"ცოლმა მითხრა, რომ არ გიცნობდე, გული გამისკდებოდაო" - კვირის პალიტრა

"ცოლმა მითხრა, რომ არ გიცნობდე, გული გამისკდებოდაო"

მალხაზ აბულაძე: "იქ, სადაც კობა მუშაობს, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერ გაჩერდებოდა. კობაც გაცხოველებულია, გასადისტებული"

კახა კიწმარიშვილი: "ლუკა სამართლიანი ადამიანია. მიხარია, რომ ის ასე უყვართ"

აჩი მაკალათია: "გუჯა კეთილი ბიჭია, მაგრამ სწორი გზა ვერ აირჩია ცხოვრებაში..."

ქართველი კინომოყვარულები დიდი ინტერესით ელოდნენ სერიალ "ტიფლისის" მეორე სეზონის დაწყებას. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამგვარ მოლოდინს დიდი იმედგაცრუება მოსდევს, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ჯერ მხოლოდ 5 სერია იხილა მაყურებელმა და სერიიდან სერიამდე უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან მისი პერსონაჟები. "კვირის პალიტრა" ფილმში მონაწილე რამდენიმე მსახიობს გაესაუბრა.

ამას წინათ ტრანსპორტში ორი ადამიანის საუბარი მოვისმინე: "ამ ციხის უფროსს რომ ვუყურებ, ტელევიზორის დამტვრევა მინდებაო", - ეუბნებოდა ერთი მეორეს. ჩვენი საუბარი ციმბირის ციხის მტარვალი მმართველის როლის შემსრულებელ მალხაზ აბულაძესთან სწორედ ამ ციტატით დავიწყე.

- რამხელა კომპლიმენტია, მიხარია. გამოდის, კარგად ვასრულებ როლს...

კინომსახიობთა და მარჯანიშვილის თეატრებში ვმუშაობ. ჩემი ბებია-ბაბუა ბათუმის თეატრის მსახიობები იყვნენ. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. როგორც ხედავთ, სურვილი ამისრულდა. რაც შეეხება "ტიფლისს", ფილმის სიუჟეტი XX საუკუნის დასაწყისს ასახავს. მეორე სეზონში მოვლენები ციმბირში ვითარდება. ჩემი პერსონაჟის, კობას ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. არიან სუსტი ნებისყოფის ადამიანები, რომელთაც ფსიქიკა ერევათ და ბავშვობაში გადატანილი ტრავმები, შემდგომში უარყოფითად იჩენს თავს. ასე ემართება კობასაც. ის ციხის უფროსია. იქ, სადაც კობა მუშაობს, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერც გაჩერდებოდა. კობაც გაცხოველებულია, გასადისტებული.

- კობა თქვენ მიერ განსახიერებული უარყოფითი პერსონაჟია. მანამდე "ჩემი ცოლის დაქალებში" ნატაშკას ბათუმელი ქმრის როლი შეასრულეთ... მაყურებელი უარყოფითი როლების საუკეთესო შემსრულებლად გასახელებთ.

- ჯერ არ ვაპირებ კარიერის დასრულებას, შესაძლოა, კომედიით ან დრამითაც დაგამახსოვროთ თავი.

ქუჩაში ხან მიღიმიან, ხან თბილ სიტყვებს იმეტებენ, მუქარიანი გამოხედვაც ყოფილა, ალბათ, ჩემს პერსონაჟს ერჩიან...

ეტყობა, წინა სერიებში მეტისმეტად აგრესიული ვიყავი. წარსულში "ქაღალდის ტყვიაშიც" უარყოფითი პერსონაჟი შევასრულე. ერთხელ ჯიხურთან სიგარეტის საყიდლად მივედი და გამყიდველმა სარკმელი დამიხურა. მშვენივრად გიცანი, შენ ის არა ხარ, ქალს რომ სცემეო?!

ოჯახურ მდგომარეობას რაც შეეხება, მყავს ულამაზესი ცოლი ხათუნა და 2 შვილი. ახლახან მეხუთე წევრი შემოგვემატა - იორკშირული ტერიერი ჯინა. ოჯახის წევრები ყველაზე მეტად მგულშემატკივრობენ, ჩემსავით ახარებთ ჩემი წარმატება. მაგრამ ამას წინათ ხათუნამ მითხრა, რა არის, მახო, "ტიფლისს" ვუყურე და რომ არ გიცნობდე, გული გამისკდებოდაო. ასეთი შეფასებები სტიმულს მმატებს, მეხმარება, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

მსახიობი აჩი მაკალათია "ტიფლისში" კრიმინალურ ავტორიტეტ "პაპას" მარჯვენა ხელს - გუჯას ასახიერებს.

- 23 წლის ვარ. პროფესიით მსახიობი, წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. მგონი, ნიჭიერი ბიჭი ვარ. ყველა როლს სიყვარულით ვქმნი, ვფიქრობ, ძიების პროცესში ვარ... რაც შეეხება ჩემს პერსონაჟს, გუჯა გორში გაზრდილი, ძალიან კეთილი ბიჭია, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწორი გზა ვერ აირჩია ცხოვრებაში. ამიტომაც გააციმბირეს. ის ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა "პაპამ", რომელიც ქვეყანას აწრიალებდა, გვერდით დაიყენა... სხვათა შორის, ეს პერსონაჟი რეალური ადამიანის, "ციმბირელი პაპას" (ანარქისტი ნესტორ კალანდრიშვილი) ცხოვრების დეტალებითაც შეიქმნა... გუჯას როლზე სრულიად შემთხვევით დამამტკიცეს. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დამიდგა პერიოდი, როცა არაფერს ვაკეთებდი, რამდენიმე შემოთავაზება უღიმღამოდ მეჩვენა და უარი ვთქვი. ვიჯექი და ველოდი, თვითონაც არ ვიცოდი, რას. მეგობრებს ვეხუმრებოდი: ნახეთ, "ტიფლისის" კასტინგზე თუ არ მიმიწვევენ-მეთქი. იმდენი ვიძახე, მართლაც დამირეკეს. სცენარში ეპიზოდური როლი იყო, მაგრამ ისე მოხდა, ჩემი გმირი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად იქცა.

რეალურ ცხოვრებაში არ ვგავარ გუჯას, რადიკალურად განსხვავებულები ვართ. სწორედ ამიტომ არის საინტერესო ეს როლი ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის - აბსოლუტურად უნდა გარდავიქმნა.

- ცნობენ ქუჩაში გუჯას?

- მცნობენ, ეს გამვლელ-გამომვლელთა ღიმილით გამოიხატება...

"შენ გგონია ეს კედლები და ეს ჟანგიანი ბორკილები მართმევს თავისუფლებას? პირიქით, სულ კუბოსავით რომ შემივიწროო საკანი, ჩემზე თავისუფალი მაინც ვერ იქნები! შეიძლება ჩემი სიცოცხლე შენს იმპერატორს ეკუთვნის, მაგრამ მე არ ვეკუთვნი არავის!" - ციხის უფროსისთვის ნათქვამი ლუკა მაისურაძის ეს სიტყვები ბევრმა ახალგაზრდამ უკვე ზეპირადაც იცის. ლუკა, ალბათ, ყველა პერსონაჟს უსწრებს პოპულარობით. მას მსახიობი კახა კინწურაშვილი ასახიერებს.

- ლუკა არის ადამიანი, რომელსაც ბავშვობა წაართვეს, მამა მოუკლეს და ამის შემდეგ მის ერთადერთ მიზნად შურისძიება იქცა. შურისძიების წყურვილმა დააკარგვინა საყვარელი ადამიანიც. ლუკა სამართლიანი ადამიანია, ცდილობს, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. მიხარია, რომ ის ასე უყვართ.

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს უკმარისობის გრძნობა გაქვთ?

- უკმარისობის გრძნობა ხშირად მაქვს, მაგრამ ეს ნორმალურია. კინოში რასაც გადაიღებ, დარჩება, თეატრში კი მეტი საშუალებაა პერსონაჟის სრულყოფისთვის, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეატრი უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე კინო.

"ტიფლისს" ის ახალგაზრდები ქმნიან, რომელთაც სურთ, სიახლე შემოიტანონ ქართულ რეალობაში, იქნება ეს კინო თუ ტელევიზია. თუ პირველ სეზონს მეორე სჯობია, შესაბამისად, მომავალი კიდევ უკეთესი იქნება.

ეკა სალაღაია