ის საფლავები დაგვაბრუნებენ... - კვირის პალიტრა

ის საფლავები დაგვაბრუნებენ...

ძვირფასო პალიტრა! თქვენი გაზეთის ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილმა წერილმა "ჭუბერ-საკენის უღელტეხილი - ჯოჯოხეთი ქართველებისთვის", სიკვდილ-სიცოცხლის გზაზე ხელმეორედ გადამატარა. იმ ჯოჯოხეთის გზაზე ჭირისუფალს დასაღვრელი ცრემლისთვის არც დრო ჰქონდა და არც ძალა. წინ აღმართი იყო და თუ დაბინდებამდე ვერ მოვასწრებდით გადავლას, თავადაც საფლავად შემოვრჩებოდით უღელტეხილს. გთხოვთ გაიხსენოთ ისინი, ვინც ჭუბერი ვერ გადაიარა.

ნუნუ თოდუა, დევნილი სოხუმიდან

ადრე გათხოვილი ლუბა ახუბა ადრევე დაქვრივდა. არადა, როგორ ეამაყებოდა, ახოვანი აფხაზი ვაჟკაცი რომ ჰყავდა ქმრად... მოგვიანებით, მარტო დარჩენილმა დისშვილი შვილად აიყვანა და ცხოვრების აზრი იპოვა.

მუდამ სახენათელი ლუბა ახუბა ომმა შეცვალა, დასევდიანდა, მხრები ჩამოყარა, გარდაცვლილი მეუღლე დაუდგა თვალწინ, ფიქრითაც ვერ აკადრა, აუგი ეთქვა მისთვის. იჯდა სამალავად ქცეულ სახლის სარდაფში და ხმას არ იღებდა...

ცამეტი თვე სოხუმში დაყო. 26 სექტემბერს იმედგაცრუებულ ხალხს შეუერთდა და სვანეთის გზას დაადგა.

დაიწყო ალპური ზონა და ცამდე აკიდული აღმართები. უმკაცრესი ბუნება თითქოს გამოცდას უტარებდა განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს. ჭირდა მოლიპულ აღმართზე სიარული. დოდო წინ უსწრებდა დედას. გზა უსასრულოდ გაიწელა. ალპურ ზონაში ჟანგბადი გაიშვიათდა და სუნთქვა გაჭირდა.

გზაზე თანაკლასელი წამოეწია და სიარულში შეეშველა, მაგრამ... გზას ვეღარ გავაგრძელებო - თქვა გაფითრებულმა და თითიდან ბეჭედი წაიძრო... როდესაც სამშვიდობოს ჩახვალთ, ეს ბეჭედი რომელიმე ტაძარს შესწირეთ, ჩემი სული მოიხსენიეთო, - თქვა და ჩაიკეცა. თანაკლასელმა თითებშუა სანიშნედ გვარ-სახელი ჩაუდო, საფლავი გაუთხარა და მიწა მიაყარა. შემდეგ უკან გაბრუნდა, რომ დედისთვის როგორღაც ეთქვა - შვილი დაგეღუპაო.

გახევდა ქალი - ის, რისთვისაც წინ მიიწევდა, აღმართზე საფლავად ქცეულიყო. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და უფსკრულში გადაეშვა.

...

ნათია პირდაპირ სკოლის მერხიდან გაიპარა. დაქორწინებიდან წელიც არ იყო გასული, ქალიშვილი ეყოლა. იმ ავბედით დღეს, 14 აგვისტოს დაიბადა თათია. მალხაზი ფრონტის ხაზზე იყო. ნათიას ვერაფრით დაატოვებინა საშიში ქალაქი. ბიჭი როგორც კი დროს გამონახავდა, შინ შეივლიდა, ცოლ-შვილს დახედავდა და ისევ საბრძოლო პოზიციებზე ბრუნდებოდა.

26 სექტემბერს, ხალხის მდინარედ ქცეულ მშვიდობის პროსპექტს ნათიაც გაუყვა თავისი პატარათი. ზღუდემორღვეული ქალაქის უკანასკნელ მეციხოვნედ დარჩა მალხაზი.

ზურგზე წამოკიდებული ბავშვის ტარება უმძიმდა. არადა, სახიფათო იყო დაბინდების ჟამი, ყინვები იწყებოდა და სწრაფად უნდა გადაევლოთ აღმართი. დაქანცულმა ქალმა ბავშვი ჩანთაში ჩააწვინა და თავადაც გვერდით მიუჯდა, შევისვენებთო...

შემდეგ კი როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა ქალი, ჩანთის ირგვლივ, ზედ უფსკრულის პირას სიმღერას იწყებს... შეშლილი დედა! დამსკდარი ფეხისგულებიდან თოვლს წინწკლებად აჩნდება სისხლის წვეთები... უხმობს გამვლელებს, რომ ნახონ, როგორ ანგელოზივით სძინავს მის პატარას ჩანთაში, ომის თანატოლ, ცამეტი თვის თათიას... მერე იმ ჩანთიანად უფსკრულში მიფრინავს. სოხუმიდან სასწაულად გამოღწეული ჯარისკაცები მალხაზის დაღუპვის ამბავს გვიან, თბილისში მოჰყვებიან...

P.S იმ წამებულ მიწაზე თუ დავბრუნდებით, სწორედ ის საფლავები დაგვაბრუნებენ, ღვთის ანაბარად რომ დავტოვეთ გზადაგზა. ვიდრე ეს საფლავები არსებობენ, არსებობს ხსოვნა, ვარსებობთ ჩვენც და... იმედიც აფხაზეთში დაბრუნებისა!