"უნარშეზღუდული შვილი მყავს და კარგად მესმის იმ ოჯახების, სადაც ასეთი ბავშვები იზრდებიან" - კვირის პალიტრა

"უნარშეზღუდული შვილი მყავს და კარგად მესმის იმ ოჯახების, სადაც ასეთი ბავშვები იზრდებიან"

"ამ ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიების შედეგად შემოსული თანხით შევიძენთ ყველა ნივთსა თუ ხელსაწყოს, რაც ხატვისა და ხელსაქმისთვის სჭირდებათ"

საქველმოქმედო ფონდმა - "ღვთისშვილები" - ცნობილი ქართველი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო. ფონდის ხელმძღვანელ გოგიტა მურცხვალაძესთან ერთად ღონისძიების ორგანიზატორი მხატვარი დალი ფოდიაშვილი გახლდათ. მათ მხარი სამოცდაათამდე მხატვარმა აუბა და გამოფენა-გაყიდვაზე 80 ნამუშევარი გამოიფინა. ორგანიზაცია "ღვთისშვილები" 2013 წელს შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში ორი საქველმოქმედო კონცერტი და უკვე მეოთხე საქველმოქმედო საღამო გამართეს. შემოსული თანხით ისინი ქმედუუნარო ბავშვებს ეხმარებიან. ჩვენ ღონისძიების მასპინძელ გოგიტა მურცხვალაძეს გავესუბრეთ:

- უნარშეზღუდული შვილი მყავს და კარგად მესმის იმ ოჯახების, სადაც ასეთი ბავშვები იზრდებიან. ჩემმა შვილმა 2000 წლის გაზაფხულზე ბერი გაბრიელის საფლავზე აიდგა ფეხი. საზოგადოებამ ეს გაზეთ "კვირის პალიტრისა" და ჟურნალ "გზის" მეშვეობით შეიტყო.

ჯაბა 3 დღის იყო, სამშობიაროს თანამშრომელს ხელიდან რომ გაუვარდა. ამის შემდეგ მისი მკურნალობაც არასწორი მეთოდით წარიმართა. ეს ამბები ჩემთვის ძნელი გასახსენებელია. 1995 წელს, როცა ყველაზე მძიმე დღეები მედგა და ქვეყანაშიც მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო, იმაზე ვფიქრობდი, სიმწრით გამომუშავებული ორიოდე კაპიკით ცოლ-შვილისთვის საავადმყოფოში საჭმელი მიმეტანა თუ წამალი. თანხის საშოვნელად თვეში ორჯერ სისხლს ვაბარებდი.

ერთ დღეს განგებამ "კვირის პალიტრაში" მიმიყვანა. "კვირის პალიტრის" მთავარ რედაქტორს ქალბატონ ლალი გუნთაიშვილს მოვუყევი ჩემი გასაჭირი და იმ დღიდან მატერიალურად თუ სულიერად ამ გაზეთის თითოეული თანამშრომლის თანადგომა და მხარდაჭერა არ მომკლებია. საკვები და წამლებიც კი მიჰქონდათ საავადმყოფოში. "კვირის პალიტრის" ქველმოქმედების შესახებ ბევრს სმენია, ბევრსაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი.

- საქველმოქმედო ფონდი "ღვთისშვილები" როდის ჩამოაყალიბეთ?

- 1997 წელს ჟურნალისტებმა ჩემი შვილისთვის პირველად მოაწყვეს საქველმოქმედო კონცერტი. მას შემდეგ მეც დიდი გამოცდილება დამიგროვდა საქველმოქმედო კონცერტებისა და გამოფენების ჩატარებისა. მას შემდეგ დავუახლოვდი მსახიობებს, მომღერლებს, მხატვრებს, მოქანდაკეებს, მოცეკვავეებს და თანდათან გავერკვიე სხვადასხვა ნიუანსში. ჩემს მეზობლად ბათუმში მამა თეიმურაზი სახლობდა. ხშირად მეუბნებოდა, მოდი, ჩამოვაყალიბოთ ფონდი, მეც ამოგიდგები გვერდში, ერთად უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებთო.

სამ წელზე მეტია, რაც ფონდი ჩამოვაყალიბეთ და ამ ხნის განმავლობაში არაერთ ქმედუუნარო ბავშვს დავეხმარეთ. რომ ვიცი, როგორია მათი ცხოვრება, მინდა, გვერდში დავუდგე და შეძლებისდაგვარად დავეხმარო.

დღევანდელი ღონისძიების იდეა ქალბატონ დალი ფოდიაშვილს ეკუთვნის. ის დაგვეხმარა მოგვეძებნა შშმ ბავშვები, რომელთაც ხატვა და ხელსაქმე შეუძლიათ. ეს ბავშვები, ორგანიზაციის - "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" - წევრები არიან. დღევანდელი ღონისძიების შედეგად შემოსული თანხით მათთვის შევიძენთ ყველა ნივთსა თუ ხელსაწყოს, რაც ხატვისა და ხელსაქმისთვის სჭირდებათ. ის ბავშვები კი, რომელთაც რეგულარულად ვეხმარებით, გადავწყვიტეთ, საახალწლოდ სხვადასხვა ნუგბარით მოვამარაგოთ. ამჯერად 52 ბავშვის დახმარება გვაქვს გადაწყვეტილი. უკვე 5 ათასი ლარი შემოვიდა.

- ჯაბა როგორ გრძნობს თავს და რამდენი წლის არის ახლა?

- ჯაბა 23 წლისაა. ღვთის წყალობაა, მან რომ ფეხი აიდგა. გონებრივადაც ნელ-ნელა ვითარდება. ბევრი რაღაცის გარჩევა შეუძლია, რაც კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა ისწავლა, ოთახშიც ვეღარ ვაჩერებთ.

P. S. საქველმოქმედო ფონდ "ღვთისშვილებთან" დაკავშირება შეგიძლიათ ტელეფონის ნომრებზე: 593 90 62 75; 551 19 34 38.

ეკა სალაღაია