რას ამბობს "ვიალიეთ ჯორჯიაზე" ისლამისტი ჭაღალიძე, რომელიც საქართველოს ისევ ემუქრება - კვირის პალიტრა

რას ამბობს "ვიალიეთ ჯორჯიაზე" ისლამისტი ჭაღალიძე, რომელიც საქართველოს ისევ ემუქრება

საფრანგეთში მომხდარი მასობრივი ტერორისტული აქტების გამო, საზოგადებაში ისევ გაჩნდა ფიქრი იმაზე, ემუქრება თუ არა საქართველოს მოჯაჰედთა თავდასხმები.

უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, საკმაოდ მწვავე მუქარის მიმართვები გაავრცელა ბათუმელმა თამაზ ჭაღალიძემ, ამჟამად აჰამად ჯურჯმა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მებრძოლია. ბოლო პერიოდში კი ცნობილი გახდა, რომ თამაზ ჭაღალიძეს ბიძა - სამუფთოს ყოფილი იმამი მურმან პაიჭაძე შეუერთდა, რომელიც თავის მიმართვაში "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნაზეც ლაპარაკობს. "ეს პროცესი შეუქცევადია და ალლაჰის ნებით მოვალთ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ პატრონი უზენაესი ალლაჰის კანონები"- წერს აბუ ასია ალ-ჯუეჯი (მურმან პაიჭაძე).

"გურია ნიუსთან" თამაზ ჭაღალიძე აცხადებს: "ისლამში გზა ჭეშმარიტებისა ნათლადაა გარჩეული ცდომილებისაგან და ნაბრძანებია, განვუდგეთ ტაღუთს (ეშმაკის მმართველობას) და ვიცხოვროთ.  ესაა მთავარი მოტივი; დღეს არაფრად ვთვლი იმ ზეწოლებს, რაც რუსეთუმე ქოცებისაგან იყო, მაგრამ კარგად მახსოვს და ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება".

ის ასევე კვლავინდებურად ემუქრება საქართველოს.

მიუხედავად მოჯაჰედის ამ განცხადებისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საზოგადოებას ამშვიდებს:  "ვილაიეთი არ შექმნილა. ეს არის ტყუილი!"

ჩვენ გთავაზობთ თამაზ ახმად ჭაღალიძის  "კვირის პალიტრუსთვის" მიცემული ინტერვიუებიდან ამონარიდებს:

"ვანანებ ყველას, ვინც მთავაზობდა გაქრისტიანებას ბინის და ფულის სანაცვლოდ" - ბათუმელი რადიკალი აჭარას ჯიჰადით ემუქრება (ექსკლუზივი)

"5 წელი აქტიურად ვიბრძოდი მშვიდობიანი გზებით მუსლიმთა განვითარებაზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ამის გამო სამშობლოს დატოვება მომიხდა. რომ მოესმინათ, უკეთესი იქნებოდა. ახლა გლობალურად შეცვლილია ყველაფერი და ჩვენს წინაშე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერ გადარჩებიან..."

"სახელმწიფო ჩემთვის მოკვდა. როცა სპეცსამსახურები მემუქრებოდნენ, მაშინ ყველა ინსტანცია ამბობდა, რომ ქვეყნიდან გასაგდები ვიყავი, რადგან მე, მუსლიმთა და ემიგრანტი აჭარლების პრობლემებს რეალური სახით ვახმაურებდი.

დღეს პირველი და მთავარია, რომ აჭარელი მუსლიმების გაერთიანებას უნდა შეეშვან და ბათუმის ცენტრში მეჩეთი უნდა აშენდეს. დახურული მეჩეთები და პანსიონები უნდა გაიხსნას. პოლიცია არ ნიშნავდეს იმამებს, ასევე ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებს თავი დაანებონ. საზოგადოებრივ არხზე ყურანის გაკვეთილები დაუშვან აჭარაში".

"გაჩენას ინანებთ!" - ვის ემუქრება ქართველი მოჯაჰედი და რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლებისგან (ექსკლუზივი)

"ყურანში არის ერთ ადგილი, სადაც ალაჰი ბრძანებს: ვისაც მე დავუბინდე გონება, მათ თქვენ ვერ შეასმენთ, რათა უკეთურები არიანო... ჩემს ინტერესებში არ შედის, ისედაც გასაცოდავებული ხალხი დავაშინო, ისლამი ამას არ ქადაგებს.

უკეთურებაა ის, როდესაც ადამიანები გარყვნილებას აღიარებენ, აკანონებენ და უზენაესი ალაჰის კანონების მიმდევრობას გვიკრძალავენ.ბათუმში გარყვნილებას ნერგავენ, გახსნეს ბორდელები კაზინოები და კლუბები. გულის ამრევია, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ბათუმში ხდება."

"აქ ხალიფატში ათობით დიდი რეგიონი და ქალაქია გაერთიანებული, სადაც სამოქალაქო მშვიდობაა. ბრძოლები მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში მიმდინარეობს. აქ მშვიდობას მხოლოდ ამრიკელები და მათი მოკავშირეები არღვევენ, დღეში მინიმუმ 8 -10 რაკეტას გვესვრიან, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. ქალები და ბაშვები უსახლკაროდ რჩებიან და იღუპებიან. ესაა ამათი ევროპა?! უმჯობესია თავი დაგვანებონ, რადგან ალაჰის უზენაეს კანონებს

ესენი ვერაფერს დააკლებენ და ვერ დაგვამარცხებენ. სხვათა შორის ამ ბრძოლებში ქართველებიც მონაწილეობენ, რაც ძვირი დაუჯდება ზოგ-ზოგიერთებს".

"ვფიცავ უზენაეს ალაჰს აქ ისლამური გამარჯვებისთვის და სამოთხის მოსაპოვებლად ვიბრძვით. მებრძოლების პატრონობა სხვაა და ფულის გულისთვის ბრძოლა - სხვა! მუსლიმანები ფულისთვის არასოდეს ომობენ. ჩვენი საშუალება და ერთადერთი დამხმარე ალაჰია. ჩვენი ერთი ავტომატიანი მოჯაჰედი, მაგათ 10 გაწვრთნილ მებრძოლზე ძლიერად იბრძვის"...

მოამზადა ეკა გადახაბაძემ