”შა­ლი” - შე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი ზამ­თარ­ში - კვირის პალიტრა

”შა­ლი” - შე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლი ზამ­თარ­ში

”ჩემი აზრით, არ არის მთავარი, დიზაინერის დიპლომი გქონდეს. მოდის ინდუსტრიაში მთავარი ხედვა და გრძნობაა, ეს კი ადამიანს ან აქვს, ან არა”

”პალიტრამედიამ” ქართული წარმოების ხელის შეწყობისთვის რამდენიმე თვის წინ სოციალური კამპანია დაიწყო: ”იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა”. მისი მიზანი ქართული ნაწარმის საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა, ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის გაძლიერებაა. ”შალი” - ასე ჰქვია მარკას, რომელიც მომხმარებელს ნაქსოვ ჟაკეტებსა და ჯემპრებს სთავაზობს. ბრენდის შექმნის იდეა კი 26 წლის გვანცა ხუნდაძეს დაებადა.

გვანცა ხუნდაძე: - პროფესიით ეკონომისტი ვარ. ქსოვა დედამ მასწავლა. ერთად ვიგონებდით და ვქმნიდით ნაქსოვ სამოსს. ჩვენი ნაქსოვი ჟაკეტები და ჯემპრები ბევრს მოსწონდა და უკვირდათ, პროფესიონალის შექმნილი რომ არ იყო. გადავწყვიტეთ, პატარა ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. მოვქსოვეთ შვიდი, ერთმანეთისგან განსხვავებული ჟაკეტი... ნამდვილად არ ველოდი, რომ ჟაკეტები ასე სწრაფად გაიყიდებოდა და ამხელა ინტერესი გაჩნდებოდა. გადავწყვიტე, შემექმნა ბრენდი, რომელსაც შჰალყ დავარქვით. დიდი ხანი არ არის, რაც გაყიდვა დავიწყეთ. საქართველოს გარდა, სხვადასხვა ქვეყნიდანაც გვიკავშირდებიან, რაც ძალიან მახარებს. გვყავს პროფესიონალი მქსოველების გუნდი, რომლებიც ჩვენ მიერ მოფიქრებულ დიზაინს ხარისხიანად ასრულებენ. მე არ ვარ დიზაინერი, ვაკეთებ იმას, რაშიც ჩემს თავს ვხედავ. ხვალ შეიძლება სრულიად სხვა საქმე წამოვიწყო - რატომაც არა? ბევრი სფერო მაინტერესებს და ბევრი იდეაც მაქვს. როცა ეს საქმე დავიწყე, არც სამსახური მქონდა და არც დიდი ბიუჯეტი. ჩემი აზრით, არ არის მთავარი დიზაინერის დიპლომი გქონდეს. მოდის ინდუსტრიაში მთავარი ხედვა და გრძნობაა, ეს კი ადამიანს ან აქვს, ან არა. თუ 16 წლის ასაკში პროფესია არასწორად აირჩიე, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სიცოცხლე უნდა აკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს. პირიქით, პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ საკუთარ თავს და ასეთი მიდგომებით აღწევენ წარმატებას. წარმატების მისაღწევად არ უნდა შეუშინდე სირთულეებს, მიჰყევით დასახულ მიზანს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკუთარი ნაწარმი ჰქონდეს. მალე მომხმარებელს ახალ კოლექციას შევთავაზებთ. ფასები საშუალო კლასის მომხმარებელზეა გათვლილი. ჩვენი პოვნა ადვილია ”ფეისბუკისა” და ”ინსტაგრამის” მეშვეობით.

იყიდე ქართული

ქართული ნაწარმის პოპულარიზაციაში მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია. თუ იცით ასეთი საწარმო, აუცილებლად შეგვატყობინეთ! ”ფეისბუკზე” გამოიყენეთ ჰეშთეგი - იყიდე ქართული და შეუერთდით მედიაკამპანიას. და თუ ორიგინალურ ხელნაკეთ ნივთებს ქმნით, აუცილებლად დაგვიკავშირდით მეილზე daqalimedia@gmail.com

ჩვენ ვაგრძელებთ ნიჭიერი ქალბატონების აღმოჩენას!

თეა ინასარიძე

ჟურნალი ”კაცი და ქალი”, ნოემბერი