"გარეთ გამოსვლა­ წამებად მექცა, ხან ვინ გამომეკიდებოდა და ხან ვინ, - ობოლი ყოფილხარ, გიშვილებთო" - "თუში მეცხვარე" ზურიკო - კვირის პალიტრა

"გარეთ გამოსვლა­ წამებად მექცა, ხან ვინ გამომეკიდებოდა და ხან ვინ, - ობოლი ყოფილხარ, გიშვილებთო" - "თუში მეცხვარე" ზურიკო

"ფილმის დირექტორმა დედაჩემს უთხრა, - თქვენი შვილი გადასაღებად უნდა წავიყვანოთო. დედამ იფიქრა, რა მოხდა, თუ რამდენიმე დღით წაიყვანენო, თუმცა გადაღება 4 წელიწად-ნახევარი გაგრძელდა"

"6 წლის ვიყავი, გადაღებებზე არაერთხელ მიტირია, მშია-მეთქი..."

სატელევიზიო მრავალსერიიანი ფილმი "თუში მეცხვარე" 1976 წელს გამოვიდა. მასში დოკუმენტურად არის გადმოცემული თუში მეცხვარეების ყოფა. ფილმის პერსონაჟებს, მთავარი გმირის გარდა, ადგილობრივი მცხოვრებნი განასახიერებენ. ჩვენი რესპონდენტი გიორგი სულაკაურიც ერთ-ერთი მათგანია.

გიორგი სულაკაური: - "ჩემამდე ზურიკოს როლისთვის 500 ბავშვი ჰყოლიათ ნანახი. ჩვენი ოჯახი ალვანში ცხოვრობდა. სცენარისტი ვალერიან სულაკაური მამაჩემის ძმაა, ერთ დღეს რეჟისორ სოსო ჩხაიძესთან ერთად გვესტუმრა. კაცები სუფრას უსხდნენ, მე ეზოში ხის ხმალს ვთლიდი, ვიღაც კაცი კი სურათებს მიღებდა. ძალიან გავხალისდი, ერთი ფოტოს გადაღებისას თვალიც კი ჩავუკარი. ამით დასრულდა ჩვენი შეხვედრა და დაიწყო ეს ყველაფერი...

მერე ალვანში გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. ფილმის დირექტორმა დედაჩემს უთხრა, თქვენი შვილი გადასაღებად უნდა წავიყვანოთო. დედამ იფიქრა, რა მოხდა, თუ რამდენიმე დღით წაიყვანენო, თუმცა, გადაღება 4 წელიწად-ნახევარი გაგრძელდა...

მეუბნებოდნენ: კამერაში არ იყუროო, ეს 6 წლის ბავშვისთვის ცოტა ძნელია.

ზოგჯერ ავიწყდებოდათ, რომ პატარა ვიყავი და ვერ ვუძლებდი ხანგრძლივ გადაღებას. არაერთხელ მიტირია, მშია-მეთქი...

გამიჭირდა იმ სცენის გადაღება, როდესაც თავგადახოტრილს ინტერნატში მაბარებენ. ისეთ რამეს მეუბნებოდნენ, რაც ჩემთვის გაუგებარი იყო, - მე ხომ ობოლი არ ვიყავი...

ჩემთან ერთად ფილმს რუსლან მიქაბერიძე და რამაზ ჩხიკვაძე ახმოვანებდნენ. ასეთი სცენაა: ზურიკო ვირშებმული ურიკით მიდის. ესენი ეკითხებიან, - რომელი საათია, ზურა-ბატონოო. ზურა მზეს შეხედავს და ზუსტად პასუხობს. ერთი დუბლი ბატონმა რამაზმა გააფუჭა, მეორე - ბატონმა რუსლანმა, მერე ისევ რამაზმა. მერე უცებ მომიბრუნდა და მითხრა: - შე შობელძაღლო, ერთი დუბლი მაინც გააფუჭე, რაო....

- ზურიკოსავით თუ ცნობთ საათს მზით?

- დაახლოებით გამოვიცნობ. შემიძლია, დღეს საღამოს გითხრათ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. ბუნება ხომ ადამიანს ელაპარაკება, როდესაც მასთან მეგობრობს.

- ფილმში ერთი მსახიობის გარდა, მხოლოდ ადგილობრივები თამაშობენ.

- მთავარ როლს მსახიობი ირაკლი ხიზანიშვილი თამაშობს. დღეს ის ამერიკაშია. არაერთი როლი აქვს განსახიერებული. დანარჩენებიც ისევე აღმოაჩინეს, როგორც მე. ფილმის გამოსვლის შემდეგ, თბილისში ვიყავი თუ სოფელში, გარეთ გამოსვლა წამებად იქცა, ხან ვინ გამომეკიდებოდა და ხან ვინ, - ობოლი ყოფილხარ, გიშვილებო... მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა საბოლოოდ მსახიობის პროფესია ავირჩიე. სწავლა რომ დავასრულე, მაშინ საქართველოში მძიმე სიტუაცია იყო. პოლიტიკურად არასასურველ პირთა შორის აღმოვჩნდი და ლიტვაში წავედი. იქ გადავიღე ფილმი თუშეთზე, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალზე აიღო ჟიურის სპეციალური პრიზი. 2 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულს ყველაფერი გაჩანაგებული დამხვდა.

მერე სარეკლამო საქმიანობას მოვკიდე ხელი. ახლა ჩემი სააგენტო მაქვს... მყავს ცოლი და ორი შვილი. პატარა მარიამმა "თუში მეცხვარე" პირველად რომ ნახა, ამაყად განმიცხადა, ეგ ბიჭი მე მგავსო.

თუში მეცხვარე

ვალერიან სულაკაური: - ფილმ "თუში მეცხვარის" სცენარზე 3 წელი ვმუშაობდი. ეს იყო ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, რომლისთვისაც საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტიდან (ვგიკი) მრიცხავდნენ, როგორც ანტისაბჭოური სცენარის ავტორს, მაგრამ სასწაული მოხდა: დაცვის წინ წარვადგინე ჩემი სცენარით შექმნილი 3 დოკუმენტური ფილმი: ბუბა ხოტივარის "დარიალის ჩანახატები", ვახტანგ მიქელაძის "ომალო" და გია ჭუბაბრიას "თეთრი თორღვაი". ამის შემდეგ 250-კაციანი დარბაზი ფეხზე ადგა და 10 წუთი ტაშს უკრავდა.

საბოლოოდ, ფილმის გადაღება გადაწყდა. ძალიან საინტერესო გამოვიდა. მიხარია, რომ იგი კარგად მიიღო საზოგადოებამ და დღესაც ახსოვს.

ეკა სალაღაია