"არნოლდ შვარცენეგერისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება" - გაიცანით თამაზ ბეჟანიშვილი, იგივე ტომას კაპერვუდი - კვირის პალიტრა

"არნოლდ შვარცენეგერისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება" - გაიცანით თამაზ ბეჟანიშვილი, იგივე ტომას კაპერვუდი

"დასტინ ჰოფმანი ქართულ კინოს კარგად იცნობს"

26 წლის თამაზ ბეჟანიშვილი, იგივე ტომას კაპერვუდი, 8 წელია, ავსტრიაში ცხოვრობს. 17 წლისამ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, ვენაში სამედიცინო ინფორმატიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი გადაწყვიტა მსახიობის პროფესიას დაუფლებოდა. დღეს არაერთი რეკლამის სახეა, სხვადასხვა თეატრის სცენაზე თამაშობს სპექტაკლებს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე და მსოფლიო დონის კინოვარსკვლავების პარტნიორობაც მოასწრო.

ტომას კაპერვუდი: - მშობლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩემი და ჩემი ძმის აღზრდა-განათლებას. როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, ექიმობა გადავწყვიტე. 17 წლისამ გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ქალაქ ვენის მაგივრად, სადაც იმ დროისთვის ჩემი ძმა სწავლობდა, ქალაქ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი. ვცხოვრობდი საერთო საცხოვრებელში. ვსწავლობდი და ვმუშაობდი. რამდენიმე წლის შემდეგ ვენაში გადმოვედი და იქ გავაგრძელე სწავლა... პარალელურად გავიარე მისაღები გამოცდები ნიუ-იორკის სამსახიობო სკოლაში, ამიყვანეს, მაგრამ ვერ მოვახერხე წასვლა. ამიტომ ვენის ბილინგუალური თეატრალური სკოლა დავამთავრე.

- სამედიცინო კარიერაზე უარი თქვით?

- არა, სამედიცინო კომპანიის მენეჯერიც გახლავართ. ამასთან, მრავალ თეატრალურ დადგმაში მივიღე მონაწილეობა როგორც გერმანულ, ინგლისურ, ასევე რუსულ ენაზე. ვითამაშე"ფილმებში - "შეუსრულებელი მისია 5" და "ქალი ოქროსფერში". ასევე რამდენიმე ვიდეო და ფოტორეკლამაშიც მივიღე მონაწილეობა.

"სამყაროს ისტორია" მეორე მსოფლიო ომის თემაზეა. მთავარ როლს ცნობილი ავსტრიელი მსახიობი ურსულა შტრაუსი ასრულებს. ის გადაღებების დროს ძალიან მამხნევებდა. რთული და სახიფათო სცენის გადაღებამ მოგვიწია, რომელსაც კარგად გავართვი თავი"

- დღემდე ბევრ ცნობილ სახესთან მოგიწიათ თანამშრომლობამ?

- ვარსკვლავები, რომლებთანაც მიმუშავია - ტომ კრუზი, ჰელენ მირენი და რაიან რეინოლდსი - გადასაღებ მოედანზე სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან. ძალიან პოზიტიური ადამიანია დასტინ ჰოფმანი, რომელიც ვიდეომასტერკლასის მეშვეობით გავიცანი. ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებული აღმოვჩნდი და მომეცა საშუალება, მასთან ფილმებზე მესაუბრა... ის საქართველოსა და ქართულ კინემატოგრაფს კარგად იცნობს. ძალიან მოსწონს ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები".

ცოტა ხნის წინ ავსტრიულ პროექტში მივიღე მონაწილეობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემაზეა. მთავარ როლს ცნობილი ავსტრიელი მსახიობი ურსულა შტრაუსი ასრულებს. ის გადაღებების დროს ძალიან მამხნევებდა. რთული და სახიფათო სცენის გადაღებამ მოგვიწია, რომელსაც კარგად გავართვი თავი.

- არნოლდ შვარცენეგერი სად გაიცანით?

- ბუდაპეშტში, ის ჩემი ავსტრიელი კოლეგის მასწავლებელია. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მომავალში თანამშრომლობას ვგეგმავთ, ოღონდ წინასწარ არ ვიტყვი, რა სფეროში...

ეკა სალაღაია