ქართველი მეცნიერი აშშ-ის კლონირების ცენტრში მიიწვიეს - კვირის პალიტრა

ქართველი მეცნიერი აშშ-ის კლონირების ცენტრში მიიწვიეს

30 წლის ნატო ტეტელოშვილი პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც აშშ-ში, კოლუმბიის სამედიცინო ცენტრში კლონირებაზე იმუშავებს.

ქართველი მეცნიერ-იმუნოლოგი თებერვლიდან უკვე იმ ჯგუფის წევრი გახდება, რომელმაც მსოფლიო მედიცინაში გადატრიალება მოახდინა. ახალგაზრდა მეცნიერი "კვირის პალიტრასთან" საუბარს ბავშვობის გახსენებით იწყებს.

- თბილისის მე-60 საშუალო სკოლა დავამთავრე. მამა კახელი მყავს, დედა - უკრაინელი. ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე. ამიტომაც გადავწყვიტე სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება. უკრაინელი ბებია პედიატრია და ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევა. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე. პროფესორ ივანე თარხნიშვილის სამეცნიერო საზოგადოების წევრიც გახლდით. ჩართული ვიყავი სამეცნიერო კვლევებში. ვმუშაობდი პროფესორ გია ბურკაძესა და მის ჯგუფთან, პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტში. ჩემი კარიერის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით თინა ჩიქოვანს, რუსუდან რუხაძეს და ია ფანცულაიასაც.

თბილისიდან ჰოლანდიამდე

ამჟამად ქართველი მეცნიერი ნიდერლანდის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უნივერსიტეტში, ქალაქ გრონინგენში მუშაობს. ეს სასწავლებელი 1614 წელს დაარსდა და 2012 წლის აპრილში ნიდერლანდის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად დასახელდა.

- 2008 წელს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩავაბარე და სრული დაფინანსება მოვიპოვე. მალე წარჩინებულთა ე.წ. ტოპ-25%-იანში მოვხვდი. მაგისტრატურაში სწავლისას ჩემი სტატიები იბეჭდებოდა საერთაშორისო ჟურნალებში და ამან მეტი სტიმული მომცა, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩამებარებინა, ისევ სრული დაფინანსებით... იმ პერიოდში დავინტერესდი იმუნოლოგიით, განსაკუთრებით იმუნოგენეტიკითა და აუტოიმუნური პათოლოგიებით. უკვე 7 წელია ჰოლანდიაში ვცხოვრობ.

ჰოლანდიიდან აშშ-მდე

როცა დოქტორანტურის თეზისზე დავასრულე მუშაობა, აპლიკაციები გავგზავნე სადოქტორო პროგრამებზე. გამოხმაურებამ არ დააყოვნა, აშშ-დან თითქმის ერთდროულად სამი მკვლევარი დამიკავშირდა. არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება კოლუმბიის უნივერსიტეტმა მიიპყრო. გასაუბრებებისა და პრეზენტაციების შემდეგ, 150 კანდიდატში მე ამირჩიეს. 2016 წლის თებერვლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ტრანსლაციური იმუნოლოგიის ჯგუფში ვიწყებ მუშაობას საყოველთაოდ ცნობილ ექიმ რემი კრეუსოტთან. 2 პროექტში ვიქნები ჩართული, შევისწავლი სპეციფიკურ იმუნოლოგიას და პირველი ტიპის დიაბეტს თაგვის მოდელზე. მომიწევს კლონირებაზე მუშაობა უჯრედულ დონეზე, რათა მიღებულ შედეგებს დავაკვირდეთ და შემდეგ ადამიანებში მოვახდინოთ გენებისა და უჯრედების კლონირება დიაბეტის თერაპიისთვის. იმედია, შევძლებთ დიაბეტის განკურნებას. კლონური თერაპიის განვითარებით ბევრი დაავადების დამარცხება შეიძლება.

"აუცილებლად დავბრუნდები"

მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს, რომლებსაც ჩემს მიღწევებში დიდი წვლილი მიუძღვით... გამიხარდება, თუ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიდან მეტ ქართველ სტუდენტს ვნახავ საზღვარგარეთ. ბევრს ნიშნავს აქ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. მე აუცილებლად დავბრუნდები, მანამდე კი ჩვენს ქვეყანას ვასახელებ შრომითა და მიღწევებით."

2002 წელს კლონირებული ბავშვი დაიბადა

1997 წლის 14 თებერვალს პირველი კლონირებული ცხვარი დოლი დაიბადა. მართალია, მხოლოდ ექვსი წელი იცოცხლა, თუმცა მისმა დაბადებამ მსოფლიო მედიცინაში გადატრიალება მოახდინა. პირველი ნაშრომი კლონირებაზე 1960 წელს დაიწერა. ეს იყო ნობელის პრემიის ლაურეატის, მეცნიერ ჯოშუა ლედერბერგის სტატია გენეტიკური ინჟინერიის თაობაზე.

1998 წლის ნოემბერში პირველი კლონირებული ადამიანის შექმნა დაიწყეს. მამაკაცის ქვედა კიდურიდან აღებული მასალისგან ჩამოაყალიბეს პირველი ემბრიონი, რომელმაც 12 დღე იცოცხლა. 2002 წელს კლონირების ამერიკულმა ცენტრმა სკანდალური განცხადება გამოაქვეყნა - დაიბადა კლონირებული ბავშვი! მსოფლიოში პირველი კლონირებული ბავშვი, სახელად ევა, რომელიც 31 წლის ამერიკელმა ქალმა გააჩინა, დედის კანის მასალისგან შექმნეს (მამა უნაყოფო აღმოჩნდა). ამ ამბავმა მსოფლიო მოიცვა. კლონირების ცენტრის მეცნიერებს ერთი წლის განმავლობაში ატარებდნენ კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან ამ მეცნიერულ მიღწევას ეწინააღმდეგებოდა სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობა, სასულიერო პირები დებატებში იწვევდნენ მეცნიერთა ჯგუფებს, შიშობდნენ, რომ კლონირების განვითარება ადამიანს ჩაანაცვლებდა...

თორნიკე ყაჯრიშვილი