"დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის ,,სხვისი"­ ომი არ ყოფილა"
07-12-2015
"დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის ,,სხვისი"­ ომი არ ყოფილა"
"მე ისევ შინ დაბრუნებას ველოდები"

"ერთადერთი ფოტოსურათი დამრჩა, სადაც ოპერატიული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის - ,,იუპიტერის" ბიჭებთან ერთად ვარ გადაღებული"


თითქოს არ იყო პატარა ოთახი, მაგრამ რომ წამოდგა, სივრცე დაპატარავდა! მაღალია, ათლეტური, ჭრელ სამხედრო ბუშლატაში გამოწყობილი, თავზე ბენდენა წაეკრა - ასე მეგონა თითქოს ახლახან ბრძოლიდან დაბრუნდა. აფხაზეთი ჩემი მასპინძლის, წარსულში ცნობილი ჩოგბურთელის - სერგეი ხოჯამბერდიევის სამშობლოა. სოხუმის დასაცავად ქართველების გვერდით დადგა. იყო სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფ ,,იუპიტერის" მზვერავი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხისა და
საქართველოში უზბეკეთის ასოციაციის ორდენით - პატრიოტიზმისთვის.

- სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ წლების განმავლობაში­ ვიყავი თბილისში ჩოგბურთის კორტების მწვრთნელი და დირექტორი.

დედით უკრაინელი ვარ, მამით უზბეკი, მაგრამ აფხაზეთის ომი ჩემთვის ,,სხვისი"­ ომი არ ყოფილა. საქართველო ჩემი სამშობლოა. 1992 წლის 14 აგვისტოს
მშვიდობ­იანი ყოფა დასრულდა - ზღვისპირეთს ცეცხლი წაეკიდა. ერთად გაზრდილმა ბიჭებმა ერთმანეთს ზურგი აქციეს. ერთნი ქალ­აქს ტოვებდნენ, მეორენი მის მცველებად დგებოდნენ!.. არაქართველებს ომი არჩევანის უფლებას გვიტოვებდა - თუ იარაღს არ ავიღებდით, არავინ გაგვამტყუნებდა. ფიქრი არც დამჭირვებია, ჩემს ნამოწაფარებთან - თემურ შენგელიასა და ლადო ბიგვავასთან ერთად ჩავეწერე მებრძოლთა ჯგუფში. მალე ოპერატიული ჯგუფი ,,იუპიტერი" ჩამოყალიბდა და იარაღი დაგვირიგეს.

ქართველების გვერდით იბრძოდა ჩემი ბიძაშვილი ვასილ გერაშჩენკოც. 15-16 მარტს, სოხუმზე მასირებული შეტევისას, ვასიკომ მოწინააღმდეგე ახლოს მოუშვა, გაანადგურა და თავადაც დაიღუპა. დაკრძალვაზე დონის როსტოვიდან მისი უფროსი ძმა ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნდა, ისიც ქართველებს შეუერთდა - შრომასთან მძიმე ბრძოლებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. ასე შეეწირნენ აფხაზეთის ომს უკრაინელი ძმები - ვასილ და ნიკოლოზ გერაშჩენკოები.
არ ვიცოდი, ბედისწერა რას მიმზადებდა, ბრძოლის ველიდან მშვიდობით დაბრუნებულს, აფხაზეთის დაკარგვამდე ორი თვით ადრე ბედმა მიმუხთლა - იარაღის წმენდისას უნებლიეთ გავარდნილი ტყვიის ანასხლეტმა თვალები დამიზიანა და მხედველობა დავკარგე.

ომი დასრულდა... თბილისში დავსახლდი. მეც, ისე როგორც სხვა დევნილები, მათი ჭირისა და ლხინის მოზ­იარე ვარ. ერთად ველოდებით შინ დაბრუნებას.
თავიდან ძალიან გამიჭირდა, არ არის ადვილი, შეეგუო ხიზნობას, თანაც თვალისჩინიც არ მაქვს. მაგრამ ძალა მოვიკრიბე, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს­-მეთქი - შევუძახე თავს და უხილავ სამყაროში ნაბიჯების გადადგმა დავიწყე.…ჩემს დას შევეხმიანე, ის ახლაც სოხუმში ცხოვრობს და ჩემი ელექტროხელსაწყოები ჩამოვატანინე. მოკლედ, ამ პატარა ოთახში, რომელიც ჩემი სახელოსნოა, ხეზე მუშაობას შევუდექი. მეზობლის ბავშვებს ხის პატარა სკამები გავუკეთე, ბზისგან ჯვრების კვეთაც დავიწყე. რაც მეტ ჯვარს გამოვჭრი, მით უფრო ვძლიერდები.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრი რამ მეხერხება: სამღებრო საქმე, კედლის დამ­უშავებისას შეიძლება სანტიმეტრებში მოვ­ტყუვდე, სხვას ინტუიცია მკარნახობს. ვუკრავ გიტარასა და სალამურზე. ამჟამად­ ელექტრონულ სალამურს ვაკეთებ. ვფიქ­რობ, გამომივა! საყვარელ ფილმებს ვერ ვუყურებ, მაგრამ ვუსმენ და შინაარსს ახლა უკვე სხვანაირად აღვიქვამ.

სოხუმიდან ერთადერთი ფოტოსურათი დამრჩა და კიდევ პერსონალური ჩოგანი დიდი სპორტიდან - ერთადერთი ძვირფასი სახსოვარი.
ქუჩაშიც ჯოხით დამოუკიდებლად დავდივარ. მარჯანიშვილზე, ნეველის სახელობის რუსულ ეკლესიაში ვლოცულობ. ვიყავი მცხეთაშიც, სამთავროს დედათა მონასტერში, წმინდა მამა გაბრიელის საფლავთან უფალს შევთხოვე, რომ გაამთლიანოს საქართველო!
მიყვარს ადამიანები და მზე, რომელსაც ვხედავ. მადლობა უფალს, რომ ეს შემაძლებინა...

სვეტლანა კვიკვინია
zviadi
05 თებერვალი 2016 08:51
oqros, sheupasebeli adamiani, adamianebi! ra motivaciit ra Sulit da Gulit ibrdzoles Saqartvelostvis, chven imis ghirsi viyavit rom vinmes chventvis ebrdzola da tavi gaewira? Ase ar sheidzleba, Dzalian unda Davapasot Aseti Adamianebi. Sircxvilia rom ramdenma Qartvelma ar ibrdzola am omshi martla "sxvisi omi" iyo da araqartveli rogor davudzaxo am adamianebs magram ai amatma ibrdzoles da tavi gaswires, sircxvilia sircxvili mteli batalioni gacyda Ukrainelebis Afxazetshi chven mxares.
გავაზელი
11 დეკემბერი 2015 15:36
ღმერთმა დაუბრუნოს თვალისჩინი და მშობლიური კერა.
მარიამი
11 დეკემბერი 2015 10:17
ძალიან თბილი და სიყვარულით სავსე წერილია. დიდი მადლობა ავტორს ასეთი ღირსეული ადამიანის წარმოჩენისთვის. ბატონ სერგეის ვუსურვებ მხნეობას, ღვთიურ სიხარულსა და სიყვარულს!

რედაქტორის რჩევით