"დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის ,,სხვისი"­ ომი არ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის ,,სხვისი"­ ომი არ ყოფილა"

"მე ისევ შინ დაბრუნებას ველოდები"

"ერთადერთი ფოტოსურათი დამრჩა, სადაც ოპერატიული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის - ,,იუპიტერის" ბიჭებთან ერთად ვარ გადაღებული"

თითქოს არ იყო პატარა ოთახი, მაგრამ რომ წამოდგა, სივრცე დაპატარავდა! მაღალია, ათლეტური, ჭრელ სამხედრო ბუშლატაში გამოწყობილი, თავზე ბენდენა წაეკრა - ასე მეგონა თითქოს ახლახან ბრძოლიდან დაბრუნდა. აფხაზეთი ჩემი მასპინძლის, წარსულში ცნობილი ჩოგბურთელის - სერგეი ხოჯამბერდიევის სამშობლოა. სოხუმის დასაცავად ქართველების გვერდით დადგა. იყო სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფ ,,იუპიტერის" მზვერავი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისა და საქართველოში უზბეკეთის ასოციაციის ორდენით - პატრიოტიზმისთვის.

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში ვიყავი თბილისში ჩოგბურთის კორტების მწვრთნელი და დირექტორი.

დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის ,,სხვისი" ომი არ ყოფილა. საქართველო ჩემი სამშობლოა. 1992 წლის 14 აგვისტოს მშვიდობიანი ყოფა დასრულდა - ზღვისპირეთს ცეცხლი წაეკიდა. ერთად გაზრდილმა ბიჭებმა ერთმანეთს ზურგი აქციეს. ერთნი ქალაქს ტოვებდნენ, მეორენი მის მცველებად დგებოდნენ!.. არაქართველებს ომი არჩევანის უფლებას გვიტოვებდა - თუ იარაღს არ ავიღებდით, არავინ გაგვამტყუნებდა. ფიქრი არც დამჭირვებია, ჩემს ნამოწაფარებთან - თემურ შენგელიასა და ლადო ბიგვავასთან ერთად ჩავეწერე მებრძოლთა ჯგუფში. მალე ოპერატიული ჯგუფი ,,იუპიტერი" ჩამოყალიბდა და იარაღი დაგვირიგეს.

ქართველების გვერდით იბრძოდა ჩემი ბიძაშვილი ვასილ გერაშჩენკოც. 15-16 მარტს, სოხუმზე მასირებული შეტევისას, ვასიკომ მოწინააღმდეგე ახლოს მოუშვა, გაანადგურა და თავადაც დაიღუპა. დაკრძალვაზე დონის როსტოვიდან მისი უფროსი ძმა ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნდა, ისიც ქართველებს შეუერთდა - შრომასთან მძიმე ბრძოლებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. ასე შეეწირნენ აფხაზეთის ომს უკრაინელი ძმები - ვასილ და ნიკოლოზ გერაშჩენკოები.

არ ვიცოდი, ბედისწერა რას მიმზადებდა, ბრძოლის ველიდან მშვიდობით დაბრუნებულს, აფხაზეთის დაკარგვამდე ორი თვით ადრე ბედმა მიმუხთლა - იარაღის წმენდისას უნებლიეთ გავარდნილი ტყვიის ანასხლეტმა თვალები დამიზიანა და მხედველობა დავკარგე.

ომი დასრულდა... თბილისში დავსახლდი. მეც, ისე როგორც სხვა დევნილები, მათი ჭირისა და ლხინის მოზიარე ვარ. ერთად ველოდებით შინ დაბრუნებას.

თავიდან ძალიან გამიჭირდა, არ არის ადვილი, შეეგუო ხიზნობას, თანაც თვალისჩინიც არ მაქვს. მაგრამ ძალა მოვიკრიბე, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს-მეთქი - შევუძახე თავს და უხილავ სამყაროში ნაბიჯების გადადგმა დავიწყე.…ჩემს დას შევეხმიანე, ის ახლაც სოხუმში ცხოვრობს და ჩემი ელექტროხელსაწყოები ჩამოვატანინე. მოკლედ, ამ პატარა ოთახში, რომელიც ჩემი სახელოსნოა, ხეზე მუშაობას შევუდექი. მეზობლის ბავშვებს ხის პატარა სკამები გავუკეთე, ბზისგან ჯვრების კვეთაც დავიწყე. რაც მეტ ჯვარს გამოვჭრი, მით უფრო ვძლიერდები.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრი რამ მეხერხება: სამღებრო საქმე, კედლის დამუშავებისას შეიძლება სანტიმეტრებში მოვტყუვდე, სხვას ინტუიცია მკარნახობს. ვუკრავ გიტარასა და სალამურზე. ამჟამად ელექტრონულ სალამურს ვაკეთებ. ვფიქრობ, გამომივა! საყვარელ ფილმებს ვერ ვუყურებ, მაგრამ ვუსმენ და შინაარსს ახლა უკვე სხვანაირად აღვიქვამ.

სოხუმიდან ერთადერთი ფოტოსურათი დამრჩა და კიდევ პერსონალური ჩოგანი დიდი სპორტიდან - ერთადერთი ძვირფასი სახსოვარი.

ქუჩაშიც ჯოხით დამოუკიდებლად დავდივარ. მარჯანიშვილზე, ნეველის სახელობის რუსულ ეკლესიაში ვლოცულობ. ვიყავი მცხეთაშიც, სამთავროს დედათა მონასტერში, წმინდა მამა გაბრიელის საფლავთან უფალს შევთხოვე, რომ გაამთლიანოს საქართველო!

მიყვარს ადამიანები და მზე, რომელსაც ვხედავ. მადლობა უფალს, რომ ეს შემაძლებინა...

სვეტლანა კვიკვინია