,,გვიშველეთ, ლეოპარდი მოგვდევს" - ერთი დღე მაშველების გვერდით
30-11-2015
,,გვიშველეთ, ლეოპარდი მოგვდევს" - ერთი დღე მაშველების გვერდით
ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ ყოფილა, თუმცა მეუღლის არც სატელეფონო ზარს პასუხობდა და არც კარის კაკუნზე რეაგირებდა. კარი შიგნიდან ურდულით იყო დაკეტილი, მაშველებმა ის იყო, საკეტი გახსნეს, რომ ნამძინარევი ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. ამდენი ხალხის შემყურე გაოცებული იყურებოდა... ასე კარგად დასრულდა გამოძახება, არადა, ვეჭვობდით, რომ გამათბობლით მოწამლული ადამიანები უნდა გადაგვერჩინა

21:03 საათი. ბუდაპეშტის ქუჩაზე სახლი იწვის! რამდენიმე წამში საბურთალოს ქუჩაზე მდებარე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან მეხანძრე-მაშველებთან ერთად გამოძახებაზე გავდივარ. ყოველ
წუთსა და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გამაყრუებელი სირენებისა და რაციის ხმა: ,,გაგვატარეთ! ყურადღებით!" გულსატკენია, რომ ბევრი მძღოლი, ნაცვლად იმისა,­ გზა დაეთმო, პირიქით, გზას გვი­ჭრის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთში ადგილზე ვართ, მაგრამ... სად არის ხანძარი?!.
სამაშველო სამსახურის ოცმეთაურის მოადგილემ შეტყობინება ცენტრში გადაამოწმა და "ინიციატორის" (112-ში შეტყობინების
ავტორის) ნომერი მოითხოვა. უკარნახეს...

- თქვენ გამოგვიძახეთ ბუდაპეშტის 18-ში, აქ არც კერძო ბინაა და არც ხანძარი.
- მოხვედით მაშველი, ჩვენი საშველი? ლეოპარდი მოგვდევს­ და დაიჭერთ?..
მივხვდით, რომ ცრუ გამოძახებაზე­ გავედით, ცენტრს შევატყობინეთ და უკან დავბრუნდით. თურმე, მსგავსი ზარები ხშირად შედის, მაგრამ ცრუ გამოძახების ავტორს არავინ სთხოვს პასუხს. არადა,­ შესაძლოა, იმ დროს ვიღაცას მართლაც უჭირს, მაგრამ დახმარება დროულად ვერ აღმოუჩინონ და ბოროტ ხუმრობას მსხვერპლიც მოჰყვეს.

შეშინებული ოჯახი...

მორიგი შეტყობინების მოლოდინში რამდენიმე საათი გავიდა. მოსაცდელ ოთახში მაშველები ტელევიზორის ყურებით ირთობდნენ თავს, როცა სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა: ნუცუბიძის პლატოზე ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ ყოფილა, თუმცა მეუღლის არც სატელეფონო ზარს პასუხობდა და არც კარის კაკუნზე რეაგირებდა... სახლთან სასწრაფო დახმარების მედპერსონალი და ოჯახის ორი წევრი დაგვხვდნენ. კარი შიგნიდან ურდულით იყო დაკეტილი, მაშველებმა ის იყო, საკეტი გახსნეს, რომ ნამძინარევი ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. ამდენი ხალხის შემყურე გაოცებული იყურებოდა. ასე კარგად დასრულდა გამოძახება, არადა, ვეჭვობდით, რომ გამათბობლით მოწამლული ადამიანები უნდა გადაგვერჩინა.

მაშველი: "ხშირად სახურავიდან ან ზედა სართულიდან გვიწევს ბაგირით ჩასვლა. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევებიც, როცა გამათბობლის გამონაბოლქვით გაგუდული მობინადრეები დაგვხვედრიან.

"ყველაზე მძიმედ პირველი გამოძახება მახსოვს"

მესამე გამოძახებაზეც ვაკეში გავედით. ბარის მეპატრონე დაკეტილ ბარში მარტო იმყოფებოდა და კონტაქტზე არ გამოდიოდა. უკვე ბართან ვიყავით, რომ შეგვატყობინეს, უკან დაბრუნდითო. თურმე ჩასძინებია და, როგორც იქნა, გამოაღვიძეს.

31 წლის თორღვა თორღვაშვილი ვაკე-საბურთალოს რაიონის სამაშველო სამსახურის ოცმეთაურის მოადგილეა. ამ სამსახურში 18 წლისა მოვიდა.

- სამაშველო სამსახურში უკვე 13 წელია ვმუშაობ. მაშინ მორიგეობა მხოლოდ 4 დღეში ერთხელ მიწევდა, სამუშაო 6 საათზე მთავრდებოდა. მობილიზაცია პეიჯ­ერების საშუალებით ხდებოდა. ხელფასი 80 ლარი მქონდა, ეს დიდი ფული იყო იმ დროს.

ყველაზე მძიმედ მახსოვს პირველი გამოძახება, როცა მიცვალებული ვნახე. სახლის სახურავზე მუშას დენმა დაარტყა. ერთხელ კი, 10 იანვარი იყო, ადამიანი წყალში ჩავარდა და სუსხიან ზამთარში მტკვარში შევცურე, ის კაცი გადავარჩინე. ზოგიერთი შემთხვევის გახსენებაც არ მინდა... ყველაზე მძიმედ გასახსენებელი 13 ივნისის სტიქიის ღამეა. მთელი ღამე თავდაუზოგავად ვმუშაობდით თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენი რაიონის მეხანძრეც ამ ტრაგედიას შეეწირა...

უმრავლეს შემთხვევაში მოსახლეობა მაშინ მოგვმართავს, როცა კარის საკეტი უფუჭდებათ, არის ცრუ განგაშიც, ფიქციური გამოძახებებიც. არცთუ იშვიათია ავტოავარია და ხანძარიც. მორიგეობისას საშუალოდ 12-13 გამოძახება გვაქვს.
ხშირად ფსიქიკური ავადმყოფები­ ითხოვენ დახმარებას, გვიკავშირდებიან საავადმყოფოებიდან და თავიანთ სახლში გზავნიან სამაშველო სამსახურს. ჰგონიათ, მათი ოჯახის წევრებს რაღაც უჭირთ. ასეთ დროს ჩვენთან ერთად მოდიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ხშირად პრობლემა გვექმნება გამოძახების ადგილისკენ მიმავლებს. მძღოლები არ გვითმობენ გზას და საავარიო სიტუაცია იქმნება. პიკის საათებსაც თავისი სირთულე­ ახლავს, თუმცა იშვიათად რომ დავაგვიანოთ, მაქსიმუმ 7-10 წუთში ადგილზე ვცხადდებით.

რაც მთავარია, თანამედროვე ტექნიკა გვყავს,­ სპეციალურ მანქანას, ე.წ. ბრონტოკს, შეუძლია 16-სართულიან შენობას მიაწვდინოს წყალი და კიბეც მიადგას, რის წყალობითაც გარე პერიმეტრიდან ცეცხლის ჩაქრობა იოლდება.

კარგი ფეხი გქონიაო

იმ ღამემ, თუ ცრუ გამოძახებას არ ჩავთვლით, მშვიდად ჩაიარა. გამთენიისას სიგნალმა გამოგვაფხიზლა. პეკინზე, რვასართულიან კორპუსში ლიფტში­ გაჭედილან... რა თქმა უნდა, მაშველებმა კარი გაუღეს. კარგი ფეხი გქონია, ხშირად გამოგვიარეო, მითხრეს მაშველებმა. თურმე არის დღეები, როდესაც გამოძახებიდან გამოძახებაზე გადადიან, განყოფილებაში მისვლას დილამდე ვერც ახერხებენ. საკ­უთარ სიცოცხლეს წირავენ სხვების გადასარჩენად, მათ არანაირი სიძნელე და ბარიერი არ აშინებთ.

ყარაჩოხელი ხანძარჩები

თბილისის სახანძრო სამსახური XIX საუკუნეში შეიქმნა. თურმე ხშირად ხანძრის ჩაქრობას ყარაჩოხელთა ამქარი საკუთარი ძალებით ცდილობდა. მაშინდელ პატარა ქალაქში წყალგაყვანილობის სისტემა არ იყო და წყალს თულუხჩები ყიდდნენ. თუ ლიტრი 5 კაპიკი ღირდა, ხანძრის დროს ერთისამად აძვირებდნენ და ხეირს ნახულობდნენ. თბილისელები ყარაჩოხელებს "ხანძარჩებს" ეძახდნენ, რაც თურქული სიტყვაა და ქართულად ცეცხლის ჩამქრობს ნიშნავს. განუწყვეტელმა ხანძრებმა თბილისში რუსეთის მეფისნაცვალი აიძულა, 1818 წელს დახმარება იმპერატორისთვის ეთხოვა. 1825 წლის 25 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით შეიქმნა საგანგებო სახანძრო რაზმი, რომლის შემადგენლობაშიც 25 კაცი შედიოდა (დღეს კი თბილისს 900 მეხანძრე ჰყავს).

XIX საუკუნეში არც სახანძრო მანქანები ჰყავდათ და არც სპეცტექნიკა. ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ ცხენებით, წყალი კი ტიკებითა და რუმბებით მიჰქონდათ. მაშინ სატელეფონო კავშირი არ იყო და როგორ შეატყობინებდნენ მეხანძრეებს ცეცხლის გაჩენის ამბავს? თბილისს არც ამდენი რაიონი ჰქონდა. ჰოდა, ასეთი რამ მოიფიქრეს: ააშენეს კოშკივით მაღალი შენობა, სადაც მეხანძრე მორიგეობდა. იქიდან ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. სხვადასხვა უბნის მიხედვით სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ აივნიდან იმის მისანიშნებლად, რომ იქ ხანძარი გიზგიზებდა. ავლაბარში წითელ ბურთს გადმოფენდნენ, სოლოლაკში - ლურჯს და ასე შემდეგ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

ნატალი
04 დეკემბერი 2015 11:32
გაიხარეთ
nino
04 დეკემბერი 2015 02:34
gaixaret da didxans icocxlet sxvebis sicocxlis gadasarchenad,aset propesiis adamianebs unda uxdides saxelcipo kvelase did xelpass...tu is saxelmcipoa
ნინო
30 ნოემბერი 2015 13:07
აი ვის ეკუთვნის ნამდვილად პრემია დანამატი ალალია მათზე

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები