"ვიბრძვით, რომ კიდევ იცოცხლოს" - მიაგულ აფრასიძე მალე 106 წლის გახდება
23-11-2015
"ვიბრძვით, რომ კიდევ იცოცხლოს" - მიაგულ აფრასიძე მალე 106 წლის გახდება
"დედა ხელ-პირს ყოველთვის ცივი წყლით იბანს და უზმოზე ერთ ჭიქა წყალს სვამს. ძალიან უყვარს ნარდის თამაში, სულ გვთხოვს, მეთამაშეთო. უყვარს გაპრანჭვა, სამკაულები და მანიკიური. ყოველდღე ითხოვს ფრჩხილებზე ლაქის წასმას და თმის საგანგებოდ დავარცხნას..."

1992 წლის სექტემბერი. აფხაზეთში ომი დაიწყო. მშვიდობიანი მოსახლეობა ჭუბერის უღელტეხილით ცდილობს სამშვიდობოს გასვლას. შემოდგომა სვანეთის მთებში ზამთარს ჰგავს­ - ცივი და სუსხიანია... ომს გამოქ­ცეულთა უმეტესობა ბუნების სიმკაცრეს დევნილთა უღელტეხილზე ვერ გადაურჩა... 82 წლის მიაგულ აფრასიძემ ფეხით გადმოიარა
უღელტეხილი. წლები გავა და კოდორის ხეობაში ჩასახლებული მეორედ გახდება დევნილი. მას შემდეგ ბევრ საცხოვრებელს გამ­ოიცვლის, ბოლოს კი თბილისში, დევნილთა თავშესაფარში დაიდებს ბინას. აქ შეუსრულდება ერთი საუკუნე. 106 წელს მიღწეული ქალი 65 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.

საუკუნის ქალბატონს შინ ვესტუმრე. ფოტოაპარატის დან­ახვაზე მიღი
მის და ხალისიანად პოზირებს... მის ცხოვრებაზე ქალიშვილი, ეთერ გერლიანი მესაუბრა:
- როცა პაპა გარდაცვლილა, ბებია სხვა სოფელში მოუტაციათ და იქ ოჯახი შეუქმნია. დედას პატარა მიაგულიც გაჰყოლია, თუმცა რომ წამოიზარდა, მამისეულ სახლში დაბრუნდა,­ სადაც ბიძა და ბიცოლა­ შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. ოჯახი სოფლის მეურნე­ობას­ მისდევდა და ბავშვების გაზრდა არ უჭირდათ. მიუხედავად ამისა, მიაგულის მშობლების სითბო ყოველთვის აკლდა. დედას პირველი კლასის განათლება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსულადაც კარგად ლაპარაკობს. ისე კარგად კერავდა, რომ მთელი სოფელი მას სთხოვდა ტანსაცმლის შეკერვას..."

მამა მასზე 15 წლით უფროსი იყო. ნიშნობის ბეჭედი, რომელიც 1950 წელს მეუღლემ სიყვარულის სიმბოლოდ გაუკეთა, დღემდე არ მოუხსნია.
მშობლების შეუღლებიდან ერთი წლის შემდეგ მე დავიბადე, შემდეგ ჩემი და-ძმა. მშობლებს რომ ვიხსენებ, თვალწინ სულ მათი ბედნიერი თვალები მიდგას. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი­. მათი ოცნება იყო, შვილებისთვის­ განათლება მიეცათ - სამივემ უმაღლესი­ დავამთავრეთ... სოხუმის უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე ვმუშაობდი, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო... ბოლო კადრად კვამლში გახვეული აფხაზეთი დაგვამახსოვრდა. ჯერ ბიძის, შემდეგ დეიდის ოჯახს შევაფარეთ თავი. მერე კოდორში, საბოლოოდ კი დმანისში­ დავსახლდით. ამ დროს დედა 80 წელს იყო გადაცილებული. მიუხედავად ამისა, ცხენით სხვა გაუშვა და თვითონ ფეხით გადმოიარა უღელტეხილი. მამას სულ ახსენდებოდა თავისი სოფელი, ბოლოს გულმა­ უმტყუნა და ინფარქტით გარდაიცვალა. დედას ორჯერ დაემართა ინსულტი. ბოლო რამდენიმე თვეა დამოუკიდებლად ვეღარ მოძრაობს. ვიბრძვით, რომ კიდევ იცოცხლოს. ძირითადად, მე ვუვლი.­ ჩემს დას უკვე შვილიშვილები ჰყავს, მისი მეუღლე აფხაზეთის ომში დაიღუპა... მე ოჯახი არ შემიქმნია. ახლა ჩემი ძმისშვილი მყავს ჩამოყვანილი და ნეიროგანვითარების ცენტრში რეაბილიტაციის პროგრამით სარგებლობს. მას და დედას მოვლა სჭირდებათ. სანამ შევძლებ, თავს არ დავზოგავ...

დედას სულ უნდა, შვილები გვერდით ვყავდეთ. მიუხედავად ასაკისა, საოცრად ხალისიანია. სულ მეხვეწება, დავურეკო ნათესავებს და მოვიკითხო, ოღონდ სტუმრად მოვიდნენ და მგზავრობისთვის საჭირო თანხა ჩემი პენსიიდან მიეციო...­ ბოლო დროს სულ მშობლებსა­ და მეუღ­ლეს კითხულობს. როცა გაახსენდება, რომ ცოცხლები აღარ არიან, ბავშვივით ტირის. ხელ-პირს ყოველთვის ცივი წლით იბანს და უზმოზე ერთ ჭიქა წყალს სვამს.­ ძალიან უყვარს ნარდის თამაში და სულ გვთხოვს, მეთამაშეთო. სიამოვნებით ისმენს ქართულ ხალხურ სიმღერებს. უყვარს გაპრანჭვა, სამკაულები და მანიკიური. ყოველდღე ითხოვს ფრჩხილებზე ლაქის წასმას და თმის საგანგებოდ დავარცხნას...
მიუხედავად იმისა, რიმ მძიმე ცხოვრება­ გამოიარა, ბედნიერი ქალია - საუკუნეს გადააბიჯა, დღეგრძელია, ჰყავს 3 შვილი, 3 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი. დედა ჩვენით ცოცხლობს და ხარობს. ამბობს, რომ კიდევ უნდა სიცოცხლე. მისი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია... "
P. S. პომპეზურად არც ერთი დაბადების დღე არ აღუნიშნავთ. იმედია, შობა-ახალ წელთან ერთად მისი 106 წლის იუბილეს 10 იანვარს ერთად აღვნიშნავთ და სანატრელ თაიგულსა და ტკბილეულს მივართმევთ.

მისაო ოკავა - მსოფლიოში ოფიციალურად ყველაზე ხნიერი

მსოფლიოს ყველაზე ხნიერი ქალი ამჟამად იაპონელი მისაო ოკავა გახლავთ, რომელიც 5 მარტს 117 წლის გახდა (წინა რეკორდსმენი ქალი, ასევე იაპონელი კოტო ოკუბო 2013 წელს 115 წლისა გარდაიცვალა).
ახალი რეკორდსმენი ფიქრობს, რომ ცხოვ­რებამ სწრაფად ჩაიარა.

არაოფიციალური "რეკორდსმენი"

132 წლის ანტისა ხვიჩავას შესახებ ვრცელ სტატიას ბრიტანული გავლენიანი გამოცემა Daily Mail აქვეყნებს.
ანტისა საქართველოში, სოფელ საჩი­ნოში ცხოვ­რობდა. დოკუმენტებში­ მითითებულია, რომ 1880 წლის 8 ივლისს დაიბადა. ანტისას 12 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილისშვილი ჰყავს. 2 შვილი მეორე მსოფლიო ომის დროს შიმშილისგან დაეღუპა.
ანტისა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი იყო, მაგრამ მისი დაბადების სერტიფიკატი დაკარგულია, მხოლოდ შემდგომში გაცემული 2 საბჭოთა დოკუმენტი ადასტურებს მის ასაკს.

სტატიაში წერია, რომ ანტისა ბოლო დროს მხოლოდ მეგრულად ლაპარაკობდა და 130-ე დაბადების დღეზე თარჯიმანს უთხრა: "ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი და მთელი ცხოვრება ვმუშაობდი ფერმასა და სახლში".

თორნიკე ყაჯრიშვილი




დათო
29 ნოემბერი 2015 23:26
ღმერთმა გაგახაროთ და გადღეგძელოთ ქალბატონებო !

რედაქტორის რჩევით