"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელწიფოზე" - კვირის პალიტრა

"ტერორისტებს სამუდამო ჯოჯოხეთი­ ელით!" - რას ამბობს საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი ჯიჰადსა და "ისლამურ სახელწიფოზე"

"საქართველოსგან ტოლერანტობის მაგალითის აღება მსოფლიოს თამამად შეუძლია!"

ბეგლარ ქამაშიძე: "ის გზა, რომელიც რადიკალური ისლამის მხარდამჭერებს ვარდისფერი ეგონათ, სისხლიანი და ცოდვიანი გამოდგა"

საქართველოს მუსლიმთა წინამძღვარი, მუფთი ბეგლარ ქამაშიძე "კვირის პალიტრასთან" საგანგებო განცხადებას აკეთებს:

- ტერორიზმი უმძიმესი დანაშაულია. წმინდა ყურანის მიხედვით, ერთი ადამიანის მოკვლა კაცობრიობის ამოწყვეტის ტოლფასია. ვინც ამას სჩადის, უარყოფს წმინდა ყურანის მოწოდებას, რის გამოც, ისლამური დოგმატის თანახმად, ურწმუნოდ არის შერაცხილი. მის სულს სამუდამო ჯოჯოხეთი ელის.

აღმაშფოთებელია, როცა ტერორიზმს ისლამს მიაწერენ. ჭეშმარიტი მუსლიმი ვერ იქნება ტერორისტი, რადგან შუამავალი მუჰამედი მშვიდობასა და სიყვარულს ქადაგებს. ვიღაცები ცდილობენ, ისლამის სახელს ამოეფარონ, რათა მუსლიმი ტერორისტად წარმოჩნდეს, ისლამოფობია ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაში სიძულვილი გაჩნდეს, ეს კი, საბოლოოდ, მსოფლიოს დააზარალებს. თუკი ამა თუ იმ რჯულის მიმდევარი დანაშაულს სჩადის თუნდაც თავისი ღმერთის სახელით, არ ნიშნავს, რომ ეს რელიგია ტერორიზმს ქადაგებს.

უნდა მოვერიდოთ რელიგიური საკითხებით თამაშს, ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საქმე ადამიანის სულიერებას ეხება.

ამბობენ, რომ კამიკაძემ, რომელმაც საკუთარი და სხვების სიცოცხლე ხელყო, ტერაქტამდე "ალლაჰ აქბარ" დაიძახა... ის მკვლელია, რომელმაც უმძიმესი ცოდვა საკუთარ თავზე აიღო. ამ შეძახილში ფიგურირებს სიტყვები - "მოწყალე" და "მწყალობელი". განა შეიძლება "მოწყალესა" და "მწყალობელს" წარმოთქვამდე და ადამიანს კლავდე?!

- საზოგადოების ნაწილი მსჯელობს, რატომ უშვებს ისლამი ჯიჰადს. მათ ყურანიდან ამონარიდიც მოჰყავთ: "დახოცეთ ურჯულოები, თუ არ მოექცევიან, ან არ გადაიხდიან ჯიზიას. მოკალი ურჯულო და 72 ქალწულს მიიღებ სამოთხეში".

- ყურანის ასე პირდაპირ გაგება არ შეიძლება. ყურანის ყველა აიათს აქვს თავისი განმარტება და წინა პირობა...

ისლამი ნებას არ რთავს ცალკეულ დაჯგუფებას, ინდივიდუალურად გამოაცხადოს ჯიჰადი, თანაც - საბრძოლო ფორმით. ჯიჰადს სახელმწიფო აცხადებს მაშინ, როცა საფრთხე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღმსარებლობას ემუქრება. ალაჰი გიკრძალავს იმ ხალხთან მეგობრობას, ვინც რჯულის გამო გეომება და გაძევებს სამშობლოდან. ვინც ასეთ ხალხს დაუმეგობრდება, თვითონ არის ცოდვილი.

მართლმადიდებელ ქრისტიანებს შევახსენებ - რუსეთი და საქართველო ერთმორწმუნე სახელმწიფოებია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია რუსეთისთვის, საქართველოში დაპყრობითი ომები ეწარმოებინა. უდანაშაულო ადამიანების დახოცვა, სახლებიდან აყრა არანაკლები ცოდვაა, ვიდრე ტერორიზმი.

მსოფლიო ერთ მუშტად ჯერ კიდევ მაშინ უნდა შეკრულიყო, როცა სირიაში ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს უმოწყალოდ ხოცავდნენ. ამ სისასტიკეს პასუხი უნდა გასცემოდა!

იმ პერიფრაზს კი, რაც თქვენ მოიყვანეთ, თავისი განმარტება აქვს. ამას უძღოდა ურწმუნოებსა და მუსლიმებს შორის შეთანხმება, რათა მომავალში მათ შორის პრობლემები არ ყოფილიყო, მაგრამ ურწმუნოებმა შეთანხმება დაარღვიეს... ამიტომ არ შეიძლება ყურანიდან პირდაპირ რაღაცის თარგმნა, ცალსახად აღქმა და არასწორი ინტერპრეტაცია...

ზოგმა ისიც კი მკითხა, ყურანი ქრისტიანსა და ებრაელთან მეზობლობას ხომ არ კრძალავსო? ყურანი სხვა აღმსარებლობის ხალხთან არც მეზობლობას, არც ვაჭრობას და არც ურთიერთობას არ კრძალავს... შუამავალი მუჰამედი ურწმუნოს არ დაწყევლიდა, მის სახელზე ლოცვას აღავლენდა და ღმერთს მის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას სთხოვდა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერს საეჭვოს მიზანმიმართულად ხდიან.

მსოფლიოში ცუდი პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, რაშიც სახელმწიფოები ერთვებიან! რელიგიას ამოფარებულები, ისლამს იყენებენ... ეს სახიფათო პროცესია...

შუამავალი ბრძანებს: მოვა დრო წარღვნისა, ადამიანებს ცხვრის იერი ექნებათ, მაგრამ გული რომ გაუჭრა და ჩახედო, მგლებივით ექნებათო. აი, ასეთი ჟამი დგას!

- ამ დაპირისპირებების ფონზე საქართველოში მცხოვრებ შიიტებსა და სუნიტებს შორის ურთიერთობა ხომ არ დაძაბულა?

- დღეს "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში" შიიტებიც ვართ და სუნიტებიც. ერთად ვართ, ერთმანეთის გულისტკენას ვერიდებით. ამ მხრივ დღეს საქართველო მთელი მსოფლიოს მაგალითია. აქ ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ჩვენსა და ქრისტიან მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ჰოდა, ევროპიდან რომ ჩამობრძანდებიან და გვეკითხებიან, საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს პრობლემები ხომ არ გაქვთო, ახლა გამოჩნდა, რომ ევროპას უფრო დიდი პრობლემები ჰქონია, ვიდრე საქართველოს... მაგალითად, იქ, უნივერსიტეტში ჩადრიანი მასწავლებელი ლექციას ვერ წაიკითხავს. ჩვენთან კი რამდენი ჩადრიანი და თავდახურული სტუდენტია, რომელიც დაუბრკოლებლად დადის უნივერსიტეტში და სწავლობს?!

ასე რომ, საქართველოსგან ტოლერანტობის სწავლა მთელ მსოფლიოს შეუძლია. ჩვენ ერთი მოდგმის, ადამისა და ევას, შვილები ვართ. ისლამი ყველა ადამიანს სისხლით ძმად აცხადებს, რაც ნათლად არის ასახული ერთ-ერთ აიათში: "ადამიანებო! უეჭველად ჩვენ გაგაჩინეთ ერთი მამრისა და ერთი მდედრისაგან (წმინდა ადამისა და წმინდა ევასაგან), შემდგომ დაგყავით ერებად და ტომებად, რათა ერთმანეთი გეცნოთ". ამიტომ მე ყველა გაჩენილი მიყვარს გამჩენის გამო, ყველა აღმსარებლობის ადამიანი მიყვარს...

- რადიკალური ისლამის მხარდასაჭერად არაერთი საიტია შექმნილი. ერთგან წალკაში მცხოვრები ყოფილი იმამის, მურმან პაიჭაძის სახელით გავრცელდა განცხადება, სადაც ის მადლობას სწირავს ალაჰს, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა (10 წელი წალკაში იმამი იყო) და ხალიფატში მიიყვანა...

- ამ ადამიანს სულ ორჯერ შევხვდი. მან ღრმად მორწმუნე, ჭეშმარიტი ისლამის მიმდევრის შთაბეჭდილება დატოვა. არ შემინიშნავს, რომ რადიკალური ისლამის მიმდევართა მოსაზრებებს იზიარებდა. ვერ წარმომედგინა, თუ ამას გააკეთებდა...

- "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ვებგვერდზე ქართველ ახალგაზრდა მუსლიმებს მოუწოდებენ, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდნენ... თქვენი აზრით, ვინ დგას ამის უკან? თუ ამ ყველაფერს გაზვიადებისა და დაძაბულობის გაღრმავების ელფერი აქვს?

- ვერ გეტყვით, შესაძლოა, დაძაბულობის შესაქმნელად მხოლოდ მუქარაც იყოს. ამ დიდი პოლიტიკური თამაშის ახსნა გამიჭირდება.

ერთი ნამდვილად ვიცი: პატივს ვცემ იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოში მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის არსებობს, ამას შენარჩუნება სჭირდება.

- რა ღონისძიებებს მიმართავთ, რომ ქართველი მუსლიმები რადიკალური ისლამის მიმდევრები არ გახდნენ?

- ერთადერთი ღონისძიება მათი განსწავლულობაა, რათა ჭეშმარიტი ისლამის გზას არ გადაუხვიონ. დიახ, ის გზა, რომელიც რადიკალური ისლამის მხარდამჭერებს ვარდისფერი ეგონათ, სისხლიანი და ცოდვიანი გამოდგა.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების 99% ტრადიციული ისლამის მიმდევარია. მწამს, რომ ამ ჭეშმარიტ გზას არ გადაუხვევენ. თუმცა, როცა განათლების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფომ და მედიამ ხელი უნდა შეგვიწყონ. კარგი იქნება, თუ თეოლოგები საზოგადოებას ჭეშმარიტ ისლამზე ესაუბრებიან და გაუგებრობისგან იხსნიან.

- აჭარაში მუსლიმთა სასულიერო სკოლებია. თუ ადევნებს ვინმე თვალს, რომ მასწავლებელმა სწავლების პროცესი რადიკალური ისლამის მხარდასაჭერად არ წარმართოს?

- რა თქმა უნდა, პროცესს მუსლიმთა სამმართველო აკონტროლებს. ღმერთს მადლობა, რომ არც ერთ სასწავლებელში არ გვყავს ისეთი პედაგოგი ან მოსწავლე, რომელიც რადიკალურ ისლამს მხარს დაუჭერს.