"ყველა ქალს ირას თვალებით ვხატავ"... - კვირის პალიტრა

"ყველა ქალს ირას თვალებით ვხატავ"...

ცნობილი მოქანდაკე, მხატვარი ირაკლი ოჩიაური კარს მიღებს და სახელოსნოდ ქცეულ სასტუმრო ოთახში შევდივართ. ნახატებსა და საღებავებს შორის სავარძლებზე ვსხდებით. შვილები შინ არ არიან. კედელზე მეუღლის გადიდებული ფოტო გაჩენილა, როგორც რაღაც დიდისა და მშვენიერის დასასრული.

თუმცა სიმარტოვისა რა მოგახსენოთ. ოთახი სავსეა ქალებით და ყველას ირაკლი ოჩიაურის მშვენიერი მეუღლის, ირინა ჯანდიერის თვალები აქვს. ჭრელ-ჭრელი კაბებით შემოსილნი, თუ მხოლოდ ერთ ფერში დახატულნი, მოღიმარნი და ზოგჯერ გულისწყვეტით მომზირალნი, ნელ-ნელა, თვეობით ნამუშევარი, თუ ერთი ხელის მოსმით შექმნილნი, გვიყურებენ და გვისმენენ.

თავის თავზე როგორ ალაპარაკებდი, მაგრამ რაკი კარი გამიღო და შინაც მიმიპატიჟა, რაკი მე სტუმარი ვარ და თვითონ მასპინძელი, რა ხევსური იქნება, სტუმარს აწყენინოს... ნელა, მოფრთხილებით, მაგრამ მაინც ვახერხებ და "ვტაცებ" მოგონებებს სიტყვაძვირ მასპინძელს, რომელიც დროდადრო მიღიმის, პასუხსაც მაძლევს და მაინც - მთავარზე ხმას არ იღებს, მთავარი ისე აქვს გადამალული სულში, როგორც მტრის ალყაში მოქცეულ ხევსურს ბოლო ტყვია...

KvirisPalitra.Geჩემი გარიჟრაჟი

ყველაზე ადრეული მოგონება სურათივით მიდგას თვალწინ: ჩემი ძმა დედას უზის კალთაში. მე იქვე, ძირს ვზივარ. ხის იატაკი არ გვქონდა, პირდაპირ მიწაზე ვიჯექი. უსამართლობად მიმაჩნდა, დედას გოგი რომ ეჯდა კალთაში და მე არა... აი, რა მახსოვს ყველაზე შორეული წარსულიდან.

უფროსი დები მყავდა და უმცროსი ძმა.

განებივრებული თუ ვიყავი? მსგავსი რამ არ მახსოვს. ხევსურები ემოციურები კი არიან, მაგრამ სენტიმენტალურები - არა!

დედისაგან შინაგან სითბოს ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ამის გამოხატვაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

ჩემთვის მეფე ერეკლეს სახელი დაურქმევიათ, ამიტომ მთაში ყველა ერეკლეს მეძახდა, აქ რომ ჩამოვედი და სკოლაში შევედი, გავხდი ირაკლი.

სამი სახელი მაქვს. ერთი სულის სახელია. ხევსურეთში აუცილებელი იყო, რომელიმე ვაჟკაცის სახელი დაერქმიათ ვაჟისათვის. ჩემთვისაც ჩაჩაური დაურქმევიათ. კარგი ჟღერადობაა - ჩაჩაურ ოჩიაური. მე კი ერეკლე შემრჩა სახელად. მესამე სახელი კი ღვთისო მქვია. ჩემს მშობლებს ვაჟი უნდოდათ ძალიან, სამი ქალი ჰყავდათ და როცა მე მელოდნენ, მკითხავთან წავიდნენ. მას უთქვამს, რომ დაიბადება, ღვთისო დაარქვით, რომ ღვთის მფარველობა არ მოაკლდესო, თანაც ორი წელი თეთრი სამოსით ატარეთო.

დედა და მამა მოკვეთილი იყვნენ სოფლიდან. მათ წესი დაარღვიეს - თანასოფლელებს ხევსურეთში დაქორწინების უფლება არა აქვთ. ეტყობა, ისე შეუყვარდათ ერთმანეთი, რომ ვერ შეელივნენ ამ გრძნობას და ორივე გვარმა - ოჩიაურებმაც და ბალიაურებმაც - მოიკვეთეს. ამიტომაც გადმოვიდნენ ჯერ ფშავში საცხოვრებლად. მერე კი, ბავშვები თბილისში მიგვიყვანეს სკოლაში.

ჩვენ, ყველანი, ბავშვობიდან ვხატავდით, თბილისში რომ ჩამოვედით, მამას საიდანღაც ნაცრისფერი ფურცლები მოჰქონდა, რომ გვეხატა. საშინელი ფურცელი იყო, კარაქს ახვევდნენ შიგ. ფერადი ფანქრებიც არ გვქონია... მაგის საშუალება სად იყო!..

სკოლა თბილისში დავამთავრე. ატესტატი რომ უნდა ამეღო, სწორედ იმ დღეს, ბესიკის ქუჩაზე ლახტს ვთამაშობდით. მახსოვს, რადიომიმღები ჩართეს და მოვისმინეთ, რომ ომი გამოცხადდა. დედაჩემმა მოგვკიდა მე და ჩემს ძმას ხელი, წაგვიყვანა მთაში.

ჩემი დილა

მთაში რომ ავედით, თვითონ ბავშვი ვიყავი, მაგრამ სკოლაში მასწავლებლად მოვეწყვე.

გვყავდა საქონელი, ფუტკარი... დედას მეფუტკრეობა თბილისში ჰქონდა ნასწავლი. ძალიან ძლიერი ქალი იყო, მთავარ ტვირთს თავის თავზე იღებდა, ჩვენ შეშის დამზადებასა და თივის მომარაგებაში ვეხმარებოდით. თიბვა ჩვენი საქმე იყო. მთაში ავიდოდით. ქვემოთ, ხეობებში რომ ბნელოდა, ზემოთ, ჭიუხზე უკვე მზის სხივი ანათებდა. ვდგებოდით და ვთიბავდით. მთელი დღე ისე გადიოდა, არ ვჩერდებოდით. სამი-ოთხი დღე მოწყვეტილი ვიყავით ქვეყანას, კაცის ხმა არ გვესმოდა, მხოლოდ - ცელის შხუილი...

ახლა რომ მკითხონ, ვაჟკაცობით შემკული ვინ გახსენდებაო, პირველი თომა ბალიაურია. მერე ბიძაჩემი ლადო ბალიაური, რომელიც 1942 წელს ციმბირში დაიღუპა. თომა ბალიაური 36 წლისა იყო, რომ მოკლეს. ჩეკისტებმა მოისყიდეს სოფელ ამღაში ერთი ტუტუცი ყმაწვილი წვრილა წიკლაური, თანაც ბალიაურების ნათესავი. ფანჯრიდან ესროლა და მოკლა. ლადო მაშინ ლენინგრადის უნივერსიტეტში სწავლობდა. ყველაფერი მიატოვა, ჩამოვიდა, რომ სისხლი აეღო. თომას მკვლელს სახელოვანი მამა ჰყავდა. ის მოუკლეს სისხლის ასაღებად.

ლადო ბალიაური მწერალი იყო. ჩვენებმა თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე ერთი ოთახი დაუთმეს. იქ იყო ჩვენი თაობის მწერლების თავშესაყარი. მოდიოდა იოსებ ნონეშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, ალეკო შენგელია, მირზა გელოვანი...

ძალიან მშვიდი ბიჭი ვიყავი. ახლანდელი ტერმინი - კანონმორჩილი, ჩემზე იყო ზედგამოჭრილი. გოგი, ჩემი ძმა, სულ ჩხუბობდა. შეუპოვარი იყო ძალიან, მე პირიქით, - გამშველებელი. დაუჯერებელია, ხევსურს შურისძიების გრძნობა არ მაქვს. როცა რამეს მიშავებენ, მწყინს, მაგრამ შურისძიება მაინც არ მომდის აზრად.

მახსოვს, მოსკოვში რომ მივდიოდით დემონსტრაციაზე გამოსასვლელად. ტრიბუნებზე მაშინ ვნახე სტალინი, ბერია და ძმანი მათნი. აღლუმზე კოშკი უნდა გაგვეტანა. ზედ დროშა ჰქონდა დამაგრებული. ნიავმა დაუბერა თუ არა, დაინგრა ეს კოშკი, ჩამოვარდა დროშა და სტალინის წინ დაენარცხა მიწაზე. გოგოებს შიშისგან  ტირილი აუვარდათ. ისე, ის დროშა რომ სტალინის თვალწინ ჩამოფრიალდა მიწაზე, გულის კუნჭულში გამიხარდა.

თუ ასე ვფიქრობდი, პარადზე რას გავდიოდი? მაგას თქვენ ვერ გაიგებთ. ჯერ ერთი, სხვა საშუალება არც გვქონდა, რომ საქართველოს გარეთ გვენახა რამე. მეორეც, იქ გვაძლევდნენ ფორმას, რეზინისძირიან ფეხსაცმელს. ესეც დიდი ამბავი იყო. ერთი წელი იმ ფეხსაცმლით დავდიოდი აკადემიაში.

სწავლა სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე. ჩემი ძმა კი უნივერსიტეტში - ინგლისური ენის ფაკულტეტზე შევიდა. ერეკლე ტატიშვილის სტუდენტები იყვნენ ეგ და ნოდარ ანდღულაძე. მეორე კურსზე იყვნენ, ერეკლე ტატიშვილი რომ გარდაიცვალა და ორივემ აიცრუა გული ინგლისურის სწავლაზე. ნოდარი გადავიდა კავკასიური ენების ფაკულტეტზე, გოგი კი აკადემიაში წამოვიდა.

ჩემი შუადღე

აკადემია რომ დავამთავრე, იმედითა და წარმატების სურვილით მოსკოვში წავედი. ერთი წელი ვიცხოვრე და მივხვდი, იქ არავის ვჭირდებოდი. თბილისში დაბრუნებულს, არც სამსახური მქონდა, არც სახელოსნო, არც პერსპექტივა.

გამოფენა ეწყობოდა. გავიტანე ჩემი პირველი ნამუშევარი - მარინე ყუბანეიშვილის პორტრეტი. ირაკლი ციციშვილს წაუყვანია არქიტექტორები გამოფენაზე. ჩემი პორტრეტი მოსწონებიათ. მომძებნეს. მაშინ კათედრის გამგე შავიშვილი იყო, მასთან მიმიყვანეს. დამელაპარაკნენ და სამსახური შემომთავაზეს. არქიტექტურის ფაკულტეტზე მიმიღეს პედაგოგად.

ერთ დღეს დერეფანში სტუდენტები დავინახე. ერთი მათგანი გამორჩეული იყო. გავიკითხე, - ვინ არის ის გოგონა-მეთქი. ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტის, ლევან ჯანდიერის და აღმოჩნდა. ლევანს ვთხოვე, შენი დის - ირას პორტრეტზე მუშაობა მინდა-მეთქი. დამთანხმდა.

ერთი წლის  მერე დავქორწინდით კიდეც...

ჯანდიერებმა როგორ მიმიღეს? კარგად. ისეთი ჯოჯოხეთური ცხოვრება ჰქონდათ გამოვლილი, ისეთ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, თავადურ წარმომავლობაზე სიტყვას არ ამბობდნენ. ისე კი, მეც და ჩემი ძმაც არასაიმედოებად ვითვლებოდით. მამა ციხეში იყო ნაჯდომი პოლიტიკური ბრალდებით. ბიძაჩემი ლადო ბალიაური პოლიტიკურზე იყო გადასახლებული, დეიდაჩემის ქმარი, ნიკო მაკალათიაც ნაციმბირალი იყო. ერთხელ, ერთმა სტუდენტმა, ლევან ტატიშვილმა საიდუმლოდ გამიმხილა: კა-გე-ბეში დაგვიბარეს და თქვენზე გვკითხეს, ლექციებზე ისეთს ხომ არაფერს გელაპარაკებათო...

ყველა ქალს ირას თვალებით ვხატავ? შეიძლება... მოგრძო თვალის ჭრილი ირასაგან ჩამრჩა მეხსიერებაში.

როგორ ვცხოვრობდი? საშუალოდ, მოკრძალებულად. ყაზბეგის ქანდაკება დამიკვეთეს და მაშინ ავიღე დიდი ჰონორარი, იმით ავიშენე სახლი. მერე ჭედურობამ გამიმართლა... მართალია, ჯერაც დაუმთავრებელი მაქვს სახლი,  მაგრამ ეგ არაფერია.

ახლა რომ მეკითხებით ჩემი ცხოვრების შუადღეზე, დავფიქრდი: მქონდა კი შუადღე?

ჩემი საღამო

საღამო როდის დადგა, არც მაგისი ზღვარი მიგრძნია ოდესმე. უბრალოდ, ჩემი ცხოვრების ოთხმოცდამეერთე წელზე მივხვდი, რომ ძალაც მომაკლდა და ფიზიკური უნარიც. აღარც გაქცევა შემიძლია, აღარც გადახტომა. აღმართზეც ვეღარ ავდივარ ძველებურად.

სამი შვილი მყავს და ორი შვილიშვილი.

გულჩათხრობილი ვარ? კი, ბატონო, ვარ... კეთილგანწყობილი კი ვარ, არც სიყვარული მაკლია, მაგრამ ცოტა პირქუში გახლავართ.

ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ წარსულზე, ჩემს მშობლებზე. ძალიან თავშეკავებული ვიყავი, ჩემს თავზე დედ-მამასთანაც კი არ ვიტყოდი სიტყვას, ახლა კი ხომ ხედავთ, რამდენი მალაპარაკეთ. ესეც "საღამოს" ბრალი უნდა იყოს...