თამარ სხირტლაძე - მსახიობი, რომელმაც თეატრის სცენაზე რეკორდი მოხსნა - კვირის პალიტრა

თამარ სხირტლაძე - მსახიობი, რომელმაც თეატრის სცენაზე რეკორდი მოხსნა

"ერთი წელი მიკლია 70-წლიან მოღვაწეობას და როგორმე უნდა გავძლო!"

"ჩემი შვილი რომ ცუდად გახდა, ჩემი მეუღლე დარდისგან ლოგინად ჩავარდა... მე მაინც დავდიოდი თეატრში. შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია, მაგრამ ადამიანმა რა ტრაგედიაც უნდა გადაიტანოს, ცხოვრებას მაინც აგრძელებს... ჩემს დარდს სხვას არ მოვახვევ, ჩემი საქმე უნდა ვაკეთო... ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!"

"მე და ვერიკო ანჯაფარიძე ძალიან ვმეგობრობდით. ვერიკოს შვილი, რამაზ ჭიაურელი გარდაეცვალა, რომელიც მისთვის სალოცავი ხატი იყო. ვერიკოს ცრემლი არავის უნახავს, გაქვავებული იჯდა და ამბობდა: რა უბედურებაა ეს ხელის ჩამორთმევა და გადახვევა რომ იციან, დახარე თავი და გაიარეო... კარგად ვიცი, რაც ხდებოდა იმ დროს ვერიკოს გულში. ალბათ, ასეთი ხალხისგან ავიღე მაგალითი და როცა ერთადერთი შვილი დამეღუპა, თეატრში რეპეტიციებიც კი არ გამიცდენია" - თამარ სხირტლაძე თითქმის 7 ათეული წელია სცენაზე დგას, მსგავსი კი ქართული თეატრის სცენას არ ახსოვს...

- 1947 წლიდან თეატრში ვარ. ერთი წელი მიკლია 70-წლიან მოღვაწეობას და როგორმე უნდა გავძლო!

- როგორც ვიცი, ამ ხნის განმავლობაში ერთი სპექტაკლიც არ გაგიცდენიათ...

- არასოდეს გამიცდენია და არც დამიგვიანია... თეატრზე ვგიჟდები და ძალიან ვუფრთხილდები! საგრიმიოროდან რომ გავდივარ, შუქს ვაქრობ, რომ ზედმეტად არ დაიხარჯოს. ჩემი საგრიმიორო რომ ლამაზი და მოვლილი იყოს, ყველაფერს თავად ვყიდულობ... ბავშვი შინ სიცხიანი დამიტოვებია, მაგრამ სპექტაკლი არ გამიცდენია მაშინაც კი, როცა მხოლოდ ორი სიტყვა მქონდა სათქმელი სცენაზე. მეგონა, ქვეყანა დაიქცეოდა, ყველაფერი აერეოდათ, მე თუ არ მივიდოდი.

ჩემი შვილი რომ ცუდად გახდა, ჩემი მეუღლე დარდისგან ლოგინად ჩავარდა. მე მაინც დავდიოდი თეატრში, სპექტაკლი - "აქ, ამ სავანეში" ვითამაშე და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, სამჯერ დაგვაჯილდოეს.

- რამ მოგცათ ძალა?

- ამაზე ურთულესი არაფერია, მაგრამ ადამიანმა რა ტრაგედიაც უნდა გადაიტანოს, ცხოვრებას მაინც აგრძელებს. ორი შვილიშვილი მყავს და 8 შვილთაშვილი. 10 წელი გავიდა, რაც ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან წავიდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ახლაც ვჭირდები...

როცა აკაკი ვასაძეს ერთადერთი შვილი დაეღუპა, დაკრძალვიდან მეორე დღეს რეპეტიციაზე მოვიდა. შეგვატყო, ძალიან გაკვირვებული სახეები რომ გვქონდა და გვითხრა, - ალბათ, გიკვირთ... გუშინ შვილი დავასაფლავე და დღეს რეპეტიციაზე მოვედი, მაგრამ ეს არის ჩემი საქმე და ჩემი ცხოვრება! ჩემს შვილს მინდა ღამე ვიტირებ, მინდა - სასაფლაოზე. ჩემს დარდს სხვას არ მოვახვევ, ჩემი საქმე უნდა ვაკეთოო...

მეც ასე ვფიქრობ! ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!

- როგორც ვიცი, მეუღლემ გთხოვათ თეატრში დარჩენა...

- ჩემი მეუღლე მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანია... ამ ქვეყანაზე აღარაფერი დამრჩა და თუ გინდა ვიცოცხლო, თეატრში იარეო. ჩვენი შვილი რომ დაიღუპა, ჩემს მეუღლეს ნერვების ანთება დაემართა, რაც უსაშინლესი დაავადებაა. კაცს გადაბრუნება არ შეეძლო და ამ მდგომარეობაში მყოფი, მეხვეწებოდა, თეატრში წადიო...

მედიკო ჩახავა იმდენად ტაქტიანი იყო, შვილზე ლაპარაკს რომ დავიწყებდი, მაშინვე რაღაცას მოჰყვებოდა და გადამრთავდა. მე მოვდიოდი და ჩემს მეუღლეს ვუყვებოდი. მასაც რაღაც საზრდოს ვაძლევდი. ორივე ჩემმა თეატრში გასვლამ გადაგვარჩინა...

- თეატრში დღეს ბევრი რამ შეიცვალა.

- დიახ! აღარ არსებობს ტრადიციები და ეს საშინელებაა! ალბათ, ვიღაცებს ეწყინებათ, მაგრამ ეს სიმართლეა!

რაღაც რიტუალების დაცვას ვიღა ითხოვს? ჩაბნელებული სცენა, სადაც პატარა შუქი ენთო, უნდა გადაგეჭრა და კიბეებით ბუღალტერიაში ასულიყავი. ჩემი შვილის სულს ვფიცავ, საკუთარი თვალით მინახავს, როგორ ფეხაკრეფით შემოუვლიდა ვერიკო სცენას და ისე ადიოდა... არაფრით გადაკვეთდა, რადგან სცენა წმიდათაწმიდა იყო მისთვის.

ვერიკოს ყველა თქვენობით ელაპარაკებოდა, მასთან ფამილარობა არავის გასდიოდა... გასტროლებზე მასთან ოთახში ვცხოვრობდი. შეიძლებოდა ღამის 3 საათზე ამდგარიყო, სიგარეტი გაებოლებინა, აივანზე გასულიყო და ჩემი არ ერიდებოდა. Aამ ყველაფერმა ძალიან დაგვაახლოვა. მეუბნებოდა, ასეთი მეგობრობა, რაც შენ შეგიძლია, ქალმა არ იცისო... სიგარეტს მან მიმაჩვია. სცენაზე დამაძალა, მოსწიე, თითქოს ამერიკელი გოგონა ხარო. მერე სიგარეტს ვპარავდი, Gგავდიოდი და ჩუმად ვეწეოდი. ერთხელაც მითხრა, მოდი, ერთად მოვწიოთო...

- კინოზე რას იტყვით?

- გოდერძი ჩოხელი უჩემოდ ფილმს არ იღებდა. დღეს რომ ცოცხალი იყოს, ბედნიერება იქნებოდა...

სცენაზეც და ცხოვრებაშიც...

ეს სიტყვები აწ გარდაცვლილ თეატრმცოდნეს, ქალბატონ მანანა გეგეჭკორს ეკუთვნის: "თამარ სხირტლაძეს არაერთხელ განუსახიერებია სცენაზე შვილმკვდარი დედა: მართა, კაკანო, ოთარაანთ ქვრივი, სანათა - გამწარებული ქალები, რომლებიც დიდ ტკივილს ატარებენ, იმავდროულად, ცდილობენ საკუთარი დარდით არავინ შეაწუხონ. იმასაც კი ახერხებენ, გარშემო მყოფთ სიყვარული და სითბო უწილადონ. რას იფიქრებდა იმ დროს ქალბატონი თამარი, რომ რეალურ ცხოვრებაში სცენურ გმირთა ბედს გაიზიარებდა და მისთვის ჩვეული სულიერი სიმტკიცით, სიძლიერით შეხვდებოდა თავს დატეხილ უბედურებას. მან ეს შეძლო!"

ეს სიტყვები კი შოთა პაპავას ეკუთვნის, თამარ სხირტლაძის გაუხუნარი შემოქმედებითა და უხინჯო პიროვნებით მოხიბლულ ახალგაზრდას: "მარჯანიშვილის თეატრში თამარ სხირტლაძის შესვლა დიდი ზეიმია - დღესასწაული! არ გეგონოთ, რომელიმე თანამშრომელს უსალმოდ აუაროს გვერდი. ყოველი ადამიანისთვის გამოუნახავს მრავალჭირგამოვლილ ქალბატონს სიკეთით აღსავსე გულში ადგილი და შემხვედრნიც გრძნობენ ამას. გზა საგრიმიორომდე უსაშველოდ იწელება: მოკითხვები, ძველ-ახლის გაცვლა-გამოცვლა, თბილი, დედობრივი სიტყვა, დღეს რომ ასე აკლია საზოგადოებას... დიდხანს იცოცხლეო, - ემადლიერებიან მსახიობს. საგრიმიოროს კარზე ლითონის ფირფიტაა, ზედ ვერიკოს "ივდითი"... არის ამაში რაღაც საგულისხმო; საგრიმიორო, რომელიც დღეს ქალბატონი თამარისაა, წლების წინ ვერიკო ანჯაფარიძისა ყოფილა!".

მანანა გაბრიჭიძე