ფრთხილად! თქვენ გვერდით საშიში ქალი და კერძო დეტექტივია! - კვირის პალიტრა

ფრთხილად! თქვენ გვერდით საშიში ქალი და კერძო დეტექტივია!

"ის იყო, ჩვენც ვაპირებდით პოსტის დატოვებას, რომ ეზოში ტაქსი შემოვიდა და გოგონა გადმოვიდა თუ არა, ობიექტის ფანჯრებს ახედა. მგონი, ჩვენს ჩიტუნას სტუმარი ჰყავს, - თქვა და ფოტოაპარატი ააჩხაკუნა..."

"მაია აღელვებული იყო. როგორც თავად გვითხრა, უკვე მოესწრო მეგობარ მამაკაცთან ეჭვიანობის სცენების გამართვა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. მოკლედ, ფოტოები და ინფორმაცია გადავეცით... წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა... ჩვენ თვალწინ აკრიფა ფურცელზე დაწერილი ბაღის აღმზრდელის ტელეფონის ნომერი და შეხვედრაზე შეუთანხმდა..."

მუდმივი ადრენალინი და საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა მახალისებს. გადავწყვიტე, ამჯერად კერძო დეტექტივთან ერთად მემუშავა. შევთანხმდით, რომ კლიენტთან პირველი შეხვედრიდან საქმის დასრულებამდე მის გვერდით ვიქნებოდი როგორც თანაშემწე.

შეხვედრა

შეხვედრაზე კაფეში 30-35 წლის სიმპათიური, მოდურად ჩაცმული ქალბატონი მოვიდა... ძვირად ღირებული ავტომობილი კაფესთან მოაყენა. შავი ჩექმა, მუხლს ზემოთ შაბიამნისფერი ქვედაკაბა, თხელი ბლუზა, ოქროს სამკაულები... სიარულისას შავი და ტალღოვანი თმა ზამბარებივით ერხეოდა...

ჩემმა "შეფმა" მის დანახვაზე მუშტისოდენა ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში...

ჩვენს მაგიდასთან რომ დაჯდა, მეგონა, ახლა გრძელ მუნდშტუკს ამოიღებს, ისეთს, 20-იან წლებში რომ ეწეოდნენ ქალები, და გააბოლებს-მეთქი, მაგრამ ჩვეულებრივი სიგარეტის კოლოფი დააძრო, ერთი ღერი ლამაზი მოძრაობით ამოიღო და მოუკიდა. ამის მერე მოგვესალმა...

დავალება

ობიექტი (ადამიანი, რომელზეც კლიენტს ინფორმაცია აინტერესებს) - 39 წლის ცოლს გაცილებული შეძლებული მამაკაცი.

დამკვეთი - ობიექტის საყვარელი.

ჩვენი მიზანი - გამოვავლინოთ, ღალატობს თუ არა მამაკაცი საყვარელს; თუ ღალატობს, მეტოქის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება - ტელეფონის ნომრის, საცხოვრებელი ადგილისა და სამსახურის მისამართების დადგენა და მისი წარსულის გაშიფვრა.

მიზანი - საყვარელ მამაკაცს გაჰყვეს ცოლად.

ანაზღაურება: 1 დღე - 250 ლარი.

კლიენტთან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი ორივე მხარის უფლება-მოვალეობები.

და ისევ კითხვა, რომელიც ჩემს გონებაში ამოტივტივდა - როგორ შეიძლება, ამისთანა ქალს მამაკაცი ღალატობდეს?

პირველი დღე

მაიასთან (სახელი შეცვლილია) შეხვედრის შემდეგ, მეორე დღე დავგეგმეთ.

დილის 8 საათზე ობიექტის სახლთან მანქანაში ვისხედით (მისი მისამართი, მანქანის ნომერი, სამსახურის ადგილმდებარეობა კლიენტისგან ვიცოდით და ფოტოც ნანახი გვქონდა).

10 საათამდე საუბრით შევიქციეთ თავი, თან ყავას ვსვამდით. ჩვენი ობიექტი 11-ის დასაწყისში გამოვიდა შინიდან, ფარეხიდან ავტომანქანა გამოიყვანა და ეზოდან გავიდა.

უკან მივყევით. სამსახურში მივიდა. ქუჩაში სათვალთვალოდ მოხერხებული ადგილი შევარჩიეთ და ჩავუსაფრდით... მივხვდი, საღამომდე მოგვიწევდა იქ ყოფნა და გული შემიწუხდა.

- ჩვენი პროფესიის ძირითადი სირთულე ლოდინია. შესაძლოა, მოგშივდეს, მოგწყურდეს, ბოლოს და ბოლოს, ტუალეტში მოგინდეს შესვლა, მაგრამ პოსტს ვერ მიატოვებ, რადგან შესაძლოა, სწორედ ამ დროს გაძვრეს ობიექტი და მერე მთელი დღე ტყუილად ელოდო. მით უმეტეს, თუ მარტო მუშაობ, - "დამამშვიდა" "შეფმა" და შესაშური სიმშვიდით მოერგო სავარძელს.

5-ის ნახევარზე, როგორც იქნა, გამოჩნდა ობიექტი. ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, სიგარეტების ჯიხურთან გაჩერდა, მანქანიდანვე მიაწოდა ფული, რამდენიმე კოლოფი იყიდა და დაიძრა. ამ დროს ჩვენც მის უკან ვიდექით, დეტექტივმაც სასწრაფოდ გადააწოდა ფული გამყიდველს ისე, რომ ხურდის დაბრუნება არ დასჭირვებოდა, ერთი შეკვრა საღეჭი რეზინი გამოართვა და შემდეგ შუქნიშანზე ობიექტს ისევ წამოვეწიეთ.

- ასეთი შემთხვევებისთვის ხურდა უნდა გქონდეს მომარაგებული, რომ დრო არ დაკარგო, მორიგი რჩევა მომცა "შეფმა".

ობიექტი ქავთარაძის ქუჩაზე ერთ ეზოში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხდაფეხ მივყვებოდით, ვერ დავინახეთ, სად შევიდა.

ღამის 11 საათი იყო, როდესაც ობიექტი სადარბაზოდან გამოვიდა და სახლამდე მივყევით. რადგან მანქანა ფარეხში გააჩერა, მივხვდით, რომ არსად წასვლას აღარ აპირებდა და ჩვენც დავიშალეთ...

მეორე დღე

დილის 8 საათზე ისევ ობიექტის სახლთან ვიდექით. ამჯერად 9 საათზე გამოვიდა შინიდან. მეორე დღე გაცილებით "მოძრავი" აღმოჩნდა: იუსტიციის სახლი, ლილოს დასახლება, ისევ იუსტიციის სახლი, სამსახური.

ოფისიდან ნახევარ საათში მანქანა ისევ გამოვიდა, მაგრამ შევნიშნეთ, რომ საჭესთან სხვა იჯდა. მივხვდით, რომ მძღოლი იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ გაყოლა.

- ახლა უნდა გავიყოთ. შენ მანქანას გაჰყევი, მე კი აქ დაველოდები, იქნებ სადმე გასვლა დააპიროს...

ცოტა კი ავღელდი, მაგრამ მისი მანქანის საჭეს მივუჯექი და უკვე თვალს მოფარებულ მანქანას გავეკიდე. გამოცდილი დეტექტივივით კვალში ჩავუდექი.

გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა დამოუკიდებლად მუშაობა. აქამდე მხოლოდ "შეფის" ბრძანებებს ვემორჩილებოდი, ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონოდა. თუმცა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ავტოსამრეცხაოსა და ერთ-ერთ მშენებარე სახლს ვესტუმრეთ, სადაც მოწმე გავხდი, როგორ ჩამოვიდა მუშა ერთ-ერთი სართულიდან და მძღოლმა ფული გადასცა.

"შეფი" დროდადრო მირეკავდა, რამე ხომ არ გიჭირსო. უკანა გზაზე, ჩემი არაპროფესიონალიზმის გამო მე და ობიექტი ისე გადავიკვეთეთ, რომ ლამის გვერდიდან შევასკდი. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და "შეფთან" დავბრუნდი.

ობიექტმა საღამოს 8 საათზე მძღოლთან ერთად დატოვა სამსახური. თავად შინ დარჩა, ხოლო მანქანა მძღოლმა წაიყვანა. ისეთი ადგილი მოვძებნეთ, საიდანაც სადარბაზო ხელისგულივით მოჩანდა და თვალთვალი განვაგრძეთ. სადარბაზოში შესულ ყველა ადამიანს ვაკვირდებოდით და ფოტოებსაც ვუღებდით. 2 დღის განმავლობაში 100-მდე ფოტო მაინც დაგვიგროვდა...

ცოტა ხანში ჩვენი კლიენტი ქალი მოვიდა, მანქანა ეზოში დატოვა და სადარბაზოში შევიდა. იქ საათ-ნახევარი დაჰყო და უკან გაბრუნდა.

ის იყო, ჩვენც ვაპირებდით პოსტის დატოვებას, რომ ეზოში ტაქსი შემოვიდა და გოგონა გადმოვიდა თუ არა, ობიექტის ფანჯრებს ახედა. მე არც მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ "შეფის" გამოცდილმა თვალმა მაშინვე დააფიქსირა.

- მგონი, ჩვენს ჩიტუნას სტუმარი ჰყავს, - თქვა და ფოტოაპარატი ააჩხაკუნა.

დეტექტივი ფეხაკრეფით შეჰყვა გოგონას სადარბაზოში.

- არც დაუკაკუნებია. შინაურივით მოიქცა, - მითხრა უკან დაბრუნებულმა.

მოგვიანებით მე შინ წავედი, დეტექტივი კი დარჩა, რომ გოგონას წასვლის დრო დაეფიქსირებინა.

მესამე დღე

დილით ჩემს "შეფს" ისევ იმ ადგილზე მივაგენი, მთელი ღამე მანქანაში გაუტარებია... ობიექტს 10-ის ნახევარზე მოაკითხა მძღოლმა. ის გოგონასთან ერთად ჩამოვიდა, მანქანაში ჩასხდნენ და ჯერ გოგონა დატოვეს დიდუბეში, თვითონ კი სამსახურში მივიდნენ. ჩვენ კლიენტს დავუკავშირდით, რომ მისთვის გოგონას ფოტო გვეჩვენებინა.

მაიამ ფოტოზე გოგონა ვერ ამოიცნო, პირველად ვხედავო, - გვითხრა და საშინლად გაწითლდა. ძალიან განერვიულდა.

შემდეგ დეტექტივმა მე ობიექტის სამსახურთან მანქანაში დამტოვა და დამავალა - თუ სადმე წავიდა, გაჰყევიო, თვითონ კი ტაქსით სადღაც წავიდა. 2 საათის შემდეგ დაბრუნდა და ახალი ამბები მოიტანა. გოგონა, რომელიც იმ ღამით ობიექტთან სტუმრად იყო, საბავშვო ბაღის აღმზრდელი აღმოჩნდა, მისი სამსახურისა და სახლის მისამართებიც უკვე იცოდა.

- ახლა ჯერი შენზეა, ბაღში უნდა მივიდეთ, - მომცა მორიგი დავალება.

საღამოს, სამუშაო საათების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, მივედით ბაღში. აღსაზრდელების უმეტესობა მშობლებს წაყვანილი ჰყავდათ. პედაგოგებს რამდენიმე ბავშვი ეზოში გამოეყვანათ. ერთ-ერთი ამოვარჩიე, რომელიც განმარტოებით ჩამომჯდარიყო და მისკენ გავეშურე. ის იყო, მივუახლოვდი, რომ მეორე პედაგოგი მიუჯდა გვერდით. უკან გამობრუნება გვიან იყო და საუბრის დაწყებაც არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სახეზე იდუმალი გამომეტყველება აღვიბეჭდე და ჩუმად ვკითხე, დიდი ხანია, აქ მუშაობთ-მეთქი?

- დიახ, - ორივემ ერთდროულად მიპასუხა, - რა გაინტერესებთ?

- თქვენს ერთ თანამშრომელს ურიგებენ ჩემს ძმას. მინდოდა რაღაცების გაგება. ხომ იცით, რა დროა, ვერავის ენდობი, არ მინდა, მოტყუებულები დავრჩეთ.

- თქვენი ძმა რამდენი წლისაა? სად მუშაობს? - დამაყარეს კითხვები მას შემდეგ, რაც გავუმხილე, ვის შესახებ მაინტერესებდა ინფორმაცია. თუმცა რომ ვუთხარი, ძმა არსად მუშაობს-მეთქი, ცხვირი აიბზუეს.

- მაგას გენაცვალე, ისეთი შეძლებული საყვარელი ჰყავს, უმუშევარ კაცს ცოლად არ გაჰყვება. კარგ ცხოვრებას დააჩვია იმ კაცმა, - მითხრა ერთმა.

- თქვენც იცნობთ იმ კაცს?

- არა, არ გვინახავს, მაგრამ ვიცით, ვინც არის. ყველამ იცის, მისმა ოჯახმაც კი, მომახალა და ისე შებრუნდა, რომ აშკარად მანიშნა, დაგვეხსენიო. მოპოვებული ინფორმაცია "შეფს" სიტყვასიტყვით ჩავუკაკლე... მან კიდევ მოიპოვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და როდესაც დარწმუნდა, რომ ღამის სტუმარს ობიექტთან ნამდვილად ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, კლიენტს დაურეკა. მაია აღელვებული იყო. როგორც თავად გვითხრა, უკვე მოესწრო მეგობარ მამაკაცთან ეჭვიანობის სცენების გამართვა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.

მოკლედ, ფოტოები და ინფორმაცია გადავეცით... წონასწორობას ძლივს ინარჩუნებდა... ჩვენ თვალწინ აკრიფა ფურცელზე დაწერილი ბაღის აღმზრდელის ტელეფონის ნომერი და შეხვედრაზე შეუთანხმდა.

- თუ გნებავთ, წამოგყვებით, - არ მომასვენა ცნობისმოყვარეობამ, მაგრამ მისგან უარი, "შეფისგან" კი მუჯლუგუნი მივიღე...

- ჩვენი მოვალეობა შევასრულეთ და აქ მთავრდება კლიენტთან ურთიერთობა, - მითხრა მას შემდეგ, რაც ქალბატონი ადგილს ისე მოსწყდა, რომ მტვერი და მანქანის გამონაბოლქვი შემოგვაყარა. დეტექტივმა არც იმის უფლება მომცა, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ იმ ქალს შევხმიანებოდი და მეკითხა, რა მოხდა მის ცხოვრებაში... იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა...

მკითხველმა იცის, რომ უკვე რამდენიმე პროფესია მოვსინჯე და ახლა მივხვდი, რომ ჟურნალისტი რომ არ ვიყო, აუცილებლად "კერძო დეტექტივი" ვიქნებოდი.

მარი ჯაფარიძე