,,მკვლელი ჩანჩქერი" თბილისის ზღვაზე - კვირის პალიტრა

,,მკვლელი ჩანჩქერი" თბილისის ზღვაზე

სამიარუსიანი ცემენტის კონსტრუქციით ფერდობიდან ჩამომავალი მდინარე ზღვაში ჩაედინება. 15 მეტრი სიმაღლის, ერთი შეხედვით, უსაფრთხო კონსტრუქციას არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეუწირავს

"მკვლელი ჩანჩქერი"- ასე უწოდებენ თბილისის ზღვაზე წყალვარდნილს, რომლითაც მდინარე იორი თბილისის წყალსაცავს უერთდება. ვარკეთილის მხრიდან თბილისის ზღვაზე მიმავალი შეამჩნევთ სამიარუსიან ცემენტის კონსტრუქციას, რომლითაც ფერდობიდან ჩამომავალი მდინარე ზღვაში ჩაედინება. 15 მეტრი სიმაღლის, ერთი შეხედვით, უსაფრთხო კონსტრუქციას არაერთი ადამიანისა სიცოცხლე შეუწირავს.

წყალვარდნილამდე მდინარე იორი ამ ტერიტორიაზე ცემენტისფილებიან კალაპოტში მოედინება. მწყემსების თქმით, სწორედ ამ ადგილას, ადამიანი და პირუტყვი თავს ვეღარ იკავებენ და კალაპოტიდან წყლის დინებას მდინარისა და ზღვის დამაკავშირებელ სამიარუსიან კონსტრუქციამდე მიჰყავს, სადაც არაერთი ტრაგედია დატრიალებულა.

ვარკეთილში მცხოვრები ნატო ჟორჟოლიანი ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს: - მეტისის ჯიშის ძაღლი მყავდა, ყურშა. კავკასიური ნაგაზი, ლომაც მოგვეკედლა და ორივე ერთად დაგვყავდა თბილისის ზღვაზე სასეირნოდ. ერთ დღესაც, ჩემმა ძმამ ჩვეულებრივ ჩასხა ყურშა და ლომა მანქანაში და თბილისის ზღვასთან წაიყვანა. ძაღლები თამაშით გაერთნენ, ძმამაც მოადუნა ყურადღება. რამდენიმე წუთში ლომამ მოირბინა, ყურშა კი არსად ჩანდა. დაძახებაზეც არ გამოჩნდა. იქვე მყოფმა მწყემსმა ძაღლის დაკარგვის ამბავი რომ გაიგო, ხელი ჩაიქნია, წყალი წაიღებდაო. "ამ ადგილს "მკვლელ ჩანჩქერს" ეძახიან. აქ ადამიანებიც დაღუპულან და ცხოველიც დამხრჩვალა. ფონი პატარა ჩანს, მაგრამ ძალიან სწრაფია, მაშინვე ითრევს და ჩანჩქერში აგდებს. თქვენს ძაღლსაც ხვალ-ზეგ ამოაგდებს წყალიო", - გვითხრა მწყემსმა.

კიდევ კარგი, ჩემმა ძმამ ვერ დაინახა, როგორ წაიღო წყალმა ძაღლი, თორემ მის გადარჩენას ეცდებოდა და ორივე დაიღუპებოდა. მეოთხე დღეს წყალმა მართლაც გამორიყა ყურშა... გარდა გამაფრთხილებელი წარწერისა, რომ აქ ბანაობა აკრძალულია, საჭიროა ლითონის ბადე, რომელიც გატაცებულ პირუტყვს თუ ადამიანს გადარჩენის შანსს მისცემს.

ვარკეთილში მცხოვრებ მწყემსს უკვე სამი წელია, ამ ტერიტორიაზე საძოვრად ცხვარი გამოჰყავს. "ერთხელ ორი მამაკაცის ცხედარიც გამორიყა წყალმა, როდის დაიხრჩვნენ, არავინ იცისო", - გვითხრა." აქაურებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, გვითხრეს, რომ შარშან აქ გოგონაც ჩაუთრევია ჩანჩქერს...

ანზორ ცხოვრებოვი "მკვლელ ჩანჩქერზე" გვიყვება: - არხში საქონელი ხშირად ცვივა და წყალვარდნილის შემდეგ ზღვაში გადაუგდია. სამწუხაროდ, ბავშვებიც დაღუპულან. ზოგს ფეხი უსხლტება, ზოგიც ფიქრობს, რომ არხს გადაცურავს, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი დინება ითრევს და იარუსებს ანარცხებს. ადრე აქ ამკრძალავი ბანერი იყო, მაგრამ წარწერა გაქრა და აღარავის უფიქრია მისი გაკეთება.

P.S იქ ყოფნისას რამდენიმე ავტომობილიც შევნიშნეთ. როგორც ჩანს, შემოდგომის სუსხიან დღეებშიც კი წყვილები განმარტოებისთვის ასეთ მიუვალ და საშიშ ადგილებს ირჩევენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი