ჯანდაცვის რეფორმის კრახი, ანუ ისტორია დეტალებში - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის რეფორმის კრახი, ანუ ისტორია დეტალებში

"ქართული მედიცინა კოლაფსშია"

"იაფი დაზღვევის პროგრამაში ჩართვა საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენთვის"

განწირული პაციენტები და შეურაცხყოფილი ექიმები

განათლების რეფორმის ჩავარდნის აღიარების შემდეგ პრეზიდენტმა ჯანდაცვის რეფორმის ჩავარდნაც აღიარა. ეს ამბავი საქართველოს ყველა მოქალაქემ დიდი ხანია  იცის, მაგრამ მთავრობის წევრები და მინისტრები ასეთ რამეს მხოლოდ საპრეზიდენტო აღიარების შემდეგ იჯერებენ. საკითხავი ის არის, აღიარებების კასკადი რა მიზანს ემსახურება? გაზაფხულზე არჩევნებია ჩასატარებელი. ამიტომ პრეზიდენტმა მარტივად იპოვა გამოსავალი. მან ხომ ყველაზე უკეთ იცის დაპირებისა და კარგი ცხოვრების მოლოდინის ძალა.

მანანა, მოქალაქე: "ჩემი მეუღლე ფართოდ რეკლამირებული იაფი დაზღვევის პროგრამაში ჩაერთო, სამწუხაროდ, ეს საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. მას თირკმლები აწუხებდა, დიალიზზე იყო. ერთ დღეს მუცლის არეში მწვავე ტკივილი დაეწყო. სასწრაფო გამოვიძახეთ და მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაუსვეს. მოსკოვის პროსპექტზე ვცხოვრობთ და სასწრაფომ ახლომდებარე  მეხუთე საავადმყოფოში გადაიყვანა. რადგან დაზღვევა გვქონდა, თავი მართლაც დაზღვეული გვეგონა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდით. რეგისტრაციაში გატარების მერე რომელიღაც სართულზე ლიფტით აიყვანეს და ამაში 2 ლარი მოგვთხოვეს.

ექიმს გაახსენდა, რომ ჩემს მეუღლეს დიალიზი დასჭირდებოდა და პრობლემა შეიქმნებოდა პაციენტის გადაყვანა-გადმოყვანის გამო. მიმღების ექიმმა დარეკა სადაზღვევო კომპანიაში და გვითხრა, თუ ჩვენს საავადმყოფოში გაიკეთებთ ოპერაციას, თანხა მთლიანად უნდა გადაიხადოთ, მერე შევატყობინებთ სადაზღვევოს ყველაფერს, განიხილავს ამ შემთხვევას და ან დაგიბრუნებთ თანხას, ან არაო. რადგან საოპერაციო თანხა არ გაგვაჩნდა, გადავწყვიტეთ, ოპერაცია 1-ელ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცში) გაგვეკეთებინა.

არამიანცში იგივე განმეორდა. ისევ სადაზღვევოში დაიწყეს რეკვა იმის გასარკვევად, ფულს ვინ გადაიხდიდა. ბოლოს მითხრეს, რომ ეს დაზღვევა მათ საავადმყოფოში არ გამოდგებოდა. შუაღამე იყო, სასწრაფო თავის გზას გაუდგა. არამიანცში მხოლოდ ის გაგვირკვიეს, რომ  ამ დაზღვევით რკინიგზის საავადმყოფოში შეგვეძლო მისვლა. იქ ნანახმა შოკში ჩამაგდო, ეს საავადმყოფო არ არის, სანაგვეა. როგორ შეიძლებოდა იქ ოპერაციის გაკეთება? ამასობაში ჩემს მეუღლეს წნევა დაუვარდა, კაცი ხელში მაკვდებოდა. იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი ოპერაციაზე. გაჭრეს და აღმოჩნდა, რომ ბრმა ნაწლავის შეტევა კი არ მოსვლია, არამედ სწორი ნაწლავი ჰქონია დანეკროზებული.  როგორც გვითხრეს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

მაგრამ მალე სხვა პრობლემა გაჩნდა:  ჩემს მეუღლეს დიალიზი ესაჭიროებოდა, საავადმყოფოში კი გვითხრეს, რომ აპარატი არ ჰქონდათ. გამოიძახეს კატასტროფების ცენტრიდან რეანიმობილი, რომელიც თითქოს უფასოა, მაგრამ იმის გამო, რომ პაციენტს შეიძლება დასჭირვებოდა ჟანგბადი, უნდა დაგვლოდებოდა და ამიტომ 230 ლარი გადავიხადეთ. დიალიზის გაკეთება და ჩემი მეუღლLის გადაყვან-გადმოყვანა ორჯერ დაგვჭირდა. რეანიმობილის ექიმმა მითხრა, რომ ასეთი მძიმე ავადმყოფის ტრანსპორტირება მიზანშეუწონელი ყოფილა, რადგან ნჯღრევის დროს კალიუმი გამოდის უჯრედებიდან და სისხლს ემატება.

ეს კი ასეთ ავადმყოფებში გულის გაჩერებას იწვევს. მალე მეორე ოპერაცია გაუკეთეს, საშინელი ტკივილი ჰქონდა, განგაში ავტეხე, მაგრამ იმის მაგივრად, მიზეზი გამოეკვლიათ, ექიმმა დაიჟინა, არაფერია, ნაკერების ტკივილი აქვსო და გასაყუჩებლად მორფი გაუკეთეს. მალე ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. თურმე ნაკერები კი არ სტკიოდა, პერიტონიტი ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავარკვიე, რომ დიალიზის აპარატი რკინიგზის საავადმყოფოში ერთი კი არა, ორი ჰქონიათ. როცა პასუხი მოვითხოვე, მიპასუხეს, ექიმი შვებულებაში იყო და აპარატი თან ჰქონდა წაღებულიო(!). დიალიზის აპარატი წნევის აპარატი ხომ არ არის, ჩანთაში ჩაიდო და წაიღო. უზარმაზარია, წყლის სისტემასთან არის შეერთებული".

მარინა ბერაძე, ასოციაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატეს" თავმჯდომარე: "საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის რაციონალიზაციის  გეგმა 1998-99 წლებში შეიქმნა. მაშინ მსოფლიო ბანკმა შეაფასა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა გატარებულიყო ჯანდაცვის რეფორმა. მსოფლიო ბანკმა საავადმყოფოები სამ ჯგუფად დაყო: პირველში შედიოდა საავადმყოფოები, რომლებიც დარჩებოდნენ სახელმწიფო საკუთრებაში; მეორეში შედიოდნენ საავადმყოფოები, რომელთა პრივატიზაცია მიზანშეწონილი იყო იმ პირობით, თუ შეინარჩუნებდნენ სამედიცინო ფუნქციას; მესამეში შედიოდნენ საავადმყოფოები, რომლებიც შეიძლებოდა გაყიდულიყო როგორც უძრავი ქონება. ამასთან, უნდა შექმნილიყო სპეციალური ორგანო, რომელიც  ამ პროგრამას მონიტორინგს გაუწევდა.

KvirisPalitra.Ge"ვარდების რევოლუციის" შემდეგ პროგრამა გაგრძელდა, მაგრამ ისე კი არა, როგორც მსოფლიო ბანკმა მიუთითა, არამედ როგორც მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ მოინდომა. მან შეიმუშავა ახალი სქემა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში არსებული ყველა საავადმყოფოს პრივატიზაციას ერთ წელზე მოკლე ვადაში და პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხის ხარჯზე 100 ახალი საავადმყოფოს აშენებას დამატებითი თანხების მოზიდვის გარეშე. ეს უტოპიური იდეა იყო, რადგან 2 წელში 100 საავადმყოფოს აშენება შეუძლებელია.

ექსპერტების აზრით, ამას 5-6 წელი მაინც სჭირდება. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიებიც, რომელთა შორის ლიდერობდა "ბლოკ-ჯორჯია". მან ამ საქმის 17 თვეში შესრულება ივალდებულა და საბანკო გარანტიაც წარადგინა.

"ბლოკ-ჯორჯიას" საქართველოში არსებული საავადმყოფოების 80% გადასცეს თავისი ინფრასტრუქტურით (დაახლოებით 100 მილიონად ღირებული ქონება), არადა ხელშეკრულებაში წერია, რომ "ბლოკ-ჯორჯიას" 2009 წლის 19 მარტს შესრულებული უნდა ჰქონოდა ნაკისრი ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოერთმეოდა საავადმყოფოები და მისი საგარანტიო თანხაც ბიუჯეტში  გადაირიცხებოდა.

ნაცვლად ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ განაცხადეს, "ბლოკ-ჯორჯიას" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ მოვთხოვთ, რადგან გლობალური კრიზისი დაიწყოო. კი, მაგრამ გლობალური კრიზისი საქართველოს მოსახლეობას არ შეეხო? ვინ დგას ამ ბლოკის უკან, რით გამოირჩევიან, რომ ყველა დანაშაულსა და დარღვევას საპატიოდ უთვლიან? არც ამ იდეის ავტორებისთვის მოუთხოვია ვინმეს პასუხი. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ამ დადგენილებაზე, დღეს ოპოზიციაშია, კახა ბენდუქიძე მრჩეველი გახლავთ, არც ლადო ჭიპაშვილისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრ არველაძისთვის მოუთხოვია ვინმეს პასუხი (სწორედ მათ ევალებოდათ ამ ღონისძიების გაკონტროლება).

ახლა ირკვევა, რომ თურმე "ბლოკ-ჯორჯიამ" ჩეხეთიდან კრედიტი უნდა აიღოს და იმით ააშენოს საავადმყოფოები. საინტერესოა, სახელმწიფო ინვესტორს ეძებდა თუ კრედიტორს? ამხელა ქონება გადასცეს და კრედიტიც ჩვენი ჯიბიდან უნდა გაასტუმრებინონ? არ შეიძლებოდა მედიცინის სფეროს მხოლოდ კერძო საკუთრებაში გადაცემა, არ შეიძლება ჯანდაცვის რეფორმის გატარება მხოლოდ ეკონომისტებსა და ბიზნესმენებს დააკისრო.

- თითქმის ყველა ჯანდაცვის მინისტრი ასე ფიქრობდა.

- ამის გამოა ქართული მედიცინა კოლაფსში. ეს რეფორმა დამღუპველი აღმოჩნდა როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვისაც. რა შედეგი მოგვცა რეფორმამ? - 4-ჯერ გაიზარდა სამედიცინო მომსახურების თანხები, გაუარესდა მომსახურების დონე. სხვათა შორის, ამ "ბლოკს" უახლესი აპარატურითაც უნდა აღეჭურვა საავადმყოფოები. არადა, "ბლოკ-ჯორჯიამ" მე-8 საავადმყოფოში  1995 წლის ანალიზატორები შემოიტანა. როგორც ირკვევა, ამ აპარატურით გაკეთებული ანალიზების პასუხებიც კი არ არის სწორი".

ამას წინათ რედაქციაში ერთი სოციალურად დაუცველი მამაკაცი მოვიდა. სახელმწიფო პროგრამით ყოფილა დაზღვეული. მის შვილს  გლანდების ოპერაცია ესაჭიროებოდა. ბავშვს თავისებური  ყბა ჰქონდა, ამიტომ ზომაზეც ვერ აღებდა პირს. ექიმმა გადაწყვიტა, ბავშვისთვის ოპერაცია აუცილებლად ნარკოზით გაეკეთებინათ, რადგან შესაძლოა,  არტერია დაზიანებულიყო. სადაზღვევო კომპანიამ უარი თქვა ანესთეზიის დაფინანსებაზე და ექიმს აიძულებდა, უნარკოზოდ გაეკეთებინა ოპერაცია.

მარინა ბერაძე: - სად გაგონილა, სადაზღვევოს მენეჯერი ასწავლიდეს ექიმს, როგორ უნდა ჩატარდეს მკურნალობა? ჩვენ ჩავატარეთ კვლევები (ცალ-ცალკე გამოვკითხეთ ექიმთა კოლექტივები, პაციენტები)  და შემაშფოთებელი შედეგი მივიღეთ:  საქართველოში საშუალო დონის ოპერაციაც კი არცთუ იშვიათად ლეტალობით მთავრდება, იმატა ორსულებისა და ახალშობილთა სიკვდილიანობამ, ძალზე დაბალია ექიმების ანაზღაურება. კლინიცისტი ექიმები თითქმის აღარა გვყავს, ხოლო ვინც გვყავს, მალე ისიც აღარ გვეყოლება, რადგან დარგი იმდენად არასახარბიელო და არაპრესტიჟული გახადეს, რომ ყველას სამედიცინო მენეჯერობა უნდა.  ეს პროფესია კარგია, მაგრამ  მენეჯერები გააკეთებენ ოპერაციებს?

ვისაც ფული არა აქვს, დასაღუპავად არის განწირული, ხოლო ვისაც აქვს, ის რეფორმის მსხვერპლი ხდება, რადგან იმდენ ზედმეტ მანიპულაციასა და მკურნალობას უტარებენ, რომ მერე გართულება ეწყებათ. ეს ლიტონი სიტყვა არ გახლავთ და ფაქტებით არის გამყარებული. საქართველოში მედიცინამ დაკარგა თავისი ძირითადი ფუნქცია და იქცა ბიზნესად. ექიმები შეურაცხყოფილი არიან, პაციენტები - განწირული. ბოლო დროს ადამიანები მხოლოდ იმის გამო იღუპებიან, რომ მათი სტაციონარში  დროულად მიყვანა ვერ ხერხდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მთელი სისტემა მოშლილია. მეტიც, ქვეყანაში დღენაკლული ახალშობილები ინკუბატორების სიმცირის გამო იღუპებიან, არადა დმანისში, მოზრდილთა პოლიკლინიკაში, ორი ინკუბატორი დევს და კარადად ხმარობენ(?!). ლადო ჭიპაშვილმა 100 ექოსკოპიის აპარატი შარშანწინ დაარიგა. ვინ მეტყვის, სად წავიდა ეს აპარატურა?

- როგორც ვიცი, ჯანდაცვის წარუმატებელი რეფორმის გამო პრეზიდენტი გაბრაზებულია და ბრძანა, სასწრაფოდ მოემზადებინათ ახალი პროექტი. როგორც შევიტყვე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის სპეციალისტები 2-3 დღით ჩაკეტილან და რეფორმის ახალი პროექტი წარუდგენიათ პრეზიდენტისთვის.

- 100 საავადმყოფოს რეფორმა ხომ "წარმატებით" ჩავამთავრეთ,  ახლა სამ დღეში დაწერილი რეფორმის მიხედვით თურმე კერძო სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადავცეთ ყველა  სამკურნალო დაწესებულება.  სადაზღვევო კომპანია ფინანსური ინსტიტუციაა, მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული და ავადმყოფებს განიხილავს როგორც ზარალს. ამიტომაც ყველანაირად ცდილობს ზარალის შემცირებას: იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ არ გადაიხადოს მომსახურების საფასური.

რა უნდა იყოს სამ დღეში დაწერილი რეფორმა? როდესაც სახელმწიფო კერძო სექტორს ყველა მექანიზმს მისცემს ხელთ, სადაზღვევო კომპანიები ხომ ისე მოიქცევიან, როგორც მათ ინტერესებს შეესაბამება. სამედიცინო მომსახურების ფასებსაც კი უკვე სადაზღვევო კომპანიები კარნახობენ და კლინიკებს ხალხის ნაკადის შექმნის სანაცვლოდ მათთან დაზღვეულების იაფად მომსახურებაზე ურიგდებიან.  კლინიკები იძულებული არიან, დათანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ დაკარგავენ კლიენტს.  სანაცვლოდ ბაზარს თავიანთ პროვაიდერებს უნაწილებენ. პროვაიდერი კლინიკების ექიმები კი იძულებული არიან მიზერულ შემოსავალზე დათანხმდნენ.

უმწეოთა პროგრამისთვის სოლიდური თანხებია გამოყოფილი. ამ თანხებს სახელმწიფო რამდენიმე კერძო სადაზღვევო კომპანიას უნაწილებს.

არადა, რასაც სახელმწიფო მათ ურიცხავს, იმ თანხის 30%-ც საკმარისია, რომ მოსახლეობა დაცული იყოს. რატომ უგდებს ამ თანხებს ხელში სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს? სიმართლე ის არის, რომ "ატკატებს" აკეთებენ და ვიღაცები უმწეოების ხარჯზე ხელს ითბობენ. სადაზღვევო კომპანია კი უნდა განვითარდეს, მაგრამ არა ასეთი პროგრამების, არამედ ჯანსაღი კონკურენციის ხარჯზე.

იმ ახალი რეფორმის პროექტი, რომელიც სახელდახელოდ დაწერეს, ამთავითვეა განწირული ჩასავარდნად. თუ ეს პროექტი დამტკიცდა, ვითარება უფრო დამძიმდება: ბევრ კომპანიას ცუდად წაუვა საქმე, გარწმუნებთ, ძალიან მალე გახდებიან პროკურატურის შესწავლის ობიექტი. სადაზღვევოებმა 20-25-ადგილიანი საავადმყოფოები უნდა ააშენონო, მაგრამ ვერც ერთი ვერ იქნება მომგებიანი.

თვითონ სადაზღვევო სისტემა ჩავარდება გამოუვალ მდგომარეობაში: რადგან ექიმები უგულოდ ემსახურებიან დაზღვეულებს, სადაზღვევო კომპანიები თანდათან დაკარგავენ იმ კლიენტურას, ვისთანაც ხელშეკრულებების გაფორმება მოახერხეს. დაზღვევას აზრი არა აქვს, სამედიცინო მომსახურების დიდი წილის გადახდა დაზღვეულებს მაინც თავიანთი ჯიბიდან უწევთ. ამის გამო ახლა ბევრი მოუთმენლად ელოდება სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის გასვლას, ბევრიც დროზე ადრე არღვევს. ბევრი ექიმი (მით უმეტეს, პროფესიონალი) უარს ამბობს სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობაზე, ურჩევნიათ, საერთოდ უფასოდ მოემსახურონ პაციენტს, ვიდრე საქმე იქონიონ სადაზღვევო კომპანიასთან.

P.S. ღმერთმა ქნას, ამჯერად მაინც ვცდებოდე, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, ჯანდაცვის ყოველი ახალი რეფორმის დაწყებისას "ნეგატიური ხილვები" მეწყება. აქამდე ყველა  მათემატიკური სიზუსტით ამიხდა. პრეზიდენტის სურვილი კი, გაატაროს ნამდვილი რეფორმა, მხოლოდ მაშინ გახდება ჩემთვის სარწმუნო, როცა ის დღემდე გატარებული რეფორმების ჩავარდნის მიზეზებზე ილაპარაკებს და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს.

P.P.S. ჩვენ დავუკავშირდით ზურაბ ნოღაიდელის პრესსამსახურს და ბატონ ზურაბთან რამდენიმე შეკითხვა დავაბარეთ. გვაინტერესებდა, რით მოხიბლა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი "ბლოკ ჯორჯიამ" და კონკრეტულად ვინ დგას ამ ბლოკის უკან. სამწუხაროდ, გაოპოზიციონერებული პრემიერყოფილისაგან პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა არც გაგვკვირვებია...