"ცა მეტი" - რეპორტაჟი სტუდქალაქიდან, სადაც 13 ივნისს დაღუპული გოგონა ცხოვრობდა
09-11-2015
"ცა მეტი" - რეპორტაჟი სტუდქალაქიდან, სადაც 13 ივნისს დაღუპული გოგონა ცხოვრობდა
"ამ სართულის ბინადარი სტუდენტები იმ ავბედით ღამეს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ. გოგონას დამ აქ ცხოვრება ვეღარ შეძლო და სხვაგან გადავიდაო... ოთახში, სადაც მარიამმა რამდენიმე წელი იცხოვრა, ისევ ისეა ყველაფერი, როგორც იმ საბედისწერო დღემდე იყო"


ამას წინათ ძველ ჩანაწერებს ვათვალიერებდი. მეთერთმეტე კლასის ქართული ენისა­ და ლიტერატურის საშინაო დავალების რვეულში გაკეთებულმა ჩანაწერმა ის პერიოდი გამახსენა, როცა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ვემზადებოდი, რომელსაც სამუდამოდ უნდა შეეცვალა ჩემი მომავალი... სტუდენტობა ყოველთვის სხვანაირად წარმომედგინა. უფრო მეტი
სამეცადინო, საჯარო ბიბლიოთეკაში სიარული, ბევრი ხალისიანი და უდარდელი დღე... სკოლის დამთავრების შემდეგ გამიმართლა და იმ წელსვე ჩავაბარე. სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედი თბილისში... უცხო ქალაქი, უცხო სახეები და გარემო, რომელთანაც შეგუებას თითქმის ოთხი წელი მოვანდომე. როგორც წარმომედგინა, იყო ბევრი სამეცადინო და საჯარო ბიბლიოთეკაში სიარული,
მაგრამ ხალისიან და უდარდელ დღეებზე რა გითხრათ... ზუსტად იმ წლებში, როცა სტუდენტი გავხდი, ოჯახში დიდი ფინანსური კრიზისი გვქონდა. მარტო დედა მუშაობდა (პედაგოგია),­ მისი ხელფასი მაშინ 80 ლარიც არ იქნებოდა... სიდუხჭირის გამო ხან ერთ ნათესავთან მიწევდა ცხოვრება და ხანაც - მეორესთან. სწავლის გადასახადის დაგვიანების გამო, რამდენჯერმე გარიცხვის კანდიდატიც ვიყავი. იმ წლებმა ცხოვრება მასწავლა. ადამიანები გამაცნო და რაც მთავარია, დამოუკიდებლობის გემო გამასინჯა.

13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული მარიამ ქუთელია

სახლიდან ჩაფიქრებული გამოვედი, კინოფირივით გაირბინა ყველაზე მძიმე და საეტაპო წლებმა. ცუდ განწყობაზე დავდექი. ფიქრებში წასული, სამარშრუტო ტაქსიში ორი გოგონას საუბარმა გამომაფხიზლა:
- დღეს რა ვჭამოთ?
- წვნიანი მომენატრა.
- ბოსტნეული ვიყიდოთ და ბორშჩი გავაკეთოთ.
- კარგი. რომ მივალთ, შემახსენე, ადმინისტრაციას უნდა ვუთხრა, რომ საწოლი გამომიცვალონ ან გაამაგრონ. შეიძლება ერთ დღესაც იატაკზე დავენარცხო.

გოგონების დიალოგი კარგა ხანს გაგრძელდა. ერთმანეთს ცხოვრებისეულ პრობლემებზე ესაუბრებოდნენ და შიგადაშიგ ლექტორებსა და საგნებსაც განიხილავდნენ. "სიმბოლური დამთხვევაა", - გავიფიქრე ჩემთვის და დაორთქლილ ფანჯარას მივაშტერდი. მათი საუბრიდან მივხვდი, რომ გოგონები სტუდქალაქის საერთო საცხოვრებლის ბინადრები იყვნენ.
"ნეტავ დღეს რა პირობებში უწევთ ცხოვრება სტუდენტებს საერთო საცხოვრებელში?" - ამეკვიატა ეს კითხვა, ამიტომ რამდენიმე დღის შემდეგ ბაგებში სტუდქალაქს მივაკითხე.

ბაგებში უსახურ 4-სართულიან კორპუსთან ვჩერდები. შენობის შესასვლელში დაცვა საბუთებს მთხოვს. ვეუბნები, რომ ჟურნალისტი ვარ და ადმინისტრატორთან­ მგზავნის. ზაზა წაქაძე უკვე რამდენიმე წელია სტუდქალაქის მმართველია. მისგან­ ვიგებ, რომ აქ პირველი მობინადრე 1975 წლის 1-ელ ოქტომბერს შესახლებულა. კომპლექსში ხუთი შენობა, სამი 4-სართულ­იანი და ორი 14-სართულიანი ნაგებობა შედიოდა. ორი 14-სართულიანი და ერთი 4-სართულიანი სახელმწიფომ დევნილებს გადასცა. ამჟამად დარჩენილ ორ შენობაში­ ხუთასამდე­ სტუდენტი ცხოვრობს.

ზაზა წაქაძე: - სტუდენტის ყოვე­ლ­­თვიური გადასახადი 30 ლარია. ერთ ოთახში 2 ან 3 ცხოვრობს. კომუნალურ გადასახადებს ადმინისტრაცია იხდის. თავის დროზე სათავსებად გათვალისწინებული ოთახებიც საცხოვრებელ ოთახებად­ გადავაკეთეთ. მოთხოვნა დიდია. ყოველთვიურად 300-მდე განცხადება შემოდის. გვყავდნენ უცხოელი სტუდენტები ირანიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან."
შესასვლელში ერთმანეთზე ახორხლილი­ საბჭოთა დროინდელი დაშლილი ინვენტარი­ მხვდება. კიბით მეორე სართულზე ავდივართ. შელახული კედლები, ალაგ-ალაგ ამოცვენილი ფილები. კედლებზე გაკეთებულ წარწერებს თითქმის ყოველ წელს ემატება ახალი სახელები და გვარები. აქ თითქოს 70-იანი წლები გაყინულა. სველი­ წერტილები აქ ერთადერთი ადგილია, რომელიც საბჭოთა­ პერიოდის შემდეგ გარემონტდა.

სტუდენტი ბიჭი ოთახში გვეპატიჟება. ციცქნა ოთახი ცოტა ხნის წინ დერეფანი იყო. შუშაბანდზე აკრული თაბაშირ-მუყაო, ძნელი სათქმელია, სიცივეს დაიჭერს თუ არა. ძველ იატაკზე სპირალიანი­ ქურა დგას - ერთადერთი გამათბობელი საშუალება, რაზეც ამ ოთახის ბინადრები საჭმელსაც ამზადებენ და ზამთრის სუსხიან დღეებსაც ებრძვიან.

ეკონომიკის ფაკულტეტის მეორეკურსელი­ ნოდარ მამუკელაშვილი ახმეტელია:

- კარგი ის არის, რომ შუქისა და­ წყლის ფულს არ ვიხდ­ით.­ რამდენიმე სტუდენტმა საკუთარი სახსრებით შეღება კედლები. გამათბობლებიც თავად მოიტანეს.
ეკონომიკის ფაკულტეტის მეოთხეკურსელი, რაჭველი ანა გოგოლაძე სტუდქალაქში რამდენიმე დღის წინ ძმასთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად:
- ჩვენს კორპუსში 180 სტუდენტია. საერთო აბაზანა და საპირფარეშო უხერხულობას ქმნის, მაგრამ ეგ არაფერია. ისე, აქ ყველაფერი ძველი და გამოსაცვლელია...
სპირალიანი­ ქურა ერთადერთი საშუალებაა, რაზეც ამ ოთახის ბინადრები საჭმელსაც ამზადებენ და ზამთრის სუსხიან დღეებსაც ებრძვიან
ხაშურელი მარიამ ახალკაცი მესამე წელია, სტუდქალაქის მკვიდრია. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი პრეზიდენტის სტიპენდიანტია:
- რასაც ამ ოთახში ხედავთ, ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული. ჯგუფელ­ გოგონასთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც აქ გადმოსვლას 2 წელი ელოდა. მეც დიდი ბრძოლა დამჭირდა აქ დასაბინავებლად. ყოფილა შემთხვევა, სტუდენტს ერთი თვის შეტანილი ჰქონია განცხადება, ის დააკმაყოფილეს და არა ვთქვათ ის, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა განაცხადი გაკეთებული... ხელის დასაბანად დერეფნის­ ბოლოში გვიწევს­ გასვლა. არ ვითხოვთ ცხელ წყალსა და სააბაზანოს. ოთახებში მაინც შეგვეძლოს ჭურჭლის გარეცხვა...

"თავიდან მიმალავდნენ..."

აქ ერთი განსაკუთრებული ოთახია. კარს გარედან ფერადი ცარცით "ცა მეტი" აწერია. სწორედ ამ ოთახში ცხოვრობდა 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული მარიამ ქუთელია დასთან და მამიდაშვილთან­ ერთად. ოთახში ამჟამად მარიამის მამიდაშვილი ჟანა ცხოვრობს. მისი თხოვნით, შევთანხმდით­, რომ მარიამზე არაფერს ვკითხავდი. ისიც მთხოვა, დამპირდით, არ იტყვით,­ მარიამი აქ რომ ცხოვრობდაო, თუმცა დაპირებას ვერ ვუსრულებ. იმედია, გამიგებს... ამ სართულის ბინადარი სტუდენტები იმ ავბედით ღამეს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ. გოგონას დამ აქ ცხოვრება ვეღარ შეძლო და სხვაგან გადავიდაო... ოთახში, სადაც მარიამმა რამდენიმე წელი იცხოვრა, ისევ ისეა ყველაფერი, როგორც იმ საბედისწერო დღემდე იყო.

მარიამის მამიდაშვილთან ორი კვირის წინ ინგილო გოგონა, ნატო ნადირაშვილი­ შესახლდა: - მეოთხე კურსზე ვარ. გადმოსვლის შემდეგ გავიგე, რომ ამ ოთახში ცხოვრობდა გოგონა, რომელიც 13 ივნისს დაიღუპა. თავიდან მიმალავდნენ, ფიქრობდნენ, რომ უსიამოვნო განცდას გამოიწვევდა. მარიამი უნიჭიერესი გოგონა ყოფილა, რომელსაც დიდი მომავალი ჰქონდა..."

მეორე კორპუსისგან განსხვავებით, პირველ კორპუსში ყველა ოთახს ინდივიდუალური სველი წერტილი აქვს, თუმცა აქაც ყვე­ლაფერი ისეა, როგორც საბჭოთა პერიოდში...

P.S. საერთო საცხოვრებლის ბინადრები მაინც ბედნიერი­ არიან. რომ არა ეს შენობა, ბევრი მათგანი­ თბილისში სწავლას ვერ შეძლებდა.­ სტუდენტებს ყოველთვიურად მიზერული თანხის გადახდა უწევთ, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც რამდენიმეთვიანი საფასურის გადაუხდელობის გამო აქაურობა დაატოვებინეს.
P.P.S.
2016 წელს ლისის ტბაზე აშენდება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რომელიც 320 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

თორნიკე ყაჯრიშვილი
დალი
18 ნოემბერი 2015 22:04
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ანგელოზი მარიამი და ყველა ,იმ საშინელ ღამეს გარდაცვლილი!
თორნიკე, ძალად ჟურნალისტი რომ არ იყო,პასუხისმგებლობით მოეკიდებოდი ნებისმიერი მასალის მომზადებას....
და კიდევ...საბჭოთა პერიოდში რომ წესრიგი და ელემენტარული პირობები იყო,ნეტავ ის შეგვენარჩუნებინა და ასე არ გავპარტახებულიყავით ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე! მშობლებს მაინც ჰკითხე და გეტყვიან
eka
14 ნოემბერი 2015 21:57
ჩემი 3შვილი ამ ბინებში ცხოვრობდა,ახლა 1ცხოვრობს,ალბათ ეს ბინები რომ არ ყოფილიყო ჩემი შვილები ვერც ისწავლიდნენ,უფასოდ სწავლობდნენ მაგრამ ბინის საფასურის გადახდის საშუალება ნამდვილად არ გვქონდა.ამიტომ კი არ უნდა აკლდებოდეს ასეთ ბინებს უნდა ემატებოდეს
შორენა
14 ნოემბერი 2015 15:32
ახლა მარიამის და რათქმა უნდა იქქ ვერ იცხოვრებს,ამიტომ მასზე უნდა იზრუნოს კეთილმა ადანიანებმა და ერთ ოთახიანი ბინა მაინც მისცეს.ყველას მისცეს ბინები , ისიც ხომ დაზარალებულია,

რედაქტორის რჩევით