მივიწყებული ქვილთი - კვირის პალიტრა

მივიწყებული ქვილთი

როცა ამერიკასა და ევროპაში ქვილთის ტექნიკა იხვეწებოდა და ვითარდებოდა, საქართველოში იგი მივიწყებას ეძლეოდა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ძველი და ახალი ქვილთის (ფერადი ქსოვილის ნაჭრებით შედგენილი კომპოზიცია) გამოფენამ ბავშვობა გამახსენა. ჭრელაჭრულა ნაკუწებით გამოჭრილი ორნამენტებისგან შეკერილმა ძველისძველმა ფარდაგებმა, საწოლის გადასაფარებლებმა და საბნისპირებმა გააცოცხლა შორეული მოგონებები. ბებია საოჯახო საქმეებს რომ მორჩებოდა, უზარმაზარ ტომარას მოხსნიდა თავს, იქიდან ჭრელი პეპლებივით და მინდვრის ყვავილებივით ააფარფატებდა სხვადასხვა ქსოვილის ნაირ-ნაირ ნაჭრებს და ღიმილგადაფენილი ღიღინით უკერავდა მამიდას სამზითვო საბნისპირებს.

ბებიას ვბაძავდი და თოჯინების მზითვს ვამზადებდი. ნემსი გვარიანად კი მიჩხვლეტდა თითებს, მაგრამ მაინც ლამაზად შემორჩა მეხსიერებას ნაჭრებით, ნემსითა და ძაფით ხატვის ხელოვნება. საქართველოში ქვილთის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ექსპედიციების დროს მოძიებული ქვილთის უიშვიათესი ნიმუშები, უძველესი გადასაფარებელი და კედლის პანო. სხვათა შორის, ქვილთს ამერიკელები იბრალებენ. არადა, როცა ამერიკასა და ევროპაში ქვილთის ტექნიკა იხვეწებოდა და ვითარდებოდა, საქართველოში იგი მივიწყებას ეძლეოდა.

KvirisPalitra.Geცოტა ხნის წინ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს საგანგებო ექსპედიცია ჩაუტარებია ქვილთის უძველესი ნიმუშების მოსაპოვებლად და მხოლოდ სვანეთის 14 სოფელში 90-მდე უნიკალური ნიმუში შეუგროვებიათ. ექსპედიციის ხელმძღვანელი ცისანა მარინდაშვილი გულდაწყვეტილია, რომ ულამაზესი ქვილთის ნიმუშების ავტორებს მემკვიდრეები არ დარჩენიათ. იმიტომ კი არა, რომ შთამომავლობა არ ჰყავდათ და ვერავის გადასცემდნენ ცოდნას, უბრალოდ, თანამედროვე ქალებს ქვილთზე დროის დახარჯვას ურჩევნიათ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი გადასაფარებლები და პანოები შეიძინონ. ასე კი უძველესი ხელოვნება კვდება.

ცისანა მარინდაშვილი: "სვანეთში  გვითხრეს, ტასი ხერგიანის ოჯახში ნახავთ ბევრ ძველისძველ ნივთს, შესაძლოა, ქვილთიც ჰქონდეთ შემონახულიო. ქალბატონი ტასი ხელსაქმის დიდებული ოსტატი ყოფილა, რაც შემორჩენილ მის ნამუშევრებსაც ეტყობა. ხერგიანების ოჯახის დიასახლისი დიდის ამბით გამიძღვა მახვშის სკამის საჩვენებლად, რომელიც ახლახან გაუკეთებიათ.

მოკრძალებით შევახსენე, რომ ძველი ნივთები უფრო მაინტერესებდა და ამ დროს თვალი მოვკარი ძირს დაგებულ ქვილთის ძველისძველ ნიმუშს, იატაკზე ფეხსაწმენდად გაეკეცათ და გვარიანად დაზიანებულიყო. ქალმა უხერხულად იგრძნო თავი, როცა ჭუჭყიან ფეხსაწმენდს დავწვდი. ეს ტასი ბებიას ნახელავი ძველისძველი ფარდაგია, არაფერში რომ არ ვიყენებდით, ამიტომაც ფეხსაწმენდად დავაგეო, თავი იმართალა მასპინძელმა. როგორც შეგვეძლო, გავასუფთავეთ და დარბაზში გამოვფინეთ. ნახეთ, შესრულების რა ტექნიკაა, ფერების როგორი შეხამება.

სამწუხაროდ, ამ ხელოვნებას დღეს ძალზე ცოტა მიმდევარი ჰყავს საქართველოში. საზოგადოდ, ქვილთის ხელოვნება ციმბირში დაიბადა, შუა საუკუნეებში. მას შემდეგ აბრეშუმის გზის მოსაზღვრე ყველა ქვეყანაში ნახავდით ქვილთის ნიმუშებს.

ქართული ქვილთი სავსებით ორიგინალური და ძვირფასია. მრავალფეროვანი ორნამენტისა და რთული კომპოზიციებისგან შედგება და დიდი შრომაც სჭირდება. ახალ, თანამედროვე ქვილთში, ძირითადად, გამოსახულია ნატურმორტები და პეიზაჟები, აბსტრაქტული თემები".

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი:  "დასანანია, რომ თანამედროვე ნიმუშებში წმინდა ქართული და ინდივიდუალური ხელწერა იკარგება. ხელოვანი აღარ იცავს ფერის შერჩევის, ორნამენტის გამოსახვის ტრადიციას.  უფრო მყვირალა ფერებს იყენებს, ვიდრე დამახასიათებელი იყო ქართული ხელოვნებისთვის.  მაგალითად, რეგიონებში მოგზაურობისას ერთ ფარდაგზე უცნაური ყვავილები ვნახეთ.

მის ავტორს ოდესღაც რუსული საპნის კოლოფზე უნახავს და გადმოუღია. შესაძლოა, ვინმემ თქვას, მერე რა, თუ ყვავილი გადმოხატაო, მაგრამ საქმე ის არის, რომ ხელოვნების ასეთ ნიმუშებში, მათ ფერებსა და ორნამენტებში, შემონახულია ერის ისტორია, ხალხის ხასიათი, თავისებურებანი. ამიტომაც არის ის უნიკალური. ხელოვანს თავისი, ინდივიდუალური ხელწერა უნდა ჰქონდეს. ხელოვანმა აუცილებლად უნდა დაიცვას ქართული ტრადიცია, იქნება ეს ქვილთი, ფარდაგის ქსოვა თუ კერამიკა.

2008 წელს ამერიკაში ერთ-ერთ ოჯახში ვნახე ქვილთი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ძალიან  მოდურია. მას უმეტესად საკერავი მანქანით კერავენ, ჩვენი წინაპრები კი ხელით ქმნიდნენ უნიკალურ ნიმუშებს. არ ვამბობ, რომ ხელით კერვა აუცილებელია, მაგრამ ფერისა და ორნამენტის ტრადიცია უთუოდ უნდა შევინარჩუნოთ".

საგამოფენო დარბაზში უამრავ სხვა ნამუშევართან ერთად, სოლიკო ვირსალაძის ქვილთის პანოც არის წარმოდგენილი. მხატვარს ძველისძველი ხალათის გადაგდება დანანებია, ამიტომაც  ორნამენტებად დაუჭრია, კომპოზიცია შეუქმნია და ძველი ნივთისთვის ახალი სიცოცხლე მიუცია. ვირსალაძის პანო ქვილთის ძველ ნიმუშებს შორის ერთადერთია, რომელიც პროფესიონალი მხატვრის შესრულებულია.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მსურველებს უფასოდ ჰპირდება ამ ხელოვნების შესწავლას, რათა ქვილთის ტრადიცია არ ჩაკვდეს.