მურაბების ქალაქი, რომანოვები და კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

მურაბების ქალაქი, რომანოვები და კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია

უცნობმა რუსმა ბიზნესმენმა ჩინეთის ბაზრობაზე შეისყიდა და სასახლეშივე დააბრუნა რამდენიმე ათას დოლარად შეფასებული რომანოვების ბაყაყი

გიორგი ფერაძემ რომანოვების მსახურთა სახლები დამათვალიერებინა და 1880 წელს დაზღვეული სახლის ლოგოც მაჩვენა - რომანოვების აშენებულ სახლში ვცხოვრობ და როცა ვარემონტებდი, ეს ფირფიტა კედელში დატანებული ვიპოვე, ეს იმას ნიშნავს, რომ რომანოვებს სახლებიცა და ყველაფერი დაზღვეული ჰქონდათ, ასე იყო მაშინ ცხოვრება მოწყობილიო...

რომანოვების სასახლეებს რატომ ათვალიერებ, მე საქართველოში მაგათ ყოფნას არც გავიხსენებდი, - უკმაყოფილოდ მითხრა ბორჯომში ყოფნისას მეგობარმა. ამას რომ მეუბნებოდა, ქვემოდან ავცქეროდი რომანოვების ბრჭყალებიან არწივს - ამ სასახლეებისა და მათი პატრონის ძლევამოსილებას უკვე ჩალის ფასიც აღარ აქვს, და როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, როგორც მანამდე სხვა დამპყრობელნი-მეთქი, - ვუთხარი მეგობარს და სასახლეების დათვალიერება განვაგრძე.

ამასობაში სევდამაც დამრია ხელი - რომანოვები ჩვენზე უკეთ უვლიდნენ ბორჯომს. ისინი არც დაავადებულ ხეებს მისცემდნენ ბორჯომის უნიკალურ ტყეებში დაავადმყოფების საშუალებას და არც კერძო მესაკუთრეებს ბორჯომის წყაროებთან გრანდიოზული მშენებლობების გაჩაღების ნებას - ამ მასშტაბის მშენებლობები სულ ცოტა, 2000-წლოვან ბორჯომის წყაროებს კალაპოტის შეცვლით ემუქრება... თავად რომანოვები - იმპერატორ ალექსანდრე III-ის ძმა, მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი და მისი ვაჟები: ნიკოლოზი და სერგი ამ წყაროებიდან კარგა მოშორებით დასახლდნენ.

აღარავის ახსოვს იმ საკირელი გლეხი ქალის სახელი და გვარი, ვინც ბორჯომი დღეს მარჩენალი მურაბების ქალაქად აქცია. საკირელი ქალის გამოგონილი გირჩის, წიწვისა თუ კედრის მურაბების მომხარშველი, წიწვის მტვრის შემგროვებელ-გამყიდველი ქალები ქალაქის ცენტრში უცხოელ ტურისტებს საოცარი ფერის მურაბებით უმასპინძლდებიან და 200 გრამს 5 ლარად ყიდიან. ამ გაცხოველებულმა ვაჭრობამ მეც გამაჩერა. ვიფიქრე, - ისეთი რა მურაბა უნდა იყოს, რაც არ გამისინჯავს-მეთქი. კიდევ კარგი, მივედი! რომ მეგონა, წიწვოვნებისგან მხოლოდ გირჩის მურაბა მზადდებოდა (რომელიც სასუნთქი გზებით დაავადებულებისთვის მართლაც რომ უებარი წამალია), თურმე ტყუილად: ჩემ წინ პატარ-პატარა ქილებით წიწვის, კედრის, რკოსა თუ ფიჭვის ფისის მურაბებისა და ჯემების ისეთი ნაირსახეობა იყო ჩამწკრივებული, გაოცებული დავრჩი.

ჩემი გაოცებით კმაყოფილი გამყიდველი კი მურაბებს ცხვირწინ სიამოვნებით მილაგებდა, - შეგიძლია დაწერო, ვინც ბორჯომში გირჩის, კედრის თუ წიწვის მურაბას იყიდის, მკვდარიც ფეხზე დადგებაო.

- ეგ წიწვის მურაბა რაღაა?

- გაზაფხულზე გამოსული ნორჩი წიწვის მურაბა უკვდავების წამალია - რაც უნდა მძიმე გრიპი შეეყაროს კაცს, სამ დღეში გამოუჯანმრთელებს ბრონქებს! წიწვი მკურნალი რომ არ იყოს, რომანოვები კი არ გამოიქცეოდნენ ბორჯომში. რაც ჩვენს ტყეებშია, ყველაფერი მკურნალია. ნაძვის ფისს რომ ეძახიან და მერე "კევი" გამოდის, იმისგან ისეთი ჯემი მზადდება, მკვდარს წამოაყენებს. რკოს მურაბაც იხარშება, ჯემი ნაძვის მტვრითაც კეთდება... ვისაც საკუთარი ჯანმრთელობა უყვარს, ის ჩვენს მურაბებს გულგრილად ვერ ჩაუვლის.

- ყველა ეს მურაბა იყიდება?

- აბა, ქუჩაში ტყუილად ვზივართ? ბორჯომში მურაბების გასაყიდად მეზობელი რაიონებიდანაც ჩამოდიან. მე ხაშურიდან ვარ, მურაბებს ხაშურში ვამზადებ და აქ ვყიდი. შემოდგომის სეზონი რომ მორჩება, ჩემი მურაბებით ბაკურიანში გადავალ, ზაფხულში ისევ აქ დავბრუნდები, - მითხრა მურაბის გამყიდველმა და თვალი პარკს მიაბჯინა. დამსვენებლები 50 თეთრს იხდიან და პარში ჭიქებითა და ბოთლებით ახუნძლულები შედიან - 1 500 მ მიწის სიღრმიდან ამოსული ბორჯომის თბილი წყალი დღესაც უკვდავების წყლად ითვლება. დაახლოებით 200 წლის წინ ამ წყალმა პირველად კავკასიაში მეფისნაცვალ გოლოვინის ქალიშვილი მოარჩინა. მას შემდეგ ბორჯომისკენ ყველა მეფისნაცვალი დაიძრა ოჯახიანად. რაც შეეხება მეფისნაცვლად დანიშნულ იმპერატორის ძმას, მიხეილ რომანოვს, ის ბორჯომის მშვენიერებამ და წყალმა ისე მოაჯადოვა, რომ გადაწყვიტა, ამ უსიერ ტყეში ქალაქი გაეშენებინა სასახლეებითა და საიმპერატორო კომფორტით.

მიხეილმა შეუძლებელი შეძლო და საიმპერატორო გვარის შთამომავლობისთვის ბორჯომში ოაზისები ააშენა, მათ შორის, თავისი ვაჟების - სერგისა და ნიკოლოზისთვის, რომლებიც პეტერბურგიდან ბორჯომისაკენ ყოველი ზაფხულის დადგომისას ეტლებით დაიძვრებოდნენ ხოლმე მსახურებითა და ბაზიერებით - სანადირო ადგილებიც განუმეორებელი ფუფუნებით ჰქონდათ მოწყობილი.

ნიკოლოზის სასახლე, მამისა და ძმის სასახლეებისაგან განსხვავებით (მიხეილის სასახლე 1968 წელს დაიწვა, სერგის სასახლეში კი ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებისთანავე ხალხი შეასახლეს), მთელი თავისი დიდებულებით არის შემორჩენილი, - 90-იან წლებში სასახლის ეზოდან ბაყაყის ქანდაკება მოიპარეს. მოგვიანებით, უცნობმა რუსმა ბიზნესმენმა ჩინეთის ბაზრობაზე შეისყიდა და სასახლეშივე დააბრუნა რამდენიმე ათეულ ათას დოლარად შეფასებული რომანოვების ბაყაყი. სასახლე თავის დროზე, სტალინისთვის გაარემონტეს და რუსეთის ქართველმა "იმპერატორმა" იქ ორჯერ ინება დასვენება - პეპლებიან (მეფისწულ ნიკოლოზს იმდენად უყვარდა პეპლები, რომ 2 000-ეგზემპლარიანი ბორჯომული პეპლების კოლექცია შექმნა და თავისი ოთახიც პეპლებით მოახატვინა) ოთახში მოითხოვა დაძინება და ალბათ, მშვენივრადაც გამოიძინა... რამდენჯერ დაისვენა იქ ლავრენტი პავლოვიჩ ბერიამ, საიდუმლოდ რჩება. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის აქ დასვენება არ არის ბორჯომელებისთვის საიდუმლო, - ამ სასახლეში ოჯახთან ერთად ხშირად ისვენებდაო...

დღეს სასახლეს ავტომატიანი მცველები დარაჯობენ და იქაურობას ახლოსაც არ გაგაკარებენ. მიზეზი ვიკითხე. ეს სასახლე აუქციონზეა გატანილი და მყიდველს დაუზიანებლად უნდა ჩავაბაროთო. ამ ლოდინში სასახლის ეზოს ეკალბარდი მოსდებია და ქანდაკებებსაც ხავსი ჭამს. სამაგიეროდ, ბორჯომში საძაღლეთის უბანი ხმაურობს (ამ ადგილას მწევარ-მეძებრებს წვრთნიდნენ, ამიტომაც დღესაც საძაღლეთის უბანს ეძახიან). აქ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ბაზიერთა მწვრთნელების სახლები. გიორგი ფერაძემ საძაღლეთში შემორჩენილი რომანოვების მსახურთა სახლები დამათვალიერებინა და 1880 წელს დაზღვეული სახლის ლოგოც მაჩვენა - მეც რომანოვების აშენებულ სახლში ვცხოვრობ და როცა ვარემონტებდი, ეს ფირფიტა კედელში დატანებული ვიპოვე, ეს იმას ნიშნავს, რომ რომანოვებს ყველაფერი დაზღვეული ჰქონდათ, ასე იყო მაშინ ცხოვრება მოწყობილიო...

სინამდვილეში მაინც არაფერი გამოუვიდათ დაზღვეული-მეთქი, - ვუთხარი გიორგის. გაჩუმდა. მერე სვანური ქუდი შეისწორა და დაბეჯითებით მითხრა, - უფლის გარდა, არავინ არაფრის მზღვეველია, რაც მას უნდა, ის იქნება. რომანოვებიც ისევე წავიდნენ ჩვენი მიწიდან, როგორც ყველა დანარჩენი, ჩვენ კი ისევ აქ დავდივართო.

მართალი იყო ის კაცი. მისი სიტყვები დამემგზავრა და მურაბების ქალაქში უფრო ტკბილად გამაგრძელებინა გზა, - ჩვენს, ქართველების ცხოვრებასაც ბორჯომის წიწვოვანი ტყეების მურაბების მომწარო გემო დაჰკრავს... იმპერატორები მიდიან და მოდიან, ჩვენ აქვე ვართ და ვცოცხლობთ...

ნიკოლოზ რომანოვის სიყვარულის ისტორია

მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის ერთ-ერთი ვაჟი ნიკოლოზი უცოლშვილო გახლდათ. მან ლიკანში მამისაგან აგებულ ზღაპრულ სასახლეში მნე - ვარვარა რომანენკო ჩამოიყვანა ქმრითურთ და თავის ეზოში დაასახლა. სწორედ ვარვარას სიყვარული გახდა ნიკოლოზ რომანოვის დაუოჯახებლობის მიზეზი, რაც არასოდეს უნანია. უფლისწულის სასახლე აღმართში იდგა, მნისა - დაღმართში, სასახლიდან ორასიოდე მეტრში. როცა უფლისწული დაღამებისას სანთელს აანთებდა, ვარვარა რომანენკო ქმარს მთელი ღამით დაემშვიდობებოდა და უფლისწულთან მიაშრიალებდა გრძელი კაბის შლეიფს. იქ კი მანამდე ნებივრობდა, ვიდრე განთიადზე ჩიტები ჭიკჭიკს დაიწყებდნენ. დიდი სიყვარულის მიუხედავად, ნიკოლოზმა ვერ გაბედა, ცოლად არაარისტოკრატი ქალის შერთვა. შვილები არც ერთს არ ჰყოლია. ალბათ, განგების ნება იყო, - რა აზრი ჰქონდა ისეთი ბავშვის დაბადებას, რომელსაც 1917 წელს ბოლშევიკები მამასთან ერთად დახვრეტდნენ!