გოგონა "მიჩურინის" ვაშლით ძმები არველაძეების "მე-11 დედაა" - კვირის პალიტრა

გოგონა "მიჩურინის" ვაშლით ძმები არველაძეების "მე-11 დედაა"

"კვირის პალიტრის" არქივიდან

თამრიკო დოლიძე: "ჩემთვის "ჭრიჭინა" ბედნიერ და დაუვიწყარ დღეებს ნიშნავს"

"ჩემმა შვილებმა ფილმი რომ ნახეს, ვერ დავაჯერე, რომ ის პატარა გოგო, ვაშლით ხელში, მე ვიყავი"

ქართული მხატვრული ფილმი "ჭრიჭინა", რომელიც 1954 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მიუხედავად იმისა, რომ გაჯერებულია კომუნისტური იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი ფრაზებით, მაყურებლის საყვარელი ფილმია. ეს ალბათ, სულხან ცინცაძის სიმღერისა და იმ ვარსკვლავების დამსახურებაა, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს ქართული კინო.

"ეს მიჩურინის ვაშლი კი არა, ჩემი ვაშლია!" - ყველა თაობის კინომოყვარული გეტყვით, რომ ეს ფრაზა "ჭრიჭინადანაა", თუმცა ის ორი პატარა გოგონა ბევრისთვის უცნობია. ისინი ბიძაშვილები, ქეთი და თამრიკო დოლიძეები არიან. ქეთი დღეს ცნობილი რეჟისორია, თამრიკოს კი, მიუხედავად იმისა, რომ ექიმია, საზოგადოება ძმებ არველაძეების დედად იცნობს. დღეს თამრიკო დოლიძე ჩვენი რესპონდენტია.

- "ჭრიჭინას" გადაღებისას მე 5 წლის ვიყავი, ქეთი - 6-ის. ფილმს ბიძაჩემი იღებდა და ეს ეპიზოდი ჩვენთვის მოიფიქრეს.

- დედამ ვარდისფერ კაბაში საგანგებოდ გამომაწყო და თმა დამვარცხნა. გადაღება ვაკის პარკის კიბეზე მიმდინარეობდა. ყოველ დუბლზე კიბეზე ახალ-ახალ წითელ ვაშლს აგორებდნენ. სხვათა შორის, ჩვენი პერსონაჟები ჩვენვე გავახმოვანეთ.

ფილმის დიდი ნაწილი გურიაში გადაიღეს. მახსოვს, იმ ხიდს, რომელიც კადრში მოჩანს, "ჭრიჭინას ხიდს" ეძახდნენ. ზაფხული იყო, ჩვენ აგარაკი მახინჯაურში გვქონდა, ამიტომ რამდენიმე სცენის გადაღებას მე და ქეთიც დავესწარით.

ჩვენ ერთ სახლში ვიზრდებოდით, ბაზალეთის ქუჩაზე მამიდები გვზრდიდნენ. ლეილა აბაშიძე თითქმის ყოველდღე გვსტუმრობდა, ამიტომაც გადაღებაზე მის გვერდით თავისუფლად ვგრძნობდით თავს. მე ცელქი და მოუსვენარი გახლდით, კარგად ვმღეროდი და ვცეკვავდი, ქეთი კი მშვიდი და დინჯი იყო. მერე მე ვიავადმყოფე და დიდი ხანი დამჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ექიმი გამოვსულიყავი. ჩემი მეუღლეც ექიმია.

- შვილები კი ფეხბურთელები...

- შვილებს, ბურთის გარდა, არაფერი აინტერესებდათ.

- ბიჭებს რა რეაქცია ჰქონდათ, ეკრანზე რომ გიხილეს?

- მახსოვს, კეჩხობში ვიყავით დასასვენებლად და კინოდარბაზში "ჭრიჭინას" აჩვენებდნენ. ბიჭებს არ უნდოდათ შემოსვლა, მოედანზე ფეხბურთს თამაშობდნენ. ამ ფილმში ვთამაშობ, არ გაინტერესებთ, როგორი ვიყავი-მეთქი. ძლივს წამოვიყვანე ფილმის ჩვენებაზე,

როგორც კი ახალი პერსონაჟი ქალი გამოჩნდებოდა, მაშინვე მეკითხებოდნენ, შენ ხარო? როდესაც მართლა გამოვჩნდი, ვერ დავაჯერე, რომ ის პატარა გოგო მე ვიყავი. ახლა ტელევიზიით რომელიმე არხზე თუ "ჭრიჭინა" გადის, ბიჭები აუცილებლად დამირეკავენ, დე, გადართეო.

ქეთი ბიჭებს ხშირად იღებდა თავის ფილმებში, თუმცა მონტაჟის შემდეგ რატომღაც მხოლოდ ტიტრებში რჩებოდნენ. ამაზე ბევრს ხალისობდნენ.

- ძმები თურქეთში პოპულარულები არიან. როგორც ვიცი, ერთხელ საზღვარზე გადასვლისას რაღაც ინციდენტი შეგემთხვათ, რომელიც თქვენს შვილებს უკავშირდება.

- მას შემდეგ, ალბათ, ოცი წელი გავიდა. ლიზა ბაგრატიონი ჩემი ძმისშვილია (დედაჩემის მხრიდან, ჩვენი ბაბუები ძმები იყვნენ). ლიზა, მე და ტყუპის ნათლია, ციალა ურუშაძე საზღვარზე გადავდიოდით. არ მახსოვს, მაგრამ რაღაც პრობლემამ იჩინა თავი. მაშინ ციალამ ჩემზე მიანიშნა, ეს იცით, ვინ არის, რომ არ ატარებთ, არველაძეების დედააო. თურქმა მესაზღვრეებმა ჯერ მხრები აიჩეჩეს და მერე სიცილი აუტყდათ. ერთ-ერთმა მითხრა: ქალბატონო, ერთი ეს გაგვაგებინეთ, თქვენ მერამდენე დედა ხართ, დღეს არველაძეების 10 დედა უკვე გავატარეთო...

შვიდი შვილიშვილი მყავს და მათგან მხოლოდ სამია გოგონა. ფილმში რომ მხედავენ, ბევრს იცინიან. ჩემთვის კი "ჭრიჭინა" ბედნიერ და დაუვიწყარ დღეებს ნიშნავს. "ჭრიჭინას" გადაღებაზე გატარებული დღეები ჩემთვის სწორედ ასეთია.

ეკა სალაღაია