ცხოვრების განაჩენი - რეპორტაჟი "კარვების ქალაქიდან"
07-12-2015
ცხოვრების განაჩენი - რეპორტაჟი "კარვების ქალაქიდან"
"წლების განმავლობაში სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდი, ცხოვრებამ კი ასეთი სიბერე მარგუნა"

ჩემი ახალდაქორწინებული მეგობრები მარტში მშობლები გახდებიან. ახალგაზრდა­ წყვილისთვის ეს პირველი შვილია. მომავალი მშობლები პატარის დაბადებას უკვე მომზადებული დახვდებიან... ამავე ქალაქში კი 23 წლის, 9 თვის ორსული გოგონა­ დედობისთვის "კარვების ქალაქში" ემზადება. თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ სად მოუწევს ცხოვრება, არ იცის. აქ ახალშობილთან ერთად დარჩენა ეკრძალება. ინტერვიუზე უარს ამბობს, მხოლოდ იმას გვიმხელს, რომ მეუღლეს ცოტა ხნის წინ გაეყარა...." აქ მოსვლამდე
მეგობართან ვცხოვრობდი," - ამბ­ობს და ფოტოაპარატის გამოჩენისთანავე კარავში შედის.

მოსკოვის პროსპექტზე მდებარე "კარვების ქალაქი" იმ ადამიანების დროებითი საცხოვრებელია, ვისაც თავშესაფარი არა აქვს. აქ ყველა ერთი ოცნებით ცხოვრობს და ოცნებას სახელად საკუთარი ჭერი ჰქვია. მათი უმრავლესობა კამერებთან გამოჩენას ერიდება. არ უნდათ, ახლობლებმა ნახონ. ახალგაზრდა მამაკაციც უარს
მეუბნება ინტერვიუზე.""სურათი რომ გადამიღო, ცოდვაში ჩადგამ ფეხს, იმდენი მევალე მყავს"­ - მეუბნება და გაცლას ამჯობინებს.
ერთ კარავში ქალბატონებს საწოლებზე­ ფარდები ჩამოუფარებიათ. აქ კაცებიც არიან. იმათ თვალწინ ხომ არ გამოვიცვლითო, მეუბნებიან. საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლისთვის უადგილობის გამო ორსართულიანი საწოლების თავზე მიუჩენიათ ადგილი... კარვები ერთმანეთ­ისგან თითქმის არ განსხვავდება. ყველა დაზიანებულია, ჭერი კი - დახვრეტილი.

ზურაბ ისაკაძე: ადმინისტრატორი: -როცა წვიმს, კარვებში წყალი ზემოდანაც­ ჩადის და ქვემოდანაც შედის. შესაკეთებ­ლად სპეციალისტები მოვიყვანეთ, თუმცა, ამაოდ."მიუხედავად ასეთი პირობებისა, უსახლკაროთა უმეტესობა მაინც მადლიერია თავშესაფრის. ყველგან დგას შეშის ღუმელი და ელექტროგამათბობელი, მაგრამ ამბობენ, რომ მაინც ცივა.

30 წლის ანა ჩხეტიანი თავშესაფარში გახსნის დღიდან ცხოვრობს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძმებმა შინიდან გამოაგდეს და ქუჩაში აღმოჩნდა.
-"მშობლები აღარ მყავს. ჩემს დედმამიშვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ. საშუალება არა გვაქვს, რომ შეგიფაროთო...
თელავიდან ვარ. სოფელში ბებიასთან ვცხოვრობდი. რამდენიმე წლის წინ დაიღუპა და სახლი ჩემმა დეიდა­შვილმა გააქირავა. ასე აღმოვჩნდი ქუჩაში. რკინიგზის სადგურზე მეძინა. მერე გავიგე ამ თავშესაფრის შესახებ და აქ მოვედი. "

ანამ მომავალი მეუღლე თავშესაფარში გაიცნო. ნაცნობობა მალე სიყვარულში გადაიზარდა და დაქორწინება გადაწყვიტეს. ცოლ-ქმარს ერთ კარავში, სხვადასხვა­ საწოლში სძინავს, აქაური წესების შესაბამისად.

62 წლის მანანა შახულოვამ ბინა ცოტა ხნის წინ დაკარგა. მიზეზებზე საუ­ბარს ერიდება. ნათესავები ჰყავს, მაგრამ მისი შეფარება არავინ ისურვა.
- შაქრიანი დიაბეტი მაქვს, შარშან ფეხზე განგრენა დამეწყო და საავადმყოფ­ოში მოვხვდი. სამჯერ გამიკეთეს ოპერაცია.­ იქიდან გამოწერის დრო რომ მოვიდა, რძალმა, ძმისშვილის ცოლმა, ჩემი მოვლა აღარ მოინდომა... ყურადღებას მხოლოდ ჩემი მული და ერთი დისშვილი მაქცევენ... ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული და ახლა გვერდით აღარავინ მიდგას... ასეთ სიბერეზე­ არასდროს მიფიქრია. კარგი მეუღლე მყავდა, არაფერს მაკლებდა, მაგრამ რვა წლის წინ გარდაიცვალა...
ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ მოვხვ­დებოდი... წლების განმავლობაში სხვი­სი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდი, ცხოვრებამ კი ასეთი სიბერე მარგუნა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი ექთანად. რამდენიმე წელი პირველ­ საავადმყოფოშიც ვიმუშავე. 1992 წლიდან, ქვეყანა რომ აირია, მუშაობას თავი დავანებე. ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა.

75 წლის მერი ხუციშვილი საწოლს არის მიჯაჭვული. ბინის გაყიდვამ მოუწია­ და ერთადერთ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა, მერე კი აქ აღმოჩნდა.

უშანგი ბეჟანიშვილი, მერი ხუციშვილის შვილი: - ხუთი თვე ქუჩაში ვცხოვ­რობდი მწოლიარე დედასთან ერთად. წლების წინ ბინა გავყიდეთ დედაჩემის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მერე ქირით ვცხოვრობდით. უმუშევარი რომ დავრჩი, ქირის გადახდა ვეღარ შევძელი და ქუჩაში აღმოვჩნდით.
1979 წელს ურეკში მატარებლების შეჯახებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. თამარ ხიზანიშვილი ამ კატასტროფის დროს ოჯახის წევრებთან ერთად მატარებელში იჯდა. მამამთილმა გადაარჩინა, თვითონ კი დაიწვა.
- ავარიის დროს ბევრი ადამიანი დაიღუპა. შეჯახებას ხანძარი მოჰყვა. ჩემმა მამამთილმა ვაგონიდან გამომიყვანა, თვითონ სხვების დასახმარებლად შევიდა და ვეღარ გამოვიდა. ჩემი გადარჩენა სათუო იყო, მაგრამ სახეზე კანი გადამინერგეს და სიცოცხლე შემინარჩუნეს. ცალი თვალი დავკარგე... ლილოში ვცხოვრობდით.
სახლი რამდენიმე წლის წინ პატიმარი შვილის გამო გავყიდე. ის ახლა უკრაინაში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად. ბედნიერი ქალი ვიყავი, მაგრამ ცხოვრებამ ეს განაჩენი გამომიტანა...

- აქ მარტო ცხოვრობთ?
- კი. ბიჭს როცა საშუალება აქვს, მეხმარება. ერთი ქალიშვილი ქვრივი მყავს. წლებია, თურქეთში, ოჯახში მომვლელად მუშაობს. ისიც მეხმარება. მეორე ქალიშვილი აქვეა გათხოვილი, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ მაქვს.
ერთადერთი ოცნება მაქვს - მინდა პატარა კუთხე მქონდეს, სადაც მშვიდად ვიცხოვრებ.

ბადრი გაბრიჭიძეც ამ თავშესაფრის ბენეფიციარია. დანარჩენებისგან განსხვავებით, საკუთარ ავტომობილში ცხოვრობს.
- უკრაინიდან ორი წლის წინ ჩამოვედი. შაქრიანი დიაბეტის გამო ფეხი მომკვეთეს.­ რამდენიმე თვე საავადმყოფოში მომიწია დარჩენამ, ფული ხომ უნდა გადამეხადა და სახლი გავყიდე - ბევრი ნათესავი მყავს, მაგრამ...

უკრაინაში დაბრუნებაზე ვოცნებობ, იქ სტუდენტი შვილი მელოდება. ამ ოცნების ასრულებაში კეთილი ადამიანების დახმარების იმედი მაქვს...
ახალ წლამდე ბენეფიციარებს სოფელ დიღომში ახალაშენებულ, კეთილმოწყობილ თავშესაფარში გადაიყვანენ. მანამდე კი უსახლკაროებს "კარვების ქალაქში" აწვიმთ­ და განვლილი ცხოვრების მოგონებით გაჰყავთ დღეები... ყველას აინტერესებს, რა იქნება მერე? და ეშინიათ, რომ მერე იქნება უმეთვალყურეოთა სასაფლაო, სადაც არასდროს არავინ მივა სანთლის ასანთებად და მათ აღარავინ გაიხსენებს...

"რა დავაშავე, რომ ერთადერთი შვილი დავკარგე?!"

ქობულეთელ ნონას სამი წლის წინ ერთადერთი შვილი ზღვაში დაეხრჩო. თავს დამტყდარმა ტრაგედიამ ქალბატონის ფსიქიკაზე იმოქმედა, ნერვებმა უმტყუნა და სახლი გადაწვა.....
ნონა: - 20 ლიტრი ბენზინი ვიყიდე და გადავწვი სახლი, რომელსაც მეუღლესთან და ერთადერთ შვილთან ერთად ვაშენებდი. რაღად მინდოდა სახლი ან ვისთვის?! დედათა მონასტერში მინდოდა წასვლა, ამიტომ ჩამოვედი თბილისში. საპატრიარქოში მივედი, იქიდან კი აქ მომიყვანეს.

- ახლა არ ნანობთ?

- ბევრ რამეს ვნანობ. აქამდე თავს მოვიკლავდი, მაგრამ ვიცი, რომ ეს უპატიებელი ცოდვაა და მერე იმ ქვეყნად ჩემს შვილს ვეღარ შევხვდები... მხოლოდ ერთ კითხვას ვერ ვცემ პასუხს: ასეთი რა დავაშავე, რომ ერთადერთი შვილი დავკარგე?! ერთი ოცნება მაქვს: მინდა, კიდევ დიდხანს ვიცოცხლო, რომ ჩემი შვილის სულისთვის ვილოცო და სანთელი დავუნთო... სხვათა შორის, მე მოუნათლავი ვარ.

- აქამდე რატომ არ მოინათლეთ?
- რა ვიცი, გავიდა წლები და... აქ ერთი ახალგაზრდა ბიჭი მუშაობდა, რომელსაც უნდა მოვენათლე, მერე სამსახურიდან გაუშვეს და აღარ გამოჩენილა. ძალიან მინდა, მოვინათლო, მაგრამ ვინ მომნათლავს...

ამ თავშესაფარში 20-მდე ბენეფიციარი გარდაიცვალა

მოსკოვის პროსპექტზე მდებარე უსახლკაროთა თავშესაფარში, რომელიც 2013 წლის დეკემბერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით გაიხსნა, ამჟამად 161 ბენეფიციარი ცხოვრობს. ზოგი კარვებში სამართალდამცავებს მიჰყავთ, უმრავლესობა კი საკუთარი ფეხით მიდის. ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ერთი ექიმი და ერთი ექთანი ზრუნავენ. სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხს ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები აგვარებენ. თავშესაფრის ეზოშია საპირფარეშო, საერთო საშხაპე, სამედიცინო ოთახები... მაგრამ კარვის ბინადრები მაინც საკუთარ ჭერზე ოცნებობენ... გახსნიდან დღემდე 6300-მა ბენეფიციარმა ისარგებლა თავშესაფრით. სხვადასხვა დაავადებით კი "კარვების ქალაქში" 20-მდე ბენეფიციარი გარდაიცვალა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

eka
18 დეკემბერი 2015 17:32
გთხოვტ ამ გოგონას დავეხმაროთ უმწეო მდგომარეობაშია მალე შვილი ეყოლება ხალხნო ახლობლებქმა გაწირეს და ჩვენ ნუ გავწირავთ დავეხმაროთ რითიც შევძლებტ გტხოვთ თუ ვინმემ რამე იხით სადარის ახლა ის გოგონა აქ დაწერეთ
eka
18 დეკემბერი 2015 17:29
გთხოვთ ყველას თუ ვინმემ რამე იცით ამ ორსული გოგონას შესახებ აქ დაწერეთ მსურს დავეხმარო მცირედით და ყველას გთხოვთ იგივეს ვინც წაიკითხავთ იმ უმწეო ორსულ გ
11
12 დეკემბერი 2015 00:59
არა რაა,ამ ხალხს აქვს მოკლე მეხსიერება.სწორედ მიშას დროს ჩავარდა ეს ხალხი ამ დღეში,ხოლო ეს მთავრობა ლილოში უშენებს კაპიტალურ კეთილმოწყობილ თავშესაფარს,ასევე სოფელ დიღომში,ახალი წლისთვის უნდათ გახსნა.ეს არ შეეძლო გაეკეთებინა მიშას??მილიონები აქვს ნაჭამი,მაგრამ ეკიდა.ახლა როგორაა იცით ეს ხალხი,აი მიშამ რაც გააფუჭა ბიძანამ გააკეთოსო.იმან ხო აგაყვავათ და აგაშენათ.მათი ცოდვები ამ მთავრობას რომ მოუკითხეთ ეს სამართლიანია?ან აცლით რამეს? ერთადერთი,მიშა არაფერს არ აკეთებდა და იმაში გარწმუნებდათ აგაშენეთო,ესენი აკეთებენ და ხალხის ყურამდე ვერ მიუტანიათ,ხევსურეთში 25 კილომეტრიანი სულ ახალი გზა გაყავთ,პირიქითა და პირაქეთას შემაკავშირებელი,რომ არ ყოფილა არასდროს,მაგრამ გაგიგიათ ვინმეს?? ასეთი ჯანდაცვის სისტემა რაც აქ გააკეთეს,ევროპის ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა,მაგრამ არის ვინმე დამნახავი? ლარის კურსიო,იტყვის ვინმე,მსოფლიოში ყველა ვალუტასთან გამყარდა დოლარი,გადაამოწმეთ.არ მეშინია რომ ვინმეს დღეს ქუჩაში დახვრეტენ,ჩაუდებენ წამალს და საბურავის მოპარვისთვის 10 წელს მისცემენ.კიდევ ბევრის დაწერაც შეიძლებოდა..

რედაქტორის რჩევით