"სტალინი მოგვიახლოვდა და მამას მხარზე დაარტყა ხელი..."
30-11-2015
"სტალინი მოგვიახლოვდა და მამას მხარზე დაარტყა ხელი..."
ვენერა ენუქიძე: "დილას რომ გავიღვიძებდით, რამდენიმე ბინა დაცარიელებული გვხვდებოდა. ღამე მიჰყავდათ ხალხი. სულ იმის შიშით ვიყავით, რომ ერთ ღამეს ჩვენც წაგვიყვანდნენ"

92 წლის ვენერა ენუქიძე, ხმის სასიამოვნო ტემბრითა და საუბრის დახვეწილი მანერით, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელია ჩემს რესპონდენტებს შორის. ქალბატონი ვენერა წლების განმავლობაში კრემლის სახლში ცხოვრობდა მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. მამის დახვრეტის ამბავი მხოლოდ გათხოვების შემდეგ შეიტყო.

ვენერა ენუქიძე:
- თბილისში ვცხოვრობდით. მამა ვატმანად მუშაობდა და თან უმაღლეს სასწავლებელში
სწავლობდა. ის და დედა 17 წლისანი იყვნენ, როდესაც იქორწინეს. ოცდაორი წლისას სამივე შვილი ვყავდით. მამა, ალიკო ენუქიძე, ამბროლაურის რაიონ სოფელ წკადისიდან იყო. დედა ნინაც რაჭველი გახლდათ, საგანელიძის ქალი.

მამამ სწავლა მოსკოვის სამთო-საინჟინრო აკადემიაში განაგრძო. ჩვენც მოსკოვში გადაგვიყვანა და გრანოვსკის ქუჩაზე, კრემლის სახლში დავბინავდით. მთელი პოლიტბიუროს
წევრები იქ ცხოვრობდნენ: კლიმენტ ვოროშილოვი, ემილიან იაროსლავსკი, სემიონ ბუდიონი, მამია ორახელაშვილი, სერგო ორჯონიკიძე, ოტო შმიდტი, სტალინის უფროსი შვილი, იაკობ ჯუღაშვილი...

- რის გამო სარგებლობდა თქვენი მამა ასეთი პრივილეგიით?
- ეს აბელ ენუქიძის დამსახურება იყო. აბელ ენუქიძე მამაჩემის ბიძაშვილი გახლდათ. მამა ხშირად დადიოდა მასთან სტუმრად, სადაც სტალინსაც ხვდებოდა ხოლმე. ერთხელ ჩვენც ვნახეთ. მამას კრემლის ეზოში ვყავდით, სტალინი მოგვიახლოვდა, შეგვათვალიერა, მამაჩემს მხარზე დაარტყა ხელი და უთხრა: "შე ღმერთძაღლო, სამივე შენი შვილები არიან?" ეს მომენტი ცხადად მახსოვს.

ჩვენს კორპუსს რუსული п-ასოს ფორმა ჰქონდა. სადარბაზოში იჯდა დარაჯი, რომელიც უცხოს, თუ მასპინძლისგან სატელეფონო თანხმობას არ მიიღებდა, ზემოთ არ აუშვებდა. სახლის მოპირდაპირედ კრემლის საავადმყოფო იყო, ქვემოთ - სასადილო. იქვე იყო ჩვენთვის განკუთვნილი საბავშვო ბაღი და სკოლა.
1935 წელს, როდესაც მამამ სამთო-საინჟინრო აკადემია დაამთავრა, კუიბიშევის სახელობის საზღვაო-საინჟინრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. მოგვიანებით შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს სამუშაოდ.
ჩვენ მოსკოვში დავრჩით. ფულს ხშირად გვაწვდიდა. ბოლო წერილი ზაფხულში მივიღეთ, ფულს გიგზავნით, მოგვიანებით მოგწერთ და ყველაფერს გიამბობთო. დაპირებული წერილი აღარ მიგვიღია.როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამა როგორც სამშობლოს მოღალატე, დახვრიტეს. მთელ ენუქიძეებს ტროცკისტობა დასწამეს. უმრავლესობა თანამდებობის პირები იყვნენ, ბევრი დახვრიტეს.

დავრჩით უმამოდ. შიშით არავინ გვეკარებოდა. დილას რომ გავიღვიძებდით, რამდენიმე ბინა დაცარიელებული გვხვდებოდა. ღამე მიჰყავდათ ხალხი. სულ ვძიგძიგებდით შიშით. მამას მეგობრები მაინც ახერხებდნენ და გვიგზავნიდნენ ხან 3, ხან 5 მანეთს და ასე გავდიოდით ფონს.
დედა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, თუმცა სამუშაოდ არავინ იღებდა. როგორც კი მის გვარს გაიგებდნენ, უარით ისტუმრებდნენ.
მორიგი უარის შემდეგ დგას თურმე ქუჩაში და ტირის. მიახლოებია შუახანს გადაცილებული მამაკაცი, გვარი და მეუღლის ვინაობა უკითხავს. დედას რომ უპასუხია, უთქვამს: ჩვენ იმიტომ შევხვდით, რომ ქვეყნად სამართალი არსებობს; მე ალიკო ენუქიძემ ისეთი სიკეთე გამიკეთა, მოვალეც კი ვარ, დაგეხმაროთო.
"მოვალე" მამაკაცი გერცენის ქუჩაზე არსებული პურ-ფუნთუშეულის მა­ღაზიის გამგე აღმოჩნდა. დედამ მა­სთან მოლარედ­ დაიწყო მუშა­ობა, თან განცხადება დაწერა, ბინის გამოცვლას ით­ხოვდა. მალე მანეჟნაიაზე გადავედით. მანამდე თუ ცეკას სახლებში ვიყავით, ახლა სოვნარკომის ბინებში გადაგვიყვანეს. რემონტი თვითონ გაგვიკეთეს, ავეჯიც უსასყიდლოდ გადაგვიტანეს. შორს არ გადავუყვანივართ, სკოლაში რომ მივდიოდი, კრემლის საათს ვუყურებდი, რომ არ დამგვიანებოდა.

შიში მაინც დიდხანს გვქონდა, უცხოს არავის ვუღებდით კარს. დედა რომ მოვიდოდა, პაროლი გვქონდა, ჯერ დაგვიკაკუნებდა, მერე ზარს დარეკავდა.
მეშვიდე კლასში ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვედი საქართველოში და მამიდამ აღარ გამიშვა მოსკოვში. მოგვიანებით დედა და ჩემი და-ძმაც შემოგვიერთდნენ.

- მამის დახვრეტის ამბავი როდის შეიტყვეთ?
- წერილები რომ შეწყდა, არ ვიცოდით, სად იყო. ზოგი ამბობდა, საკუთარი გემი ჰქონდა და ვიღაც ქალთან ერთად საზღვარგარეთ გაიპარაო. რას არ ამბობდნენ.
ომის შემდგომ, უკვე გათხოვილი ვიყავი და შვილიც მყავდა, როდესაც მივიღეთ სპეციალური შეტყობინება, . როგორც ხალხის მტერი 1936 წელს დახვრიტეს.
ალიკო ენუქიძე XX საუკუნის ბოლოს, ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში იქნა რეაბილიტირებული.

აბელ ენუქიძე

აბელ ენუქიძე დაიბადა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრის სოფელ წკადისში, გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო თბილისის ტექნიკურ სასწავლებელში. 1898 წელს რსდმპ-ის წევრი გახდა. 1906 წლიდან ეწეოდა პარტიულ მუშაობას. 1914 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ენისეისკის გუბერნიაში. მონაწილეობდა 1917 წლის რევოლუციაში პეტროგრადში, ამავე წელს არჩეულ იქნა საკ-ის წევრად. 1918 წლის ივლისიდან საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მდივანია.

1922 წლის დეკემბრიდან 1935 წლის მარტამდე აბელ ენუქიძე იყო საბჭოთა კავშირის ცაკ-ის პრეზიდიუმის მდივანი. 1934 წლიდან საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრია. მოგვიანებით დაინიშნა ხარკოვის სამხარეო საავტომობილო ტრესტის დირექტორად.
1937 წლის 11 თებერვალს დააპატიმრეს, 29 ოქტომბერს კი დახვრეტა მიუსაჯეს ანტისაბჭოური საქმიანობისთვის. აბელ ენუქიძე ღია პოლიტიკურ პროცესებზე მოიხსენიებოდა როგორც კრემლში არსებული შეთქმულთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

(იხილეთ ასევე: იოსებ სტალინი: "ფილიპე, თუ იცი, კიდევ ბოზობს დედაჩემი?")

ეკა სალაღაია
троцки
16 დეკემბერი 2015 00:25
abel enuqite iyo stalinis megobari da zalian axlo adamiani stalinis ojaxis,mis coltan nadejdastanac megobrobda da mgoni natliac iyo,stalinis bavshvebs zaan uyvardat,1936 wlis agvistoshi roca arakacma stalinma pirveli moskovis procesi moawyo da mtavari oponentebi ,kamenevi da zinovievi daxvrites sxvebtan ertad,enuqizes stxova rom es zveli tevolucionerebi da bolshevikebi ar daexvrita da mxolod cixe ekmarebina,razec stalins tavisi borotuli yviteli tvalebi chausisxlianda da miugo: кто не са мнои,тот против меня. aqedan maleve gaantavisuples enukize tanamdebobidan da garicxec partiidan ,male ki daichires da daxvrites.procezze ki uamravi binzuri braldeba wauyenes da mat shoris iyo moskovis cnobil balerinebtan urtiertobebi,rac sxvata shoris ertad erti simartle im braldebebdhi.ai stalinis moyvare ucodinar bnelebo rogori megobari da kaci iyo stalini am istoriidanac sakmarisia gaigot,tumca es zgvashi wvetia am kacichamia teroristis cxovrebidan.
კასანდრა
03 დეკემბერი 2015 16:03
ამ ანდროსნაირები საიდან გამოძვრებიან ხოლმე? არიქა, გადაასხი ყველაფერს ლაფი, ვინ ხართ ასეთი ბოროტები? თქვენთვის და თქვენი მოდგმისთვისაა ასეთი სიძულვილით ცხოვრება ცუდი. არ გტანჯავთ შური,ბოღმა,სიძულვილი?რა გინდა,რატომ არ გასვენებს გამჩენი.ერთი ადამიანი მეორეს ეფერება და პატივისცემას გამოხატავს,მაინცდამაინს უნდა გადაიმასქნა თAვზე? ფუი, რა საზიზღAრი ხარ.
leri
01 დეკემბერი 2015 13:32
enukidzeebo kalbatoni veneras tamadobit genacvalet kvelas

რედაქტორის რჩევით