ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო
02-11-2015
ჩემი საქართველო - ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო
"დღეს ბათუმის იერსახეს მრავალი ახალი, თანამედროვე შტრიხი დაემატა, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც ქალაქის ხასიათი, ისე მისი ვიზუალური მხარე. ეს ნიუანსები საზოგადოებაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ დღეს ბათუმი შავი ზღვის სანაპიროს ნამდვილი მარგალიტია"

დიაკონიძეების მეჩეთი, XIX ს. (სოფელი აგარა, ხელვაჩაური). გოგა ჩანადირი
ფოტოალბომი "ჩემი საქართველო" 12 +1 ტომისგან შედგება. ანბანის მიხედვით პირველი ტომი აჭარით იწყება და აფხაზეთით მთავრდება, მე-13 ტომი კი თბილისის ალბომით დასრულდება. სერიის თითო ტომი თვეში ერთხელ
"კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. ფოტოალბომებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებების შესახებ არის მოთხრობილი და ცნობილ ფოტოხელოვანთა - ბადრი ვადაჭკორიას, ირაკლი გედენიძისა და გოგა ჩანადირის ფოტოებთან ერთად, დამწყები და მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი. ფოტოალბომები გზამკვლევის როლს შეასრულებს ტურისტებისათვის, რადგან ყოველ ტომს, ფოტომასალის გარდა, ახლავს კონკრეტული რეგიონის
რუკა. სერია ქართულ და ინგლისურ ენებზეა.

ნესტან მაღალაშვილი, პროექტის მენეჯერი:
- პროექტში, "ჩემი საქართველო", გარდა პროფესიონალებისა, დამწყები ფოტოხელოვანებიც არიან ჩართულნი - თავ­იანთ ნამუშევრებს "ფეისბუკის" საშუალებით გვიგზავნიან. ეს ალბომები უცხოელი ტურისტებისა და ქართველებისთვის თანაბრად საინტერესო იქნება, რადგან ხშირად ჩვენც ვერ ვახერხებთ საკუთარი ქვეყნის სრულად დათვალიერებას. რაც მთავარია, ეს ფოტოალბომები ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება, რაც კარგი საჩუქარია მკითხველისთვის.

ბადრი ვადაჭკორია­, ფოტოხელოვანი:
- 14 ფოტოალბომის ავტორი ვარ. ჩემი საიმიჯო ალბომები საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამიტომ
მინდოდა, რაიმე ისეთი მომეფიქრებინა, ხალხისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამ იდეის განხორ­ციე­ლებაში­ გამომცემლობა "პა­ლიტრაL L" დამეხმარა.

მიხარია, რომ სწორედ მათთან ერთობლივი მუშაობით ფოტოალბომების ახალი სერიის შეძენა ყველას შეეძლება. თვეში თითო ალბომი გამოვა.

ასტრონომიული საათის შენობის ნაწილი. ბადრი ვადაჭკორია

მანანა შეყილაძე, ისტორიკოსი, კარტოგრაფი:
- ასეთი სერიული გამოცემა საქართველოს მხარეების შესახებ, რამდენადაც ვიცი, არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობენ ცნობილი ფოტოხელოვანები - ბადრი ვადაჭკორია და გოგა ჩანადირი. საქართველოს მხარეების შესახებ ერთი სასკოლო სახელმძღვანელო იმდენ ინფორმაციას ვერ იტევს, რამდენიც არსებობს. ამიტომ მოსწავლეებისთვის ეს საუცხოო დამხმარე იქნება. ის უცხოელ ტურისტებთან ჩვენს ქვეყანას ერთგვარ აგიტაციას გაუწევს, რომ აქაურობა ნახონ და ეს წიგნები წაიღონ, როგორც სუვენირები.

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი:
- სიმბოლურია, რომ ეს პროექტი აჭარით იწყება, რად­გან იქ ყველაზე თვალხილულია­ ეთნოგრაფია, მაგალითად, ლაზი ოსტატების­ მიერ აგებული მეჩეთები, მოხატული კარით,­ რომელიც საქართველოს არც ერთ კუთ­ხეში­ არ გვხვდება. აჭარა მთისა და ზღვის­ ნაზავია,­ ბათუმი კი ულამაზესი ქალა­ქია.­ მინდოდა, აჭარა ცოტა სხვანაირად წარმომე­დგინა - მეჩეთები, ბათუმის ქუჩები, აჭარის მთიანეთის - ბახმაროსა და ჭვანას შორის მცხოვრებნი, გადმომეცა­ მათი პორტრეტები და ყოფა, ჩაცმის კულტ­ურა. წიგნში შეტანილია ზემოდან გადაღებული გონიოს ციხე, რომელიც ძლივს გავიმეტე გამოცემისთვის.

მზადდება ფოტოალბომების სერიის სასაჩუქრე, ძვირად ღირებული ვერსიაც, რომელიც სპეციალურ ყუთში იქნება მოთავსებული და 400 ლარი ეღირება. ამ გამოცემის გაყიდვაში გამოსვლამდე მსურველებს საშუალება ექნებათ, ტელეფონით დაჯავშნონ ის, რადგან სასაჩუქრე ვერსია ლიმიტირებული ტირაჟით დაიბეჭდება.

თამთა დადეშელი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით