"არავის დაჯერება აღარ მინდა" - კვირის პალიტრა

"არავის დაჯერება აღარ მინდა"

"დღეს გაცილებით მეტ მწვადს ვჭამთ, ვიდრე ადრე..."

რეჟისორ ლევან წულაძეს დიდი მოსაძებნი არაფერი სჭირს, ან შინ იქნება, ან თეატრში. კერძოდ, სად, ამასაც იოლად გაიგებ: დარეკავ თეატრში, ან მის მეუღლესთან - მანანა კოზაკოვასთან... თვითონ ლევანთან კი ვერ დარეკავ, რადგან "უმობილუროა". ამ აჩქარებულ ცხოვრებაში და თითქმის შეშლილ დღის რეჟიმში ეს ერთი "უპირატესობა" შეინარჩუნა კბილებით - ტელეფონის სადენზე არ გამოიბა თავი.

აქეთ-იქით რეკვის მერე შეხვედრა დავნიშნეთ. მერე ვისხედით თეატრში და მომდევნო რეპეტიციამდე დარჩენილ დროში ათას პრობლემაზე ვსაუბრობდით.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რაიმე ფაქტორის გამო თავი შეგეკავებინათ იმის დადგმისაგან, რომელიც ძალიან გინდოდათ?

- ძალიან ხშირად, მაგრამ თუ ამის მიზეზად პოლიტიკურ ზეწოლას გულისხმობთ, ასე არ იყო. უბრალოდ, თეატრში ყოველთვის უამრავი წინააღმდეგობაა, ხშირად ფული არა გაქვს საიმისოდ, რომ ის გააკეთო, რაც გინდა...

ქართველი ვარ და იმით ვცხოვრობ, რაც ჩემ გარშემო ხდება... ვფიქრობ, თეატრმა მნიშვნელოვანი რამ უნდა თქვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ რა უნდა იყოს ეს - მეორე საკითხია. პოლიტიკური თეატრი ძალიან სერიოზული რამ არის. ახლა რომ მკითხოთ, პოლიტიკურ თემაზე რა სპექტაკლს დადგამდითო, ვერ გიპასუხებთ.

- მაგრამ ნებისმიერ გამვლელს ვკითხოთ, რომელი ქართული პოლიტიკური სპექტაკლი უნახავს თუნდაც ბოლო წლებში, დაგისახელებთ  რობერტ სტურუას სპექტაკლს "ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი".

- რობიკოს "რიჩარდ III" და "კავკასიური ცარცის წრე" გაცილებით უფრო პოლიტიკური სპექტაკლები იყო. საერთოდ, ვფიქრობ, თეატრმა უნდა ახსნას რაღაც. პოლიტიკური ვნებათაღელვის შემდეგ ცხოვრება უნდა გააანალიზოს. ჩვენ ვსწავლობთ ცხოვრებას...

ყველაზე კარგად ილია ამბობდა თეატრის რაობაზე: ეს არის ადგილი, სადაც ქართველ კაცს ქართული სიტყვა ესმისო. ეს მისია დღესაც აკისრია ქართულ თეატრს. როცა პროფესიას მეკითხებიან, ვპასუხობ: მე ვარ ქართველი რეჟისორი და არა რეჟისორი უბრალოდ-მეთქი. ქართველი რეჟისორი განსხვავდება ყველა სხვა რეჟისორისგან. მე ვალდებული ვარ, გარდა პროფესიონალისა, ვიყო მცირერიცხოვანი, შევიწროებული ქვეყნის ნამდვილი შვილი. დავეხმარო ქართველ ხალხს, ან გავამხნევო, ან გავართო, ან დავაძინო...

- კიდევ დაძინება გვინდა?

- ზოგჯერ ისე გვაქვს ნერვები აშლილი, რომ გვინდა!

ბევრი ჭკუის სასწავლებელი ამბავი გადამხდა. მახსოვს, რას ვგრძნობდი, როცა დავიჯერებდი რომელიმე პოლიტიკოსისას, დავუჭერდი მხარს და მერე ის მომჭრიდა თავს... ამიტომ ახლა ვცდილობ, არავის მივემხრო. ბევრჯერ მითქვამს, ეს კაცი გადაარჩენს ქვეყანას-მეთქი. მერე რა გამოვიდა?

- მაგრამ თუ როგორ ვითარდება ქვეყანა, ასე თუ ისე, ყველას გვეხება...

- გააჩნია, რას დავარქმევთ განვითარებას... თუ ხელფასს დავითვლით და ამით ვიმსჯელებთ, - რაღაც სფეროში ძალიან კარგად მოიმატა ხელფასმა, მაგალითად, თეატრში. თუ ზოგად კეთილდღეობაზე ვლაპარაკობთ, რამდენ მწვადს ჭამს ქართველი დღეს და რამდენს ჭამდა გუშინწინ, მაშინ გაცილებით მოიმატა მჭამელთა რიცხვმა. ახლა მეტ მწვადს ვჭამთ, ვიდრე ადრე. თბილისში სამი სახინკლე იყო. ჯინსი ორი ხელფასი ღირდა. თევზი რომ გეყიდა, კაცი უნდა გეპოვა ბაზარში, თვალი ჩაგეკრა, განზე გაგეყვანა... ეს არ გამომდიოდა და ვერც ვჭამდი ზუთხს. ახლა ყველაფერი შეგიძლია იყიდო, მაგრამ ეს ხომ არ არის ის, რაც გვინდა... წინსვლა არის გარკვეულ სფეროებში, მაგრამ უკანაც დავიხიეთ, განსაკუთრებით - სულიერებაში.

მხოლოდ ეკლესიაში სიარული არ განსაზღვრავს სულიერებას. ჩემს ბავშვობაში წითელი კვერცხები აკრძალული იყო, მაგრამ მეგობარი მეგობრისთვის თავს ადვილად სწირავდა. ახალგაზრდა ვიყავი და ამდენი დაუნდობლობა თუ არსებობდა, არ ვიცოდი. ახლა ჩემი შვილი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ხედავს დაუნდობლობას და სისასტიკეს. მე მიყვარს ძველი დრო, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ ჩემი მეგობრები იყვნენ ცოცხლები, მაგრამ საქართველოსთვის რომელი დრო ჯობია? დამოუკიდებლობა ძვირი გვიჯდება, ნელა მოდის. ჩვენი ქვეყნისთვის უკვე მიღწევაა, რომ ამდენი წელი გავუძელით დამოუკიდებლობისაკენ სვლას, ომი გადავიტანეთ ერთი, მეორე...

კომუნისტურ ქვეყანაში ცხოვრებას ქართველები ვუძლებდით ირონიულად, ის წყობა არასოდეს "ჩვენი" არ გამხდარა. რუსეთში კი, ხომ ხედავთ, კომუნიზმი იყო და ისევ არის.  ჩვენგან განსხვავებით, მათთვის ძნელი გამოდგა ამაზე უარის თქმა. ჩვეულებრივმა რუსმა ასე იცის, რომ ტერორისტები, დამპყრობლები ვართ და რუსეთს რომ არ შევეჩერებინეთ, კრასნოდარის აღება გვინდოდა...

- და როგორ იცის ნებისმიერმა რუსმა რეჟისორმა, თქვენმა კოლეგამ?

- რუსეთთან კარგი ურთიერთობა მანამდეც არ მქონდა, მაგრამ ბევრ რეჟისორთან, პროდიუსერთან ვმეგობრობდი. ახლა ბევრი მათგანი დაიკარგა, აღარ მეხმიანება... იმიტომ კი არა, რომ საქართველოს ოკუპანტობისა სჯერა, - ეშინიათ... დარჩა რამდენიმე კაცი, ვისაც არ ეშინია, მაგალითად, მიშა უგაროვი, "ია გრუზინ" - აქცია რომ მოიფიქრა. ცოტა ხნის წინ ჩამოსული იყო და შემომთავაზა, - თუ გინდა, ერთად დავდგათ სპექტაკლიო.

ძალიან მომეწონა გია ბურჯანაძის ნათქვამი, - არანაირი ორი რუსეთი აღარ არსებობს. ერთი ქვეყანაა. მათ თავი მოაჭრეს პუშკინს, ტურგენევს, ჩეხოვს გილიოტინით და დაიბადა რაღაც სხვა, რომელსაც არც ვიცნობ და რომლისაც მეშინია. ახლა მესმის, რას ფიქრობდნენ ბებია და ბაბუა, როცა რუსეთის გაგონებაც არ უნდოდათ. მათ ახსოვდათ ის გარეწრები, რომლებიც საქართველოში შემოიჭრნენ, რომლებსაც არა მარტო მეთერთმეტე არმია ერქვა, არამედ მათთან ერთად კიდევ ხუთი სხვა არმიაც იყო.

- როგორც მითხარით, სულიერებაში გვიჭირს ძალიან. ახალგაზრდებს რომ დავეხმაროთ, "კვირის პალიტრა" სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. მაგალითად, ტარდება გამოკითხვა "50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ".

- არაჩვეულებრივი ჩანაფიქრია, რომანტიკოსები, გალაკტიონი, ილია, ვაჟა... ჩეხოვი, დანტე, გოეთე, შექსპირი... აუცილებლად წაკითხული უნდა გქონდეს, რომ თავისუფლად ისუნთქო, გაგიადვილდეს ცხოვრება და ბედნიერი იყო. დღეს ქართველმა არ იცის, რა არის ბედნიერება. ჰგონია, ახალაშენებულ სახლში თუ მეორესა და მეოთხე სართულებს შორის შეხვდა ბინა, ბედნიერია, თუ მეთორმეტე სართულზე - უბედური. ეს ყველაფერი ხვალ-ზეგ დაინგრევა, ჩვენი ცხოვრება კი ძალიან ხანმოკლეა და უნდა შევეცადოთ, გემო ჩავატანოთ... ისევ მწვადისკენ არ გაექცეს ვინმეს აზრი, გემო რომ ვახსენე... სულიერებაზე მოგახსენებთ...