მის სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა... - კვირის პალიტრა

მის სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა...

ხანდახან სიკვდილი გულს ისე გააქვავებს ხოლმე, წვეთ ცრემლს არ გადმოგაგდებინებს... შეიძლება მართალიცაა სიკვდილი, თორემ ჩემი თაობა, ვარაზის ხევთან, აფხაზეთის მემორიალზე წარწერად დარჩენილ ბიჭებს რომ აუვლის, მარტო იქ უნდა დაიხრჩოს ცრემლის ტბაში.

ერთ საღამოს ამ მემორიალს შავოსანი ქალი მიხუტებოდა ცალი ლოყით, მეორე ლოყაზე შავი მანდილი ჩამოეფარებინა და რომელიღაც ბიჭის სახელს ეფერებოდა ხელით. აი, იმ ხელმა ცრემლი წამოიღო და ყელთან დამიგუბა. ის ბიჭები შემეცოდა, გარდაცვლილ დედებს რომ გაეპარნენ ომში და დედებმა მაინც გაიგეს...

ზაზა ბენდელიანიც გაიპარა ომში, - მამასაც გაეპარა, დასაც, მეგობრებსაც, იმ ახლობელსაც, წინა დღეს რომ ესტუმრა და ყველაფერზე ელაპარაკა, გარდა ომისა, მაგრამ გარდაცვლილ დედას უფრო გაეპარა, რადგან დედას გული იმ ქვეყნადაც ასტკივდა და სიზმრად მისდია საყვედურებით, - შვილო, სად მიდიხარ, თუ ბრძოლა გინდა, მინდორზე, ფეხბურთში იბრძოლე, ტყეში მგლებს ნუ ებრძვი, დამარცხდებიო! ზაზა კი მინდორზე ბრძოლაში გმირი იყო, თანაც დაუმარცხებელი - ჭაბუკებს შორის ორჯერ გახდა ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ორჯერაც ოქროს მედალი  მოიპოვა. და... მაინც ომში გაიპარა - მედლების გარდა, სინდისიც ჰქონდა (შოთა ნიშნიანიძე ამბობდა ამნაირ სინდისზე:

"შენ გაეპარე მყუდრო ლოგინს

და მყუდრო ოთახს

და იმ წუთიდან აღარ იყავ

მშობლის შემბრალე,

შენს სინდისს თურმე საცრისტოლა

თვალები ჰქონდა

და სინდისს ალბათ იმიტომაც

ვერ გაეპარე..."

"ღამის ორი საათია, ჩემმა ყვირილმა გამომაღვიძა... დედაჩემი ორი წლის გარდაცვლილია და არასოდეს დამსიზმრებია, ხშირად კი მინატრია, სიზმარში მაინც ვნახო-მეთქი და ახლა, ამ შუაღამისას, სხვის სახლში გამომეცხადა, უარი მითხრა წაყვანაზე და მისაყვედურა: - ამ ტყეში, მგლებთან ბრძოლას მოეშვი, ბრძოლა თუ გინდა, მწვანე მინდორზე იბრძოლე ბურთით. მგლებს ებრძვი და დამარცხდებიო. გონს რომ მოვედი, შემრცხვა.

თავზე დამდგომოდნენ მამაჩემის მეგობრები - დედაშენი ხომ არ დაგსიზმრებია, - "დედა, დედას" ყვიროდიო... არ მახსოვს-მეთქი". იცრუა, - დედის ხმა როგორ შეიძლება არ გახსოვდეს, მაგრამ მის სინდისს გაგრაც ახსოვდა: "მამაჩემი რომ გაგრაში გადაიყვანეს სამუშაოდ, სამოთახიანი ბინა მოგვცეს ზღვასთან ახლოს, იქ, მინიფეხბურთის მოედანზე, დილიდან საღამომდე ბურთს დასდევდნენ ჩემი ტოლები. მალე მეც ჩავერიე თამაშში... მერე ცხოვრებაში მქონდა ნათელი საბრძოლო გზა, რომელსაც შევწირე 15 წელი.

ეს გზა ფეხბურთი იყო. ახლა ბურთი თოფით შევცვალე. გაგრის დაცემამდე ომში მონაწილეობაზე არც მიფიქრია (ჩემი დიდი ბებია აფხაზია), მაგრამ ეს გადავწყვიტე მაშინ, როცა გაგრის სტადიონზე, სადაც მე და ჩემს თანატოლებს ფეხბურთს გვასწავლიდნენ თამაზ კუჭუხიძე, გიორგი სიჭინავა, იარაღით მოსულმა ბარბაროსებმა ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთი გამართეს. ჩემი სიყრმის გაგრელი მეგობრების, თანაკლასელების სტადიონზე დახოცვამ მაიძულა, მაყურებლის როლში არ ვყოფილიყავი"...

და... ზაზა ომში სინდისს გაჰყვა უკან. მერე იქ, ტამიშთან წინ სირბილით გაიჭრა, როგორც სტადიონზე, თამაშისას. ვინც ცოცხალი გადაარჩინა, ისინი იგონებენ: "შეტევაზე გადასვლა გვინდოდა, მაგრამ ზევით, კვიპაროსზე, სნაიპერი იჯდა. გურამ იმნაძე გვერდზე იყო ჩამჯდარი ავტომატით. ტყვია მოხვდა ავტომატის ლულას და გადასხიპა.

მინდორიც დანაღმული იყო. ასეთ დროს "ველი ავტომატის ჯერით უნდა დამუშავდეს". მაგრამ როცა გესვრიან, ამას როგორ მოახერხებ! ასეთ დროს მეთაური იძულებული ხდება, ვინმე გაუშვას წინ. სანამ სიტყვას დავამთავრებდით, ზაზამ დაიძახა, - მე წავალო და ზიგზაგებით გაიქცა კვიპაროსისკენ. მერე სხვებიც მიჰყვნენ"...

და ზაზას სრბოლა კვიპაროსთან შეწყდა - აფეთქდა... და იქვე შეწყდა დედის ხმაც, - აღარ ეძახდა,  მგლებს ნუ ებრძვი, დამარცხდებიო. ვერც მისი ხელი მოეფერება წარწერად ქცეულ შვილის სახელს საძმო საფლავზე. ეს ბედნიერებაც არის დედისთვის. მაგრამ სხვამ ყველამ, ვისაც ზაზა უყვარდა, იგი უკვდავებად აქცია - ჯერ მშობლიურ სკოლას მიენიჭა მისი სახელი. მერე ფეხბურთის ტურნირს. ტურნირი წელსაც ჩატარდა - 25 თებერვალს.

ახლა ჩვენ უნდა ვეფერებოდეთ ამ ბიჭების სახელებს, - მეტად, უფრო მეტად, რომ ერის სრბოლაც არ შეწყდეს ჩვენი დანაღმული მინდვრებიდან მომავლისაკენ.