხმრავლობა იყო. ახიელი, ამღა და ჭიმღა მჭიდროდ დასახლებული ყოფილა. არხოტიონები ოდითგანვე საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრის თავიანთ წილს იცავდნენ, ვიდრე, ერთ ტრაგიკულ დღეს, ხეობიდან არ გამოასახლეს, თუმცა, ზოგი ჯიუტი აღმოჩნდა და უკან დაბრუნდა. სანამ
შეეძლოთ, სხვის სახლებ­საც ჰპატრონობდნენ, ახლა კი სამივე სოფ­ელში თითო-თითო ოჯახი ცხოვრობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს მუნიციპალური ფონდის მონაწილეობით შექმნილ ამ პროექტს შეიძლება "საუკუნის პროექტი" ეწოდოს.

- გზას ათეულობით ოჯახი ელის, რომ მთაში დაბრუნდეს. ამ გზით საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ მხარეს ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას ვუკავშირებთ. საზღვართან კვლავ იქნება დიდი დასახლება, განვითარდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ტურიზმი. სხვა ბევრი სიკეთეც მოჰყვება გზას, რომელიც 28 კმ-ზე გაიჭრება.

იქით ზამთარი შედარებით რბილია, ამიტომ თუ ამინდმა დაგვაცადა და მძიმე ტექნიკის რამდენიმე ერთეულის პირიქითა მხარეს გადასროლა მოვასწარით, შეიძლება გაზაფხულამდე შეუჩერებლადაც კი ვიმუშაოთ. ამ შემთხვევაში პროექტი უფრო ადრეც დასრულდება. გზა რომ გავჭერით, პირველად ვიყავი არხოტისკენ. იქაურები ავტომობილებით მისდევდნენ მძიმე ტექნიკას, როშკიდან არხოტისკენ გზას ხევსურები მიაცილებდნენ. მათი სიხარული მეც გადმომედო. რომ ვხედავდი, როგორ აფართოებდა საცალფეხო ბილიკს მძიმე ტექნიკა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც დაკარგულის დასაბრუნებელ გზას მივაგენით. ახალი გზის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენ მომხმარებელს სჭირდება იგი, რამდენი ოჯახი ცხოვრობს­ მიმდებარე ტერიტორიაზე. არხოტში,­ ფაქტ­ობრივად, აღარავინ ცხოვრობს და ხევსურები იქ გზასთან ერთად უნდა დაბრუნდნენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, რომ არა მამა იოსები, შეიძლებოდა, როშკიდან არხოტამდე გზა კვლავაც ოცნებად დარჩენ­ილიყო. ფშავ-ხევსურების სულიერ მოძღვარს კაბინეტ-კაბინეტ კარგა ხანს უვლია, რომ ოცნება საქმედ ექცია.

დეკანოზი იოსებ გაჩავა: - 4 წლის წინ მიმავლინა პატრიარქმა ფშავ-ხევსურეთის­ ეპარქიაში. იქ გავიცანი ომარ ჯაბუშანური­ - ჩემი საყვარელი არხოტიონი პოეტის, გაბრიელ ჯაბუშანურის, ძმისშვილი. მისგან გავიგე, რომ არხოტიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახვედრად ხევსური ჯერ რუსეთში, ვლადიკავკაზში უნდა ჩასულიყო და მერე ლარსიდან დაბრუნებულიყო სამშობლოში. გადავწყვიტე, რაღაც გამეკეთებინა.

პატრიარქიც ჩართული იყო ამ საქმეში, ყოველ მეორე დღეს ანგარიშს მთხოვდა, საქმე როგორ არისო.
ახლანდელი იმერეთის გუბერნატორი გივიკო ჭიჭინაძე ავიყოლიე და დავიწყეთ კარდაკარ სიარული. კაბინეტებიდან, ძირითადად, ხელმოცარული გამოვდიოდით. ზოგმა ისიც არ იცოდა, არხოტი სად იყო. ზოგი გვეუბნებ­ოდა, მანდ ცოტა ხალხი ცხოვრობს, გზა რა საჭიროაო. ასეთებს არ ესმით, თანამდებობა უდიდესი პასუხისმგებლობა რომ უნდა იყოს. ბოლოს, როგორც იქნა, რეგ­იონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შევხვდი გულიან ხალხს და აი, არხოტისკენ უკვე გზით მივ­იწევთ და არა - ბილიკით. ამ ადამიანებ­საც შეეძლოთ ეთქვათ, ახლა ქვეყანას უამ­რავი სხვა საფიქრალი აქვს და მაგისთვის არ გვცალიაო. არადა, რა უნდა იყოს ქვეყნ­ისთვის საზღვრის გამაგრებაზე უკეთესი საქმე? როგორც ვიცი, 56 ოჯახი აპირებს უკან დაბრუნებას. დიდი პროგრამა გვაქვს. არხოტში უნდა აღდგეს სკოლა, გაკეთდეს გაბრიელ ჯაბუშანურის მუზეუმი. მეორე წელია, ასკანელი ზურა ჩხაიძის დახმარებით დავაწესეთ გაბრიელის სახელობის ლიტერ­ატურული პრემია და ხევსურ ახალგაზრდა პოეტებს გადავცემთ. ზურა გეგმავს, გზის დასრულების შემდეგ არხოტში ჩატარდეს პენ-მარათონი. ლიტერატურული პრემიებიც აქ გავცეთ. მიხარია, რომ უკვე ხუთ კილომეტრზე მეტია გაჭრილი. არადა, თავიდან კაბინეტებში მოსიარულე, ერთადერთ ტრაქტორს ვითხოვდი, რომ გზა ისე გამეჭრა, პირუტყვს იოლად გავლა შესძლებოდა."


ხევსურეთის სიყვარულში გაყინული


ერთი წლის წინ სწ­ორედ ამ სათაურით ვწერდი არხ­ოტში ტრაგიკულად დაღ­უპული 26 წლის ერეკლე ჭინჭა­რაულის შესახებ. ამღის თოვლ­იანი, გაუვალი ბილიკებიდან წყალში ჩავარდნილი­ ახალგაზრდა კაცი მანამდე გაიყინა, ვიდრე­ ბარიდან ვერტმფრენი და ექიმები საშველად ამოვიდოდნენ. არათუ გზა, სატელეფონო კავშირიც კი არ იყო არხოტიდან დანარჩენ საქართველომდე, ამიტომაც­ ერეკლეს მეგობარი, არხოტელი პაატა წიკლაური უბედურების ადგი­ლიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სასაზღვრო პუნქტში წავიდა, რომ მაშველი გამოეძახათ, უკან დაბრუნებულს კი მეგობარი გარდაცვლილი დახვდა, არადა, როშკიდან არხოტამდე გზა რომ ყოფილიყო, სოფლებში ხალხი იცხოვრებდა და ექიმი რომც არ ჰყოლოდათ, მის გადარჩენას მაინც შეძლებდნენ. არხოტისკენ გზა ოქტომბრიდან მაის-ივნისამდე იკეტება. ზამთარში ხეობის სოფლებში ჩასვლა მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება. ისიც მაშინ, როდესაც კარგი ამინდია.

ხრუშჩოვის შურისძიება

1930 წელს არხოტში 130 ოჯახი ცხოვრ­ობდა. არხოტის დაცლა 1944 წელს დაწყებულა, როდესაც ინგუშეთიდან ადგილობრივი მოსახლეობა გაასახლებინა სტალინმა. მაშინ ხევსურებს შესთავაზეს ინგუშების ნასოფლარებში დასახლება.

ომარ ჯაბუშანური: - ინგუშეთში ვიზრდებოდი. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, 1956 წელს, ერთ დღეს როგორ გამოგვიცხადეს, რომ ინგუშეთიდან წამოსასვლელად 24 საათს გვაძლევდა მთავრობა. ხრუშჩოვმა სტალინის პიროვნების კულტი რომ დაგმო, გადაწყვიტა, ყველასთვის ევნო, ვისაც, მისი აზრით, ჯუღაშვილი სწყალობდა.­ მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინის ბრძანებით, მთიელები ომში არ გაიწვიეს - კავკასიის დასაცავად უკეთესი მეომრები არ მეგულებაო. ხრუშჩოვმა ეს ჩვენს მფარველობად მიიჩნია და რადგან მკვდარ სტალინზე ვერ იძიებდა შურს, უმაქნისებად მოგვნათლა, ხევსურები მთაში არაფერს აკეთებენ, ბარში ჩამოიყვანეთ და კოლექტივში დაასაქმეთო. ასე დაცარიელდა ჩვენი მხარე. გარდაბნის და დედოფლისწყაროს რაიონებში გაგვანაწილეს. 1983 წელს პირველი "შატილობა" რომ გაიმართა და შევარდნაძე ხევსურეთის აღორძინებას დაგვპირდა, 30 ოჯახი დაბრუნდა არხოტში, მაგრამ უყურადღებობის გამო წლების მერე ისევ ბარს მოაშურეს. იმის გამო, რომ არხოტში სკოლა და საავადმყოფო არ არის, ოჯახები ბარში ჰყავთ­ და თვითონაც აქეთ დადიან. ახლა განსაკუთრებით ხარობენ გზის მშენებლობით. პატრიარქმა გვითხრა, თუ დაბრუნდებით, ოთხმა ბავშვმაც რომ იცხოვროს არხოტში, მასწავლებლებსაც დაგიქირავებთ და ექიმსაცო.

გერმანელი ქალის საფლავი არხოტში

არხოტის ხეობა იმდენად­ თვალწარმტაცია, რომ უცხოელი ტურისტები ყაზბეგის რაიონიდან, ჯუთიდან გადადიან არხოტში საცალფეხო ბილიკებით. უცხოელებს ყოველთვის იზიდავდათ ეს ულამაზესი მხარე. მწერალი გურამ რჩეულიშვილი მოთხრობაში "სიკვდილი მთებში" ერთ-ერთი ტურისტული მოგზაურობის ტრაგიკულ დასასრულს აღწერს. ამბავი ნამდვილად მოხდა არხოტში - გერმანელი ცოლ-ქმარი­ - ალფრედ და ელპიდე - კურელა მოხიბლული იყვნენ ხევსურეთის მთებით და მეორე წელსაც აპირებდნენ დაბრუნებას, რომ არა უბედ­ური შემთხვევა - ქალი ცხენმა გაიტაცა... ელპიდე არხოტშია დასაფლავებული. საფლავის ფილას აწერია ქალის ვინაობა, მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღი. მამა იოსები შარშან გერმანიაში დაუკავშირდა ელპიდეს ვაჟს, სტეფანს, რომელიც ჩამოსვლას აპირებს. ახალი გზა გერმანელი ქალის საფლავთან ახლოს გაივლის და მისი ვაჟიც უსაფრთხოდ შეძლებს იქ ჩასვლას.
nika
07 ნოემბერი 2015 11:55
დიდი სიამოვნებით წავალ სამუშაოდ
gavazeli
06 ნოემბერი 2015 09:10
ძალიან ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ საქმის წამომწყებსაც და გამკეთებელსაც. იმედია, დაცარიელებულ სოფლებში ისევ დასახლდება ხალხი.
ver gavige
05 ნოემბერი 2015 19:44
ეს ყველაფერი კარგია და ძალიან სასიხარულო, მაგრამ აქაც ქართულ სიზარმაცესთან გვაქვს საქმე კერძოდ:

"...გზა გრუნტის იქნება, ასფალტის ან ბეტონის საფრის გარეშე - რელიეფის და კლიმატის გამო სხვანაირად შეუძლებელიაო..."
***********************************************************
ავსტრია, ნახევარი იტალია და შვეიცარია სულ მთებშია და უფრო მკაცრი ზამთარია და იქ აბა როგორ აგებენ?

გრუნტის გზას რო არაფერი დამცავი არ ექნება და ყველა წვიმის დროს მეწყერი წაიღებს, ათმაგი ხარჯი არ იქნება?

იმდენი მაინც მოიფიქრონ დრენაჟი გააკეთონ, რო წყალს გასავალი ჰქონდეს.

მოკლედ. ქართველების "უჭკნობი" სენი.

ჯერ არ გააკეთებენ და, თუ მოაბეს თავი და გააკეთეს ყოველ წელს საწვალებელი უნდა იყოს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები