გინდა გახდე წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრი? - კვირის პალიტრა

გინდა გახდე წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრი?

ამისთვის საყოველთაო საქმის კეთების სურვილია საჭირო

XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოში საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება პროგრესულად მოაზროვნე "სამოციანელებმა" ითავეს, არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია შექმნეს. გამორჩეულად ნაყოფიერი და სიცოცხლისუნარიანი "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" აღმოჩნდა. ამ საზოგადოებამ დიდი საქვეყნო საქმე გააკეთა " 33 სკოლა გახსნა. შეუფასებელია წვლილი, რაც მან ქვეყნის განვითარებაში შეიტანა. მას შემდეგ თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა და განათლების საკითხი სიმწვავეს კვლავაც არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი თაობის მსოფლმხედველობა შეცვალა, წიგნი კომპიუტერმა მაინც ვერ ჩაანაცვლა. მსოფლიო ერთხმად აღიარებს, რომ წიგნის ფუნქციას კომპიუტერი ვერასოდეს იტვირთებს. მეტიც, ბოლო პერიოდში ტენდენციის უკეთესობისკენ ცვლილებაც შეინიშნება, რაც, უპირველესად იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წიგნისა და განათლების მნიშვნელობას სრულად აცნობიერებენ და შესაბამისადაც მოქმედებენ. მაგალითად, თითოეულ მოქალაქემდე წიგნის მიტანაში მნიშვნელოვან როლს ადამიანთა ჯგუფები ასრულებენ, რომლებსაც წიგნები საქართველოს მასშტაბით დააქვთ და მკითხველებს სასურველი ლიტერატურის შერჩევაში ეხმარებიან. ანუ, ფაქტობრივად, საკუთარი საქმიანობით თანამედროვე საქართველოში იმ საქმეს აგრძელებენ, რაც "სამოციანელებმა" დაიწყეს. სწორედ ამიტომ მოსახლეობამაც მათ ასე უწოდა: "წიგნის გამავრცელებლები".

წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების მისიაა საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლება, კითხვის სიყვარულის გაღრმავება და საზოგადოების წინსვლისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობა. პროექტი უნიკალური იმითაცაა, რომ კითხვის მოყვარულებს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, საყვარელი წიგნები შეიძინონ საბაზრო ფასზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად. საზოგადოების საქმიანობაში ყველა მსურველს შეუძლია ჩაერთოს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო შეიძლება გახდეს. რაც მთავარია, პროექტი ახალ შესაძლებლობებსა და საკუთარი თავის რეალიზების შანსს სთავაზობს დასაქმებულს.

წიგნის გამავრცელებლები საქართველოს ყველა რეგიონში არიან. ჩვენ ვესაუბრეთ კახეთში ერთ-ერთ გამავრცელებელს, პედაგოგ კონსტანტინე ცხოვრებაძეს, რომელიც პროფესიას ამ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმატებით უთავსებს:

კონსტანტინე ცხოვრებაძე, პედაგოგი: "საბედნიეროდ, საზოგადოებაში წიგნის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. პედაგოგი ვარ და ზუსტად ვგრძნობ, ამ მხრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რა დამოკიდებულებაა. რაც მთავარია, ვიცი, რომ წიგნის გავრცელებით ქვეყნის მომავალშიც მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინვესტიციას ვდებ " პროექტში ჩართვის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო".

მოსახლეობაში წიგნის გავრცელებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევს თბილისელი წიგნის გამავრცელებელი ლია ვაშაკიძეც:

ლია ვაშაკიძე, ექთანი: "პროექტის შესახებ შემთხვევით შევიტყვე და გადავწყვიტე, მასში წვლილიც შემეტანა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, საზოგადოებაში წიგნის გავრცელებას სიამოვნებით ვემსახურები. მიხარია, რომ კეთილგანწყობას მოსახლეობისგანაც ვგრძნობ " ხშირად თავად მიკავშირდებიან და ლიტერატურის შერჩევაშიც დახმარებას მთხოვენ. ვისაც წიგნი უყვარს და მისი მნიშვნელობა ესმის,

ყველას მოვუწოდებ, ერთ-ერთი ჩვენგანი გახდეს. ეს სწორედ ის საქმეა, რომელიც ქვეყნის მომავლის გადარჩენას ემსახურება, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროცაა.

ასე რომ, დასაქმდით, ვისაც გიყვართ წიგნი, გსურთ, გქონდეთ სასიამოვნო საქმე და დამატებითი შემოსავალი".

ასე რომ, წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების წევრი ნებისმიერი შეიძლება გახდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ამისთვის მხოლოდ კეთილი და საყოველთაო საქმის კეთების სურვილია საჭირო.

რუსუდან შელია