ნარმანიას ნოუ ჰაუ
23-11-2015
ნარმანიას ნოუ ჰაუ
"დაპატიმრებულმა" გაზონებმა დედაქალაქის მცხოვრებთ სოფლის ძველი სასაფლაოები გაახსენა

"სოფელში ღორი რომ არ შევიდეს, ასეთ მესრებს დამცავად იყენებენ, მაგრამ აქ, თბილისში?"

ნარმანიას ნოუ ჰაუ - სასაფლაოები თბილისის ქუჩებში - ასე უწოდებს საზოგადოება სიახლეს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა. ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტის" ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაზონები რკინის მესრით შემოღობეს. "დაპატიმრებულმა" გაზონებმა დედაქალაქის მცხოვრებთ სოფლის ძველი სასაფლაოები გაახსენა და პასუხის მოსათხოვად მერიის გამწვანების სამსახურის ყოფილი და ახალი უფროსობა სულაც არ გახსენებიათ, მყისვე
მერს გადასწვდნენ, - ჩვენს მერს, როგორც ჩანს, მშობლიური კოკი მოენატრა და ქუჩებში სიახლე ნოსტალგიის გამოძახილიაო. ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის ისიც, რომ გაზონი გაზონად არ ვარგა, მოუვლელია, ფაქტობრივად, ცარიელია, მესერი კი ისეთი შემოურტყამთ, სოფელში ნერგების საქონლისგან დასაცავად რომ იოცნებებენ გლეხები.

22 ივლისს ვაშლიჯვრის დასახლებაში დედაქალაქის მერმა
აფხაზეთის სახალხო გმირის, არზაყან ემხვარის მემორიალური კომპოზიცია გახსნა. "ეს რა აკადრეს არზაყანს?!" - ხუმრობდნენ ძეგლის უცნაური ფორმისა და გაუგებარი შინაარსის გამო თბილისელები. მემორიალის დადგმა მერიას 13.735 ლარი დაუჯდა

"კვირის პალიტრა" მერიას დაუკავშირდა იმის გასაგებად, ვინ არის ამ ინოვაციის ინიციატორი. მერიის პრესსამსახურში გადმოგვცეს გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის ახალი უფროსის, ნინო სულხანიშვილის განმარტება: "იმისათვის, რომ გაზონები მოურიდებელი მოქალაქეებისა და მათი ძაღლებისგან დაგვეცვა, ასეთი საპილოტე გამოსავალი მოვძებნეთ. ეს მეთოდი ევროპული ქალაქებისთვისაც არის დამახასიათებელი (ნამყოფი ვარ პარიზში, მიუნხენში, ზალცბურგში, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს. - ავტ.), მაგრამ, რადგან საზოგადოებას არ მოეწონა, მეორედ ასეთ ღობეს არსად დავდგამთ, გაზონების დასაცავად პროექტებს კი საზოგადოებასთან შევათანხმებთ".

რკინის მესრები გაზონებზე ასევე დაგმო არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა: "არ შეიძლება პროფესიონალის ნებართვის გარეშე მსგავსი სიახლეების დანერგვა. მერიაში ყველა სფეროს თავისი სამსახური იმიტომ აქვს, რომ დასკვნები პროფესიონალებმა გამოიტანონ".
სერგო ბუიღლიშვილი, რომელიც დიდი ხანია გამწვანების სფეროში მუშაობს დედაქალაქში, და არა მხოლოდ თბილისში, აცხადებს, რომ შეუძლებელია ეს საკითხი გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის ახალ უფროსს ან უშუალოდ დავით ნარმანიას გადაეწყვიტა.

სერგო ბუიღლიშვილი: - ეს არის ბიძინა გიორგობიანის მემკვიდრეობა. სხვანაირად გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა სამსახურის უფროსს ორ დღეში მოესწრო ტენდერის გამოცხადება, შემსრულებელი ორგანიზაციის შერჩევა და მესრების დადგმა. საერთოდაც, ეს მესრები ზღვაში წვეთია იმ სიმახინჯესთან, რომელიც ქალაქში გამწვანებისა და არქიტექტურის მიმართულებით წლებია არსებობს და ტოტალური გაუნათლებლობის, "აქანე-იქანე" ტიპის პროფესიონალების მოქმედების შედეგია. ნარმანიაა დამნაშავე იმაში, რომ არასწორი კადრი ჰყავდა ბიძინა გიორგობიანის სახით".

თამარ თავართქილაძე, ლანდშაფტის არქიტექტორი:
"პროფესიონალთა დეფიციტია. ალბათ, ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებებს.
უცებ ვინმე განაცხადებს, აქ ამის გაკეთება კარგი იქნებაო და არავინ განსჯის, რა თვალსაზრისით იგეგმება გამწვანება.
რაც გაკეთდა რუსთაველის პროსპექტზე, ოპერის წინ და თავისუფლების მოედნისკენ, ყვავილების კუნძულების სახით, სასაფლაოებისგან დიდად არ განსხვავდება. არ ითვალისწინებენ, რომ ქალაქის გამწვანებას სხვა მიდგომა უნდა, ეზოს - სხვა და ა.შ. პროფესიონალთა ჯგუფმა დასაბუთებულად უნდა წარმოადგინოს გამწვანების ნებისმიერი პროექტის ყველა დოკუმენტი. რას რატომ აკეთებს და რატომ სჯობს ასე.

რკინის მესერი ცუდი არ არის, მთავარია, როგორ არის შერჩეული, როგორი დიზაინით, სად და რა ფუნქციას ასრულებს. გუგა კოტეტიშვილმაც გააკეთა რკინის ღობე პურის მოედანზე, მაგრამ მშვენივრად მიიღო საზოგადოებამ. გემოვნების საკითხი ძალიან სადავოა, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს.
საკითხავია, გაიარა, თუ არა პროექტმა კომისია, რითი იცავენ ამ პროექტს, რატომ გადაწყდა ასეთი მესრების გაკეთება. სოფელში ღორი რომ არ შევიდეს, დამცავად იყენებენ, მაგრამ აქ? ურბანული დაგეგმარების პროექტებს ისე იღებენ, საჯაროდ არც განიხილავენ. ვიღაცა გადაწყვეტს, ასე უნდა იყოსო და ასეც არის".

ასმუკა
25 ნოემბერი 2015 11:48
დაცინვა, სამარცხვინო პროვინციელობა თუ "ახლა ჩვენი დროა", მენტალიტეტი.
აღშფოთებული ვარ, რაში იხარჯება ჩემი გადახდილი გადასახადები. მაგ "სასაფლაოს მახლობლად ვცხოვრობ პეკინის ბუდაპედტის გადაკვეთაზე, სადაც უკვე რამდენიმე თვეა გადათხრილია გზა და არაფერი კეთდება.
ან ეს რკინის მოაჯირი სასაფლაოს წინ M- სთან რა საჩიროა.
თავს ნუ შეიწუხებთ ლანძღვით, არავისტი არა ვარ, მაგრამ ძალიან აღშფოთებული მოქალაქე ვარ და არ ჩევნებზე ამოვიყრი ჯავრს.
Koba
24 ნოემბერი 2015 22:35
გაზონების შემორაგვა სჯობს სრულიად ახალი კონსტრუქციის მწვანე კედლებით .. მათ შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ფეისბუკზე თუ მოძებნით "მწვანე კუბი"

რედაქტორის რჩევით