"IDS ბორჯომი საქართველო" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ბრძოლა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის - კვირის პალიტრა

"IDS ბორჯომი საქართველო" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ბრძოლა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის გაერთიანდნენ და თანამშრომლობის მრავალწლიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეებს შორის თანამშრომლობა საზოგადოებისთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელებას გულისხმობს. მემორანდუმი, რომელსაც "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი ბატონი ზაზა კიკვაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი ბატონი ზურაბ ვადაჭკორია აწერენ ხელს, პირველ ეტაპზე ხუთი წლის ვადით გაფორმდა და ყოველი წლის სამუშაო გეგმა მხარეების მიერ წლის დასაწყისში განისაზღვრება. პირველი წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის "ცისფერ დარბაზში" გაიმართა. "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებისა და სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკების და სახელშეკრულებო კლინიკური ბაზების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დასაწყისი ორივე მხარისთვის ღირსშესანიშნავ თარიღს ემთხვევა. 2010 წელი კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოსთვის" საიუბილეო წელია, რადგან ქარხნული წესით მინერალური წყლის პირველი ბოთლი ზუსტად 120 წლის წინ ჩამოასხეს. წელს იუბილარია სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელსაც დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა.

ზურაბ ვადაჭკორია (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი): "ჩვენი უნივერსიტეტი და კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" ვერთიანდებით, რათა ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვას და წახალისებას შევუწყოთ ხელი.

ბუნებრივია, რომ ცხოვრების ჯანსაღი  წესის დანერგვა, ჯანმრთელი პროდუქტების გარეშე წარმოუდგენელია და სწორედ ასეთია "IDS ბორჯომი საქართველოს" პროდუქტები. სამედიცინო უნივერსიტეტი და "IDS ბორჯომი საქართველო" ბევრ საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო პროექტებს ჰპირდება მთელ საქართველოს. პირველი, რაც უკვე დაგეგმილი გვაქვს ჩვენს პარტნიორთან ერთად, სამეცნიერო კონფერენციის მოწყობაა, სადაც აქტიურად იქნება ჩართული კურორტოლოგიისა და ფიზიოლოგიის ჩვენი პარტნიორი კლინიკა.

ასევე ვგეგმავთ პროექტებს, რომლებიც სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" მის მიერ წარმოებული მინერალური წყლების პოპულარიზაციაში.

ალბათ ნებისმიერი დამეთანხმება, რომ მინერალური წყალი "ბორჯომი" ჩვენი ეროვნული სიამაყეა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ქართული თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ალექსანდრე ალადაშვილი, ჯერ კიდევ 1911 წელს წერდა სადისერტაციო ნაშრომს ხარკოვში, ეკატერინეს წყაროებზე დაყრდნობით, "ბორჯომის" სამკურნალო თვისებების შესახებ. კომპანია "IDშ ბორჯომი საქართველოს" პროდუქცია გვინდა შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორ კლინიკებსაც, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ატრიბუტი და ვთხოვოთ მხარდაჭერა და მონაწილეობა ჩვენ მიერ დაგეგმილ პროექტებში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კომპანია "IDშ ბორჯომი საქართველოს" დამფუძნებლებს, მენეჯმენტს, კომპანიის გენერალურ დირექტორს ბატონ ზაზა კიკვაძეს და მინდა ვისურვო, რომ ჩვენ შორის დაწყებული თანამშრომლობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება".

ზაზა კიკვაძე (კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი): "ვფიქრობთ, რომ თანამშრომლობა ჩვენს კომპანიასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, დაფუძნებული იქნება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და მის პოპულარიზაციაზე. მოგეხსენებათ, რომ "ბორჯომი" ჯანსაღი პროდუქტია და დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციაა წარმოდგენილი, "ბორჯომი" საქართველოს სავიზიტო ბარათია. რა თქმა უნდა ეს გარემოება ჩვენ დიდი პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ბოლო 15 წელია, ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად და წარმატებულად ვატარებთ. როდესაც ბატონმა მამუკა ხაზარაძემ ჩვენი კომპანია დააფუძნა, ეს ძალზე საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო.

"ბორჯომს" უნდა დაბრუნებოდა ის ძველი დიდება, რომელიც 15 წლის წინ ფაქტობრივად გაუფერულებული იყო. ყველას მინდა ვუთხრა, რომ საქართველოში "ბორჯომის" წყლის საკმაოდ დიდი რესურსი არსებობს და ჩვენი მიზანია, რომ მთლიანად ავითვისოთ ის. დღეს ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია 30 ქვეყანაში და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ წარმატებულადაც. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სერიოზული პრობლემებიც. ბოლოს ეს იყო ჩვენი პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის დახურვა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე და ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული ერთ ბაზარზე, როგორც ეს ოთხი წლის წინ იყო. დღეს "ბორჯომი" გაყიდვების თვალსაზრისით არის დივერსიფიცირებული და განვითარების უფრო მყარ საფუძველზე ვდგავართ დღეს.

ჩვენი თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად მოვახდინო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია საქართველოში. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მეცნიერების ის კერაა, სადაც მუშაობენ ღვაწლმოსილი პროფესორები, მასწავლებლები და ჩვენს ქვეყანას ექიმთა მომავალ თაობებს უზრდიან. მე მართლაც ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ ამ უნივერსიტეტთან და ერთობლივად განვახორციელოთ წარმატებული, კარგი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს, როგორც უნივერსიტეტის მომავალ განვითარებას, ასევ კომპანია "IDშ ბორჯომი საქართველოს" წინსვლას. ჩვენი კომპანია მზად არის იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, მრვალი წლის განმავლობაში დადგეს და ვფიქრობ, რომ შეგვეძლო ამ მიზნებისთვის უვადო ხელშეკრულებაც კი გაგვეფორმებინა".

მამუკა ქაცარავა (თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი): "ამ მემორანდუმის ძირითადი მოტივაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებაა. ბატონმა ზურაბმა ალექსანდრე ალადაშვილი ახსენა და მახსოვს, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი, შინაგანი დაავადებების შესწავლისას, სახელმძღვანელოში "ბორჯომის" სამკურნალო თვისებებზეც ეწერა. სხვათა შორის, იმ წიგნიდან ციტატაც კი მახსოვს - რომ საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე, ძალიან სასარგებლოა "ბორჯომის" მიღება. სახელმძღვანელოში ამოკითხული ეს სიბრძნე, ხშირად მახსენდება სუფრასთან, მით უფრო, როდესაც მას "ბორჯომი" ამშვენებს და მის მიღებას სუფრის სხვა წევრებსაც აქტიურად ვურჩევ".

R