"რაც "ზაპოროჟეცი" დამიჟანგდა, მას შემდეგ საწოლიდან მთას გავყურებ"
30-11-2015
"რაც "ზაპოროჟეცი" დამიჟანგდა, მას შემდეგ საწოლიდან მთას გავყურებ"
კაცს, რომელიც 31 წელი საწოლს არის მიჯაჭვული, მხოლოდ ერთი ოცნება აქვს

ჟინვალს გასცდები თუ არა, ფასანაურის გადასახვევთან, მდინარე ხანდოზე, გერმანელი ტყვეების მიერ აშენებულ ხიდს მიადგები და სევდა შეგიპყრობს: ხანდოს ხეობაში სოფლების უმეტესობა დაცლილია, მხოლოდ 20-ოდე ოჯახი ვერ თმობს მამა-პაპის კერას, რომელიც უგზოობამ და უსულგულობამ მოსწყვიტა დღევანდელობას...

უმწეოდ ვიდექი და ველოდი ადამიანს, რომელსაც ხეობის ბოლო სოფელში უნდა ავეყვანე, სადაც 31 წლის მანძილზე საწოლს მიჯაჭვული გელა მნათობიშვილი მელოდა.

დედამ 20 წლის ბიჭი
გაგზავნა ჯარში­, შინ კი ფეხებწართმეული დაუბრუნდა. მაშინდელმა მთავრობამ ხელის "ზაპოროჟეცი" მისცა... მძიმე წლებში იმ "ზაპოროჟეცის" გარდა ხეობაში მანქანა არ იყო და მიხვდა, ხალხს სჭირდებოდა - ვინ იცის, საავადმყოფოში ჩაყვანით, რამდენი გადაარჩინა სიკვდილს... ბოლოს ეს "ზაპოროჟეცი" ჯართად იქცა და გელაც სამუდამოდ საწოლს მიეჯაჭვა. კიდევ კარგი, ღმერთმა
ძმა, ანგელოზი რძალი და ძმისშვილები მისცა და არაფერს აკლებენ, მაგრამ თვითონ კარგად როგორ უნდა იყოს, ალბათ, ამიტომ ორჯერ თვითმკვლელობა სცადაო, - მიყვება ჩემი მეგზური.
ამასობაში ხანდოელი ზურა მელიქიშვილიც მოვიდა და მანქანაში ჩაგვსხა. გავუყევით გზას თვალებდათხრილი სახლებისა და სავალ ნაწილზე გადმოვარდნილი ჩანჩქერების გავლით. მიხვდებით, გუნებაწამხდარს როგორ გამახარებდა ადამიანის დანახვა - თოვლიანი მთის ფერდობზე, ტყეში, ვიღაცას შეშა მოეჭრა, მორები დაეცურებინა და იქვე ჩამომჯდარიყო. "კამაზს" ველოდები, შეშას შინ წამაღებინებსო.

- ამ ხეობაში ადამიანის დასადგომად­ არც გზაა, არც გაზი. ღვთის მადლით, წყარ­ოები მოჩქეფს, მაგრამ ხალხს შინ არ აქვს. სცადეს, შეიყვანეს, მაგრამ თვითნაკეთი ონკანები არ გამოდგა - წყალი­ ხან მოდის, ხან არა და წვალობენ ძაღლებივით...
ვინც გაძლო, რკინასავით დარჩა. კაცს იმედს რა დაუკარგავს, მით უფრო, რომ ბოლო ხანს სასწაული მოხდა, - მაღლა, მთებში, 3-4 ბალღია შემორჩენილი, მანქანა დაუნიშნეს სკოლაში სასიარულოდ, - გამოგველაპარაკა ჩვენი მეგზური და შორს, მთის ფერდობზე შეფენილი თივის ზვინები­ დაგვანახა, - ეგ ზვინები, ვისთანაც მიდ­იხართ, იმ კაცის ძმის, ზურაბის არის. 6 ოჯახიღაა დარჩენილი. რომელიმე წასვლას რომ იტყვის, ეგ შეუძახებს, - ნუ გეშინიათ, გაზაფხული ჩვენთანაც მოვაო. დავრდომილ ძმასაც ეგ პატრონობს, ცოლ-შვილსაც არაფ­ერს აკლებს, მაგრამ განა რამდენს გასწვდება.
მნათობიშვილების ჭიშკართან ორი ლოყაწითელი ანგელოზი შემოგვეგება, სალომე და მარიამი, - ზამთრის პირს აქ სტუმ­არი სასწაულის ტოლფასია... მათ დიასახლისიც­ მოჰყვა, მაია მნათობიშვილი. დათოვლილი­ მსხმოიარე ვაშლებისაკენ რომ გავიხედე, შეამჩნია და გამიღიმა, - გიკვირთ, რომ მოსავალი დასაკრეფი დავტოვეთ?! სოფელში იმდენი საქმეა, ვაშლის დაკრეფამდე ვეღარ მივედით, თოვლმა დაგვასწრო. ძროხა, ცხვარი, სახლი, სამსახური - ვეღარ მოვასწარი - სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობ...

გელას ოთახის კარი შევაღე. ძველ კამ­ოდ­ზე ძველი ტელევიზორი იდგა, იატაკზე ფარდაგი ეფინა. გელა ღიმილით შემეგება.

- ასეთს არ გელოდებოდით....
- დაბეჩავებული გეგონე? რაც ახლა მჭირს, ციმბირის ჯარში მომიხდა. ღამის 3 საათზე ყაზარმაში დავბრუნდი. რუსი სერჟანტი შემომეფეთა, არეული სახე ჰქონდა. რა გჭირს-მეთქი. არაფერიო. არადა, თურმე წამებით კლავდნენ უზბეკები და თავისივე რუსები. წავედი და დავწექი... იმ ღამეს საწყობის კარი შეამტვრია, იარაღი გამოიტანა და მთელი ყაზარმა დაცხრილა. მე ტყვიამ ყველაფერი დამიფლითა. ოპერაციას არ მიკეთებდნენ - მაინც მოკვდებაო. ვიღ­აცას უთქვამს, ექიმი მაინც გამოვიძა­ხოთო... ცხრა საათი მიკეთებდნენ ოპერაციას.
"ზაპოროჟეცმა" იმიტომ მიშველა, რომ სოფელს დავჭირდი - 25 წელი ხალხს ვშველოდი... თუ ვცხოვრობ, კაცივით ვიცხოვრო-მეთქი.
ერთხელ არაყნასვამს მეზობლის ქალი ჩამ­ომადგა - მიშველე, ბალღი კრუნჩხვებში ჩამივარდაო. ამის გაგონებამ გამომაფხიზლა, ჩავისვი ბალღი მანქანაში და გავფრინდი საავადმყოფოში.

- ასეთი რომ არ ყოფილიყავით, ვერ იცო­ცხლებდით...
- უფალმა არ წამიყვანა. ერთხელ თავად გამომეცხადა­. არც სიზმარს ჰგავდა, არც ცხადს. ეკლესიის წინ ვიდექი, უეცრად ეტლით ეკლესიაში შევვარდი. ეტლი გადაყირავდა და დავეცი. კარში რაღაც ისე განათდა, ვეღარ გავუძელი სიკაშკაშეს და თვალებზე ხელი ავიფარე. ის მომიახლოვდა. წამოვვარდი და ფეხებში ჩავუვარდი... ეგ მაძლებინებს... ეგა და ჩემი ანგელოზი ძმისშვილები, გულზე დაზრდილები რომ მყვანან. რაც "ზაპოროჟეცი" დამიჟანგდა, მას შემდეგ საწოლიდან მთას გავყურებ. ყველაფერი კვდება, ისიც მოკვდა­ და მეც ვეღარასოდეს ავდგები ფეხზე...

- სხვა მანქანა არ არსებობს, რომ ხელით ატაროთ?
- ყველა მანქანის ტარება შეიძლება ხელით... მაგრამ ჩემისთანა კაცი ვის ახსოვს?­ ჩემი ტელევიზორი ცუდად კი უჩვენებს, მაგრამ მაინც ვუყურებ. ჩემისთანა ხალხისთვის ქვეყანაში ბევრი ფულია გამოწერილი, მაგრამ ჩვენამდე არავინ უშვებს. არადა, ბევრს არ ვითხოვ - ერთ ძველ მანქანას, რომ ხელით ვატარო და დარჩენილი სიცოცხლის გატარებამ საწოლში არ მომიწიოს... თორემ ნაწოლები გამიჩნდა და ჩემი ოჯახიც მეცოდება. საღამოთი არაქათგამ­ოცლილებს რომ ვხედავ, გული მიკვდება. ჩემს ძმას ერთადერთს ჰყავდა ტრაქტორი, ისიც გაუფუჭდა.­ იმ ტრაქტორით გზას წმენდდა. რომ ვერ გააკეთოს, ბალღები ვეღარ წავლენ სკოლაში, - მითხრა გელამ და დაამატა, - დაგადარდიანე, ახლა გარეთ გადი და ჩვენს მთებს გახედე, ყველაფერი ცუდი დაგავიწყდებაო...
ამასობაში გელას ძმა, ზურაბიც მოვიდა. ზვინიდან თივა გადმოყარა და ბოსელში შეიტანა. გამოსვლისას გოგონები მიეგებნენ.

ტრაქტორის გამო იქნებ დუშეთის გამგებელს ჩააკითხოთ დასახმარებლად-მეთქი! არც ჰო მითხრა და არც არა... აღარ ჩავეძიე, რადგან მინდოდა, იმედი დამეტოვებინა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცის, რას ნიშნავს 6-კომლიან სოფ­ელში ტრაქტორის გაფუჭება.
აქეთ მომავალი კი ვფიქრობდი, თუ აქ გზა არ გაკეთდა, დარჩენილი სოფელიც წაიქცევა-მეთქი... მაგრამ ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს, ღმერთმა არ ქნას, რომ ბედის­წერასთან ბრძოლა შეწყვიტოს იმ კაცმა, რომელიც მას 31 წელია ებრძვის... საამისოდ კი მცირეოდენი სჭირდება, ძველი მანქანა, რომელსაც ხელის სამართავად გადააკეთებს და იმ მთებს ჩამოუვლის, რომ­ლებმაც ასე კლდესავით გაძლება ასწავლეს.

ეთერ ერაძე
dali meliqishvili
15 დეკემბერი 2015 12:22
Gmertma gaadzleba mices gaadzlieros da ocneba auxdinos tu ara am mtavrobis imedi tviton mtavrobas araa aqvs chemi cinapris mica_ cxalia xandos xeoba da dzalian mik ars is adgili da kvela iq macxovrebeli dzalian mi itane gultan tqveni ambavi
!!!
03 დეკემბერი 2015 13:10
მიხედეთ ბატონ გელას მანამ დროა, ნუ წაართმევთ სიცოცხლის წყურვილს.ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს ზურაბს ამოუდექით მხარში სოფლის გადარჩენაში,ის საშვილიშვილო საქმეს აკეთებს მთას უნარჩუნებს სოფელს.ზურაბის ნაირ ვაჟკაცების მხრებზე იდგა ყოველთვის საქართველო ,მასეთმა ვაჟკაცებმა მოიტანეს დღემდე საქართველო. ხელი შეუწყეთ მას ამ საშვილიშვილო საქმეში.
ოთარი
02 დეკემბერი 2015 08:09
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გული შეგეკუმშება, მაგრამ ჩვენიბიუჯეტიჭამია მთავრობას სადააქვს გული????????

რედაქტორის რჩევით