სახელითა და გვარით თურქი, გულით - ქართველი - კვირის პალიტრა

სახელითა და გვარით თურქი, გულით - ქართველი

"მამა და დედა არ ლაპარაკობდნენ დაბრუნებაზე, მე კი უკვე დიდი ხანია ვოცნებობ აქ ჩამოსვლაზე"

ფაჰრეთინ ჩილოღლუს თვალებში თითქოს დაწყნარებული, მოლივლივე შავი ზღვა ბუდობს. ზღვა ისედაც ძალიან უყვარს. ოდესღაც ამ ზღვის სანაპიროს გაჰყვნენ მისი წინაპრები და გულითა და თვალებით უცხო მხარეს გაიყოლეს მშობლიური ლურჯი ზღვისა და მწვანე მთების სიყვარული... მერე დიდხანს დუმდნენ ფაჰრეთინის ბებია-ბაბუები, მშობლები. თავის ტკივილს - სამშობლოდან მოშორების გამო გაჩენილ სევდას თვალებში ცრემლად იგუბებდნენ.

მაშინ უფროსები ვერ იფიქრებდნენ, რომ რკინის ფარდით გამოყოფილ, საბჭოთა რუსეთის მიერ შთანთქმულ საქართველოს რომელიმე მათგანი თვალით იხილავდა, ვერც იმას, რომ მათი ბადიში თუ ბადიშის ბადიში სახელითა და გვარით თურქი - ფაჰრეთინ ჩილოღლუ - საუკუნის მერე დაიწყებდა ქართული გვარის ძებნას და გურჯისტანისკენ გაჰყვებოდა ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ სიყვარულს. საქართველოსაც იპოვიდა და სავარაუდო გვარსაც - ჩილაშვილი... სახელსაც გადაუქართულებდნენ ქართველები და სიყვარულით ფარნას დაარქმევდნენ... მერე კალამს აიღებდა და დაწერდა: "რა ლამაზად წვიმს,  რა მშვენივრად.  მაგრამ აკლია რაღაც  ამ მშვენიერ წვიმას,  შენ აკლიხარ,  მზევ ჩემო, საქართველო!"

KvirisPalitra.Geფაჰრეთინმა ქართული ენის სწავლა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულყო. შემდეგ თურქულად თარგმნა გალაკტიონი, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, თამაზ ჭილაძე, ეკა ბაქრაძე. მინიანთოლოგიას "ცხელი სევდა" დაარქვა. რედაქტორობდა ჟურნალ "ჩვენებურს". თურქეთის პრესტიჟულ ჟურნალ-გაზეთებში წერდა წერილებს საქართველოზე. 1993 წელს გამოსცა წიგნი "ქართველთა ისტორია" თურქულად. საქართველოში კი გამოიცა მისი არაჩვეულებრივი წიგნი "სასაზღვრო ფიქრები".

- აქედან წასული ჩვენი წინაპრები ზღვის პირას დასახლდნენ. ჭაობიანი ადგილი ყოფილა და ავადდებოდნენ თურმე, ამიტომაც აიყარნენ და სხვაგან გადავიდნენ. მერე კიდევ ერთხელ შეიცვალეს საცხოვრებელი. ბოლოს, სოფელ აქბაბაში გაჩერდნენ. ქართველები ერთად სახლდებოდნენ. რომელიმე ქართველის სახლი ერთი საათის სავალზეც რომ ყოფილიყო, მაინც ერთ სოფლად ითვლებოდა. ჩვენი უბანი სოფლის ცენტრიდან მოშორებით იყო - ახლა მეორე სოფლის საზღვრებშია მოქცეული, იმ სოფლისა, რომელთანაც უფრო ახლოს იდგა. რომ ვუკვირდები, სწორიცაა და ლოგიკურიც. თუმცა ადრე ქართველები არასოდეს დასთანხმდებოდნენ თურქული სოფლის კუთვნილება გამხდარიყვნენ.

იმ სოფლის ღელესთან იზრდებოდა მცენარე ღომიც, - მიამბობს ფაჰრეთინი, ჩვენი ფარნა...

"ჩემი ბავშვობის ღომიც ბათუმიდან იყო წამოსული... მოვიდა იქამდე, იმ უცხო მიწამდე, რომელიც სიზმარშიც კი არ ჰქონდა ნანახი, გაიცნო ის მიწა მაშინ, როცა დაითესა და თავი ამოიღო ჰაერში. შეეჩვია პირველი ღომი ნელ- ნელა მიწას, ცას და ღრუბლებსაც... თესლიც კი დატოვა, იმიტომ რომ ხელახლა ამოსულიყო მისი შთამომავალი. როცა ცოტა გავიზარდე, მაშინვე გავიგე, რომ ეს ღომი იყო ყველაზე სევდიანი მცენარე ჩემს სოფელში და ყველაზე საყვარელი მეგობარი ჩემი. ღომის თავთავები მეუბნებოდნენ ჩურჩულით, როცა მოვა დრო, მაშინ მაინც წადი, ბათუმში." (14 მარტი, 2009 წ.)

იყო დრო, ფაჰრეთინს ქართული ანბანის სწავლა აზრადაც არ მოსდიოდა. მაგრამ მერე ყველაფერი სხვაგვარად მოხდა:

- შავი ზღვის სანაპიროზე, პატარა ქალაქ ჯიდეში წავედი დასასვენებლად. იქ ცხოვრობდა ცნობილი თურქი მწერალი რიფატ ილღაზი. გაიშალა სუფრა, მოიტანეს რაქი, ეს ალკოჰოლური სასმელია, - მიხსნის ფარნა...

ვერ ვითმენ და ვაწყვეტინებ:

- იცი, ჩვენთან, სვანეთში, რახი ჰქვია სასმელს. როგორ ჰგავს, არა?

თვალებში ისევ შავი ზღვის სიცისფრე უციაგებს და ღიმილით ამბობს:

- იქნებ აქედანაც გადავიდა ეგ სახელი... ჰოდა, ვსვამდით რაქს და ვსაუბრობდით. მასპინძელი მეკითხება, საიდან ხარო. ვუპასუხე. ქართველი იქნებიო. კი-მეთქი. ჟურნალი "ჩვენებური" იციო? არა-მეთქი. იეშილ აჰმედს იცნობო?.. არა-მეთქი. აბა, რანაირი ქართველი ხარო... მომცა ჟურნალები. იეშილი ნიშნავს მწვანეს. იეშილ აჰმედს - აჰმედ მელაშვილს ეძახდა.

მისი გამოცემული წიგნი, "გურჯისტანი", თურქეთისთვის კომუნიზმის პროპაგანდა იყო. ამიტომ დაიჭირეს. ის და ილფატ ილღაზი ერთად ისხდნენ ციხეში. სტამბოლში დაბრუნებისთანავე მივწერე აჰმედს, - ძალიან მინდა ქართული ანბანის შესწავლა და დამეხმარეთ-მეთქი. პასუხმა დაიგვიანა. მისმა შვილმა, იბერიამ მომწერა, - მამა გარდაიცვალა, მე რომ ჩამოვალ, მოგაწოდებ ქართულ წიგნებსო.

ასეც მოხდა... აჰმედ მელაშვილი ვერ გავიცანი. მის სიცოცხლეში არც ვიცოდი ქართული წერა-კითხვა. გადასახლებული ხალხი წარსულზე ბევრს არ ლაპარაკობდა, უნდოდათ, შვილები შეჰგუებოდნენ ახალ სამშობლოს. პირველი-მეორე თაობა დუმდა, მაგრამ... მესამე თაობა კითხულობს, - ვინ ვართ, აქ რატომ ვართო...

მე ჩემი ოცნების საქართველო მაქვს. ჩემი საქართველო ისაა, რაც მოთხრობებში და ლექსებში მაქვს. ის ცოტა მოშორებულია რეალობას, მაგრამ რეალური საქართველოც უსაზღვროდ მიყვარს. ჩვენი წინაპრები, ვისაც საქართველო ახსოვდა, არ ვიცი, რაზე ოცნებობდნენ, იქნებ დაბრუნებაც უნდოდათ. მამა და დედა არ ლაპარაკობდნენ დაბრუნებაზე, მე კი უკვე დიდი ხანია ვოცნებობ აქ ჩამოსვლაზე - მინდა საქართველოში მოვკვდე და აქ იყოს ჩემი საფლავი...

ვინ იცის, როგორ გამოიყურებოდნენ ფარნას წინაპრები... ბაბუა და ბებია თავადაც არ ახსოვს.

მე მაინც შემიძლია წარმოვიდგინო: ხორუმს რომ ცეკვავენ, ისეთი მოქნილი, სხარტად მოსიარულე ქართველები ფარნასნაირი - ქართული ზღვის სილურჯითა და ხიბლით სავსე თვალებით, თავისი ჟღერადი, მუსიკალური ლაპარაკით... შემიძლია წარმოვიდგინო მათი სოფელიც, რომელიც ძალიან ჰგავს გურულ თუ აჭარულ სოფელს, ხის ოდასახლი... ამ ყველაფერს სულ იოლად ვხედავ, რადგან ჩემი სისხლი და ხორცი უსიტყვოდ გრძნობს ერთობას...