"ჩემი შვილი თუ გონს მოეგება, ჩვენ მას შევუნდობთ" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი თუ გონს მოეგება, ჩვენ მას შევუნდობთ"

"ვიდეოში იარაღი ჰქონდათ მუხლებზე დაწყობილი. ისლამს იარაღით არ ქადაგებენ, ისლამი თვითონ მშვიდობაა, თავად სანიმუშო უნდა იყო, ხალხი რომ გამოგყვეს. ისინი ამით ისლამს შეურაცხყოფენ"

ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ვიდეომიმართვა გავრცელდა. საქართველოს მოქალაქეები: ხვიჩა გობაძე, ბადრი ირემაძე, მამუკა ანთაძე და რობიკო პაქსაძე მუსლიმანებს "ისლამური სახელმწიფოს"მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს მოსახლეობას კი ხალიფატის"შემოსვლითა და თავების დაჭრით ემუქრებიან."კვირის პალიტრა" მებრძოლების ოჯახებს დაუკავშირდა.

"ჩემი შვილი ტერორისტი არ არის"

ილია გობაძე, ხვიჩას მამა: - მუსლიმანებს რომ ხოცავენ, ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? კომუნისტების დროს აპროტესტებდნენ, ჩვენს ჯარისკაცებს რატომ უშვებენ ავღანეთშიო. მაშინ არ იღუპებოდნენ იქ ჩვენი შვილები? ახალგაზრდები ოდითგან მავანთა უგუნური პოლიტიკის მსხვერპლნი ხდებოდნენ. ხვიჩა 23 წლისაა. ჯერ სოფელ დიდაჭარაში სწავლობდა, მერე კომაროვის სახელობის სკოლაში, მოგვიანებით ბათუმის მედრესეში განაგრძო სწავლა. ეგვიპტეში არაბული შეისწავლა. ორ თვეზე მეტია, სახლიდან წასულია.

- თავების მოჭრით მუქარას რა ახსნას უძებნით?

- ჩემთვის მიუღებელია თავების მოჭრის მოწოდება, მაგრამ როდესაც გაიგებ, რომ შენს მუსლიმან ძმას, დას, ცოლს კლავს შენი მოწინააღმდეგე, იმას ბაბაიას ხომ არ დაუძახებ? როცა მუჰამედ შუამავალი მოვიდა, ქვეყანაზე მუსლიმანები ბატონობდნენ. ღმერთის სამართალი აუცილებლად მოვა ქვეყანაზე - საბოლოოდ ისლამმა უნდა გაიმარჯვოს.

- თქვენს ოჯახზე დიდაჭარაში ამბობენ, ვაჰაბიტები არიანო.

- ამის მთქმელებმა ჯერ გაარკვიონ, ვაჰაბიზმი რა არის. მუჰამედმა რელიგია დატოვა დედამიწაზე, ყველაფერი განმარტა და თავისი ადგილი მიუჩინა. ამის შემდეგ ხალხმა ამ რელიგიას რაღაცები მიამატა. მუჰამედის დროინდელი ისლამი სხვა იყო, დღევანდელი - სხვაა. არანაირი ვაჰაბიტი არა ვარ, რასაც მუჰამედი და ისლამი ქადაგებს, იმის მიმდევარი ვარ. არც ჩემი შვილია ტერორისტი, მუსლიმანი არ ნიშნავს ტერორისტს.

"მამუკამ შემომითვალა, ხალიფატს ცუდად ნუ ახსენებო"

თამაზ ანთაძე, მამუკას მამა: - ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში ვცხოვრობთ. მამუკა 25 აგვისტოს მერე არ მინახავს. აგვისტოში მე და ჩემი შვილი ერთად გადავედით თურქეთში, მამუკა სამუშაოდ უნდა დამეტოვებინა. მე საქმეებზე გავედი, დავთქვით შეხვედრა, მაგრამ სადღაც გაუჩინარდა. მეორე დღეს მომივიდა მესიჯი, მწერდა, სასწავლებლად მივდივარო. მამუკა 10 ივნისს 23 წლის გახდა.

ამ ბიჭების მუქარა ისეთია, საქათმეში რომ დაიმალო და იქიდან ყვიროდე. თუნდაც ის რას ნიშნავს, ვიდეოში იარაღი რომ ჰქონდათ მუხლზე დაწყობილი? ისლამს იარაღით არ ქადაგებენ, ისლამი თვითონ მშვიდობაა, თავად სანიმუშო უნდა იყო, ხალხი რომ გამოგყვეს. ისინი ამით ისლამს შეურაცხყოფენ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენს შვილს გაცნობიერებული აქვს მისი საქციელი?

- ჩემი დისშვილი ვაჰაბიტებთან ურთიერთობს. შეუჩნდა ჩემს შვილს, მიიყვანა ხვიჩა გობაძესთან და გააცნო. მერე ბიჭები სირიაში წავიდნენ, ჩემი დისშვილი კი სახლში ზის. ჩვენ სუნიტები ვართ. ჩემი და ჩემი დის ოჯახი სასტიკად დაპირისპირებული ვართ რელიგიის გამო. არ ვიცი, რა ჩაუნერგეს ჩემს შვილს ასეთი, ისლამის მტრებში რომ აღმოჩნდა. შვილს სულ ვეუბნებოდი, არასწორ არჩევანს აკეთებ-მეთქი. ბოლო დროს აღარაფერს ამბობდა, ეტყობა, წასვლას აპირებდა. ეჭვი რომ არ აგვეღო, კარგად იქცეოდა. არ გამოვრიცხავ, მამუკამ არც იცოდეს, რას სჩადის. შესაძლოა, ის ახლა შანტაჟის და ზეწოლის ქვეშაა და რაც უნდათ, იმას ათქმევინებენ. იქნებ გაცნობიერებულიც აქვს, მაგრამ უკვე გვიანია. მას შემდეგ, რაც ტელეეთერში ჩავერთე და ჩემს შვილს ჭეშმარიტ გზაზე დადგომისკენ მოვუწოდე, მამუკამ შემომითვალა, ტელევიზიით ნუ გამოდის და ხალიფატს ცუდად ნუ ახსენებს, ასე კიდევ თუ მოიქცევა, ჩემი სახელი აღარ ახსენოსო.

მამუკა თუ გონს მოეგება, თუნდაც გაიქცეს და რომც ჩაცხრილონ, ჩვენ მას შევუნდობთ, ჩვენი სულები დავაში აღარ იქნებიან.

"ჩემი ძმა უცებ შეიცვალა"

ბესო ირემაძე, ბადრის ძმა: - თურქეთში ვიყავი (ერთი წელია იქ ვმუშაობ). სამი თვის წინ ბადრიც ჩამოვიდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ გაქრა. მერე დამიკავშირდა და მითხრა, სადაც მსურდა, ვყოფილიყავი, იქ ვარ და არ მეძებოთო. ისეთი ტექსტებით ლაპარაკობდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სირიაში იმყოფებოდა. 2 ნოემბრის შემდეგ აღარ დაგვკავშირებია.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა სირიაში წასვლა?

- ბადრი 32 წლისაა. კბილის ტექნოლოგიურზე ისწავლა, დაბა ნასაკირალში შრომობდა და ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. არც მატერიალური პრობლემები ჰქონია, მაგრამ უცებ შეიცვალა. ცოლი გაშორდა, მათ შორის უთანხმოება სწორედ განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო წარმოიშვა. მას გაცნობიერებული რომ ჰქონდეს, სად მოხვდა და რა დიდი განსხვავებაა "ისლამურ სახელმწიფოსა" და ფუნდამენტალურ ისლამს შორის, ახლა თავის ოჯახში იქნებოდა.

"მე არ მჯერა მათი მუქარის"

თინა პაქსაძე, რობიკოს დედა:- რობიკო 20 წლის არის, სტამბოლში სწავლობდა, თვე-ნახევრის წინ წავიდა და გაუჩინარდა. როცა ტელევიზიით ის ვიდეო ვნახეთ, მაშინ მივხვდით, რაშიც იყო საქმე. სასოწარკვეთილები ვართ. რომ გვცოდნოდა სად მიდიოდა, სოფლიდან ფეხს ვერ გაადგამდა. ჩვენ ფუნდამენტალური ისლამის მიმდევრები ვართ, რობიკოც ძალიან მორწმუნე იყო. მე არ მჯერა მათი მუქარის, ვინ იცის, იქნებ იძულებითაც ალაპარაკეს ეს ბიჭები.

ნანა ფიცხელაური